Wednesday, December 13, 2017

განაჩენია სასტიკი

განაჩენია სასტიკი,
ლუკმას რომ ვერ ჭამს ღარიბი,
დაამუნათებს ცხოვრება, -
მასავით მჭლე და ყარიბი.
განაჩენია სასტიკი,
თუ დაიბადე არიფი,
შრომის საზღაურს მოგცემენ
მხოლოდ დაბალი ტარიფით.
განაჩენია სასტიკი, -
ვერ შეადგინე განრიგი, -
უკეთ მოგეწყო ცხოვრება,
უსახსრობასთან გარიგდი.
განაჩენია სასტიკი,
ვეღარ მოძებნე ბალიში,
ცოტათი რომ შეგესვენა,
მოგფერებოდნენ ბადიშნი.
განაჩენია სასტიკი, -
უღმერთოებთან კავშირი,
გასვრა ლაფსა და ტალახში,
თვით ჯოჯოხეთის ნახშირში.
განაჩენია სასტიკი, -
ვერ იგრძნო მოძმის ტკივილი,
სრულიად რომ არ გაწუხებს
მისი კვნესა და ჩივილი.
განაჩენია სასტიკი, -
პირს შეგყინვია ღიმილი,
ყოფა ხელიდან გეცლება,
დნება პირველი ფიფქივით.
განაჩენია სასტიკი, -
ქვეყნის რომ არ ხარ აბედი,
დაოჩნებული ვირივით
კლდეს შერჩენილი დაბერდი.
განაჩენია სასტიკი....









No comments:

Post a Comment