Friday, February 9, 2018

მოჭირნახულე ქალი იყო (ჩემს უკრაინელ ბებიას)!

ბებოს მოქსოვილ ნატიფ წინდებს დააცვდა ქუსლი,
ჟამმა ფერები გაახუნა, ძაფი დაწყვიტა,
რომც ამოვკემსო, ვერ იქნება, რაც იყო უწინ,
დაკიდულს ქარში, გავყურებდი, როგორ აწვიმდა...
შიგ ჩაკარგული ქარაგმები ამოვხსენ გუშინ,
რომ ამომეხსნა უფრო ადრე, გუშინწინ, თუგინდ,
ვეღარ ვიგრძნობდი ცრემლის გემოს, შერეულს ტუშში,
წლებია ვითვლი ნაქსოვ თვლებში ჩაკარგულ დუმილს.
მოჭირნახულე ქალი იყო, თვალებით ნუშის,
მოგონებებში ახლაც ისევ საკერავს უზის,
დარიგებები რომ აღმოჩნდა ამაო, ფუჭი,
ვეღარ ავზიდე ბევრი ცოდვა მკლავებით სუსტით.
ბებოს მოქსოვილ ნატიფ წინდებს დააცვდა ქუსლი,
ქარაგმები კი ამეტყველდნენ ცოდვის საზიდრად...
ამასღა ვდარდობ, ამოვხსენი იგავი გუშინ,
თუმც წლების წინათ მომძახოდა ბებოს ნაზი ხმა.


No comments:

Post a Comment