Friday, February 9, 2018

კაენი არ დაიბადება

მიიპარება, როგორც გველი, ცრემლი, უბისკენ,
უნდა მოწვას და ამოშანთოს ძუძუსთავები,
- არამი იყოს, არ შეგერგოს, - ამბობს ტირილით,
კახეთის მეფის, კონსტანტინეს დედა-გამზრდელი.
და რამდენ მკვლელს და მოღალატეს იცნობს ეს მიწა,
იუდას პირმშოთ აძინებდა ქართლის ნიავი,
თუმცა ეკიდათ გულისპირზე ჯვარი-თილისმა,
სისხლი სწყუროდათ უმანკოთა, სისხლი მტირალის.
და ცახცახებდა იმათ მკერდში გული მალულად,
წვავდათ ცოდვები, იღლებოდნენ ჯვარის ტარებით,
მუდამჟამს თავს ხომ ახსენებდათ მშობლის თილისმა,
შიგ გულში წყენით უყურებდნენ დედის თვალები.
ადრე თუ გვიან მოსდიოდათ ცრემლი ალალი,
ეწვეთებოდა მათ ხელებს და მუხლისთავებსაც,
ღმერთმა ქნას, დარჩეს ყოველივე იმ ღრმა წარსულში,
ჩვენ კი, ვირწმუნოთ,  კაენი არ  დაიბადება.




No comments:

Post a Comment