უნივერსიტეტში სწავლის დროს ერთ ზაფხულს შრომით სემესტრში კახეთში წაგვიყვანეს ყურძნის საკრეფად. თან რქაწითელს ვკრეფდით, თან პირს ვიტკბარუნებდით. მას მერე შემიყვარდა ყურძნის ეს ჯიში, ყველას მირჩევნია, კიდევ თითა ყურძენი მიყვარს განსაკუთრებულად, მაგასაც მივაწვდინეთ იქ ხელი, ეგეც გვაკრეფინეს. რა თქმა უნდა, შრომით დიდად არ გვტვირთავდნენ კახელები, თავისუფალი დრო ბევრი გვქონდა, ვხალისობდით და ვლაღობდით. გვქონდა ერთი გადაძახილი, სიცილ-ხითხითი ვენახებში. გავიხედე ერთ დღეს და მომჩერებია ერთი ყმაწვილი ლურჯი თვალებით, მზერით მხვრიტავს პირდაპირ. მას მერე, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ისიც იქ იყო, მზერით ვგრძნობდი მის იქ ყოფნას, გავიხედავდი, მიყურებდა, ისევ გავიხედავდი, ისევ მიყურებდა. ცუდად არის ამ ბიჭის საქმე-მეთქი, გავიფიქრე. ბოლოს სხვებმაც შეამჩნიეს ეს ამბავი, მაგრამ როგორც დაქალებმა იციან, ერთი ქოთქოთი ატეხეს, ეგ უბედური როგორ გიბედავს შემოხედვას, სად შენ და სად ეგო, არა და ცუდი ბიჭი არ იყო: მაღალი, ტანადი, მშვიდი, წყნარი.. ჩემს ფაკულტეტზე არ სწავლობდა, ამიტომ არ ვიცნობდი. თვითონ ჩემთან მოსვლა და დალაპარაკება ვერ გაბედა. მოვიდა სექტემბერი. გაივსო უნივერსიტეტი გოგო-ბიჭებით. არის ერთი ჟრიამული და ხალისი. შესვენებაზე სასადილოში ჩავედით. დიდი სასადილო გვქონდა მაღლივ კორპუსში. ვსხედვართ გოგოები, გვაქვს გამართული ჭორაობა, ამბების მოყოლა, ვინ როგორ გაატარა ზაფხული. ამ დროს უცნობი ყმაწვილი მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას და გარეთ გამიხმო, გეძახიანო. გავბრაზდი საშინლად, გოგოებთან ლაპარაკი და ჭამა რომ შემაწყვეტინეს. გავედი გარეთ და რას ვხედავ, დგას ის ჩვენი ყმაწვილი ვენახებიდან და ხელში მიხაკების უზარმაზარი თაიგული უჭირავს. მეგობრები იქვე გვერდზე დგანან. უარესად გავბრაზდი, ეს თავხედი რას ბედავს-მეთქი. უარი თქვი ყვავილებზე და უკან შევბრუნდი. სასადილოდან რომ გამოვედი გოგოების თანხლებით, ისევ იქ მელოდებოდა. ყველანი ჩამოგვეცალნენ, მარტო დაგვტოვეს. მთხოვა, ოღონდ აიღე ახლა ეს ყვავილები, ცხოვრებაში აღარ მოვალ შენთანო. ყურადღებაც არ მივაქციე, კიბეებზე ამომყვა, მემუდარებოდა, მეხვეწებოდა, ნუ შემარცხვენო მთელი უნივერსიტეტის წინ, ამაყად განვაგრძობდი გზას, ბოლოს გამოვართვი ყვავილები და მის თვალწინ გადავყარე. მას მერე არასოდეს შემოუხედია ჩემთვის. როცა ეს ამბავი მახსენდება, ყოველთვის გული მტკივა, ალბათ რამდენი ფული დახარჯა სტუდენტმა ბიჭმა, რომ ის მიხაკები ეყიდა, ჩემს ტოლებს გეხსომებათ, საკმაოდ ძვირი იყო. იქნებ იმ გადაყრილი ყვავილების ბრალია ჩემი წარუმატებლობა ბევრ საქმეში?! ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს ის ახლა.
No comments:
Post a Comment