Friday, December 8, 2017

ვზივართ ფუღუროებში (მეორე ვარიანტი)

ვზივართ ფუღუროებში,
ბუმბულს ვიწმენდთ ნისკარტით,
გამოხრული ფესვებით
სიმწრისაგან ყვირის ხე,
ჩვენ კი თითქოს არ გვესმის,
ტკივილს ვერ ვგრძნობთ მისხალით,
აქეთ-იქით ვარიგებთ
გადაცვეთილ ღიმილებს.
არსაიდან არ მოჩანს
გადარჩენის იმედი,
სიბერისგან გალეულს
მუხლში ძალა აღარ აქვს,
ქართან ომში დაატყდა
ტოტები და წიწვები,
ერთ დროს მძლეთამძლე იყო
ზურმუხტივით ხასხასა.
ზეცაც ვეღარ ამხნევებს
ფერწასულს და სევდიანს,
სადაცაა მიწაზე
დაეცემა მოცელვით,
ბუმბულს ვიწმენდთ ნისკარტით,
არ გვაღელვებს ბევრი რამ,
მასკარადში ჩაბმულებს
დაგვიდვია ფსონები.


No comments:

Post a Comment