Thursday, February 15, 2018

სადღაც ვიღაცა ფიქრს სვამს

სადღაც ვიღაცა ფიქრს სვამს,
სადღაც ვიღაცა - კითხვას,
დევებად დგანან მთები,
ეგებებიან ცისკარს.
ჯერარნახული ძალით
ქარი მოჰყვება ხარხარს.
ცხენს მოახტება დალი,
გაიშლის ოქროს დალალს,
ზედ მოებმება ბევრი,
სიყვარულისგან მთვრალი,
დაიწვებიან ცეცხლში, -
ვერ აიხდენენ წადილს.
არ წაადგებათ კარგად
დევნა ქალის თუ ზღაპრის,
მათი ცხოვრება გავა,
ჩაანაცვლებენ სხვანი.
ოცნება არის დალი,
ქარაგმასავით მშვიდი,
მზეებრ მწველი და ნაზი,
კაპარჭითა და მშვილდით.
ძნელია მისი დევნა,
როგორც მინდორში ქარის,
ტყუილუბრალოდ ევნო,
ბევრმა გაწირა თავი.
სჯობს რომ იცხოვრო ფიქრით,
შეეხმიანო ჭალას,
თორემ ქარი და ქალი,
დღეს არის, ხვალ კი წავა.




No comments:

Post a Comment