Tuesday, December 12, 2017

ყველაფერი ზღაპრიდან იწყება - საპნის ბუშტები (ზღაპარი)

   

   ყველაფერი ზღაპრებიდან იწყება - საპნის ბუშტები


ერთ დღეს ქალაქში კაცი შემოვიდა დიდი ჩანთით ხელში. ქალაქის შუა მოედანზე გაშალა პატარა ხალიჩა, ზედ თავისი ჩანთა დადო, საიდანაც სითხით სავსე ჭურჭელი ამოიღო და ჩხირი, რომელიც ჩაუშვა ამ ჭურჭელში და ჰოი, საოცრებავ, რაღაც უცნაური ბუშტები აცურდა ცაში. მაშინ არავინ იცოდა, საიდან ჩნდებოდნენ ისინი. პატარები შემოეხვივნენ სტუმარს, გაოგნებულნი შესცქეროდნენ გამჭვირვალე, მზეზე ათასფერად მოელვარეთ, რომლებიც კაცის პირიდან გამოსული ჰაერით იბერებოდა, იბერებოდა, მერე ჩხირს სწყდებოდა და ცაში მიფრინავდა. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ისინი სკდებოდნენ. - ეს ფიქრის ბუშტებია, ისინი იდეებითაა სავსე, როცა სკდებიან, იქიდან იდეები იფრქვევაო. - ეუბნებოდა კაცი ბავშვებს. ამ ქალაქს პომპეი ერქვა. ბავშვები დედებთან გარბოდნენ და საოცარი ბუშტების სანახავად მიჰყავდათ ისინი. ქალებს ახსენდებოდათ, რომ სარეცხის რეცხვის დროს, როცა საპონი ქაფდებოდა, სწორედ ასეთი ბუშტები წარმოიქმნებოდა, ოღონდ უფრო პატარა. სანახაობის შემდეგ მიჰყავდათ ბიჭუნები და გოგონები სახლში, სარეცხის რეცხვის დროს წარმოქმნილ ქაფს აჩვენებდნენ, თან ჩხირებსაც მიაყოლებდნენ, ბალახისას, რომელიც ახლომახლო მინდვრებიდან მოჰქონდათ, სანამ ჩვენ ვსაქმიანობთ, თქვენ ცოტა გაერთეთო. ბავშვებიც თავიანთ სახლებში ატარებდნენ ექსპერიმენტებს, ცდილობდნენ, საპნის ქაფიდან ჰაეროვანი, ლამაზი ბუშტები მიეღოთ, თან ფიქრობდნენ, ნეტავ ეს იდეები რაღა არისო? როცა  ბუშტი სკდებოდა, ცდილობდნენ იდეები დაეჭირათ, თუმცა ბევრი ვერ პოულობდნენ მათ. რაც კაცმა ქალაქი დატოვა, მას მერე ხშირად ნახავდით საპნის  ბუშტების ბერვით დაკავებულ ბავშვებს. მამა მხატვრები, საპნის ბუშტების სილამაზით შთაგონებულნი, შვილების ამ საქმიანობას კედლებზე ხატავდნენ. ეს ნახატები დღემდე შემოინახა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ქალაქის კედლებმა.
    ახლა სხვა ქალაქსა თუ სოფელში მიდიოდა კაცი და ყველგან თავისი ფიქრის ბუშტები მიჰქონდა. ჩინეთის სოფლებსა და ქალაქებშიც მისი წასვლის მერე ხშირად ნახავდით იგივე სურათს, რაც ზევით აღვწერეთ. ამ საქმისთვის ბავშვებს უფროსები თიხის ჩხირებსაც კი უმზადებდნენ, მამებს ახლა ფურცლებზე გადაჰქონდათ შვილების საქმიანობა ნახატების სახით. იბერებოდა ბუშტები, სკდებოდა, იქმნებოდა იდეები. როგორ იქნა, ყველა მიხვდა, რომ იდეა ახალი აზრია, რომელსაც კაცობრიობა განვითარებისაკენ მიჰყავს. მარტო პატარებს კი არა, დიდებსაც ძალიან მოსწონდათ საპნის ბუშტების გაბერვა. პატარაობაში საპნის ბუშტებზე შეყვარებულმა ბიჭუნამ, ჩარლზ ბოისმა, რომელიც შემდეგ ფიზიკოსი გახდა, თითქმის ასი წლის წინათ დაწერა წიგნი - "საპნის ბუშტები", რომელშიც დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ წარმოიქმნება ისინი და რა თვისებები აქვთ მათ.
         კაცმა ერთხელ გერმანიის ქალაქ ულმშიც შეიარა, სადაც ამ დროს პატარა ბიჭი ცხოვრობდა, სახელად ალბერტი. მას განსაკუთრებით ძლიერ მოეწონა და შეუყვარდა საპნის ბუშტებთან თამაში. საპნის ბუშტებით სავსე აბაზანაში მოჭყუმპალავე ბიჭუნა სულ ახალ და ახალ იდეებს ეზიარებოდა. შემდგომში მან ბევრი აღმოჩენაც გააკეთა მათი დახმარებით. თამაშში მას ავიწყდებოდა დრო, თავის სამყაროში ცხოვრობდა, რომელიც რეალურისგან განსხვავდებოდა. ბიჭუნა მიხვდა, რომ დრო და სივრცე ერთმანეთის გარეშე არ არსებობს და რომ მოძრავი საგნისთვის დრო უფრო ნელა გადის, ვიდრე უძრავისთვის. ამ აღმოჩენაში კი ის დაეხმარა, რომ მატარებლების ყურება უყვარდა, როგორც სხვა ბიჭებს და გოგონებს. ეს საპნის ბუშტების მოყვარული ბიჭუნა შემდგომში ცნობილი ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი გახდა.
         დრო გადიოდა, დიდები ცდილობდნენ, გაეხარებინათ თავიანთი პატარები, უნდოდათ საპნის ბუშტების  ისეთი სითხე მიეღოთ, რომელიც დიდ ლამაზ გამძლე ბუშტებს გამოუშვებდა. მხოლოდ მე-19 საუკუნეში შექმნეს ასეთი სითხე, თანაც  ინგლისში, საპნის ქაფს გლიცერინი ჩაუმატეს, უბრალო წყალი გამოხდილი წყლით შეცვალეს. მე-20 საუკუნის ბოლოს კი საპნის ბუშტებს შეფერილობაც მისცეს,  საღებავები შეურიეს: წითელი, ლურჯი, მწვანე. ეს ცისარტყელას ფერებში შეღებილი საპნის ბუშტები ხშირად გვინახავს პატარებისთვის მოწყობილ ზეიმებზე. დღესაც  საოცარი სილამაზით დაფრინავენ ისინი და იდეებით გვამარაგებენ. შორეული წარსულიდან კი, ახალი იდეების მოლოდინში, ისევ გვიღიმის კაცი, რომელმაც მსოფლიოს საპნის ბუშტები აჩუქა.

No comments:

Post a Comment