გეხსომებათ, ალბათ, ჩვენს ახალგაზრდობაში ქორწინება გარიგებით ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი, განსაკუთრებით, სოფლებში. ჩემი ერთი ბიძაშვილი, ყველაზე უფროსი, ასე გავათხოვეთ, მოვიდა ბიჭი გადანახულებაზე, მოეწონა ჩემი შავთვალება და ყორნისფერთმიანი ბიძაშვილი, ჩვენსასაც მოეწონა გამხდარი, მაღალი, როგორც თვითონ თქვა, წანწკლო ბიჭი, შექმნეს ოჯახი და რა ოჯახი, დღესაც მათ შეჰნატრის ყველა. მეორე ბიძაშვილიც გათხოვდა, ოღონდ სიყვარულით, იმერელი ქალი მთიულს გაყვა ცოლად, ცოტა კი გაუჭირდა სხვა ყოფას შეჩვევა, ცხვარი, მატყლი, კამეჩი, მაგრამ ფხა გამოიღო და შეეჩვია იქაურობას. თვითონ დათხოვდნენ და გადაწყვიტეს მეც გამათხოვონ, ეძებეს ბიჭები ხან იმერეთში და ხან მთიულეთში, ბოლოს პატარა ბიძაშვილმა ერთი ვაჟი, შეარჩია, მული თბილისში იყო გათხოვილი, ვერაზე, მისი ქმრის მეგობარი. ბიჭი, აღარც ითქმოდა უკვე, უფრო ახალგაზრდა კაცი, 32-33 წლისა იქნებოდა, მაღალი თანამდებობის პირი იყო, მანქანა ემსახურებოდა, თავისიც ჰყავდა, რუსთაველზე ცხოვრობდა, წარმოშობით იმერელი იყო, რომელიღაც ქალაქში სამსართულიანი სახლიც ჰქონდა გაწყობილი. მოკლედ შორიდან დაანახეს ჩემი თავი და გადაირია თურმე. ოღონდ ცოლად გამომყვეს და ათივე თითზე ბრილიანტის ბეჭედს გავუკეთებო, ეს რომ ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, სიცილით მოვკვდი, წარმოვიდგინე ჩემი თავი ტახტრევანზე დამჯდარი და ყველა თითზე ბეჭედწამოცმული. არასოდეს მიყვარდა ფული, ოქრო, ბრილიანტი, არ ვიცი, რატომ. ვიღაცა ჩაიქირქილებს, იმიტომაც ხარ ღარიბიო. არ ვთანხმდებოდა შეხვედრაზე, რომელ საუკუნეში ცხოვრობთ, რაღა დროს გარიგებაა-მეთქი, მაგრამ იმდენი მეხვეწა და მემუდარა ჩემი ბიძაშვილი, ბოლოს დავთანხმდი მისი ხათრით. შევხვდი, მოვიდა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, თეთრი პერანგით, ჰალსტუხი აკლდა მხოლოდ. მე ვარ ოცდაერთი წლისა, უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მაქვს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმიღეს სამუშაოდ, როგორც წითელდიპლომიანი, ბუზს არ ვისვამ თავზე. შევხედე და გული გამისკდა, ეს შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი რომ დავინახე, იმას, ალბათ, ამ ჩაცმულობით თავის მოწონება უნდოდა. დავურეკე ჩემს ბიძაშვილს და შავი დღე ვაყარე, ეს ბიძა კაცი სად იპოვე-მეთქი, ისევ მეხვეწა-მემუდარა, კიდევ ერთხელ შეხვდიო, ისევ ხათრი არ გავუტეხე, კარგი-მეთქი. ახალგაცნობილმა ბეთანიაში დამპატიჟა, შევხედე, ახლა სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი მომევლინა, ფეხზე თეთრი კედებით, კიდევ უფრო სასაცილოდ მომეჩვენა, ჩანდა, რომ ასეთ სამოსს მიჩვეული არ იყო და მოუხერხებლად გრძნობდა თავს. ეს იყო და ეს, ამის მერე აღარ შევხვედრივარ, ახლა ვფიქრობ, რა არის 32 წელი ადამიანისთვის, მაგრამ ახალგაზრდის გონებას რას ჩასწვდები და გაუგებ. ასე დამთავრდა ჩვენი გარიგება.
No comments:
Post a Comment