Monday, February 26, 2018

ჯავრი

ჯავრი - ქვეყნად ყველას ხვედრი,
მეუბნება ახლაც ყვედრით,
- უჩემოდ თქვენ ვერ მიხვდებით,
რომ არსებობს ქვეყნად ღმერთი.
ქეიფსა და სმა-ჭამაში
გაილევა თქვენი დღენი,
არ მორჩება ზოგი ძილს და
ტახტზე გდებას ქონის გდებით.
დაივიწყებს ბევრიც ცოლ-შვილს, -
ეშმაკს უხდის ამით ღალას...
გულს გიწყალებთ მიტომ ჯავრით,
გულს მდუღარე შანთით ვღარავ.
მიტომა ვარ ყველას ხვედრი,
გაიხსენოთ იქნებ ღმერთი,
ცისკენ თვალი რომ აღაპყროთ,
სატკივარი უფალს ანდოთ.
ვინ წასვლია ჯავრთან ჭიდილს,
მაგრამ შვება ჰპოვა ბევრმა,
თუ ხანდახან უსმენთ სინდისს,
განუგეშოთ იქნებ ღმერთმა.









Saturday, February 24, 2018

ჭურებს სძინავთ

ჭურებს სძინავთ, საწნახელში
ჯერ წვენი არ დაიწურა,
ელოდება რთველს და ნადიმს
კაციცა და ძაღლი მურა,
მაჭახელას შემოძახილს
გაიგონებს ვაზის ჭიგო,
დაგვირიგებს თითო მტევანს,
მწე და ძიძა ტყუილად იყო?!
გაიღვიძებს დიდი ჭურიც
და ზმორებით გვეტყვის სალამს,
ტკბილი წვენი ჩამასხითო,
იმ ცარიელ სტომაქს მალავს.
გაივსება ლხინით ეზო,
მარნის კარებს ქარი აღებს,
ჩხავერი და რქაწითელი
ტოლს არ უდებს ზურმუხტ-ლალებს,
დამაჭრდება, დაღვინდება,
აამღერებს კაცს და ასულს,
დაგვილოცავს წლებს მომავალს,
ნაჯაფარსაც, უკვე გასულს.





,
,



Friday, February 23, 2018

ღარავს მიწას წვიმის ღვარი

ღარავს მიწას წვიმის ღვარი,
წაუღია ღვარცოფს ღორი,
ისევ იხდის გლეხი ღალას,
სტიქიას ვერ ჯობნის ღონით,
ღადარში ვერ ცხვება პური,
კაცი გუდა-ნაბადს იკრავს,
ეღირსებათ, ნეტავ, როდის,
მშობლიური ცა და მიწა?!

Wednesday, February 21, 2018

მინდა, სახლი ავიჩინო...

მინდა, სახლი ავიჩინო,
საჩემოვ და თვალის ჩინო,
გაგიფინო ხალიჩები,
ბაღი გვქონდეს მხოლოდ ჩვენი.
რომ ხარობდეს იქ ჩინარი,
დარი იდგეს უწყინარი,
რომ ჩურჩულით გითხრა, ჩემო,
ედემში ვართ ახლა ჩვენო.
ღვთის მადლით და უფლის ნებით
სიყვარულის გვედგას დღენი,
თუ გვიმუხთლა ამ საწუთრომ,
შემოგვიწყრა მადლისმჩენი,
ტივს შევკრავთ და შორს გავცურავთ,
ქუდს მოვირგებთ უჩინმაჩინს,
აღარ გვესმას ჩვენ ეს ყოფა,
გავხდებით სულ უჩინარნი.
მაგრამ სანამ ღმერთი გვწყალობს
და შენს მკერდზე ტკბილად მძინავს,
ჩავიფიქრებ ჩემს ჩუმ სურვილს,
სახლი მქონდეს, თუნდაც ჩია.



Tuesday, February 20, 2018

ჩუმი იყო ჩემთვის ღამე...

ჩუმი იყო ჩემთვის ღამე,
ცეცხლი კრთოდა მოღიმღამე,
შენი მზერა, თითქოს თბილი,
როდი ჰგავდა ნამდვილ ღიმილს?!
წვიმა ღვრიდა ცრემლის ღვარებს,
ატირებდა ქარი ღარებს,
საკინძეზე ამწყდა ღილი,
შენთვის მხოლოდ ქვა და მღილი.
ჩუმი იყო ჩემთვის ღამე,
სანთლის ალზე მოღიმღამე,
დაგველია გრძნობის დენთი,
თითებს აჰყვა სანთლის ღვენთი,
ჩემთან იყო მხოლოდ ღმერთი,
დავრჩი ობლად, ისევ ერთი.



Monday, February 19, 2018

თავზე დამატყდა თოვა და ნდომა

თავზე დამატყდა თოვა და ნდომა, -
ბავშვებთან ერთად გუნდებით ხელში
დავსეტყვო სახლთან პატარა გორა,
ციგებზე მსხდომებს თოვლს ვაყრი პეშვით.
მინდა, დავბერტყო ტვირთისგან ხენი,
ხელისგულებით გავწმინდო ბუჩქი,
პირში ჩავიდო ყინვის ლოლუა,
შაქარლამაა ის დღესაც ჩემთვის.
სახლში მისულებს ხელს გვითბობს მამა,
სულს ჩაუბერავს თითოეულ სისხლძარღვს,
დედა გაგვაძრობს ნესტიან წინდებს,
დალოცავს მქსოველს და ძაფის მთრთილავს.
თავზე დამატყდა ფანტელთა გროვა,
ვხუჭავ თვალებს და ვერ ვხედავ ზეცას,
თვალებს მიფარავს ფიფქების ჯარი,
ცრემლებში ტყდება, ვით დროთა კვეთა.





Friday, February 16, 2018

თეთრი კნუტი (საბავშვო)

- პაპა, შენ ხომ არ გინახავს,
ჩემი  თეთრი კნუტი?
დილით ერთად ვთამაშობდით,
დამრჩა ნერგთან თუთის,
იქნებ ვინმემ წაიყვანა,
ჩაიპურჭყნა მუჭში,
მერე ვიღას ვეთამაშო,
მურიკელას უნდილს?
- ჩემო გოგო, არ გცოდნია
გაფრთხილება კნუტის,
მამალმა რომ უნისკარტოს?
მიეცემა წუხილს,
ანდა ვირმა წიხლი გაჰკრას,
სხვამ ითრიონ კუდით?
ფაქიზსა და ბამბის ქულას
დააჩნდება წყლული,
აქ არის და წაიყვანე,
რომ არ დაგწყდეს გული,
მაგრამ სხვა დროს, რომ იცოდე,
გაგექცევა კნუტი.
,


Thursday, February 15, 2018

სადღაც ვიღაცა ფიქრს სვამს

სადღაც ვიღაცა ფიქრს სვამს,
სადღაც ვიღაცა - კითხვას,
დევებად დგანან მთები,
ეგებებიან ცისკარს.
ჯერარნახული ძალით
ქარი მოჰყვება ხარხარს.
ცხენს მოახტება დალი,
გაიშლის ოქროს დალალს,
ზედ მოებმება ბევრი,
სიყვარულისგან მთვრალი,
დაიწვებიან ცეცხლში, -
ვერ აიხდენენ წადილს.
არ წაადგებათ კარგად
დევნა ქალის თუ ზღაპრის,
მათი ცხოვრება გავა,
ჩაანაცვლებენ სხვანი.
ოცნება არის დალი,
ქარაგმასავით მშვიდი,
მზეებრ მწველი და ნაზი,
კაპარჭითა და მშვილდით.
ძნელია მისი დევნა,
როგორც მინდორში ქარის,
ტყუილუბრალოდ ევნო,
ბევრმა გაწირა თავი.
სჯობს რომ იცხოვრო ფიქრით,
შეეხმიანო ჭალას,
თორემ ქარი და ქალი,
დღეს არის, ხვალ კი წავა.




ჰე, თბილისო!

ჰე, თბილისო, სანთელი ხარ,
ლამპარი და ჩირაღდანი,
თავშესაფარს აძლევ ყველას,
ღია დაგრჩა გულის კარი,
მიტომ არის ქუჩა სავსე
მიგრანტით თუ ემიგრანტით,
კაკლის უღელივითა ხარ,
გამოგიკრავს ქვეყნის კვანძი.
მთაწმინდაზე რომ დგას ნაძვი,
იმას ყინვაც ვეღარ აზრობს.
იქა სძინავს მამულიშვილთ,
ვისი სიტყვაც დღემდე ფასობს,
კალმით ქმნიდნენ ისტორიას,
არ სტკიოდათ ამით მკლავი,
არ დამსხდარან წამით უქმად,
მაინც წაჰყვათ ქვეყნის დარდი.
გაშლილ ტილოს იკრავს გულში
თბილისი და ფიროსმანი,
იზეიმოს ყველა ქუჩამ
დაწერილი თამარ-ხატით,
სულში გვიცქერს შვლის თვალებით,
წარუძღვება ისევ ლაშქარს,
ქალი იყო სულ სხვა ყანდის,
მზით დაფერილ დილას ჰგავდა.
ამ ქალაქის მომღერალნი:
გრიშაშვილი, საათნოვა,
განა თავის ლექსებს ყიდდნენ,
გულში ჰქონდათ მადლის თოვა,
იმ მადლისა, დღეს რომ აფენს
ყველა გზა და ყველა ეზო,
გაიარე, წინ დაგხვდება
ქალაქური კიბე, ერდო,
ბანოვანთა თავყრილობა
თუმცა უკვე აღარ არის,
გრძელფეხება ქალიშვილნი,
რომ იციან მადლის ყადრი,
გიღიმიან, პატივს გცემენ
უზღვავსა და სანაქებოს,
მკლავი ერჩით ჩვენ ვაჟკაცებს,
მათი ცქერით ღმერთი ზეობს,
ქვეყნის თვალო, ქვეყნის დედავ,
შენ შექებას, მიკვირს, ვბედავ,
დამარცხდება შენს ღიმილქვეშ
ყველა დარდი, ყველა სევდა!





Tuesday, February 13, 2018

ვიზეიმებთ ქორწილს, განა (სიმღერა)

საროსტანას ვგავარ, განა,
ბიჭს ვუყვარვარ, მწყემსსა, განა,
ყვავილები მომიტანა
მთის წვერიდან, ძირით, განა,
ედელვაისს ეძახიან,
თეთრი, როგორც ყინვა. განა,
ჩემს გულს კიდევ მე ვაჩუქებ,
სისხლისფერი არის, განა.
დავუაროთ განდაგანა,
ის - მწყემსი, მე - საროსტანა,
სიყვარულის ხიდი გავდეთ,
ჩვენ - გაღმა-გამოღმით, განა,
ცაში დავკრეფთ  ვარსკვლავებსა,
გადავივლით მთების პირზე,
მოვუყვები ბებო-პაპას მონაყოლ
ძველ ხალხურ მითებს,
ის კი მეტყვის მატიანეს,
მისიანთა სიჩაუქეს,
მეც მოვუსმენ ნაზად, წყნარად,
სიხარულით გუნდრუკს ვუკმევ,
მთვარე შუქს რომ მოგვანათებს,
მოვარიდოთ უნდა პირი,
"სიყვარულსა მალვა უნდა,
შეგექმნება გასაჭირი",
ქორწილს მალე გადავიხდით,
შეყოვნება გვინდა, განა,
ნიშანი მაქვს მიღებული,
თითზე ბრწყინავს დილის ნამად,
მზე იქნება ჩვენს ქორწილში
საპატიო ტურფა ქალი,
დავუაროთ განდაგანა,
ჩვენი არის ეს ქვეყანა,
ის - მწყემსი, მე - საროსტანა,
ვიზეიმებთ ქორწილს, განა.






Monday, February 12, 2018

არაგვის შხუილს მოვისმენდი!

არაგვის შხუილს მოვისმენდი, თერგის ხმაურსაც,
ავუყვებოდი მაღლა-მაღლა ალპურ მდელოებს,
დავკრეფდი ყვავილთ, ატაცებულთ ღეროებიდან,
ცხვარს მოვმწყევსავდი, გავიყვანდი მაღლა ბექობზე.
ფესვს გავიდგავდი იმერეთში, ჩემს ძველ ეზოში,
გადავხურავდი კარმიდამოს მწვანე ფოთლებით,
ზამთარში კაკალს დავაყრიდი ყავარ-სახურავს,
კაცსაც და თაგვსაც გაეხარათ თავის გემოზე.
გადავიფრენდი არწივივით კავკასიონზე
და მოვიტანდი ახალ ამბავს, გასახარებელს,
რომ ჩრდილოეთით გატყდა ყინვა, იძრა ყინული,
გაზაფხულდა და გვისახსოვრებს მიწა ხავერდებს.


მკლავს მდუმარება მშობლიური ტყის!

გადავხვევივარ ხეებს და კორძებს ხელით ვეხები
და ვეფერები, როგორც ჩემს შვილებს, ტანზე  გამოსხმულთ,
მკლავს მდუმარება მშობლიური ტყის, ყმუილჩართული,
გამტყდარა ვერხვი, ახალი ნერგი უცხოა ჩემთვის,
ძველ ფესვზე გამოსულს რა როლი აქვს, აღარც კი ესმის,
ბებერის გვერდზე პატარა ნერგთან მეც ვიღებ "სელფის",
იმედს ვიტოვებ, რომ ის ოდესმე რაღაცას შეცვლის
და ტყეს მშობლიურს კვლავ შეამკობს  ზურმუხტისფერით.

Sunday, February 11, 2018

დასასრული (ანდროს ისტორიებიდან)

  ნეტავ, რას მიყურებს ეს ქალი ასეთი დაღვრემით?! მე მგონი არაფერი დამიშავებია: ნატასთან არ მიჩხუბია, ჩემს დასაშოშმინებლად რომ შემოსულიყო (ყვირილი ნამეტანი მიყვარს და შეწუხდება ხოლმე კარის მეზობელი), წნევაც არ უნდა მქონდეს, როგორც ვატყობ, გაზომვასაც არ აპირებს, აპარატი ხელში არ უჭირავს. ნატა სადღა არის? კარებს თვალს არ ვაცილებ, არ ჩანს! სამსახურში თუ წავიდა უკვე. თვალებდაჭყეტილი ვუყურებ ციცოს, მომიახლოვდა, რაღაცას მეძიძგილავება, ჩემს წამოყენებას თუ ცდილობს?! ალბათ, სიზმარში ვარ, მერე ლამაზი გოგო მაინც დამსიზმრებოდა ვინმე, უფრო კარგი არ იქნებოდა? მაგრამ რეალობას ვერსად წაუხვალ... - ქალბატონო ციცო, რამ შეგაწუხათ? - ვეკითხები, ხმას არ მცემს, ისევ დაღვრემით შემომცქერის, თან მეუბნება, - ანდრო, არ ინერვიულო, ახლავე მოვლენ ექიმებიო, - ახლაღა ვხვდები, ჩემი ლაპარაკი არ ესმის, ჩემს ყვირილს თურმე არ შემოუყვანია ჩვენთან, სიზმარშიც არ ვარ და საქმე ცუდადაა, წამოდგომას ვცდილობ, ასე დაწოლილი ხომ არ დაუხვდები ექიმებს? ციცოს კი ლოგინში ხშირად ვუნახივარ, ნატას შემოჰყავს ხოლმე, როცა ცუდად ვარ, ამ ბოლო დროს ნამეტანი შემომიტია წნევებმა, ახლა კი ვხვდები, ლოგინზე კი არა, ქვევით იატაკზე ვწევარ, ხელ-ფეხი არ მემორჩილება, ცალი ხელით ვებღაუჭები თეთრეულს, წამოდგომას ვცდილობ, არაფერი გამომდის. ლოგინიდან რაღამ გადმომაგდო? ისევ ჩემს თავს ვეკითხები. მახსოვს, დასასვენებლად რომ წამოვწექი, ნატა ჯერ კიდევ სახლში იყო, თავი მტკიოდა, სისუსტეს ვგრძნობდი. ექიმის გამოწერილი წამალი დავლიე და ძილმა წამიღო...ნეტავ, აქ რამდენი ხანია ვწევარ? შემაკანკალა, მცივა, ძალიან მცივა... მიწა თუ მეძახის...
      ახლა ვხედავ, სასწრაფოს ექიმები შემოვიდნენ, მსინჯავენ, - ინსულტია სავარაუდოდ, ან ანევრიზმაა გამსკდარი. ოჯახის წევრები თუ არიან? -კითხულობენ, -  საკაცით უნდა ჩავიყვანოთ ძირს. სასწრაფოდ საავადმყოფოშია გადასაყვანი, - აგრძელებენ მოწყენით, თან ერთი მკლავს მიშიშვლებს,  ნემსს მიკეთებს. - სამსახურშია ყველა, მეზობელ კაცებს დავუძახებ, - ეუბნება ქალი და ტირილით გადის ოთახიდან, -კიდევ კარგი, შენ მაინც შემოხვედი, - ფიქრებში ველაპარაკები ციცოს, ჩემს საყვარელ მეზობელს, ვგრძნობ, რომ  ესმის ჩემი ხმა, - მადლობა, მადლობა, ჩემო მეგობარო, - ვაგრძელებ ბაასს, ნატა და ბავშვები, ალბათ, საავადმყოფოში მოვლენ, დათოს რა გაუძლებს?! იტყვის შენ თვითონ დაიმართე ინსულტი, ჩემს ჯინაზეო. ფიქრებით დედასთან გადავდივარ, ის თუ მეძახის თავისთან. დრო საოცრად იწელება, აი, საკაცეც შემოაქვთ, სამ კაცს ძლივს ავყავარ იატაკიდან. ასე სიკვდილი კი არ მინდოდა გურულ კაცს, ცხენზე იარაღით სიკვდილი იქნებოდა ყველაზე უკეთესი, მაგრამ რომ არ დამირჩა! რა იცი, იქნებ ცოტა დრო კიდევ მომცეს ღმერთმა... თუ კი ვიმსახურებ ამას...აღარფერი მესმის, ვეღარაფერს ვხედავ...ტუ... ტუ... ტუ...გაბმული ზარი ჩამესმის ყურებში.

Friday, February 9, 2018

მოჭირნახულე ქალი იყო (ჩემს უკრაინელ ბებიას)!

ბებოს მოქსოვილ ნატიფ წინდებს დააცვდა ქუსლი,
ჟამმა ფერები გაახუნა, ძაფი დაწყვიტა,
რომც ამოვკემსო, ვერ იქნება, რაც იყო უწინ,
დაკიდულს ქარში, გავყურებდი, როგორ აწვიმდა...
შიგ ჩაკარგული ქარაგმები ამოვხსენ გუშინ,
რომ ამომეხსნა უფრო ადრე, გუშინწინ, თუგინდ,
ვეღარ ვიგრძნობდი ცრემლის გემოს, შერეულს ტუშში,
წლებია ვითვლი ნაქსოვ თვლებში ჩაკარგულ დუმილს.
მოჭირნახულე ქალი იყო, თვალებით ნუშის,
მოგონებებში ახლაც ისევ საკერავს უზის,
დარიგებები რომ აღმოჩნდა ამაო, ფუჭი,
ვეღარ ავზიდე ბევრი ცოდვა მკლავებით სუსტით.
ბებოს მოქსოვილ ნატიფ წინდებს დააცვდა ქუსლი,
ქარაგმები კი ამეტყველდნენ ცოდვის საზიდრად...
ამასღა ვდარდობ, ამოვხსენი იგავი გუშინ,
თუმც წლების წინათ მომძახოდა ბებოს ნაზი ხმა.


კაენი არ დაიბადება

მიიპარება, როგორც გველი, ცრემლი, უბისკენ,
უნდა მოწვას და ამოშანთოს ძუძუსთავები,
- არამი იყოს, არ შეგერგოს, - ამბობს ტირილით,
კახეთის მეფის, კონსტანტინეს დედა-გამზრდელი.
და რამდენ მკვლელს და მოღალატეს იცნობს ეს მიწა,
იუდას პირმშოთ აძინებდა ქართლის ნიავი,
თუმცა ეკიდათ გულისპირზე ჯვარი-თილისმა,
სისხლი სწყუროდათ უმანკოთა, სისხლი მტირალის.
და ცახცახებდა იმათ მკერდში გული მალულად,
წვავდათ ცოდვები, იღლებოდნენ ჯვარის ტარებით,
მუდამჟამს თავს ხომ ახსენებდათ მშობლის თილისმა,
შიგ გულში წყენით უყურებდნენ დედის თვალები.
ადრე თუ გვიან მოსდიოდათ ცრემლი ალალი,
ეწვეთებოდა მათ ხელებს და მუხლისთავებსაც,
ღმერთმა ქნას, დარჩეს ყოველივე იმ ღრმა წარსულში,
ჩვენ კი, ვირწმუნოთ,  კაენი არ  დაიბადება.




Sunday, February 4, 2018

წერილი დედას

"განჯინიდან შენს საყვარელ ჭურჭელს ვაწყობ,
დანა-ჩანგალს დაჰკარგვია უკვე პეწი,
- ეს ჭურჭელი უხმარია, რისთვის გინდა?!
კარადაშიც დასდებია ბევრი მტვერი,
გაყიდე და მაგის ნაცვლად სხვა იყიდე,
არ იქნება, ალბათ, უარზე დედაშენი,
თუმცა გული კი დაწყდება, რომ გაიგებს,
- მეუბნება მეზობელი, "тетя" შერი.
როგორც ვატყობ, დიდი ხანი არის უკვე,
დამერწმუნე, თვალი ადგას ამ ჩვენს ჭურჭელს.
- რემონტი რომ გააკეთო შენი ბინის,
აღარ გიღირს?! - არ მამადლის შერი ღიმილს,
- კობალტია, ნაღდი, ლურჯი, ფაიფურის,
დედაშენმა სად იშოვა, იმ დროს, მიკვირს!
დეფიციტში იყო უწინ, შეგინახავთ ასე სრული,
კლიენტს ვნახავ, ვინმე მდიდარს,  არ დამრჩებით უმადური,
- აპარპალებს თვალებს შერი, მეც ვუყურებ თვალისშტერვით.
იყიდება ყველაფერი, რაც აღმოჩნდა ჩვენთვის ბევრი,
ბევრი არის ყველაფერი, აღარ დამრჩა ერთი ნერვი,
რემონტი კი არა, ვატყობ, რომ ვიყიდო პური, მაწყობს.
დედა, შენი შენაძენი გაიყიდა ძალზე ბევრი,
დრო არის თუ შერის ნიჭი, ყველა სარფიანად მიდის.
ალბათ, ზამთარს გადავიტანთ, ხომ მექნება გაზის ფული?!
ახლა სულს რომ წამოვითქვამთ, გამომიწევს შენკენ გული,
გესტუმრებით მე და ბიჭი, მაგრამ გზის ფულიც რომ მიჭირს?!
იქნებ შერიმ გამიყიდოს ძველი ფერწერული ტილო,
ჩვენი ბებოს სახსოვარი, სხვა საშველი აღარ არის,
მაგრამ მერე რაღას ვიზამ? მივაღწიო მინდა მიზანს, -
ჯანმრთელი რომ მყავდეს ბიჭი, წინ წავიდეს თავის ნიჭით,
არ მინდა, რომ ჩვენი ბედი მასაც შეხვდეს, მირტყი კეტი.
დაგამწუხრე დედა, ვიცი, ვერ დავიწყებ კუდის ქიცინს,
მაგრამ რაც მჭირს, ძალზე დიდი, - უშენობის დეფიციტი,
გეხუტები, შენი შვილი, ახლა ბავშვი წერას მიშლის,
ნახვა უნდა პარკში ციცრის, დედი,  წავალ, ბავშვი მიცდის."





Saturday, February 3, 2018

მეგონა, რომ შენ განუწყვეტლივ ჩემზე ფიქრობდი...

მეგონა, რომ შენ განუწყვეტლივ ჩემზე ფიქრობდი,
მეგონა, პირველ ადგილზეა შენთვის ოჯახი,
ამიტომ მუდამ შენთან თანმხვედრ გზაზე ვიდექი
და არ ველოდი, თუ დაგიდგამს შენ პერფორმანსი.
მეგობრებსა და ძმა-კაცებში ხშირი გართობა,
ღვინის ჭურჭელით და საჭმელით სავსე მაგიდა
ჩემს ზურგზე იდგა, მას არ ჰქონდა რადგან ფეხები,
თავი და ფეხიც მე ვიყავი, შეგახსენებდი.
ბიუჯეტიდან აგლეჯილი თითო კაპიკი,
სხვებისთვის იყო პურ-მარილი, ჩემთვის მანძილი
შენს გულამდე,  ზედმოჭრილი, ამობეჭდილი,
მე არა მყავდა არც მოყვარე და არც კეთილი...
ურემონტობა, საყვედური მოხუცი ქალის,
- სხვა კი აშენდა, თქვენ რას შვრებით, მოკვდებით ვალით,
ხარჯვა არ იცი, ვერ უძღვები "ხელფასს" მეუღლის,
მე ჩამაბარე, ხარჯთაღრიცხვის "დიდი" რვეული.
- და ასე წლები, სხვებისათვის ტანჯვა, შრომაში,
დანგრეულ სახლში ჭამა კექსის ანდა ბლომანჟის,
ვბაძავ გოგენს და ვითომ ვხატავ ელ გრეკოს ტილოს,
ვდებ განჯინაში და ვინახავ, რა იცი, იყოს!
ბავშვებს -  უაზრო მომავალი, არ აქვთ საყრდენი,
საფრენ ბილიკზე გამოვიდნენ, სხედან სანგრებში,
- რაზე ფიქრობდით, ამ ქვეყანას მხოლოდ ანგრევდით,
რაც ვერა ჰქმენით, ჩვენი გახდა ახლა სათრევი.
- გადავიღალე საყვედურით, ლანძღვა-ქილიკით,
პეპელასავით ალისაკენ თვითონ მივილტვი,
უაზროა და უღიმღამო შენი ღიმილი,
მე ჩემს ბავშვობას, შენ კი - შენსას ჩუმად მივტირით.










თეთრი ფიფქები მაცვიოდა ოდესღაც ციდან...

თეთრი ფიფქები მაცვიოდა ოდესღაც ციდან
და ვეღარ ვგრძნობდი შემოჭერილს გულზე არტახებს,
დღესაც ცა ისევ თეთრ ყვავილებს ცრიდა და ცრიდა,
მაგრამ თოვლს არა, მარმარილოს, წვრილად დანატეხს.
ნეტავ, ის ცაა? ამინდიც რომ მოჰგავს იმ ამინდს?!
შავი ღრუბლებით დაფარულა ლურჯი ცარგვალი,
სხვანაირ ცას რომ მიხატავდა, შენ თუ იყავი,
ჩემს ოცნებებში შეხიზნული უცხო მხატვარი.
შენს ძლიერ მკლავებს მინდობილი ცაში ვფრინავდი,
გულში ვიკრავდი უფაქიზეს სპეტაკ ზმანებას,
თვალსდახელშუა გალეული ნაზი სიზმარი
გადაქცეულა მარმარილოს წვრილ-წვრილ ნატეხად.