ტოტმა ტოტზე გაიწია,
ქარმა დართო ამის ნება,
თავ-პირი რომ დაილეწეს,
ტოტმა ტოტი ჩამოტეხა.
ხეს მოსწყინდა მუშტი-კრივი,
გრიგალმა რომ შესთავაზა,
ყველა ტოტი დაამტვრია,
დედამიწას უთავაზა...
- ქარიშხალო, რას ერჩოდი
ალუბლის ხეს, რად ხარ ცუდი?
- მინდა ტოტთა დანალეწზე
გავატარო ქართა გუნდი,
იცეკვონ და დაიმღერონ,
დატრიალდეს ქარ-ბორბალა,
კლდეებმა კი - ბანი მისცენ,
აგუგუნდეს ეს ქვეყანა,
მიჯაჭვულმა ამირანმაც
გაიგონოს, მოჰკრას ყური,
აიხსნას და გადავრჩებით,
დადგეს დღენი სიხარულის.
No comments:
Post a Comment