Friday, March 16, 2018

ზოგი ვერაფრით მორგებია ცხოვრების ჭილოფს

როგორც ჩანს, ქვეყნად გაუმართლებს ვის, არვინ იცის,
თუმცა უმართლებთ, უფრო მეტად, ქვემძრომთ და ბრიყვებს,
ზოგს ქვეშევრდომის არ ჭირდება ნიჭი და ფიცი,
აწინაურებს უცოდინართ, ძუნძულა სპლიყვებს.
გვერდზე მოისვამს, მეტოქედ ვერ აღიქვამს რადგან,
მაგრამ მათ შორის ნაბიჭვარი ბევრზე ბევრია,
თითს თუ მიუშვერ, შემოგაჭამს მთლიანად მაჯას,
ურცხვად გიმუხთლებს, მიგატოვებს მერე ცრემლიანს.
ზოგის კულტს ქმნიან, უდარდელი ვაცივით ცხოვრობს,
საკუთარ მოყვასს ფეხქვეშ მუდამ ნიადაგს აცლის,
ტრაგიკულია, სამწუხაროდ, ლამაზთა ბოლოც,
მწვერვალებზე თუ აღმოჩნდება, უფსკრულთა გავლით.
როგორც ჩანს, ჭკვიანს არ დაჰყვება ცხოვრების ალღო,
აკლია ფხა და ცხოვრებასთან ბრძოლის უნარი,
ბევრი მუდმივად ვალებშია, ლუკმაპურს ნატრობს,
ზოგი სიმდიდრით თავს იწონებს, კაცს არ უმადლის.
ზოგი ვერაფრით მორგებია ცხოვრების ჭილოფს,
დამფრთხალი მზერით გადაჰყურებს ყოფის ნაპრალებს,
ზოგიც გულდინჯად ცეცხლთან თბება და ასე ფიქრობს,
რომ უფალს თავის ბნელ საქმეებს გამოაპარებს.







No comments:

Post a Comment