ჯოჯოხეთში ვარ, თუ მელანდება?
მზე ჩადის, ტყეში მალე ღამდება,
ვხედავ, გველების ფერად გრაგნილებს,
ტანში მზარავს და უფრო მაციებს...
წრე შემოუკრავთ დევისთვის ჯოჯოთ,
იმის ფეხებთან ტკეპნიან ღოლოს,
ეს თუ ყოფილა ამათი ღმერთი?
რძის დამაწვნებას სჭირდება კვეთი,
ისე იწოვენ იმის ოხშივარს,
ბილწს და გესლიანს, შხამად მოდინარს,
ნეტავ, არ ჰყოფნით, ამდენი ლაფი?
ტანზე ისხამენ მუჭებით, ხაპით.
აქ გაუმართავთ ჭინკებს აღლუმი,
მოუსხამთ ფრთები, თითქოს, ღამურის,
კაციც ვიცანი ერთი თუ ორი,
იქავე ყრია იმათი მძორი.
რა გააკეთეს ასეთი, ნეტა,
ხედავდეს ამას ამათი დედა,
ქცეულან კერპის მონებად, ხევთან
ეშმაკი ერთი თავებსა სხეპავს.
სხვა კი ატყავებს, ცოცხლად ხორცს აჭრის,
ცეცხლზე ხვლიკებთან დგას დიდი ქვაბი,
შიგნით ყრის, მერე უსინჯავს გემოს,
ენით ეკრობა, წურწურებს წებო.
ჯოჯოხეთის დგას იქვე მაშხალა,
მოარბენინებს დიდ ტახტს ჩქარ-ჩქარა
ორი ეშმაკი, დადგეს მიწაზე,
ყველა გადადის თავით ყირაზე.
უცებ გაისმა გუგუნი მიწის,
შეაზანზარა რქებით და ჩლიქით,
გარშემომყოფებს მოავლო თვალი,
ბანჯგვლიანს უჩანს ტუჩების რკალი.
ქვეშევრდომების გაისმა ოხვრა,
ვეღარ გავუძელ შიშსა და კოშმარს
და მივეახლე, ვით ერთი მონა,
გავმართე ცეკვა, ტყიური როკვა.
წითელ თვალებში გიზგიზებს ცეცხლი,
მათვალიერებს ბოროტი მზერით,
- აქ რა გინდაო, ადამის ძეო,
ჯერ არ დამდგარა განკითხვის დღეო,
ანგელოზებმა დაგტოვეს, ნუთუ?
ყნოსავდი, ალბათ, ჰაშიშს და ბურნუთს,
ცოდვები თუმცა გაქვს შენაც ბევრი,
ჯერ არ დათვლილა საშენო დღენი.
- მტაცეს ხელი და დამაგდეს იქვე,
ეშმაკთა ზეიმს ვუცქერდი ის დღე,
ზოგიერთ კაცთა ღრეობას ჰგავდა,
ღმერთი შემინდობს... ღირდა კი ნახვად?!
No comments:
Post a Comment