Friday, January 25, 2019

მზესუმზირა და მზევინარი (ზღაპარი)

                              მზესუმზირა და მზევინარი

     მზევინარს მზესუმზირას ყვავილები ძალიან უყვარდა, გავიდოდა სიმინდის ყანაში და საათობით უყურებდა, ერთხელ გადაწყვიტა, აქ რაზე ვიარო, სახლში ქოთანში დავთესავ და დღე და ღამე მის ცქერაში ვიქნებიო. მივიდა მეზობელთან, რომელსაც მზესუმზირა ეთესა თავის ყანაში და ყვავილის თესლი სთხოვა. მისცა  მეზობელმა ერთი მუჭა, მაგრამ მზევინარმა მხოლოდ ერთი ცალი ჩააგდო ქოთანში, რომელიც თავის ოთახში დადგა, დანარჩენი კი ქათმებს დაუყარა. გაიზარდა მზესუმზირა, ყვითელი ყვავილები გამოისხა, მზესავით ანათებდა, მაგრამ მალე მოიწყინა, თავი ჩამოაგდო, დღისით სარკმელისკენ იხედებოდა, სინათლეს ეხარბებოდა. მზევინარი მუდმივად მის მოვლაში იყო, დაჰფუთფუთებდა, ფოთლებს წყლით ბანდა, კოცნიდა, რა ლამაზი ხარო. უხაროდა მოსახელეები რომ იყვნენ, პატარა განსხვავებით, ხმამაღლა წარმოთქვამდა ხოლმე, - მზესუმზირა, მზევინარი! -  მზესუმზირა ვერა და ვერ გამოაკეთა. დობილი უნდა, ალბათ, მარტომ მოიწყინაო, გაიფიქრა და ქოთანი გარეთ გაიტანა. გაიბადრა მზესუმზირა, თავი აღმართა მზისაკენ, რომელიც პირველად დაინახა თავის ცხოვრებაში და სამადლობელი უძღვნა ღმერთს, რომ მისი ნახვის საშუალება მიეცა. მერე ყანებს გახედა, საიდანაც მისი დობილ-ძმობილები იცქირებოდნენ, მასზე მაღლები და მშვენიერები, თავი დაუქნია და მიესალმა. იმათაც გაუღიმეს, თავი დაუხარეს ახალ მეგობარს.  სუფთა ჰაერიც ჩაისუნთქა, მაგრამ ნებივრობა დიდხანს არ დასცალდა. მზევინარმა ქოთანი ისევ სახლში შეიტანა, გეყოფა სეირნობაო. უარესად მოიწყინა ყვავილმა, მარტო თავი კი არა, ფოთლებიც ძირს ჩამოუშვა, ამას კი ვეღარ გაუძლო გოგონამ, შეეცოდა მზესუმზირა, ალბათ თავისიანებთან უნდა ცხოვრებაო, ქოთნიდან მიწასთან ერთად ამოიღო და მეზობლის ყანაში გადარგო. ასე დაცილდნენ ერთმანეთს მზესუმზირა და მზევინარი, მაგრამ გოგონა კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მისი მეგობარი ბედნიერი იყო, ის ხომ მისთვის ძალიან ძვირფასი გახლდათ. ახლა მზევინარი სტუმრად ხშირად დადის მზესუმზირებთან, ჩაეხუტება ხაოიან ფოთლებსა და ღეროებზე და ბარაქასა და ხვავს უსურვებს.

No comments:

Post a Comment