და თვალებს დაღლის ღამის გათევა,
მოგელანდება გოლგოთას ჯვარი
მარადი წყევლა და ანათემა...
რა სათნო ჩანდა სიკვდილთან ზავი
უდროობაში გადგმული ბუდე!..
სად მიაქვთ ცივი ცრემლების შვავი
ცაში აბარდნილ გედების გუნდებს?!.
გადაინისლებს ზვრებს სული ზანტად,
ასცდება ცერად ღრუბლების ქვესკნელს
და მოგიკენჭავს სიტყვების სმალტა
ლექსების ობლად დარჩენილ ფრესკებს,
რომ არ ელოდო აღსასრულს შიშით
თიხა ცრიატით დასალტობელი...
რომ მიხვდე უცებ: ხელახლა იშვი
და ეს სიტყვაა შენი მშობელი.
ოჰ, როგორ გინდა ძალუმად ქროდეს
და სტრიქონებში აახმიანო:
ამ გრიგალების ფრთათეთრი ფორტე
და შენი სულის ლურჯი პიანო!
No comments:
Post a Comment