მაია ბებიას ლოგინთან ფუსფუსებდა, ხან მის საწოლზე ჩამოჯდებოდა, ხან შუბლზე ხელს დაადებდა, ცხელი აქვს თუ არაო. პაპაც ადგილს ვერ პოულობდა, ოთახიდან ოთახში გადი-გამოდიოდა, ბოლოს მეუღლესთან შედიოდა და ეკითხებოდა: - როგორ ხარო, - ბებიაც, - ჩახლეჩილი ხმით, ოდნავ გასაგონად პასუხობდა: - არა მიშავსო, - მაგრამ ჩუმად კვნესას განაგრძობდა, პაპას რომ არ გაეგონა და უფრო მეტად არ ენერვიულა, კვნესას ხველაც ემატებოდა. დროდადრო ფანჯრიდან მაიას მეგობარი ჩხიკვი მახარა შემოიხედავდა, ისიც ნერვიულობდა ბებიას ავადმყოფობის გამო, ის კი არა და, თაგვი ნიგოზაც აღარ დარბოდა სხვენზე, კაკლების ჩხარაჩხურმა არ შეაწუხოს ავადმყოფიო, ძაღლი ბახულაც დუმდა, მისი ყეფაც აღარ აყრუებდა არემარეს. - ბებო, სულ გაგითავდა მამას ჩამოტანილი წამლები? - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა გოგონა ბებიას, - პასუხიც იგივე იყო, - გამითავდა, ბებია გენაცვალოს, ნუ ღელავ, მალე მოვრჩები, ჩვენებიც რამდენიმე დღეში ჩამოვლენ ქალაქიდან, წამლებს ჩამოიტანენ, ასე ნუ განიცდი ამ ამბავს, გზებია ჩაკეტილი, თოვლმა ჩახერგა, თორემ ექიმიც ჩამოვიდოდა და უკვე ფეხზე ვიდგებოდი, - ამბობდა ბებია და შვილიშვილს ხელს მის საწოლთან დახრილ თავზე უსვამდა, რომ დაემშვიდებინა. უცებ ფანჯრის მინაზე ნელი კაკუნი გაისმა, ჩხიკვი მახარა გოგო მაიას გარეთ იხმობდა. ამოიცვა ჩექმები გოგონამ, ქურქიც გადაიცვა, ქუდიც დაიხურა და გარეთ გავიდა. მახარამ ერთი ხის ტოტიდან მეორეზე გადაინაცვლა და დაიწყო: - მახსოვს, ერთხელ გაზაფხულზე ბულბული გაგვიხდა ავად, სამი დღე აღარ მღეროდა, კოდალა ექიმთან ძლივს მივიყვანეთ ჩიტებმა, ისე სუსტად გახლდათ, ძახველის ყვავილები გამოუწერა საჭმელად, ხომ გახსოვს ძახველის თეთრი ყვავილები? - ჩაეკითხა მაიას, - იმანაც, როგორ არ მახსოვსო, თავი დაუქნია, - ჰოდა, მაგ ძახველის ყვავილების ჭამამ მოარჩინა ბულბული და ბებიას როგორ ვერ უშველის, თუმცა, ახლა ყვავილები კი აღარ აქვს, წითელი ნაყოფი აბიაო. - ჩხიკვმა ახლა სხვა ტოტზე გადაინაცვლა, თავი ზევით აწია, იქვე ხეზე მჯდარ ყვავებს მტრულად გახედა და თქვა: - ეგენი ახლა სულ მაგ ნაყოფით იტკბარუნებენ პირს და ვერა ხედავ, რა ჯანმრთელად გამოიყურებიან და რამდენს ყრანტალებენო? იქნება, ჩვენს ბებიასაც რამე უშველოსო. - გოგონამ დიდი მადლობა მოუხადა მეგობარს და სასწრაფოდ შებრუნდა სახლში, პაპასთვის უნდოდა ეს ამბავი რაც შეიძლება სწრაფად ეამბო. პაპამ თავში იტაცა ხელი, - ეგ მე როგორ არ გამახსენდა, ძახველი გაციების წამალიაო, - და გოგონასთან ერთად ტყისკენ გაეშურა. ტყეში თოვლს დაეფარა ხეები, თოვლი ადგილ-ადგილ შეგუნგლულიყო მინდორზე, ხის ტოტებზე და ათასნაირ ცხოველს აგონებდა გოგონას. აგერ, პატარა თეთრი კურდღელი, ღელის პირას ჩაცუცქულა, თითქოს წყალს სვამს, აგერ თეთრი დათუნია ჰკიდია ხეზე, წინა თათებით დაბჯენია მიწას ზღარბუნია, უკანა თათები მაღლა აუშვერია, უნდა გაეცინოს მაიას, მაგრამ ამის დრო ახლა არა აქვს, მაინც ეღიმება, იცის მაიამ, რომ ეს ნამდვილი ცხოველები კი არა, თოვლის გუნდებია, ოღონდ სხვადასხვა ფორმის, ხელს თუ ახლებ, მაშინვე დაიფშვნებიან. აი, ძახველის ხეს მიადგნენ ის და პაპა, ძალიან მაღალი არ არის, მაიასაც შეუძლია ერთი-ორი ტოტი მოტეხოს, წითელი ნაყოფით დახუნძლული, ლამაზად რომ იჭყიტებიან თოვლის ქვემოდან, თუმცა კი ეცოდება, მაგრამ ბებიას შველა რომ სჭირდება?! - ძახველი ძალიან სასარგებლო მცენარეა, - ეუბნება პაპა მაიას, - მასში "ცე" ვიტამინია, რომელიც გაციებას ებრძვის, ადამიანის იმუნიტეტს ამაღლებს, თაფლსაც კი შეიცავს მისი ნაყოფი, ჩემო გოგონი, კიდევ სხვა მრავალ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად, კაროტინს, ამის მერე გეცოდინება, - ამბობს პაპა და სიამოვნებით კრეფს ძახვლის ნაყოფს, თან გემოსაც უსინჯავს და საუბარს განაგრძობს: - ეს რა კარგად გახსენებია შენს ეშმაკუნა ჩხიკვს ამის შესახებო, - იღიმება. - კაროტინი რა არისო, - ის იყო უნდა ეკითხა მაიას, რომ იქვე ჩხიკვმა მახარამ ატეხა ჩხავილი: - ჩქარა, ჩქარაო! - იქვე შორიახლოს ხეზე ჩამომჯდარიყო და პაპა-შვილიშვილს უყურებდა, ემანდ არ შეაგვიანდეთ სახლში მისვლაო. ტოტებდახუნძლული მოდიან მოხუცებული და გოგონა გზაზე, სახეები ძახვლის ნაყოფივით უბრწყინავთ. მზე გამოსულა ცის კაბადონზე, გარშემო ყველაფერი ბრდღვიალებს, თვალისმომჭრელად ბზინავს თოვლი, ძახველის ტოტების ჩრდილიც კი ვარდისფრად კიაფობს მასზე. პაპა-შვილიშვილი სახლისკენ მიიჩქარიან, მათ ხომ ბებიასთვის წამალი მიაქვთ.
რამდენიმე დღის შემდეგ ბებია უკვე თვითონ უდუღებდა მთელ ოჯახს ძახველის ჩაის, პაპას, მაიას, მის დედ-მამას, პატარა ძმას. ორთქლი ასდიოდა მადუღარას, ფინჯნებს. ბუხარში შეშა ტკრციალებდა, მინებიც დაორთქლილიყო, ამიტომ ფანჯარაში მომზირალი ჩხიკვი მახარა სახეებს კარგად ვერ არჩევდა და გული წყდებოდა, ჩხიკვების ცნობისმოყვარეობის ამბავი ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ ეს თვისება ზოგჯერ საჭიროცაა და აუცილებლიც, ხომ მეთანხმებით ამაში?
1/8/19 12:53 PM
No comments:
Post a Comment