მეშორიშორა ჩვენი გზა-შარა,
ვერ ჩავეტიეთ ერთად ყალიბში,
შენ შენს ბილიკებს დაადექ წყნარად,
მე მსხვერპლშეწირვის გავხდი ტარიგი.
უნუგეშობის ვინამე ცრემლით,
შენ რაღა ჰქენი, ვეღარ გავიგე,
ბევრი ყვავილი მეყარა ფერხთით,
თითქოს კვლავ ვხედავ იმ თეთრ ნაპირებს.
თოვლი შემოდის სულში და მზარავს,
ნუთუ დაგსუსხა ჟამთა სიგრილემ,
ვგონებ, ვეღარ კრეფ მოწეულ ყანას,
ვეღარც გულს უხსნი ლამაზ გვირილებს.
გამომიწოდე შენი ხელები,
სადაც ხარ, იქაც მოგეფერები,
ტაჯმაჰალს ცაში აგიგებ კვალად,
გამოვთხოვ შენს თავს ეშმაკს ვედრებით.
სიყვარულს, ვიცი, არა აქვს ბოლო,
არც დასაწყისი არის საჭირო,
სიმღერას გვეტყვის ანგელოზთ ქორო,
დაუსრულებელს და უნაპიროს...
ბალღამი, შხამი შეგვისვამს ბევრი,
დრო დადგა ახლა, მივირთვათ ყანდი,
გამომიწოდე შენი ხელები,
ჩამოვიშორო გულიდან დარდი..
No comments:
Post a Comment