თეთრი ფიფქები მაცვიოდა ოდესღაც ციდან
და ვეღარ ვგრძნობდი შემოჭერილს გულზე არტახებს,
დღესაც ცა ისევ თეთრ ყვავილებს ცრიდა და ცრიდა,
მაგრამ თოვლს არა, მარმარილოს, წვრილად დანატეხს.
ნეტავ, ის ცაა? ამინდიც რომ მოჰგავს იმ ამინდს?!
შავი ღრუბლებით დაფარულა ლურჯი ცარგვალი,
სხვანაირ ცას რომ მიხატავდა, შენ თუ იყავი,
ჩემს ოცნებებში შეხიზნული უცხო მხატვარი.
შენს ძლიერ მკლავებს მინდობილი ცაში ვფრინავდი,
გულში ვიკრავდი უფაქიზეს სპეტაკ ზმანებას,
თვალსდახელშუა გალეული ნაზი სიზმარი
გადაქცეულა მარმარილოს წვრილ-წვრილ ნატეხად.
No comments:
Post a Comment