Sunday, February 4, 2018

წერილი დედას

"განჯინიდან შენს საყვარელ ჭურჭელს ვაწყობ,
დანა-ჩანგალს დაჰკარგვია უკვე პეწი,
- ეს ჭურჭელი უხმარია, რისთვის გინდა?!
კარადაშიც დასდებია ბევრი მტვერი,
გაყიდე და მაგის ნაცვლად სხვა იყიდე,
არ იქნება, ალბათ, უარზე დედაშენი,
თუმცა გული კი დაწყდება, რომ გაიგებს,
- მეუბნება მეზობელი, "тетя" შერი.
როგორც ვატყობ, დიდი ხანი არის უკვე,
დამერწმუნე, თვალი ადგას ამ ჩვენს ჭურჭელს.
- რემონტი რომ გააკეთო შენი ბინის,
აღარ გიღირს?! - არ მამადლის შერი ღიმილს,
- კობალტია, ნაღდი, ლურჯი, ფაიფურის,
დედაშენმა სად იშოვა, იმ დროს, მიკვირს!
დეფიციტში იყო უწინ, შეგინახავთ ასე სრული,
კლიენტს ვნახავ, ვინმე მდიდარს,  არ დამრჩებით უმადური,
- აპარპალებს თვალებს შერი, მეც ვუყურებ თვალისშტერვით.
იყიდება ყველაფერი, რაც აღმოჩნდა ჩვენთვის ბევრი,
ბევრი არის ყველაფერი, აღარ დამრჩა ერთი ნერვი,
რემონტი კი არა, ვატყობ, რომ ვიყიდო პური, მაწყობს.
დედა, შენი შენაძენი გაიყიდა ძალზე ბევრი,
დრო არის თუ შერის ნიჭი, ყველა სარფიანად მიდის.
ალბათ, ზამთარს გადავიტანთ, ხომ მექნება გაზის ფული?!
ახლა სულს რომ წამოვითქვამთ, გამომიწევს შენკენ გული,
გესტუმრებით მე და ბიჭი, მაგრამ გზის ფულიც რომ მიჭირს?!
იქნებ შერიმ გამიყიდოს ძველი ფერწერული ტილო,
ჩვენი ბებოს სახსოვარი, სხვა საშველი აღარ არის,
მაგრამ მერე რაღას ვიზამ? მივაღწიო მინდა მიზანს, -
ჯანმრთელი რომ მყავდეს ბიჭი, წინ წავიდეს თავის ნიჭით,
არ მინდა, რომ ჩვენი ბედი მასაც შეხვდეს, მირტყი კეტი.
დაგამწუხრე დედა, ვიცი, ვერ დავიწყებ კუდის ქიცინს,
მაგრამ რაც მჭირს, ძალზე დიდი, - უშენობის დეფიციტი,
გეხუტები, შენი შვილი, ახლა ბავშვი წერას მიშლის,
ნახვა უნდა პარკში ციცრის, დედი,  წავალ, ბავშვი მიცდის."





No comments:

Post a Comment