ნეტავ, რას მიყურებს ეს ქალი ასეთი დაღვრემით?! მე მგონი არაფერი დამიშავებია: ნატასთან არ მიჩხუბია, ჩემს დასაშოშმინებლად რომ შემოსულიყო (ყვირილი ნამეტანი მიყვარს და შეწუხდება ხოლმე კარის მეზობელი), წნევაც არ უნდა მქონდეს, როგორც ვატყობ, გაზომვასაც არ აპირებს, აპარატი ხელში არ უჭირავს. ნატა სადღა არის? კარებს თვალს არ ვაცილებ, არ ჩანს! სამსახურში თუ წავიდა უკვე. თვალებდაჭყეტილი ვუყურებ ციცოს, მომიახლოვდა, რაღაცას მეძიძგილავება, ჩემს წამოყენებას თუ ცდილობს?! ალბათ, სიზმარში ვარ, მერე ლამაზი გოგო მაინც დამსიზმრებოდა ვინმე, უფრო კარგი არ იქნებოდა? მაგრამ რეალობას ვერსად წაუხვალ... - ქალბატონო ციცო, რამ შეგაწუხათ? - ვეკითხები, ხმას არ მცემს, ისევ დაღვრემით შემომცქერის, თან მეუბნება, - ანდრო, არ ინერვიულო, ახლავე მოვლენ ექიმებიო, - ახლაღა ვხვდები, ჩემი ლაპარაკი არ ესმის, ჩემს ყვირილს თურმე არ შემოუყვანია ჩვენთან, სიზმარშიც არ ვარ და საქმე ცუდადაა, წამოდგომას ვცდილობ, ასე დაწოლილი ხომ არ დაუხვდები ექიმებს? ციცოს კი ლოგინში ხშირად ვუნახივარ, ნატას შემოჰყავს ხოლმე, როცა ცუდად ვარ, ამ ბოლო დროს ნამეტანი შემომიტია წნევებმა, ახლა კი ვხვდები, ლოგინზე კი არა, ქვევით იატაკზე ვწევარ, ხელ-ფეხი არ მემორჩილება, ცალი ხელით ვებღაუჭები თეთრეულს, წამოდგომას ვცდილობ, არაფერი გამომდის. ლოგინიდან რაღამ გადმომაგდო? ისევ ჩემს თავს ვეკითხები. მახსოვს, დასასვენებლად რომ წამოვწექი, ნატა ჯერ კიდევ სახლში იყო, თავი მტკიოდა, სისუსტეს ვგრძნობდი. ექიმის გამოწერილი წამალი დავლიე და ძილმა წამიღო...ნეტავ, აქ რამდენი ხანია ვწევარ? შემაკანკალა, მცივა, ძალიან მცივა... მიწა თუ მეძახის...
ახლა ვხედავ, სასწრაფოს ექიმები შემოვიდნენ, მსინჯავენ, - ინსულტია სავარაუდოდ, ან ანევრიზმაა გამსკდარი. ოჯახის წევრები თუ არიან? -კითხულობენ, - საკაცით უნდა ჩავიყვანოთ ძირს. სასწრაფოდ საავადმყოფოშია გადასაყვანი, - აგრძელებენ მოწყენით, თან ერთი მკლავს მიშიშვლებს, ნემსს მიკეთებს. - სამსახურშია ყველა, მეზობელ კაცებს დავუძახებ, - ეუბნება ქალი და ტირილით გადის ოთახიდან, -კიდევ კარგი, შენ მაინც შემოხვედი, - ფიქრებში ველაპარაკები ციცოს, ჩემს საყვარელ მეზობელს, ვგრძნობ, რომ ესმის ჩემი ხმა, - მადლობა, მადლობა, ჩემო მეგობარო, - ვაგრძელებ ბაასს, ნატა და ბავშვები, ალბათ, საავადმყოფოში მოვლენ, დათოს რა გაუძლებს?! იტყვის შენ თვითონ დაიმართე ინსულტი, ჩემს ჯინაზეო. ფიქრებით დედასთან გადავდივარ, ის თუ მეძახის თავისთან. დრო საოცრად იწელება, აი, საკაცეც შემოაქვთ, სამ კაცს ძლივს ავყავარ იატაკიდან. ასე სიკვდილი კი არ მინდოდა გურულ კაცს, ცხენზე იარაღით სიკვდილი იქნებოდა ყველაზე უკეთესი, მაგრამ რომ არ დამირჩა! რა იცი, იქნებ ცოტა დრო კიდევ მომცეს ღმერთმა... თუ კი ვიმსახურებ ამას...აღარფერი მესმის, ვეღარაფერს ვხედავ...ტუ... ტუ... ტუ...გაბმული ზარი ჩამესმის ყურებში.
No comments:
Post a Comment