ვიცი,როგორ გეწვის გული,
ვიცი, ძვლები როგორ გტეხენ,
ვიცი, ძლივსღა უძლებ ტკივილს,
გველოდები მე და ჩვენებს.
ვიცი,როგორ ებრძვი ფიქრებს,
ვიცი, როგორ დაიღალე...
ვიცი, გამოუშვებ მტრედებს,
იქნებ შევეყარო სადმე,
ვიცი, გზავნილების გორას,
როგორ ხშირად უცვლი ადგილს,
ვიცი, რომ ნახულობ სიზმარს,
თითქოს ერთადა ვართ აქვე,
თითქოს კერის პირას მსხდარნი,
შევექცევით ყველა საჭმელს.
ვიცი, იმ ქვეყნიდან მამა,
დაგვირიგებს უქრობ სანთელს,
ვიცი, გაზაფხული მოვა,
აამწვანებს მინდვრებს, ყანებს,
ვიცი, უცილობლად გნახავ,
ვიცი, გადავივლი მთა-ველს!
No comments:
Post a Comment