Friday, September 11, 2020

ახალგაზრდობის მოგონებებიდან

 ძალიან ხშირად, ადამიანები როცა მდიდრდებიან და კარგ პირობებში აღმოჩნდებიან, ძველ მეგობრებსაც ივიწყებენ და ძვირფას ადამიანებსაც. ახალს, მოგეხსენებათ, არაფერს ვამბობ. მყავდა ერთი თაყვანისმცემელი. წლების მანძილზე ცდილობდა ჩემი გულის მოგებას, გამორჩეული იყო ჭკუა-გონებით, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი გახლდათ. გულს ვერ უბრძანებ, ხომ იცით, თუმცა მასაც ჰქონდა შანსი ცოლად გავყოლოდი, მეტად რომ მოენდომებინა, ქალის გულის მონადირებას ხომ ოსტატობა სჭირდება. გავთხოვდი. ერთხელ შემხვდა და დიდი მორიდებით მითხრა,შენ არ გეგონოს, რომ დამავიწყდი, ყოველთვის მეყვარები, როცა დაგჭირდეს, მთხოვე, ყველაფერს გავაკეთებ შენი გულისთვისო, უკვე წარმატებული ადამიანი გახლდათ. გაიარა ოთხმოცდაათიანმა წლებმა საშინელ გაჭირვებაში, 2000 წელს მესამე შვილი შემეძინა. სამი შვილის გაზრდა იოლი არ იყო, მეუღლე მეცნიერი, უჭკვიანესი და უპატიოსნესი ადამიანი გახლავთ, ასეთებს კი ჩვენს ქვეყანაში ბედი არ სწყალობთ. მინდოდა ოჯახის რჩენაში დავხმარებოდი, დავურეკე ყოფილ თაყვანისმცემელს და პირობა შევახსენე, იქნებ სამუშაო მიშოვო-მეთქი, დიდი თანამდებობის პირი გახლდათ, რას ლაპარაკობ, სამი შვილის პატრონმა როგორ უნდა იმუშავოო, მომიცილა თავიდან. სამსახურში, სადაც უფროსი გახლდათ, მუშაობდა ჩემი მეუღლეც, ვიფიქრე, ჩემთვის თუ არ შეიძლება სამსახური და ჩემზე ასე ზრუნავს, ჩემს მეუღლეს მაინც დაეხმაროს, შემცირებები იგეგმებოდა და შეშინებული ვიყავი, ულუკმაპუროდ ვრჩებოდით. ხმა არ ამოუღია. მეორე დღეს სამსახურში შეუკრებია ყველა და გამოუცხადებია, ვიღაც-ვიღაცები აქ ცოლებს მიგზავნიანო, არადა ჩემმა მეუღლემ აბსოლუტურად არაფერი იცოდა. სახლში მოვიდა და მითხრა, უფროსმა ასე თქვა და ნეტავ ვისზე ამბობდაო. ცხელმა ჭავლმა დამიარა მთელ ტანში, გავშრი, მას მერე აღარასოდეს დამირეკავს იმ ადამიანისთვის.



No comments:

Post a Comment