სიყვარული ზოგიერთ ადამიანს თავს აკარგვინებს ხოლმე და ხშირად ძვირფას ადამიანებსაც კი. მახსოვს, ახალგაზრდობაში რამდენიმე გოგო ვმეგობრობდით, დიდი სიყვარული გვქონდა, სტუდენტები ვიყავით, ერთმანეთს ვსტუმრობდით, თითქმის სულ ერთად ვიყავით და თუ რამე დაგვაშორებდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ერთ-ერთი ბინას ქირაობდა მთაწმინდაზე, კარგი ხალხი იყვნენ მეპატრონეები, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, პატარა ბავშვებით, კაცი გურული იყო, ქალი - მცხეთელი, ისინიც დაგვიმეგობრდნენ, ხშირად ვსტუმრობდით, ეზო-კარი ჩვენს განკარგულებაში იყო, შევკრებდით ფულს, ავაშიშხინებდით მწვადებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გოგოებმა არა ვიცოდით ამ საქმის, გვყავდა მეგობარი ბიჭები, მეგობარს დღევანდელი გაგებით არ ვგულისხმობ, მართლა მეგობრები ვიყავით, როგორც საკუთარ თავს, ისე ვენდობოდით მათ. შემოვიარეთ რაჭა, სვანეთი, ერთ-ერთ მათგანს მანქანა ჰყავდა. ერთხელაც მაღლა გორაკზე მოგვიხდა ეკლესიის სანახავად ასვლა. გოგოებისთვის ძნელი იყო იმ კლდეებში სიარული, ასვლით ავედი, მაგრამ ჩამოსვლა გამიჭირდა და ერთ-ერთი ბიჭებიდან მომეხმარა ჩამოსვლაში, ხელი გამომიწოდა და მეც სიამოვნებით მივიღე დახმარება. ჩვენი ექსკურსია დამთავრდა, მაგრამ ამის შემდეგ ერთ-ერთი მეგობარი გოგონა გამებუტა, დაიწყო ჩემზე ირონიული საუბარი, მეგობრების და არამარტო მეგობრების წრეში შეურაცხყოფების მოყენება, არ ვეპასუხებიდი, ძალიან მიყვარდა, თუმცა საშინლად მტკიოდა გული, თვალები ცრემლებით მევსებოდა ხოლმე. ყველა მისი გამოხდომის მერე. შევწყვიტე მასთან ურთიერთობა, მაგრამ ამ გაბრაზების და გაგულისების მიზეზს ვერაფრით ვხვდებიდი. სხვა გოგოებიც არაფერს მეუბნებოდნენ. ბოლოს თვეების მერე ერთი გამოტყდა, რომ ამ ქალბატონს ის ყმაწვილი ყვარებია, რომელიც კლდეებიდან ჩამოსვლაში მომეხმარა. რა იყო ჩემი დანაშაული, ვერ გავიგე, ალბათ, მისგან დახმარება რომ მივიღე, თორემ მე მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა მასთან, იმას თუ მოვწონდი, ან ვუყვარდი, ან იმ გოგონას თუ უყვარდა ეს ბიჭი, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. არცერთს არაფერი უთქვამს ჩემთვის. წლების მერე ბოდიში მომიხადა ჩემზე განრისხებულმა, მაგრამ ის ურთიერთობა, რაც ჩვენ შორის იყო, სამუდამოდ დაიკარგა, ის გულისტკივილიც რატომღაც დღემდე შემომრჩა, უდიდესი გულისტკივილი, თითქმის ღალატი მეგობრის, თუმცა ალბათ ის პირიქით ფიქრობდა.
No comments:
Post a Comment