Thursday, March 29, 2018

ლოცვა

სანდო მომმართე ღიმილი,
ცხვარს უპატრონოს, უნდილსა,
ბეწვზე ხელები დამისვი,
გაბრწყინდეს ელვა-ქუხილად,
ბალახი მომეც საზრდელად,
ვაცხონო ხორცით სულიო,
აღდგომას სანამ დამკლავდნენ,
იმედით მივსე გულიო.

Sunday, March 25, 2018

მე მივუყვები გზებსა და...

მე მივუყვები გზებსა და საით მივყავარ, არ ვიცი,
ღმერთი განაგებს ჩემს ბედს და სახელურს ვეძებ კარიბჭის,
ხან გადავუხვევ ბილიკებს, იებს ვკრეფ, სამოდ თვალისთვის,
ხან კი ვაწყდები გადაჭრილ ხეებს, შეშაა ღარიბის,
ხან ფეხს მოვიტეხ, იარას ვლოკავ, ვით მგელი მაღრიბის,
ჩემში ბუნება იღვიძებს, მაშრიყელს ვუმზერ არშიყით,
ვეძებ სახელურს კარიბჭის, მაგრამ სად მივალ, არ ვიცი,
გზას მზე და მთვარე მინათებს, წინ მხვდება მთები მარილის.




მისი სახე მელანდება

გამოვენთე წყალზე სეთეს, -
შემახედა იმის თვალებს,
ვიცი, აღარ დამაძინებს,
ვერ ვისვენებ დღე და ღამე.
მაინც მწადის მათი ცქერა,
ხელით დამაქვს უმწე გული,
ჩემთვის დადგა სულ სხვა ერა,
ამ ტრფობით ვარ გაბასრული.
ყურება მსურს ვარსკვლავების,
ერთი არის ალბათ სეთეს,
მიმაახლა იმ მნათობთან,
შევადნობდით ჩვენს თეთრ მკერდებს.
არ მაძინებს ღამით იჭვი,
იქნებ სეთე მთვარეს ყვარობს,
წამდაუწუმ ისვრის სხივებს,
იღიმის და მნათობს ართობს.
დილით ვდგები გულნაკლული,
რომ შევხვდები, წყენა ცხრება,
თვალები აქვს მზის სხივივით,
მუდამ მწვავს და მელანდება.
ღმერთო, მომეც დასვენება,
დამიამე სიმძიმილი,
თუ გავხდები მისი ცოლი,
მეღირსება ტკბილი ძილი.



Thursday, March 22, 2018

არაკაცების ხელში ტირის მამული ჩვენი (ეძღვნება არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას)

არაკაცების ხელში ტირის მამული ჩვენი,
მაშ, რაღა არის ჩვენი დრო და ჩვენი ცხოვრება?!
რაც არ გვარგუნეს, ის გვწადია და იმას ველტვით,
შეცდომები კი დღიდან დღემდე მთებად გროვდება.
კვდება კაცი და თან რა მიაქვს ახალ ბინაზე?!
მატლები შეჭამს უბედურს და იქცევა მეშად,
ბედნიერების ძიება და ბევრი სიყალბე,
აი, რა აძლევს ხიბლს და ხინჯსაც ცხოვრებას ჩვენსას.
გაიყინება ამო ყოფის ეს ცრუ პათოსი,
კაცებთან შებმა არ სჩვევია სიკვდილის ვეშაპს,
მტერთან მებრძოლი ვერ გახდება კვდომის ნაყოფი,
უკვდავებასთან წილნაყარნი დროს წვავენ შეშად.
მათი გულები კელაპტრებად მუდამ ანთია
და გვიტოვებენ ცად საფრენად ცეცხლოვან მერანს,
მოღალატეთა, გამყიდველთა უხმო ქარტია
დიდსულოვნების ანარეკლში იწვის და ქრება.
სარკოფაგებში ისვენებენ თუ ტრიალ მინდვრად,
გმირების ძვლებსაც ყვავილების ასდით სურნელი,
მუხანათთ ხელში ტკივილებით მამული  კვდება,
გამოფიტული და შეჭმული მტრისგან სრულებით.
ვაჟკაცნი მიჰყავთ დავანებად ღვთიურ უბეში,
საიქიოში დასხდებიან ამ ქვეყნის მძევლად,
არ დაამადლოს ზეციერმა ჩვენს ერს ნუგეში,
შეუმსუბუქოს სავალი და მსახვრალი სევდა.







არჩევანს თუ მომცემ!

არჩევანს თუ მომცემ, იქნებ მეც გავნათდე,
ჩემივე ფიქრები დაგიწყო კვირტებად,
ნუ გასრეს, მელოდე, მელოდე, მელოდე,
ღამეც კი თეთრია, გრძნობა გვირგვინდება.
შენივე გულიდან ხელახლა ვიწყები
და მისტერიების ფართოა გაზონი,
ნუ გასრეს ყვავილებს, ნაბიჯი მოზომე,
ახლაც შენთანა ვარ, ამ უგვან აწმყოში.

Monday, March 19, 2018

აგერ რუსმა შეგვიყვარა(სახუმარო)

უნდა წერო სიყვარულზე,
ორისაა უფრო მეტად,
სხვა თემა და სხვა პრობლემა
აქ მთავრდება, აქ იწყება.
მოდი, ვწეროთ სიყვარულზე,
მარადიულ, წმინდა ხატზე,
სურვილების ახდენაზე,
ამქვეყნიურ ედემ-ბაღზე.
"სიყვარული აგვამაღლებს",
განა შოთას ტყუილად უთქვამს,
ამიტომაც ცაში დაფრენს
ილაც, გოგაც, ასცდნენ მიწას.
ძირს დავეშვათ, მეგობრებო,
განა ამით წყდება ბედი,
ის თუ არა სხვა იქნება
თქვენი ბედის შემოქმედი.
სიყვარული წამალია,
ღმერთი თუ კი გამოგიწერს,
თუ არა და ტანჯვა არის,
ჯოჯოხეთურ გზნებას იწვევს.
სიყვარულში გამარჯვება
ნიშნავს შესვა ღვინის თასი,
დამარცხება სამსალაა,
გაუწირავს ბევრი კაცი.
მოდი ვწეროთ სიყვარულზე,
სხვა პრობლემას ვერა ვხედავთ,
აგერ რუსმა შეგვიყვარა,
მიტომ აგვიფეთქა დედა.
სამოთხე და საყვავილე
ბოლომდე ვერ მიითვისა,
ახლა ცდილობს ძალადობით,
ეჭვი ღრღნის და შური სხვისა.
იმედია, სიყვარული გადაუვლის
ადრე, გვიან, თორემ
პარტრახს რაც გადურჩა,
მიითვისებს მასაც ღიად.




Saturday, March 17, 2018

დაგლეჯილი და ნამეხარი მუხა ვარ ერთი

დაგლეჯილი და ნამეხარი მუხა ვარ ერთი,
ამ ცხოვრებისგან გათელილი, მაინც ურყევი,
გამოჭმული მაქვს გულიც,  ფესვიც და ერთი გვერდიც,
მაინც ვდგავარ და სილაჟვარდეს ცისას ვუმღერი.

Friday, March 16, 2018

ზოგი ვერაფრით მორგებია ცხოვრების ჭილოფს

როგორც ჩანს, ქვეყნად გაუმართლებს ვის, არვინ იცის,
თუმცა უმართლებთ, უფრო მეტად, ქვემძრომთ და ბრიყვებს,
ზოგს ქვეშევრდომის არ ჭირდება ნიჭი და ფიცი,
აწინაურებს უცოდინართ, ძუნძულა სპლიყვებს.
გვერდზე მოისვამს, მეტოქედ ვერ აღიქვამს რადგან,
მაგრამ მათ შორის ნაბიჭვარი ბევრზე ბევრია,
თითს თუ მიუშვერ, შემოგაჭამს მთლიანად მაჯას,
ურცხვად გიმუხთლებს, მიგატოვებს მერე ცრემლიანს.
ზოგის კულტს ქმნიან, უდარდელი ვაცივით ცხოვრობს,
საკუთარ მოყვასს ფეხქვეშ მუდამ ნიადაგს აცლის,
ტრაგიკულია, სამწუხაროდ, ლამაზთა ბოლოც,
მწვერვალებზე თუ აღმოჩნდება, უფსკრულთა გავლით.
როგორც ჩანს, ჭკვიანს არ დაჰყვება ცხოვრების ალღო,
აკლია ფხა და ცხოვრებასთან ბრძოლის უნარი,
ბევრი მუდმივად ვალებშია, ლუკმაპურს ნატრობს,
ზოგი სიმდიდრით თავს იწონებს, კაცს არ უმადლის.
ზოგი ვერაფრით მორგებია ცხოვრების ჭილოფს,
დამფრთხალი მზერით გადაჰყურებს ყოფის ნაპრალებს,
ზოგიც გულდინჯად ცეცხლთან თბება და ასე ფიქრობს,
რომ უფალს თავის ბნელ საქმეებს გამოაპარებს.







ეგზემა, ეპოქას რომ გაუმიზეზდა

ეგზემა, ეპოქას რომ გაუმიზეზდა,
მორჩენის გზები კი არ ჩანს,
ვითომ ხომ ცდილობდნენ, -
პირადზეც ფიქრობდნენ,
რას უზამ კლდეს, უკვე ნაშალს?!
ტანჯვით და გოდებით,
სულის გაპოხებით,
ვუსმენდით ყვავების ყრანტალს,
ბულბულის ხმააო,
მტკიცობდა მავანი,
ცოტაა ნუხი და ხანძთა?!
სირსველი სინაზე
მოგვართვეს დილაზე,
ვერ ვარჩევთ მტყუანს და მართალს,
გვისმენენ ბინაზე,
დავტირით ყისმათ ბედს,
შევნატრით მაუგლის, ტარზანს.
კაცები სალონში,
ქალები ვაგონში,
სიმართლეს ვისმენ თუ ღადავს?!
დავმდგარვართ ყირაზე,
სად არის იამზე?
აქ კესო გვიმზადებს ბალღამს!
გახსნია წყლულები ქვეყანას უბედურს,
მეგონა ვხედავდი ცხრა გზას,
ცხრა ცა და ცხრა მთაა იქამდე სავალი,
არხები რომ უნდა გავჭრათ!



Thursday, March 15, 2018

აბინდბუნდდება ირგვლივ ყოველი

აბინდბუნდდება ირგვლივ ყოველი
და მთვარის შუქში, მსტოვრის ღიმილში,
შემომაყეფენ ვარსკვლავნი სიცილს, 
ქვემოთ მთებისკენ ცაც წითლად იწვის....
ჟღალთმებიანი ვეება ბურთი,
იფერებს ჩასვლას, ღამე კი იცდის,
მოიპარება ნაჭერ-ნაჭერად,
ქურდულად ავსებს უპეებს მიწის.




უსაშველოა ჩემში ღამე

უსაშველოა ჩემში ღამე და თუ გათენდა,
მადლობას ვეტყვი წეროს გუნდს და ფრთათეთრ ყარყატებს,
იმათ ხმაურით გადუფრინეს გულის საძოვარს
და ამანათით თბილი სიტყვა დააფარფატეს.


არის მართალი!

როცა სამყაროს შეიცნობ ფერებს
და კარგად იცი, ამ სამყაროს ავან-ჩავანი,
გვარზე ხტის კვიცი, არ გწამდეს ფიცის,
გულში ირტყასო თუნდაც ხანჯალი, არის მართალი!


იცი, რომ ძნელი არის რამეს დაწყება...

იცი, რომ ძნელი არის რამეს დაწყება,
მით უმეტეს, რომ ის არ იცი, როგორ დაიწყო,
ან რა იქნება, შენთვის კარგი, რას იტყვის ხალხი,
მათი აზრი ხომ უცილოა შენთვის საერთოდ.
ჩამოხმიანდა მეზობელი ზევიდან, მგონი,
მეზობლებსაც კი აღარ იცნობ, ძველნი წავიდნენ,
თავს კი გაბეზრებს ეს ახალი, ხან ზოგჯერ ორიც,
მაგრამ ჩხუბსა და აყალ-მაყალს ხომ არ დაიწყებ.
უმეზობლობას ჯობიაო, თან ფიქრობ, მგონი,
დაგეხმარება გასაჭირში, რომ არ გაქვს ღონე,
მაგრამ არ იცი, რომ ნელ-ნელა დაიპყრო ველი
და შენს გულმკერდზე გაგითბია ქვემძრომი, გველი.
ახლა ძნელია ომისა და შუღლის დაწყება,
თავიდან უნდა გეფიქრაო, ამბობს ალფერა,
ის ჩემი გარე მეზობელი მსჯელობს სხვაფერად,
გველხოკერასთან მოგიწევსო საქმის დაჭერა.




მოერიე ტკივილს!

თუ იცი, როგორ იტანჯება შენში ტკივილი,
აწყდება კედლებს, ედინება როგორც ღვარცოფი,
ერთად მოკარი მისი გუდა, ჩაჭმუჭნე ხელში,
ვით ნაძირალა კაცის მკვლელი, ისე გაუშვი.
თქმაა ადვილი, ძნელი არის გაწყვიტო რვალი,
უჯრედებს ტვინის რთული არის რამე უბრძანო,
კურტანს დაიდგამს მხოლოდ სუსტი, ლაჩარი, მხდალი,
შენ კი შენს სხეულს, უცილობლად უნდა უწამლო.

ჩემი გულიდან თითქოს ღამე ამოვიმეტე

ჩემი გულიდან თითქოს ღამე ამოვიმეტე,
შორს გადავყარე ნაფლეთები, უცხო არეში
და დარჩენილა გულში მხოლოდ წვიმის სისველე,
ჩამონაწური ვაზის შტოდან სხივთა ზვარეში.
არეკლილია დღის შუქი და შარავანდედი
დედის ძუძუდან რომ მომყვება დასაბამიდან,
მე მზის შვილი ვარ, ამ სამყაროს ძე და ბადიში,
ჩემი პაპანიც ამ ღვარებში ცეცხლის დაბერდა.
კუდიანების, ეშმაკეულთ ღამეს დავუნთე
ჭიაკოკონა, შიგ ჩაიწვა ხვადის ნაწნავი,
ჩემი გულიდან უნდო ღამე ამოვიმეტე,
რომ კვლავ გავეხვე მზის სხივებით ნაქსოვ ბადეში.





Wednesday, March 14, 2018

ეს ცხოვრება მხეცი

მე როგორც ვხედავ, გაუმართლებს ვის, არვინ იცის,
თუმცა უმართლებს უფრო მეტად ქვემძრომს და უვიცს,
არაფრის მცოდნე ზოგს ჰგონია ძუნძულა სპლიყვი,
აწინაურებს, მეტოქე ვერ იქნება მისი.
ზოგი არტისტი, თავს გვაჩვენებს, არის არიფი,
სინამდვილეში არც სულელია და არც ყარიბი,
თუ ხელი მიეც, ერთ მომენტში მოგაჭამს მასაც,
ზედ მიაყოლებს შენს თავ-ფეხს და გაგხედნის რაშად.
მიამიტი და გიჟი, ვხედავ, არის ერთ რანგში,
კულტია იგი  ზოგჯერ, ხან  - განტევების ვაცი,
ლამაზმანების ბედი რთული ყოფილა მიტომ,
ხან მწვერვალებზე ადის, ხან კი უფსკრულებს იპყრობს.
ჭკვიანი და მცოდნე, თუ ვერ აჩენს ფხასაც,
ერთი-ორი ვიცი, შიმშილით სულს ღაფავს,
ვერ მოვერგე თავად ამ ცხოვრების ჭილოფს,
ეს ცხოვრებაც, მხეცი, ზოგიერთებს ინდობს.




Tuesday, March 13, 2018

როცა გრიგალებს ცა მიაქვთ მკვდარი ( ავტორი: სერგო წურწუმია)


გივი ტყეშელაშვილს!

როცა გრიგალებს ცა მიაქვთ მკვდარი 
და თვალებს დაღლის ღამის გათევა, 
მოგელანდება გოლგოთას ჯვარი 
მარადი წყევლა და ანათემა... 

რა სათნო ჩანდა სიკვდილთან ზავი 
უდროობაში გადგმული ბუდე!.. 
სად მიაქვთ ცივი ცრემლების შვავი 
ცაში აბარდნილ გედების გუნდებს?!. 

გადაინისლებს ზვრებს სული ზანტად, 
ასცდება ცერად ღრუბლების ქვესკნელს 
და მოგიკენჭავს სიტყვების სმალტა 
ლექსების ობლად დარჩენილ ფრესკებს, 

რომ არ ელოდო აღსასრულს შიშით 
თიხა ცრიატით დასალტობელი... 
რომ მიხვდე უცებ: ხელახლა იშვი 
და ეს სიტყვაა შენი მშობელი. 

ოჰ, როგორ გინდა ძალუმად ქროდეს 
და სტრიქონებში აახმიანო: 
ამ გრიგალების ფრთათეთრი ფორტე 
და შენი სულის ლურჯი პიანო!

მარტოობის ასი წელი

დამიზიანეს მე პორტფელი, დაჭრეს, დაკუწეს.
ვეგონე, ალბათ, მდიდარი და ბევრი სუს მქონე,
სულ არ იცოდნენ, რომ მიმალულად, გროვა ნაჭრებში,
მარკესის ერთი წიგნი მედო, უდრიდა ტომებს.
გულის პერანგში გახვეული, გადაკითხული
ათიათასჯერ, მილიონჯერ, დანარცხებული
ასფალტის პირზე, მე მარტოობის ასი წელი
წუთში გავლიე, როგორ გავთეთრდი, მაშინღა ვიგრძენ.

Friday, March 9, 2018

“Noel Sceptique” by Jules Laforgue, "სკეპტიკოსის შობა", ჟიულ ლაფორგი, ქართული თარგმანი მაია დიაკონიძისა


A SCEPTIC AT CHRISTMAS

Posted by Admin on Saturday, 23rd February 2008, 00:00
I hear the bells chime Noel through the night,
and, faithless, hold my pen above this page;
O mem’ries, sing! Now all my pride takes flight,
again most bitter thoughts my mind engage.
Nocturnal voices, carolling their praise,
from yonder shining nave reproaches bring;
maternal, sweet, and tender, ev’ry phrase,
my heart, too full, must break to hear them sing.
I listen long to bells across the night;
an outcast, lone, to whom the wind conveys,
amidst his squalor, poignant tidings, bright
with festival of distant, bygone days.

A translation of “Noel Sceptique” by Jules Laforgue
Noël! Noël! J’entends les cloches dans la nuit …
et j’ai sur ces feuillets sans foi pose ma plume ;
O souvenirs, chantez ! tout mon orgueil s’enfuit,
et je me sens repris de ma grande amerturne.
Ah ! ces voix dans la nuit chantant Noël ! Noël !
M’apportent de la nef qui, la-bas, s’illume,
un si tendre, un si doux reproche maternel,
que mon cœur trop gouflé crève dans ma poitrine …
Et j’ecoute longtemps les cloches, dans la nuit …
Je suis le paria de la famille humaine,
a qui le vent apporte en son sale réduit
la poignante rumeur d’une fete lointaine.
T. C. Hudson
© T. C. Hudson.

РОЖДЕСТВО СКЕПТИКА
Рождественский трезвон, и я один в ночи,
Перо отложено, безбожный стих не кончен...
Воспоминанье, пой! Опять в душе горчит,
И гордость ни к чему... О, громче, память, громче!
А где-то там, вдали, собор огни зажег --
И как противиться рождественскому хору?
В нем материнский зов, и просьба, и упрек,
И сердце так щемит, что в голос плакать впору...
И долго слушаю колокола в ночи,
Не нужный никому и сам себе помеха.
Мне холодно, темно, а ветер мимо мчит
Земного праздника торжественное эхо.

       სკეპტიკოსის შობა
შობის ისმის ზარები, მე მარტო ვარ ღამეში,
ურწმუნობის ფურცელზე დავდე ჩემი კალამი,
მოგონებავ, ამღერდი! სიამაყე გამირბის,
ვგრძნობ, დიადი ტკივილით დრო დადგა განახლების!
სადღაც იქ სიშორეში, ტაძრის შუქი აინთო,
როგორ არ მოვუსმინო საშობაო ზანზაკალს,
მასში დედის ძახილი, თხოვნა, საყვედურია,
გული ისე მიკვნესის, მსურს ვიტირო ხმამაღლა...
დიდხანს ვუსმენ ზარის ხმას ძე ადამის ტომიდან,
არავის არ ვჭირდები, ჩემი თავიც მომბეზრდა,
თან მცივა და თან ბნელა, გვერდზე მიაქვს ქარიშხალს
დიდი დღესასწაულის ხმაური და ოცნება.





სად არის ღმერთი?!

სად არის ღმერთი, როცა მე მტკივა,
სული და ხორცი მეწვის ორთავე,
სად არის ღმერთი, არა მაქვს ბინა,
მიწაზე მძინავს, ხიდქვეშ ვათენებ.
სად არის ღმერთი, რად არ სჯის მტარვალს,
მთის ნიავივით მხნე და ლაღია,
მე კი ჩამომძვრა სუყველა კბილი,
ყოველი დილა ჩემთვის მარცხია.
სად არის ღმერთი, როცა მე მშია,
როცა მწყურია წყალი მომაკვდავს,
ჩემთვის ქვითინებს მხოლოდღა ქარი
და დახმარებაც იმას სწადია.
შარვლის ჯიბეებს დამიჩხრეკს, ეძებს
ორიოდ გროში თუ მაქვს საუზმის,
დაუბერავს და მომართმევს ძღვენებს,
ჩემნაირთ სუფრას ის თუ გაუშლის.
თუ სძინავს უფალს, მაშ როგორ იტანს,
ამდენ სადიზმს და უსამართლობას,
ქუჩაში გდია გაჭრილი ძაღლი,
ამის მქმნელს თუ აქვს, ნეტავ, კაცობა?!
ღმერთო, მომაპყარ ყური და თვალი,
შენთვის ლოცვა და თხოვნა მწადია,
თუ კი სიკვდილი მეწვევა მარდი,
ჩამომეხსნება ყველა დარდია. 






Thursday, March 8, 2018

შემოუღებს სიო სარკმელს

საროსტანას, სოსნის სადარს,
შემოუღებს სიო სარკმელს,
ჩასჩურჩულებს თავის სათქმელს,
შემოახვევს კოცნის სარტყელს.

Tuesday, March 6, 2018

ალექსანდრე! (საბავშვო)

ალექსანდრე, შენი ცხენით,
ნეტავ, საით მერეკები,
ბუცეფალი შენი არის,
შეგიმოკლებს დროს და მანძილს.
მე კი მიყვარს ჩემი შინდა,
მთიდან მთაზე გადაფრინდა,
ციდან უცქერს კავკასიონს,
ლიახვსა და ამაყ რიონს.
მე არ მინდა შენი ცხენი,
მიყვარს მხოლოდ შინდა ჩემი,
დაიძვრება მის ქვეშ მთები,
რომ მზე იჯდეს ტახტზე ლხენით.

უცნაური სიკვდილი

მიმოფანტულა თეთრი თოვლი თეთრ ყვავილებად,
აშოლტილ ნაძვებს დაუხრიათ სიმძიმით თავი,
მოზღვავებულსა სილამაზეს ვეღარ გაუძლეს,
წელში გახრილან ახალგაზრდა იფანი, ალვი.
სიფრთხილით მიდის ცუგა თოვლში, ჰაერის ყნოსვით,
კვალს ეძებს კაცის, არ დაბრუნდა პატრონი სახლში,
ღობესთან ახლოს მან იპოვა პატარა ბორცვი,
გულზე დარდები შემოაწვა პატრონის მორჩილს,
თხარა და თხარა, თეთრი თოვლი გადიქცა მიწად,
მოხუცს თვალებში ჩასდგომოდა სიცივე, ყინვა,
დიდხანს ულოკა ცივი ხელი გაყინულს ძაღლმა,
ყვავმა ყრანტალით უსამძიმრა, ყმუილით აჰყვა.

Sunday, March 4, 2018

დუმდა პორტიე

დუმდა პორტიე,
სოხუმის პორტში,
სიცოცხლე კაცის
არ ღირდა გროშიც,
მხოლოდ გაზრდილებს
ძუძუთი ერთით
გულს უმსჭვალავდა
ნაბოლქვი დენთის,
მათი ესმოდა
ზღვასა და მიწას,
ღალატი სულის
კიდეებს ღრღნიდა,
ნაშენი გული
ქვითა და კირით,
არ დამარცხდება
ტყვიით და რკინით...
დუმდა პორტიე,
სოხუმის პორტში
კაცის სიცოცხლე
არ ღირდა გროშიც,
მხოლოდ გაზრდილებს
ძუძუთი ერთით
გულს უმსჭვალავდა
ტკივილი ერთი
და მათთან დარჩა
მხოლოდღა ღმერთი.







დაიკარგა ქონება (სახუმარო)

დაიკარგა ქონება,
უკან არვინ მისდია,
ცხვარს ასუქებს მინდვრებში
ქერიმი და მიტია,
თუმც ფულს გვიხდის მაიკლი,
ხეებს ვგავართ გაღლეტილს,
ფოთლებიც კი სხვისია,
ჩვენ ვასრულებთ მისიას!
ვგონებ, იყო ქართველი,
ეს ერთგვარი ხუნდია,
ღალა უნდა ვუხადოთ
ქერიმსა და მიტიას.
იყიდება მთა-ბარი,
ორაგული, სათალი,
ხალხს წაართვეს ქონება,
დაგვრჩა ჩვენ მოგონება.
საარსებოს გარეშე
არის კაცი მართალი,
"ფირმის" გზაზე დამდგარებს
ფეხად მისდევს ხანძარი.
საზიანოდ ჩვენდა და
უცხოელთა სალხინოდ
არ გვაკლია ბორდელი,
სასტუმრო და კაზინო.
სხვა პრობლემაც არა გვაქვს,
დაგვრჩა მარიხუანა,
ხალხი მშიერ-ტიტველი
თვალს ვერა სწყვეტს ხუანას.
ერი დაბრუებული
შეასრულებს ილეთებს,
სხვა იჯდება ლოჟაში,
ჩვენ გავყიდით ბილეთებს..




Saturday, March 3, 2018

გამომიწოდე შენი ხელები

მეშორიშორა ჩვენი გზა-შარა,
ვერ ჩავეტიეთ ერთად ყალიბში,
შენ შენს ბილიკებს დაადექ წყნარად,
მე მსხვერპლშეწირვის გავხდი ტარიგი.
უნუგეშობის ვინამე ცრემლით,
შენ რაღა ჰქენი, ვეღარ გავიგე,
ბევრი ყვავილი მეყარა ფერხთით,
თითქოს კვლავ ვხედავ იმ თეთრ ნაპირებს.
თოვლი შემოდის სულში და მზარავს,
ნუთუ დაგსუსხა ჟამთა სიგრილემ,
ვგონებ, ვეღარ კრეფ მოწეულ ყანას,
ვეღარც გულს უხსნი ლამაზ გვირილებს.
გამომიწოდე შენი ხელები,
სადაც ხარ, იქაც მოგეფერები,
ტაჯმაჰალს ცაში აგიგებ კვალად,
გამოვთხოვ შენს თავს ეშმაკს ვედრებით.
სიყვარულს, ვიცი, არა აქვს ბოლო,
არც დასაწყისი არის საჭირო,
სიმღერას გვეტყვის ანგელოზთ ქორო,
დაუსრულებელს და უნაპიროს...
ბალღამი, შხამი შეგვისვამს ბევრი,
დრო დადგა ახლა, მივირთვათ ყანდი,
გამომიწოდე შენი ხელები,
ჩამოვიშორო გულიდან დარდი..







Thursday, March 1, 2018

ჩემი ლანდია მელანი ბლანტი

ჩემი ლანდია მელანი ბლანტი,
დიდხანს ვუცქერდი სამელნეს ახდილს,
მეგონა წავდგი ორიოდ ბიჯი,
ვუსმენდი მხოლოდ  "აბბას" და "ბიჯიზს",
ახლა მივიწევ უკან და უკან,
დავმსგავსებივარ აბოლილ ვულკანს,
ჩემი ლანდია მელანი ბლანტი...
წინ მელოდება სიცხე და ხვატი.