Thursday, November 30, 2017

სიმღერა

სურვილს თუ კი აჰყვები,
სურვილს თუ კი აჰყვები,
საჰაერო ბუშტივით
მაღლა იფრენ, გაქრები.
ვეღარავინ გიპოვის,
ვეღარავინ გიპოვის,
ამიტომაც გაფრთხილებ,
ამიტომაც ვფრთხილობდი.
თუ კი ვერ დაინახე,
მე რომ ამას ვცდილობდი,
მაინც არა გავნე რა
ჩემი გულახდილობით.
სურვილს თუ კი აჰყვები,
სურვილს თუ კი აჰყვები,
ზევით წახვალ ბუშტივით
და უკვალოდ გაქრები.





ნაღვერდალივით გამოგვწვავენ...

ვერ გამიგია, ამა ქვეყნის ავან-ჩავანი,
ცხოვრება ჩვენი, - ჩავაბაროთ უნდა თავანი,
თუ კი გამოცდას წარმატებით გავართმევთ თავებს,
ზევით, სულ ზევით, ღმერთთან ახლოს გახსნიან კარებს.
არა და, ქვევით დაგვხვდებიან ტოლუმბაშები
ფიალებით და თავ-ფეხისთვის დიდი ქაფჩებით.


Monday, November 27, 2017

დამატება თუ ქვემდებარე?!

დამატება თუ ქვემდებარე?!
მოვასუფთავე განსჯის არე,
ქვე და მდებარე არ მომწონს სიტყვა,
მოისმის მასში უფალის რისხვა.
ქვემდებარეა ვიღაცის ხელში
ხან სიკეთის და ხან ავის მქნელი,
დამატებად რომ მამყოფა მგონი,
უკეთ წარვმართო ჭკუა და გონი, -
წამოვაშველო კარგისმქნელს სიტყვა,
ბოროტს ვეახლო უმძიმეს ტვირთად,
ოღონდ მინდა ვიყო პირდაპირი,
რომ არ მქონდეს ქვემდებარის რიდი.
ირიბად სიტყვის თქმა თამაშია,
როცა ქვეყანაში განგაშია.



,

ბუტაფორია

ზეცაში ვუმზერ მთვარის მხოლოდ ბუტაფორიას
და ვარსკვლავებიც ხელოვნური არის, მგონია,
რატომ ვიყავი ოცნებებში იმათ იმედად, -
გამღვიძებოდა, ასე გვიან, ღმერთმა ინება,
ცეცხლიც კი ვნების, თურმე არის ბუტაფორია,
სიყვარული და მეგობრობაც, ხელოვნურია,
რატომ ვიყავი, ასე მყარად, იმათ იმედად,
რად არ გავყევი ტკბილ ზღაპრებში ჩემს დიდ დიდედას.


Sunday, November 26, 2017

აღარ მაშინებს შემოსვლა ზამთრის...

ფერუცვლელია გარშემო ყველა,
იასამანი ყვავილობს მხოლოდ,
აღარ მაშინებს შემოსვლა ზამთრის,
იმის ყვავილებს ვუმზერდე ოღონდ...

სიურრეალისტური ფანტასმაგორია

სიურრეალისტური ფანტასმაგორია,
ბრეტონის თუ არაგონის აგონია, -
ქვეცნობიერშია განაჩენი,
იმას წავუმძღვაროთ დანარჩენი,
გზა ყინვიანი და მოლიპული,
შენს ტვინში არის დალამბული,
სხვა არაფერი დაგრჩენია,
სიზმრად ჩაიძირო, რაც შენია.

Saturday, November 25, 2017

ექოდ მოისმის

ზარდამცემ ოხვრას მოუცავს თორღვა,
- დაგუბებულხარ, დარდების წყალო,
გულს დასცემიხარ ბებრად და კოჟრად,
ქვეყნის წარწყმედა როდემდე ვმალო?!
ზარდამცემ ოხვრას მოუცავს თორღვა,
სიკეთით შვილთა ვეღარა ხარობს,
ექოდ მოისმის იმისი მოთქმა,
გარშემო ტყეებს სიცივით აზრობს.






ნიკოლოზ ბარათაშვილი - მსოფლიო გენიოსთა წინამორბედი და მუზა (ესსე, ავტ. სოფიო ჭელიძე)

     მახსოვს, ბავშვობაში დედა ერთ დიდ შავ წიგნს გადმოიღებდა ხოლმე თაროდან, ხშირად ტიროდა მისი კითხვის დროს. ვფიქრობდი, ნეტავ, რა წიგნია ასეთი, რომ ჩემს უსაყვარლეს დედიკოს ასე ატირებს-მეთქი. კითხვა რომ ვისწავლე, ჩუმად გადმოვიღე ეს წიგნი, ყდაზე ვერცხლისფერი ასოებით ეწერა: ნ ი კ ო ლ ო ზ  ბ ა რ ა თ ა შ ვ ი ლ ი. ერთი ფურცელი გადავშალე, იქიდან ახალგაზრდა კაცი მიყურებდა, ოდნავ ნაღვლიანი თვალებით, კისერზე ყელსახვევით, შავ-თეთრი ნახატი იყო. სამუდამოდ ჩამებეჭდა მისი სახე მეხსიერებაში, ვიფიქრე, ალბათ, ჩემს დედიკოს ძალიან უყვარს-მეთქი ეს კაცი. დრო გავიდა, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიას გავდიოდით სკოლაში. დედამ სწორედ ეს წიგნი გადმომიღო და მითხრა, პოეტის ბიოგრაფია წამეკითხა, სანამ მის ლექსებს ვისწავლიდი. წავიკითხე, მეც ისევე ავტირდი, როგორც დედაჩემი...
     კითხვა ძალიან მიყვარს. ცოტა ხნის წინ კაფკას მცირე პროზას ვკითხულობდი. ასეთი სახელი რატომ დაარქვეს, ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ მისი არც ერთი ნაწარმოები, სულ რამდენიმე სიტყვაც რომ იყოს, არ შეიძლება იყოს მცირე. ჩემში  განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პატარა მოთხრობამ - "კაკუნი ჭიშკარზე". როცა ჩავამთავრე კითხვა, გული უცნაურად ამიძგერდა, გაოგნებული ვიჯექი და ვფიქრობდი, ასეთი რამ შეიძლება ყველას შეემთხვეს თუ მხოლოდ რჩეულებს?! ნამდვილად რჩეული იყო ეს ბიჭი - უცხო სახლის ჭიშკარზე დაკაკუნება თუ ცელქური ხელის აქნევა დის მიერ საბედისწერო გახდა მისთვის. გოგონა სახლში გაგზავნა კაბის გამოსაცვლელად, იცოდა სხვა შემთხვევაში არ წავიდოდა, რათა გადაერჩინა, თვითონ ჩაბარდა მხედრებს, დამსჯელებს. ისიც იცოდა, მხოლოდ მისი დაჭერა სურდათ. რატომღაც ჩვენი დიდი პოეტი, ნიკოლოზ ბარათაშვილი გამახსენდა, უდანაშაულო ტუსაღი, მისთვის ხომ ეს ცხოვრება საკანი იყო, უჭირდა სუნთქვა. ალბათ ისიც იმავე შეკითხვას დასვამდა, რასაც ამ მოთხრობის მთავარი გმირი, მცირე იმედი მაინც რომ ჰქონოდა, ოდესმე გათავისუფლდებოდა სატუსაღოდან, - შეძლებდა კი ოდესმე საკნის ჰაერის გარდა სხვა ჰაერიც (თავისუფლების ჰაერი) ჩაესუნთქა?
   ნიკოლოზ ბარათაშვილი - რაინდი, სუფთა და წმინდა, როგორც წყაროს წყალი. მუდამ მოწყენილი და მოღუშული, რომელიც გაუცხოვებით და მარტოსულობით იტანჯება სერვანტესის დონ კიხოტივით, თუმცა მისი გული სიყვარულით სავსე ზღვაა. არის კი ჩვენს ეპოქაში ასეთი ადამიანების ადგილი? ისევე როგორც მის ეპოქაში არ მოიძებნა მისთვის ალაგი, როგორც გურულები იტყვიან, არ დაფასდა მისი ნიჭი, არ იქნა გამოყენებული მისი პოტენციალი. მისი არ ესმოდათ, ის კაფკას ჭიას მაგონებს "მეტამორფოზიდან", რომელიც თითქოს ჯავშანშია გამოკეტილი, მისი გულის ხმა და სულის კივილი რჩება "ღაღადისად უდაბნოსა შინა" და მხოლოდ მომავალმა თაობებმა გაიგეს, უთანაგრძნეს, იტირეს მასთან ერთად მისი უპასუხო სიყვარული და ბედკრული სამშობლო. სკოლაში ბევრი ვიკამათეთ თემაზე, უყვარდა თუ არა ეკატერინე ჭავჭავაძეს პოეტი, მაგრამ ჩემი, როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობის ვარაუდია - არა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ დაგიდევდათ ოჯახის და საზოგადოების აზრს და აუცილებლად გაყვებოდა ცოლად ნიკოლოზ ბარათაშვილს, მით უმეტეს, რომ პოეტი მაღალი წრის წარმომადგენელი იყო და არცთუ უსახელო ოჯახიდან. ტატოს ლექსებში ჩაბუდებული ეჭვი და დარდიც ამის დასტურია. სიღარიბე არასოდეს არ ქცეულა დიდი სიყვარულის დაბრკოლებად, ამის მაგალითები მრავლადაა მსოფლიო ისტორიაში. სამეგრელოს მომავალი დედოფალი უფრო კაფკას ხიდს მაგონებს, რომელიც ცნობისმოყვარედ იცქირება, რათა დაინახოს მასზე მიმავალი ადამიანი. დიახ, ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის ეს ულამაზესი ქალი ხიდი იყო, მომავალთან დამაკავშირებელი, მაგრამ ეკატერინემ კაფკას ხიდივით თან ჩაიტანა, თავისი ცხოვრებაც გაწირა და მისიც. ჩემი აზრით, არც ეკატერინე იყო ბედნიერი, მჩქეფარე მდინარემ ისიც წაიღო და იმ ქვებს დაანარცხა, რომელნიც ყოველთვის მშვიდად უცქეროდნენ ქვევიდან, რომლებიც ბედნიერ ცხოვრებას უქადდნენ. ის, რომ პოეტის მუზამ, დიდებულმა ქართველმა ქალმა შემოგვინახა მისი ლექსები, მის განათლებასა და პოეტისადმი უდიდეს პატივისცემაზე მეტყველებს, რაც დასაფასებელი და სამადლობელია ჩვენგან.
   ნიკოლოზ ბარათაშვილი ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელია, რომელსაც უჭირს გაუგოს თავისი სოციალური ფენის წარმომადგენლებს, მათი ფუქსავატობა მისთვის მიუღებელია, მაგრამ არ ძალუძს მათთან დაშორება, რადგან მათთან ერთად არის გაზრდილი, მათ წიაღში გაუტარებია ბავშვობა, ახლა ის დაუქანცავს ფიზიკურ თუ სულიერ ტკივილებს, ბოროტ სულს ესაუბრება, რომელიც ბედნიერ ცხოვრებას ჰპირდებოდა და იმედები გაუცრუა, ცდილობს თავისგან განდევნოს იგი, ეძებს ახალს, ხელჩასაჭიდს, რისთვისაც ღირს ცხოვრება. სწორედ ასეთად ესახება მას ხალხის და ქვეყნის სამსახური, რომელსაც უნდა მისდიო, თუ ქვეყნად მოხვედი და კაცი გქვია. "ვპოვე ტაძარში" პოეტი უიმედოდ დარჩენილ მეუდაბნოეს მაგონებს, ფეხშიშველი, ყარიბი, თავის სახლ-კარს მოწყვეტილი ჭაბუკი უდაბნოს ქვიშაში მიიკვლევს გზას, მისთვის ეს ცოდვებისგან განწმენდის გზაა, მან კარგად იცის რომ ამ გზით მრავალმა იარა, რათა ცხოვრების მიზანი და არსი დაენახა. ტყუილად არ ათქმევინებს თავის "ალქიმიკოსში" მელქისედეკს პაოლო კოელიო: "როცა რაღაც ძალიან გსურს, მთელი ქვეყნიერება დაგეხმარება მის მოსაპოვებლად". უდაბნოში სვლა ეს ქრისტეს გზაა, სწორედ იქ პოულობს პოეტიც ტაძარს, რომელიც ლამპარით არის განათებული, მაგრამ მისთვის ისიც ქრება, რადგან უიმედობას და ურწმუნობას დაუსადგურებია მის გულში. ტაძარი მისთვის თითქოს მირაჟია, საბოლოოდ ის ხვდება, რომ არ შეიძლება იცხოვრო ცრუ იმედებით, ცხოვრების გზა ეს მოქმედებაა, დაბრკოლებების გადალახვა, თუ კი მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ფარსმან სპარსის გამზრდელს ათქმევინებს "დიდოსტატის მარჯვენაში": "ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო", რითაც პრაქტიკულობას გვასწავლის, ნიკოლოზ ბარათაშვილი პირიქით, დაბრკოლებებით სავსე გზას ირჩევს და მერანს მოუწოდებს, არ დაინდოს, არ შეიცოდოს თავისი მხედარი, ის ყველაფრისთვის მზადაა, რათა გზა გაიკაფოს ცხოვრებაში, იგი ბედისწერასთან მებრძოლი რაინდია, როგორც პაოლო კოელიოს "ალქიმიკოსის" გმირს, მასაც უდაბნო მიახვედრებს, სად უნდა ეძიოს  თავისი ცხოვრების მიზანი, რომელიც მისთვის სიცოცხლეზე მეტია. -  ხალხის და ერის სამსახურში დგომა, მოძმისთვის გზის გაადვილება, ქრისტეს მცნებებით სიარული.
        ამას წინათ მე და დედა რაჭაში წავედით, ცხრაჯვარზე ავედით, იქიდან გადავიხედე, საქართველოს ველ-მინდვრებს ცისფერი ცა გადახურვოდა, ნიკოლოზ ბარათაშვილის "ცისა ფერს" გამახსენდა, ვიგრძენი კავშირი მარადიულობასთან, უსასრულობასთან, უკვდავებასთან, რომელიც ამ ლექსის ყველა სტრიქონში იკითხება. წინა დღეს ლევან ბერძენიშვილის სიტყვები მოვისმინე რადიოში, გალაქტიონ ტაბიძეს თავისი ერთ-ერთი რვეულის ყდაზე ეწერაო: რომანტიკოსების პირველი კლასის მოსწავლე, ის სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილის მოსწავლედ თვლიდა თავსო, გამეღიმა, როცა ამ ორი გენიოსის სულიერი კავშირი დავინახე: ცხრა ჯვარიც თითქოს ტყუილად არ ასვეტილიყო ჩემ წინაშე, ცხრა მთა, ცხრა ზღვა მინდვრებისა, ცხრა ცა მიღიმოდა.
       ზოგჯერ არის, რომ ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინვე ჩემი ხელჩანთის პატარა ჯიბიდან გაცრეცილ, ოთხადმოკეცილ ქაღალდს ამოვიღებ ხოლმე, ფრთხილად გავშლი და ზედ ჩემი ხელით გადაწერილ ნიკოლოზ ბარათაშვილის "მერანს" ვკითხულობ. ნელ-ნელა ძალები მემატება, ჩემს წარმოდგენაში ჯერ ცოცვას ვიწყებ, მერე მივფორთხავ, წელში ვსწორდები, მივაბიჯებ, ტემპს ვუმატებ, მერე გავრბივარ, ბოლოს მივფრინავ ამ სამყაროს უკიდეგანო სივრცეებში, იმიტომ რომ მთელი ქვეყნიერება ჩემია, ჩემთვის არ არის დაბრკოლებები, ვხვდები, რომ ყველა სიძნელეს დავძლევ, გადავლახავ და აუცილებლად გავიმარჯვებ. ჩემი მეგობრები მახსენდება. ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდები იმედით გავყურებთ მომავალს და აუცილებლად ჩვენს კვალს დავტოვებთ მსოფლიო ისტორიაში, იმიტომ რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის სულიერი და ფიზიკური შვილები ვართ, მისი შთამომავლები და გულზე გვაწერია: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება."
   
     
       

Friday, November 24, 2017

ერთი, ორი, სამი და...

ერთი, ორი, სამი და
მზე გვიცქერდა კადრიდან,
წამოწოლილს ენება
თავის ძალის ჩვენება,
სიცივისგან გათოშილთ
რაღა დაგვასვენებდა,
შევძახოდით მუდარით,
- ერთი სიტყვა გვითხარი,
- ის გვიმზერდა ყვედრებით,
- ნეტავ, რას მემეტებით,
თქვენ იყავით, ზაფხულში,
სხივებს კრავდით მარყუჟით,
მერე სადღაც მალავდით,
ვერ აღწევდნენ ბანამდის?
ახლა ნუღარ მიცქერით,
უნდა ვკერო ჩითები,
გაზაფხულზე დავაგო,
ზედ ვაფრინო ჩიტები.





დაარბევს ქარი...

დაარბევს ქარი ფოთოლთა კრებას,
თავის ტუსაღებს გარს დასტრიალებს,
ზოგს - შავ მიწაში მიუჩენს ბინას,
ზოგს - ნაგვის ყუთში ჩაატიალებს.
მიჰკარგავს სადღაც შორეთში ერთ-ორს,
დაბრუნდნენ უკან, არ აძლევს საშველს,
ზოგს დამარხვასაც აღარ აღირსებს, -
შეუბრალებლად მიაკლავს სალ კლდეს.
დაარბევს ქარი ფოთოლთა კრებას,
თავის ტუსაღებს თავს დასტრიალებს,
ჩვენც მივდევთ იმის შეუვალ ნებას,
გულში ვიბრუნებთ სევდის ხვიარებს.
მაგრამ ხომ არის ფოთოლიც "ოხრა",
რომ არ ნებდება ქარებს, ფირალებს,
ზეცაში ეძებს ის თავის ბოლოს,
მზეთამზესავით ცაში ბრდღვიალებს.


Wednesday, November 22, 2017

მიჯნურობაც ეს არის?! (სახუმარო მამაკაცებს)

ტაჯმაჰალი რომ აუგო
ცოლს, შემოსილს სუდარით,
სამუდამო სიყვარულის
ცად უგზავნა უსტარი,
სვეტები და დარბაზები
საგალობლებს მღერიან, —
დავიწყებას არ მიეცეს
დღეს, ვინც ფეხთა მტვერია.
ოქროს ლაგამ-უნაგირით
გაფრენილა მერანი,
რომ აუწყოს დედამიწას,
მიჯნურობა ეს არის!
ტატომ დადგა უკვდავების
ძეგლი ღვრია ლექსებით,
ჭავჭავაძის ქალის ბანზე
აჭიკჭიკა მერცხლები.
ვარდ-ყვავილებს სძღვნიდა ნიკო,
ცად იჭერდა თადარიგს,
მისი მუზა სულ სხვა იყო,
ქალი - განსჯის საგანი,
გვხიბლავს ფრანგი მსახიობის
მოქათქათე ნატურა,
ფიროსმანის ნახატებში
გედივით რომ დაცურავს.
ავთანდილის, ტარიელის
არ გამტყდარა პირობა,
ცისქვეშეთში ინაპირეს,
არ ქმნეს საქმემცირობა,
გრძნეულ ქაჯთა ტყვეობიდან
გამოიხსნეს მნათობი,
თავს სწირავდნენ დიდ სიყვარულს,
მეგობრობით, კაცობით.
თქვენ რა ღმერთი გაგწყრომიათ,
ამ ბედნიერ ხანაში,
ტრფობისა და დაგვის კერპი
რომ გასვარეთ ტალახში,
სულს არ დათმობთ ნაზ ამბორში,
ცეცხლს ვერ ანთებთ კერაზე,
ქალი, მნათობთ  თანამდგომი,
ჯორ-ცხენივით შეკაზმეთ!







Friday, November 17, 2017

მე მივდიოდი

მე მივდიოდი ვიწრო ბილიკით,
ხეებს გარშემო მოეცვათ ძონძი,
სადღაც ვიღაცა ოქროცურვილში
იდგა და შუბლზე შეეკრა კოპი,
არ მოსდიოდა თვალში ფასადი,
მისი ნაწილი თვით იყო უწინ.


ნიკო სამადაშვილის შესანიშნავი ლექსი

„ის მიდიოდა ფერშეცვლილ გზებით,
წყალგაღმით ჩრდილებს აენთოთ კვარი,
იწოდა კაცი ჩუმი, მგზნებარე,
თან სიცოცხლეზე რჩებოდა თვალი.
წყევლა ესმოდათ ფეხმძიმე ნისლებს,
სადღაც კი ყეფდნენ ქუში ქედები,
მღვიმეში იდგა ჟამთა სისველე
დაოსებული შემოქმედებით.
ცისკრის ამოსვლა ბეწვზე ეკიდა,
ნანგრევს დაეხრა სამრეკლოს კარი,
ის მიდიოდა და მაინც კიდევ
სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი“.

დროებითია დიდება

დროებითია დიდება,
ფული არ არის აფერი,
ხვალ თვალში დაგებინდება,
მორჩება სუყველაფერი.
მეხოტბე - ცრუ მელექსეა,
ჰგავს მლიქვნელსა და აფერისტს,
კერპი რომ აღარ იქნება,
მორჩება სუყველაფერი.
ქვეყნის ერთგულთა დიდება
(სხვა არ ყოფილა აფერი),
იყო, არის და იქნება,
ესაა სუყველაფერი.




ჩემო ქვეყანავ!

ნეტავ, რას ფიქრობ, ჩემო ქვეყანავ,
თუ გიღალატა შენმა მონამაც,
კიბოს საცეცი, მოქნილი, მძლავრი,
მასაც შეეხო, დაამხო ხატი.
ევროპის გზაზე ვითომდა დამდგართ,
დაგვიწყებია ქართული ნანა,
ფულზე დაგეშილთ მიგვიძღვის ეშმა
და შენს მომავალს ვეღარც კი ვხედავ...






Wednesday, November 15, 2017

ლექსები კი არვის ესმის

ვერ დავრჩები იმის მზირად,
კაცს გულგრილად როგორ სძინავს,
არ აწუხებს ქვეყნის ბედი,
თუნდა ურტყი თავში კეტი.
ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე,
ეგოცენტრიზმს ვირის  ავლენს,
ქვეშევრდომთა არ აქვს რიდი,
ზემაღალთან არის ფლიდი.
გაბმული აქვს ფულის მახე,
შიგ გაბმული ბევრი ვნახე,
გამოწუწნოს უნდა სისხლი,
აღარა აქვს იმის ფიქრი,
უსისხლო და დღენაკლული.
რომ არ ერჩის უკვე გული,
ნაგვის ყუთთან აღმოჩნდება,
ალკოჰოლით მთვრალი კვდება.
გაუწვდიათ ხელი ბავშვებს,
მოხუცებს და ახალგაზრდებს,
მუჭში ხურდას უჩხრიალებს
ისევ მუშა, - ათრევს ჩანთებს.
ზოგს - ჯიბეში მილიონი,
ხორცზე აკრავს სქელი ქონი,
ზოგი - ლუკმას ვერ შოულობს
და შაქარს და პურს ნატრულობს.
ამა ქვეყნის არა მესმის,
დამიკარგავს სუნი, გეში,
აღარც ხმა მაქვს, აღარც კეტი,
ლექსები კი არვის ესმის.












იყო ღმერთი და ძე იყო მისი

იყო ღმერთი და ძე იყო მისი,
სიტყვა იყო და საქმენი დიდი,
კაცი კი დღემდე ავობს და ბრიყვობს,
მუხლმოსაყრელად ვერ წადგა ბიჯიც.
ეჭვიანია მისი მზერა და
ბნელით მოცული ფიქრები მისი,
არსი ყოფისა ვერ შეუგნია,
დაიარება ამაო რიხით.
შვილებსაც უღვთოდ ზრდის და ჰგონია,
ესაა სწორი გეზი ამქვეყნად,
არ ეპუება ღვთიურ განგებას,
ცოდვებში ბრუნავს ბუქად, ნამქერად .
მაგრამ რა არის იმისი ბოლო?!
სამართალი ხომ ურმითაც დადის...
იყო ღმერთი და ძე იყო მისი, -
სინათლე დღის და ორივე თვალის.




Tuesday, November 14, 2017

მეძახოდნენ ლამაზ გოგოს

მეძახოდნენ ლამაზ გოგოს,
ოღონდ ცოტა შარიანს,
მეხვეოდნენ ყმაწვილები,
შორს მეჭირა თავია,
იმათ ჩემი ეშინოდათ,
არ უნდოდათ შარია,
მომიტაცა ერთმა ბიჭმა,
შევარდენის ნათლიამ,
ისიც ცოტა მეშარება,
ტოლს არ ვუდებ შარვლიანს,
გვაშოშმინებს მხოლოდ ღამე,
თუმც ბნელი და შავია.






შვილი - დედისთვის სულთქმა

შვილი - დედისთვის სულთქმა,
გალობის სძლისაპირი, -
ყველაფრისმთქმელი ღმერთთან,
კარგად უმყოფოს შვილი.



მე ვარ ქართველი!

მე გადავსინჯე მთელი ეპოქა,
რომ რამდენიმე სიტყვა მეპოვნა,
რასაც ვერ ვხედავთ ატოტილ ნერგში
მაგრამ ჩურჩულით ყურებში მესმის, -
რომ გადარჩება ჯიში და მოდგმა,
ჩვენი წინაპრის სულთქმა და მოთქმა,
ცხენთა ჭიხვინში, მინდვრის ალერდში,
რომ გაისმოდეს, "მე ვარ ქართველი!".
ხოსროვიანთა თუ დადიანთა,
მუხრანელთა და ბაგრატიონთა
გენებში იდო და ახლაც გვიხმობს,
წმინდა გიორგი მოიგებს დიდ ომს.
ცხოვრება თუმცა არავის ინდობს,
მავთულხლართებს და ცუნამებს გვიწყობს,
დედა თავისთან გაზრდილებს იხმობს,
შვილიც დალოცვას ჩურჩულით ითხოვს,
"დამლოცე, დედა!", რა არის თითქოს,
ზღვა თაველებს და ეპოქას იპყრობს,
გააძლიეროს და ადიდველოს
ღვთიშობლის წილი  სამშვენიერო.









Sunday, November 12, 2017

ჯანსუღ ჩარკვიანს!

მაინც ვფიქრობ, რომ უფრო დიდი ხარ,
მტლად ედებოდი ზეციდან კოშკებს,
წვიმს და მზე გვესვრის სხივებს ირიბად,
ისრით გმირავდი მტერსა და ოხერს...
და მაინც ვფიქრობ, უფრო დიდი ხარ,
სამშობლო გულით დაგქონდა ოდეს,
ზეცაში მსრბოლი შუქის ხიდი ხარ,
ნათელი სიტყვით დაამხობ ტოტემს.

შემოდგომაა ჩემი საფერი

შემოდგომაა ჩემი საფერი,
ოცნებასავით ნაზი და ჩუმი,
ვერ შევიყვარებ ფერებს გაცვეთილს,
ვერც ტალახის ფერს, ტბორის და წუმპის.
შემიხორცდება ყველა ჭრილობა,
როცა ფოთლები მტლად დამედება,
მომწყინდა ქვეყნის არარაობა,
შემოდგომის მსურს ახავერდება.




შეჭედილია ზეცაში ხურმა

საფერავის ფერს ვუჭვრეტ ჭიქაში,
შეჭედილია ზეცაში ხურმა,
ძროხამ აიკლო ეზო ბღავილით,
ბებო საჭმელში მსხალს და ვაშლს ურთავს.
მოგონებები დასხდა სინაზე,
საფერავის ფერს ვუჭვრეტ ჭიქაში,
ირგვლივ ფოთლები ჩაბმულან ვალსში,
სახიდან ნიღაბს ვიღაცა მაცლის,
ვრჩები დედასთან, სულ თოთო ბავშვი.


Saturday, November 11, 2017

გაგრასა და სოხუმში

აღარ მიყვარს მწუხრი, ბინდი,
აღრც ღამე ოხერი,
დღე მამშვიდებს წყნარი, მშვიდი,
ხიფათს რომ არ მოელი,
სიყვარულით დაიცალოს
მინდა, ღვინის ფიალა,
შიგ ტყდებოდეს ოქროს სხივი,
გვიშუშებდეს იარას.
იალქნიან ნავებს ვჭვრეტდე
გაგრასა და სოხუმში,
ერთიანი საღვთო ძალით
კვლავ გვეცეკვოს ხორუმი.
დაცურავდეს გემი სავსე
სიხარულით, ნუგეშით,
ზღვის ნაპირზე გაგვემართოს
მეგობრობის ფერხული.
ატრიალებს ქარი ცაში
წერილებს და მიმართვებს,
გვარწმუნებენ, - მეგობრებო,
ძალზე დააგვიანეთ,
- მაგრამ არ მწამს მე ასეთი
უგერგილო მიმართვის
არც იმათი, ვინც ჩვენ შორის
დგას, ვით უტყვი ხიფათი.
მჯერა, მალე დავინახავთ
ღრუბლის თეთრონ იალქნებს
და მივხვდებით,
რომ კვლავ გვიყვარს, -
როდი დავიგვიანეთ.












Friday, November 10, 2017

სასაფლაოზე გახელილი თვალით ეძინა

სასაფლაოზე გახელილი თვალით ეძინა,
არა მიწაში, იწვა მხოლოდ საფლავებს შორის,
უცდიდა ვაჟებს, დაღუპულებს, სადღაც შორიდან
მოსულებს უნდა უმასპინძლოს, ჯამი დგას ორი.

დარი იდგა

დარი იდგა, დარიანულს უმღეროდა ვაჟი ასულს,
ამას ჯაჭვი ამძიმებდა, უნდომ ბედი ვიღას ანდოს?
ახლა ისევ მონატვროდა უდაბნოში ხეტიალი,
პირამიდის გვერდზე წოლა, ვნების ცეცხლი, ვნების ალი, 
ბედაურით ლაღი ქროლვა და სახეში მტვერი ქარის,
მარჯნის ჯაჭვის ტარებისგან დაღლილიყო ნაზი ქალი.

Thursday, November 9, 2017

მინდა, მთები ხარხარებდეს! (ეძღვნება ბატონ თემურ ცერცვაძეს)

წუთიერი აღტაცება, წუთიერი დუმილი...
მირჩევნია წამიყვანოს ზეცამ ჭექა-ქუხილით,
ზარების ხმა აყრუებდეს კლდეებსა და კბოდეებს,
ზანზარებდეს დედამიწა, მეხი სცემდეს ხეობებს.
წუთიერი აღტაცება მოკვდავების ხვედრია
და წუთიერ დუმილს ვუძღვნით, ვინც პატივით მეტია,
სხვისთვის იყოს წუთიერი...  აღტაცებაც, დუმილიც,
მინდა, მთები ხარხარებდეს, ვულკანს ვგავდე დუღილით.
კოსმიური ნათებები წინ მიძღოდეს ღმერთებთან,
არ ჩაქრეს და არ ჩანაცრდეს ჩემი სულისკვეთება,
არ დამინდოს შავმა ბედმა, არწივს ვგავდე, მყვირალი,
გავხდე სხვათა გაჭირვების, დარდის თანაზიარი,
მხოლოდ მერე გამიხსენონ წუთიერი დუმილით,
ჩაცხრეს სადღაც ხევ-ხუვებში ქარის ტირილ-ღმუილი.




რასაც იქმს, იმკობს!

და იყო ღმერთი და არც რომ იყო,
სიტყვა იყო და საქმენი ღვთისო,
მაგრამ კაცის ძეს ეჭვები ღრღნისო,
იყო ღმერთი თუ არც რომ იყო?!
ამიტომ თავნება ავობს და ბრიყვობს,
შვილებსაც უსწოროდ თავხედებს ზრდისო,
ადგილს არ იმზადებს საკმევლით იქო,
ქვეყანას ატყავებს, სულს ართმევს იქმყოფს
და თავის ედემში ლაღობს და ფიქრობს,
თუ ღმერთი არსებობს, დამსაჯოს თვითონ.
ურმით მოეწევა მცირეს და დიდრონს
ადრე თუ გვიან, რასაც იქმს, იმკობს!


ხანდახან გინდა

ხანდახან გინდა,
რომ წახვიდე,
არ იცი, საით,
დაჭრილი ფრთებით,
ვეღარ იფრენ,
უნდა იარო...
ტკივილებს
ვეღარ დაგიამებს
კაცის ძე. შენში
ღმერთია მხოლოდ
და ვარსკვლავი
ცაში კიაფობს.


სულის მოთქმა არ მაცალა

სულის მოთქმა არ მაცალა
თხამ, შავმა, წვერებცანცარამ,
კლდე-ღრე რომ შემომატარა,
უფსკრულის სიღრმეც მანახა,
ის იყო ველზე გავიხმე,
ყურდაცქვეტილი სადილზე,
- არ მომწონს მე ეს ადგილი,
- ხმით გადავიდა ქადილზე,
მოვხსენი თოკი, რა მექნა,
გამზრდელმა რა თქვას გაზრდილზე,
გულდაწყვეტილმა დავტოვე,
ღმერთმა მას მისცეს ათი მზე.

Wednesday, November 8, 2017

შვილი (სხარტი გამონათქვამების სერიიდან)

სასხლავის ჭერას
ურჩევნია ღვინო და ბანქო,
თამაშ-თამაშით
ხეც გაყიდა,
მამამ რომ დარგო.

მე ასე მგონია

მე ასე მგონია
და ასე იქნება,
სიკეთე არის და
სიკეთე იქნება,
მხოლოდ-ღა ფორმატი
ცოტათი იცვლება.

შემოდგომის მოტრფიალე

აშრიალებს ქარი ჭადარს
(ყველა ლექსში ესეა),
ჩიტების ხმა აღარ გვესმის,
ტყე - სიჩუმის მეფეა,
გადაუვლის მხოლოდ ზოგჯერ
ყვავი ხეებს ყრანტალით,
რათა ამცნოს სოფლის შვილებს
ქვეყნის ტყუილ-მართალი.
მოფრიალებს წერილები,
ყვითელ-წითელ კონვერტში,
დაუკარგავთ ადრესატი,
მიწა იღებს ბოდიშით,
სამდურავს თუ კეთილ სიტყვას
ერთად იწყობს უბეში,
იქვე თესლად გაღვივდება
დარდიცა და ნუგეშიც,
ამოჰყვება ვარდის ბუჩქი
ეკლიანი ყვავილით,
მანამდე კი შავ მიწაში
გაისამდე დაიცდის.
მოუშუშებს მალე თოვლი
პირგადახსნილ იარებს,
ნიაღვრისგან დაღდასმული
შემოიცვამს ტიარებს.
აშრიალებს ქარი ჭადარს
(ყველა ლექსში ესეა),
შემოდგომის მოტრფიალე,
მეც ვიღვრები ლექსებად.




Tuesday, November 7, 2017

მეფისტოფელი

მეფისტოფელი, მე ვარ სატანა
და შუბს გიღერებ გულთან ხარხარით,
ძმასთან და დასთან თუ არ დაზავდი,
შენთან დავიჭერ ურცხვად თადარიგს.
მეფისტოფელი, მე ვარ სატანა,
შენთან მაქვს საქმე, სალახანასთან,
ვინც გულგრილობით ზღვაც კი დაკეცე,
სხვის ტკივილს უმზერ, არას აკეთებ!
მეფისტოფელი, მე ვარ სატანა,
მეც კი არ მიყვარს სუსტის დაჩაგვრა,
დაე, შენ თვითონ შემოსცხე მუშტი,
ხელების ფშვნეტით  ამ წამებს ვუცდი.







ო, დედოფალო!

ო, დედოფალო, გითესია ქვეყნად სიკეთე,
სიცოცხლის ნერგი უდრტვინველად ატარე მუცლით,
მოგაპყრობ მზერას, ვერ მამჩნევდე ვერასდროს თუგინდ,
შენი სახეა ჩემი ღვინო, ზეთი და პური.
თვალების შუქი გამიფანტავს ტანჯვას და წუხილს,
რომელიც მავსებს სასოებით ცოდვილს და უღირსს,
ბრმას მომეც ხედვა, არწივივით, მახვილი,  ბასრი,
ვიცნო ეშმას ძე, სანამ შვილებს კეთილზე აცრის.


Monday, November 6, 2017

ლურჯი ბუშტი (ზღაპარი)

   ცაში პატარა  ლურჯი ბუშტი მიფრინავდა, სწორედ ის, სოფო-გოგომ რომ გაუშვა ბებიასთან, მასთან მივა და გაეხარდებაო. წითელი და ყვითელი თავისთვის დაიტოვა, დედასთვის უნდა მიეტანა (დედასაც ძალიან უყვარს ბუშტები, ერთად ითამაშებდნენ). ყველა ბუშტი მამამ უყიდა ერთ მაღაზიაში, რომელსაც "სურვილების კიდობანი" ჰქვია. იქ მოხუცი კაცია გამყიდველი, რომელიც სოფოს ძალიან, ძალიან მოსწონს, რადგან ყოველთვის იღიმება და კამფეტებს ჩუქნის, თანაც ჩვეულებრივს კი არა,  თეთრს წითელი ზოლებით,  ბებია რომ ჩუქნიდა, სწორედ ისეთებს. სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულ მამას დაემშვიდობა და სახლისაკენ მოჰკურცხლა. შორი მანძილი არ ჰქონდა გასავლელი, უყვარდა ამ გზაზე მარტო სიარული, გზისპირას მდგომ ალვებს ესაუბრებოდა, რა მაღლები ხართო, ძალიან მოსწონდა ისინი, მაგრამ ახლა გზაზე ჩრდილი შენიშნა, ვიღაცის ჩრდილი, უზარმაზარი, მის პატრონს კი ვერ ხედავდა, ჩრდილი ძალიან გრძელი იყო, დასასრული არ ჰქონდა, გოგონა ცდილობდა გზა განეგრძო, მაგრამ ის ავისმომასწავებლად გაწოლილიყო მის წინ, თითქოს ემუქრებოდა. შეშინებულმა გოგონამ უკან მიიიხედა, ავდარი მოჰყვებოდა, ღრუბლების ჩრდილიაო, გაიფიქრა და ფეხს აუჩქარა. - ჩქარა წადი სახლში! - ეძახოდნენ ხის ტოტებზე ჩამომსხდარი ჩიტუნები, - ჩქარა წადიო! - ეძახოდნენ ბაჭიები და ციყვები, თვითონაც რომ თავშესაფარს ეძებდნენ. გაიქცა გოგონაც, მაგრამ დაეწია ქარბორბალა, დაატრიალა თავის ბუშტებიანად და შორს, შორს წაიყვანა. როცა გონს მოვიდა, ცა დაინახა, ლურჯი ცა, მიწაზე იწვა, მიიხედ-მოიხედა, სულ მარტო იყო, მომჩვარული, გახეთქილი ბუშტებიც მის ხელთან ეყარა. გული დასწყდა, დედას ვეღარ გავახარებო, მაგრამ მალე ახალი სადარდებელი გაუჩნდა, სახლში როგორ დაბრუნებულიყო, არ იცოდა. ქარიშხალს გადაევლო, მზე ათასფერად ანათებდა ნაწვიმარ ველს. სველი  და ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეხამუშა, დედას ეწყინება, ასე რომ დამინახავსო. გონს მოგება ვერ მოასწრო, რომ ლურჯი ბუშტი დაინახა, ბებიასთან რომ გაგზავნა ზეცაში. გამოეკიდა, იქნებ დავიჭიროო, ბუშტი ხან ქვევით ეშვებოდა, - აი, ახლა მოვეჭიდებიო, -  ფიქრობდა სოფო, ის იყო ხელი უნდა ეტაცა, რომ ბუშტი ისევ ზევით მიიწევდა. მისდევდა სოფო-გოგო ბუშტს, მისდევდა, ოფლში გაიწურა, მოულოდნელად თავისი სახლის წინ აღმოჩნდა. გახარებულს ბუშტი სულ გადაავიწყდა. კარებზე დააკაკუნა, დედა გამოეგება, გეძებდი, სად დაიკარგეო, გულში ჩაიხუტა გოგონა. დედის ხელებში მოქცეულმა ცალი თვალი  ბუშტისკენ გააპარა, ის უკვე ზევით ასულიყო. მოეჩვენა, რომ თვალი ჩაუკრა და დაემშვიდობა. მალე თვალსაც მიეფარა, - ალბათ ბებიასთან ეჩქარება, - გაიფიქრა გოგონამ.

Saturday, November 4, 2017

არც სიყვარულის არ ვარ ზიარი

არც სიყვარულის არ ვარ ზიარი,
არც თოვა მიყვარს ისე, ვით უწინ,
მზე შემოდგომის თავზე დამცქერის,
ბედნიერ წუთებს ფოთლებში ვუცვლი,

Friday, November 3, 2017

პაპა (ზღაპარი)

                                              პაპა (ზღაპარი)

    პაპას ხუთი შვილიშვილი ჰყავდა, უყვარდა პატარები, მათი გულისთვის მთებსაც კი შესძრავდა. შვილიშვილებსაც უყვარდათ პაპა, განსაკუთრებით, პატარა დიტოს. ყველგან თან დაჰყვებოდა მოხუცს, იქნებ რამეში დავჭირდეო. გვიანი შემოდგომა იდგა. გაჭირვეულდა კაცი, ტყეში უნდა წავიდე, შეშა ჩამოვიტანო, რაც მოვიმარაგეთ, არ გვეყოფაო. თანაც უნდოდა, ზამთარში, ბუხრის პირას ჩამომჯდარს, როცა სოფლად სამუშაოები ნაკლებადაა, შვილიშვილებისთვის ხისგან ჭადრაკის ფიგურები გამოეთალა. ამ საქმისთვის მასალის ჩამოტანაც გადაეწყვიტა. პატარა დიტომაც ისურვა, პაპას თან გაჰყოლოდა. 
     დილაადრიან დაადგნენ გზას. მაღლა-მაღლა მიიწევდა ურემი. დიტოს გასაკუთრებით უხაროდა ის, რომ პაპას მისთვის ჭადრაკის ფიგურები უნდა გამოეთალა, თორემ ეს ძველისძველი თამაში მისთვის უკვე  ესწავლებინა  წინაპრების ნაქონი ჭადრაკით, რომელიც უკვე გაშავებული და მწყობრიდან გამოსული იყო. გზადაგზა ბიჭი მოსვენებას არ აძლევდა კაცს, 
    -  რომელი ხისგან ითლება ფიგურები? -  ისიც პასუხობდა:
    - ნებისმიერი ფოთლოვანი ხის გამოყენება შეგვიძლიაო ამ საქმისთვის: ვერხვის, თხილის, არყის, მაგრამ ყველაზე გამძლე მაინც მუხისა და რცხილის გამოვა. 
    მზე კარგა ამოსული იყო, ტყეში რომ შევიდნენ. პაპამ შეშის მოჭრა დაიწყო, ბიჭმა  მივეშველებიო, ფიჩხის შეგროვება გადაწყვიტა. ბილიკი შენიშნა, იმას გავყვები, უსაფრთხო იქნებაო. გზადაგზა ჩამობნელდა, ბიჭი ისე გაერთო მუშაობაში, ვერ შენიშნა, უღრან ტყეში როგორ აღმოჩნდა, მიიხედ-მოიხედა, ვეღარაფერი გაარჩია, შიშისაგან თვალები დაუბნელდა, აღარ იცოდა საით წასულიყო. იქვე კუნძზე ჩამოჯდა. უცებ მის წინ ბიჭუნა აღიმართა.
   - ვინა ხარო, - ჰკითხა, - აქ საიდან გაჩნდი? - დიტოს გაეხარდა ადამიანის დანახვა, ალბათ, აქვე ცხოვრობსო, გაიფიქრა და გახარებულმა სახეზე შეხედა. უცხოს თვალების ელვარებამ ცოტა გააკვირვა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, 
  - დიტო მქვია, - უპასუხა, - პაპასთან ერთად ამოვედი, შეშას ვჭრით, 
   - მერე აქ როგორ მოხვდი? - კვლავ ჰკითხა ბიჭმა, - არ იცი, რომ ეს ტყის მეფის სამფლობელოა?! 
   -  არ ვიცოდი, - უპასუხა დიტომ და გაკვირვებულმა თავი გადააქნია,  - ასეთი რამ არც გამიგია!
   - ჭადრაკის თამაში თუ იცი? - დაეკითხა ბრჭყვიალათვალება, 
   - ვიცი!, - უპასუხა ბიჭმა, თუმცა შეკითხვა მოულოდნელი იყო მისთვის ამ დაბურულ ტყეში. 
   - აბა ამას შეხედე, - უთხრა ბრჭყვიალათვალებამ. შარვლის ჯიბიდან სარკე ამოიღო და  თვალებთან მიუტანა. დიტომ სარკეში ჩაიხედა და გაქვავდა.
       ელოდა პაპა შვილიშვილს, ელოდა, რომ არ გამოჩნდა, იქით გასწია,  საითაც ბიჭი წავიდა. ბილიკი შეამჩნია. იმ ბილიკს გაჰყვა, იარა, იარა და ისიც უღრან ტყეს მიადგა. ჩამობნელდა, კაცმა სინათლე დაინახა, იქით წავიდა, გზადაგზა შვილიშვილის სახელს იძახდა, არავინ ეპასუხებოდა. მიადგა ქოხს,  ფანჯარაში შეიხედა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და რას ხედავს: ქურქში გამოწყობილი კაცი მაგიდას მისჯდომია და სადილობს, პატარა ბრჭყვიალათვალებიანი ბიჭუნა იქვე ხის კოლოფზე ჭადრაკის ფიგურებით: ეტლით, ლაზიერით, მხედრით, პაიკებითა და მეფით თამაშობს. ამათაც ყვარებიათ ჭადრაკი, დავუძახებ, ვკითხავ, ჩემი დიტო ხომ არ უნახავთო. კარებზე დააკაკუნა, კარები უკბილო დედაბერმა გაუღო, რა ჯოჯოს ჰგავსო, გაიფიქრა კაცმა, 
     - პატარა ბიჭი ხომ არ გინახავს? - ჰკითხა, 
     - არა, - უპასუხა უკბილო დედაბერმა და ისე გაიცინა, მოხუცს ტანში გააჟრიალა.- მოდი, ჩემს ბატონს და იმის ვაჟს  დაეკითხე, იქნებ იმათმა იცოდნენ რამე. 
      შევიდა პაპა სახლში, თან ფიქრობს,  ბატონყმობა დიდი ხანია გადავარდა და ნეტავ, რა ბატონზე მელაპარაკება ეს ქალიო. სტუმარისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. კაცმა თვითონ დაიწყო საუბარი, ჯერ მიესალმა მასპინძლებს, მერე შვილიშვილის  ამბავი იკითხა. 
    - შენ იმ ბიჭის პაპა არა ხარ, ჭადრაკის თამაში რომ იცის? - ჰკითხა ბრჭყვიალათვალება ბიჭმა. 
      - კი, - უპასუხა კაცმა, თან გაეხარდა, სცოდნია ჩემი დიტოს ამბავიო. 
     - აბა აქ ჩაიხედე, - უთხრა პატარამ და ჯიბიდან ამოღებული სარკე მიუტანა თვალებთან. უკანასკნელს ის იყო სარკეში უნდა ჩაეხედა, რომ ყურებში ჩაესმა ხმა, 
    - არ ჩაიხედო!  -  შეწუხდა მოხუცი, სარკე ხელით გაწია და ოთახი მოათვალიერა, ნეტავ, ეს ხმა საიდან მოდისო. უცებ კუთხეში შვილიშვილი დაინახა, გაქვავებული, მხოლოდ თვალებიდან გამომავალი სხივი იძლეოდა იმედს, რომ ცოცხალი იყო.  
     - რა გიქნიათ, ჩემი ბიჭისთვის, თქვე უღმერთოებოო! - დაიძახა პაპამ და შვილიშვილისკენ გაიწია. უცებ შემოცვივდნენ მელიის ქურქებში გამოწყობილი პატარა კაცუნები და მოხუცებული შეკრეს. 
    - ეხ, თქვე ჭინკებო, დამაცადეთ ერთი, რა გიქნათ, - გაიძახოდა კაცი, მაგრამ ვერც ხელებს ანძრევდა და ვერც ფეხებს. ასე შეკრული კიდევ დიდხანს იწვა ოთახის კუთხეში, სანამ მასპინძელი სადილობას არ მორჩა. შემდეგ მან ჭინკებს უბრძანა, სტუმარი მის წინ დაესვათ, აათვალიერ-ჩამოათვალიერა მოხუცებული და ჰკითხა: \
   - ჭადრაკის თამაში თუ იცი? 
    - კი, - ამაყად უთხრა პაპამ.  ტყის კაცმა საუბარი განაგრძო:  
     - თუ აქ დარჩება შენი ბიჭი, ჩემს ბიჭთან იმეგობრებს, ჭადრაკს ითამაშებენ, კარგად გაერთობიან, მაგრამ რადგან ასე გინდა შვილიშვილის წაყვანა, ჭადრაკი მეთამაშე და თუ მომიგებ, ბიჭს დაგიბრუნებო. - გაუკვირდა პაპას,  ნეტავ, ტყის მეფეს ჭადრაკი ვინ ასწავლაო, ტყის მეფე რომ იყო, ამას კი მიხვდა, თავისი პაპის მონაყოლიდან ახსოვდა: ერთხელ უღრან ტყეში მოვხვდი და იქ ტყის მეფე გავიცანიო.  მერე ისიც გაახსენდა,  ჭადრაკის თამაში ვასწავლე და მიტომ გამომიშვაო.  ასე იმართლებდა თავს ერთი თვით დაკარგული. ულვაშებში ჩაეცინა, ახლა ეს მე როგორ მაჯობებს, პაპაჩემმა კი ასწავლა ჭადრაკის თამაში, მაგრამ მეც ხომ იმან მასწავლაო.  
     გაიმართა მატჩი, ხან პაპამ მოიგო თამაში, ხან - ტყის მეფემ. თანაბრად იბრძოდნენ. მაინც ტყის მეფეა, ნიჭიერი ყოფილაო, ფიქრობდა პაპა. ერთი პარტია დარჩენოდათ, ვინც მოიგებდა, ის რჩებოდა გამარჯვებული. 
   -  მხედრით ითამაშე!  - ისევ ჩაესმა ყურებში უჩინარის ხმა, 
    - ახლა ლაზიერით, -  ხმა ყველა სვლას კარნახობდა და აი, სანუკვარი შამათიც. 
      - ამ სვლებით, ხომ ის კაცი თამაშობდა, მე რომ ჭადრაკი მასწავლა, - წამოიძახა ტყის მეფემ. 
    - მე იმის შვილიშვილი ვარ, - უთხრა კაცმა. გაიხარა მასპინძელმა. შვილს უბრძანა, პატარა დიტო გაეთავისუფლებინა. მალე ბიჭი პაპას ჩაეხუტა.
      ასე გაიცნეს დიტომ და პაპამ ტყის მეფე და მისი შვილი. მასპინძლებმა ტყის ბოლომდე მიაცილეს სტუმრები. პაპა-შვილიშვილმა ეს ამბავი საიდუმლოდ შეინახეს. ასე გადაარჩინა ჭადრაკის თამაშის ცოდნამ ისინი გასაჭირს.

       
               უცხო სიტყვები:

ჯოჯო, ჭინკა, ტყის მეფე - ზღაპრული პერსონაჟები, ტყის ბინადარნი
ჭადრაკი - ძველისძველი, ახლაც პოპულარული გონებრივ-ინტელექტუალური თამაში
მეფე, ლაზიერი, ეტლი, მხედარი, პაიკი - ჭადრაკის სათამაშო ფიგურები
პარტია - ერთი ხელი ჭადრაკის თამაში
შამათი - მეფეს აღარ აქვს თავდაცვის საშუალება, წაგება

მომღერალი ბიჭუნა (ზღაპარი)

                                        მომღერალი ბიჭუნა (ზღაპარი, ეძღვნება ჰამლეტ გონაშვილის ხსოვნას)

   ერთ სოფელში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, მამა არა ჰყავდა, დედას მუდამ მხარში ედგა,  ხან სამწყემსურში მიდიოდა, ხან ქალაქში გაჰყვებოდა ოჯახისთვის საჭირო ნივთებისა თუ სხვა რამის შესაძენად. ერთხელ ბაზარში მოხუცებულმა კაცმა სალამური აჩუქა, რახან ასეთი კარგი ბიჭი ხარ, დედას ეხმარები, შენ გქონდეს, ცხოვრებაში გამოგადგებაო.მას მერე სალამურის დაკვრა შეუყვარდა. მის ხმას სხვადასხვა ფრინველების ჭიკჭიკს ამსგავსებდა, დაიმღერებდა შაშვი, ისიც სალამურის სტვენას ააყოლებდა. დაიმღერებდა ტოროლა, -  იმასაც. სად არ ნახავდით ბიჭუნას სალამურით ხელში, მთებსა თუ ველებში, სოფლის ახლოებში. მისი სახლის გვერდზე კაცი ცხოვრობდა, შესანიშნავად მღეროდა, თავის ხმით ატკბობდა მთელ სოფელს. ბიჭუნა სალამურის ხმას შეუწყობდა ხოლმე მის სიმღერას, ადამიანის ენა ხომ მისთვის ყველაზე ნაცნობი იყო.
        ერთ საღამოს პატარა მუსიკოსი ბაღში მოხვდა, დაინახა ვარდის ბუჩქზე ჩამომჯდარი პატარა ყვითელი ჩიტუნა, თავი გვერზე დაეხარა და ისე სულისშემძვრელად მღეროდა, ბიჭს თვალებიდან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლი. გადაწყვიტა თავისი გულისტკივილიც გაეზიარებინა ჩიტუნასათვის და სალამურის ნაცვლად თავისი სიმღერა ააყოლა მის ხმას. ჩიტუნამ თითქოს გაიგო ბიჭის სულის ამოძახილი, ხან ბიჭუნა მღეროდა, ჩიტი პასუხობდა, ხან - პირიქით. მას მერე ხშირად ნახავდით ვარდების ბაღში მომღერალ ბიჭს. მარტო ბულბულის კი არა, სხვა ჩიტების ენაც გაიგო ბიჭმა, ყველა ფრინველს ესაუბრებოდა. მათი გაჭირვება ესმოდა. ასე ისწავლა ბიჭუნამ ფრინველების ენა. ის კი არა და, ყვავებსაც კი ელაპარაკებოდა. რამდენჯერ დაუტოვებინებია ყვავისა და ქორისთვის წიწილა და ქათამი! არწივებიც პატივს სცემდნენ, -  სადაც ბიჭი ცხოვრობდა, იმ სოფლის საძოვრიდან ცხვარსა არ გაიტაცებდნენ.
     გაიზარდა ბიჭუნა.  ცნობილი მომღერალი გახდა. ვისაც ერთხელ მაინც მოესმინა მისი გულშიჩამწვდომი ხმა, არასოდეს დაავიწყდებოდა. მისი ხმის ტემბრიც კი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა გარშემომყოფებზე. უცხო ქვეყანაში  გადაწყვიტა გამგზავრება. გემით უნდა გადაელახა უკიდეგანო სივრცე. ერთხელ ღამით კაიუტიდან გამოვიდა, თითქოს ვიღაცის ძახილი შემოესმა, გემბანზე დადგა, დაიყვირა უცნაური ხმით, ეს სიმღერას ნამდვილად არ ჰგავდა. მოულოდნელად თოლიების გუნდი შემოეხვია კაცს. გამყინავი ხმით ესაუბრებოდნენ, ფრთების ფართქალით აყრუებდნენ იქაურობას. კაცმა გემის კაპიტანი მოიხმო, უთხრა, ქარიშხალი გვიახლოვდება, გემმა გეზი უნდა შეცვალოს, თორემ ჩაიძირებაო. მგზავრები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, საიდან იცი ეს ამბავიო. თოლიებმა მითხრესო, პასუხობდა კაცი. მართლაც,  მეორე დღეს ქარიშხალმა გვერდზე ჩაუარა გემს, ყველა მადლობას ეუბნებოდა. - მოდით, გადამრჩენელ ჩიტებს გავუმასპინძლდეთ, -  შესთავაზა კაცმა მგზავრებს. მეზღვაურებმა ბადით თევზები დაიჭირეს და გემბანზე დაყარეს. კაცმა წაიმღერა. სად იყო და სად არა, თოლიების მთელი გუნდი გაჩნდა. თეთრი ფრინველებით გაივსო იქაურობა. მას  მერე კაცს ხშირად უწევდა მოგზაურობდა გემით, გემბანზე გამოსულს ხშირად სტუმრობდნენ თოლიები, მისი ხელიდან მიირთმევდნენ პურს. მეზღვაურებმა მას კაცი-თოლია შეარქვეს.

Thursday, November 2, 2017

შემოდგომას გაუმარჯოს ღვინოსავით ფერიანს!

არ მჩვევია წუწუნი და
არც ტირილი მჩვევია,
გავატანე ამ ცხოვრებას
წლები, -  ჩემთვის ბევრია,
არც გაზაფხულს ველოდები,
ნამიანს და ცვარიანს,
არც ზაფხული აღარ  მიყვარს,
თავს მაბეზრებს ძალიან.
შემოდგომა შემიყვარდა,
ოქროცურვილ ფერებით,
ზომიერი ჰავითა და
ღვაწლმოსილი ტყეებით,
თუმცა ყურებს ვეღარ მიტკბობს 
მოლაღურის ჟღურტული 
და ყვავების უფრო მესმის
ყრანტალი და ყურტული,
მაინც უფრო ჩემია და
ჩამისახლდა წლებია,
შემოდგომას გაუმარჯოს,
ღვინოსავით ფერიანს.





Wednesday, November 1, 2017

შემოდგომა შემოვიდა

შემოდგომა შემოვიდა,
შარიშურობს ქარი და
აღარ გამოიდარა და
აღარ გაიამინდა,
მზემ თვალები მოწურა და
წამოწოლა ინება,
ნუღარ გამომაღვიძებთო,
დიდ შავ ღრუბლებს მინებდა.
გოგო მოდის -  დედოფალი,
წითელ-ყვითელ შლეიფით,
ხალიჩა აქვს დაგებული,
ვაჟი ხვდება ზეიმით,
და ერთმანეთს სიყვარულის
მისცეს იმათ პირობა,
აღარავის სტკიოდა და 
აღარავის სციოდა.
შემოდგომა შემოვიდა,
შარიშურობს ქარი და
უცებ გამოიდარა და
უცებ გაიამინდა,