Saturday, February 3, 2018

მეგონა, რომ შენ განუწყვეტლივ ჩემზე ფიქრობდი...

მეგონა, რომ შენ განუწყვეტლივ ჩემზე ფიქრობდი,
მეგონა, პირველ ადგილზეა შენთვის ოჯახი,
ამიტომ მუდამ შენთან თანმხვედრ გზაზე ვიდექი
და არ ველოდი, თუ დაგიდგამს შენ პერფორმანსი.
მეგობრებსა და ძმა-კაცებში ხშირი გართობა,
ღვინის ჭურჭელით და საჭმელით სავსე მაგიდა
ჩემს ზურგზე იდგა, მას არ ჰქონდა რადგან ფეხები,
თავი და ფეხიც მე ვიყავი, შეგახსენებდი.
ბიუჯეტიდან აგლეჯილი თითო კაპიკი,
სხვებისთვის იყო პურ-მარილი, ჩემთვის მანძილი
შენს გულამდე,  ზედმოჭრილი, ამობეჭდილი,
მე არა მყავდა არც მოყვარე და არც კეთილი...
ურემონტობა, საყვედური მოხუცი ქალის,
- სხვა კი აშენდა, თქვენ რას შვრებით, მოკვდებით ვალით,
ხარჯვა არ იცი, ვერ უძღვები "ხელფასს" მეუღლის,
მე ჩამაბარე, ხარჯთაღრიცხვის "დიდი" რვეული.
- და ასე წლები, სხვებისათვის ტანჯვა, შრომაში,
დანგრეულ სახლში ჭამა კექსის ანდა ბლომანჟის,
ვბაძავ გოგენს და ვითომ ვხატავ ელ გრეკოს ტილოს,
ვდებ განჯინაში და ვინახავ, რა იცი, იყოს!
ბავშვებს -  უაზრო მომავალი, არ აქვთ საყრდენი,
საფრენ ბილიკზე გამოვიდნენ, სხედან სანგრებში,
- რაზე ფიქრობდით, ამ ქვეყანას მხოლოდ ანგრევდით,
რაც ვერა ჰქმენით, ჩვენი გახდა ახლა სათრევი.
- გადავიღალე საყვედურით, ლანძღვა-ქილიკით,
პეპელასავით ალისაკენ თვითონ მივილტვი,
უაზროა და უღიმღამო შენი ღიმილი,
მე ჩემს ბავშვობას, შენ კი - შენსას ჩუმად მივტირით.










No comments:

Post a Comment