Wednesday, December 27, 2017

ყვავილს ვგავარ ბროწეულის

ბზობის მადლით ავსებული
ყვავილს ვგავარ ბროწეულის,
გულში ღვივის სიყვარული
ღვთის შეწევნით მოწეული,
ყვავილ-ყვავილ, ბუჩქებ-ბუჩქებ,
ვენახ-ვენახ, ეზო-ეზო,
ხელებს გვიწვდის მადლით სავსე,
ყველა ქვაზეც მადლი ძევსო.
ბზების სურნელს აყოლილი
გული თითქოს ზეობს ცაში,
ზნეკეთილი ნაყოფივით
ზურმუხტოვან ტოტებს გაშლის,
მოლაღურის მოძახილით
ხარობს ზეცა, სამოსახლო,
ზეაწვდილა უფლის ხელი, -
ჯვარი უნდა გადმოგვსახოს.
ატეხილი ტყე-ჭალები
მიელტვიან ღრუბლის ფთილებს
და ტაძრები, მზენაფერი,
სამომავლოს გვგვრიან იმედს,
რომ იესოს მზერა მნათი
აგვაცილებს ტკივილს ბედად,
ცისარტყელა ფერებს გაშლის,
ვერ გაგვტეხავს დრო და სეტყვა.
არ ექნება დასასრული
სიკეთეს და სიტყვას უფლის,
ბზობის მადლით ავსებული
ყვავილს ვგავარ ბროწეულის.




No comments:

Post a Comment