Thursday, March 22, 2018

არაკაცების ხელში ტირის მამული ჩვენი (ეძღვნება არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას)

არაკაცების ხელში ტირის მამული ჩვენი,
მაშ, რაღა არის ჩვენი დრო და ჩვენი ცხოვრება?!
რაც არ გვარგუნეს, ის გვწადია და იმას ველტვით,
შეცდომები კი დღიდან დღემდე მთებად გროვდება.
კვდება კაცი და თან რა მიაქვს ახალ ბინაზე?!
მატლები შეჭამს უბედურს და იქცევა მეშად,
ბედნიერების ძიება და ბევრი სიყალბე,
აი, რა აძლევს ხიბლს და ხინჯსაც ცხოვრებას ჩვენსას.
გაიყინება ამო ყოფის ეს ცრუ პათოსი,
კაცებთან შებმა არ სჩვევია სიკვდილის ვეშაპს,
მტერთან მებრძოლი ვერ გახდება კვდომის ნაყოფი,
უკვდავებასთან წილნაყარნი დროს წვავენ შეშად.
მათი გულები კელაპტრებად მუდამ ანთია
და გვიტოვებენ ცად საფრენად ცეცხლოვან მერანს,
მოღალატეთა, გამყიდველთა უხმო ქარტია
დიდსულოვნების ანარეკლში იწვის და ქრება.
სარკოფაგებში ისვენებენ თუ ტრიალ მინდვრად,
გმირების ძვლებსაც ყვავილების ასდით სურნელი,
მუხანათთ ხელში ტკივილებით მამული  კვდება,
გამოფიტული და შეჭმული მტრისგან სრულებით.
ვაჟკაცნი მიჰყავთ დავანებად ღვთიურ უბეში,
საიქიოში დასხდებიან ამ ქვეყნის მძევლად,
არ დაამადლოს ზეციერმა ჩვენს ერს ნუგეში,
შეუმსუბუქოს სავალი და მსახვრალი სევდა.







No comments:

Post a Comment