Sunday, December 10, 2017

ადამიანების გეშინოდეთ, ადამიანებო! (მოთხრობა)

    წკაპ, წკუპ,...წკაპ, წკუპ,... წვიმის წვეთების წკაპაწკუპი ისმის, საიდან ვერ ხვდება, მაგრამ გული კი უწვრილდება, დარდი შეზრდია მის გულს და სევდა კიდევ უფრო მატულობს წვიმის გაძლიერებასთან ერთად. ერთადერთი ცოცხალი არსება მის გვერდზე ძაღლია, კავკასიური ნაგაზი, ერთმა მეცხვარემ აჩუქა, დიღომში ცხვარს ყიდდა, ლეკვები თან წამოეყვანა, ყველა გაეყიდა.  ერთი-ღა დარჩენოდა, შეეხვეწა, რანაირადაც შეეძლო, კისერი გამოუწია, მე მომეციო, აბა, ფული სად ჰქონდა, რომ ეყიდა?! მეცხვარემ ახედ-დახედა, კეთილი კაცი ჩანხარო და მისცა. გახარებულმა გულში ჩაიხუტა, სულ ფეხით იარა თავის სახლამდე, უფრო სწორად თავის ქოხამდე, კიდევ უფრო სწორად თავის ქოხმახამდე, მშობლებისგან დარჩენოდა, მუხიანის აგარაკებზე ცხოვრობდა, ადრე მცხეთას ეკუთვნოდა ეს მიწა, ახლა ამბობენ თბილისიაო, მაგრამ ტალახებს თავი ვერ დააღწია, ფეხსაცმლის ლანჩებზე სქელი ფენა მოსდებოდა, პარმაღზე გაიხადა მისი გულივით დამძიმებული ფეხსაცმელები, იქვე კარებთან მიყარა და ოთახში შევიდა. ეს ოთახია მისი მშველელი, ის იხსნის ხოლმე დაცინვებისგან, გულსატკენი სიტყვებისგან. ადრე დედა იცავდა ხოლმე, მამაც. ახლა დამცველი არავინ ჰყავს, სრულიად არავინ, მაგრამ ახლა ძაღლი ეყოლება... მშვენიერი, თეთრი, ქუნქულა, მოეწონა, გაიღიმა, უფრო სწორად გაიკრიჭა, რადგან სხვანაირი გაღიმება არ იცოდა იროდიონმა, - ხომ ვაჯობე ყველას ჭკუით, - აბა, ვინმე მომეკაროს, აბა, ვინმემ მაწყენინოს, - ფიქრობდა და ხელის გულებს იზელდა. სულ ერთი ოთახი ჰქონდა იროდიონს, აივნით. ოთახი 12 კვადრატული მეტრი იქნებოდა, მას ყოფნიდა. უყვარდა აივანზე ჯდომა, სახლის სახურავიდან ჩამომავალი წვიმის ნაკადები, ძლიერი წვიმის დროს, და პატარა  წვეთები, როცა ჟუჟუნა წვიმა გადაუვლიდა ქვეყნიერებას, ბავშვობას ახსენებდა, დედ-მამას, ოთახის კედლებს შეხედა, არ მოეწონა, ვარდისფრად იყო შეღებილი, აღარ ახსოვდა, რომ მამამ შეღება, სანამ იროდიონს საავადმყოფოდან გამოწერდნენ. ოცი წელია ამ ფერისაა, ახლა-ღა შეამჩნია, ვარდისფერიც გამუქებულა აქა-იქ, ზოგან გათეთრებულა, ზემოთ ჭერთან ახლოს, ოთახის კუთხეებში ობობებს დაუბუდებია, ქსელები გაშავებულა, მაგრამ იროდიონი მათაც ვერ ამჩნევს, თორემ აუცილებლად გაწმენდდა. არ უყვარს ჭუჭყი იროდიონს, მაგრამ ყველაფერს ვერ გასწვდება, ვერ გააკეთებს. ახლა ძაღლი იქნება მისი დამხმარე, ეტყვის მოიტანეო და მოიტანს, თორემ აქამდე მხოლოდ მას ავალებდნენ: - იროდიონ, ტვირთი წამომაღებინე ბაზრიდან! - იროდიონ, ნაგავი გადაყარე!  იროდიონიც მორჩილად მიჰყვებოდა რომელიმე მეზობელს ბაზარში, მიჰქონდა ნაგვის ტომრები ხრამში გადასაყრელად,  იქნებ მერე ერთი-ორი ლუკმა მაინც აჭამონ, ზოგიერთი ამჟავებულ საჭმელს დაუსხამს ხოლმე, თან ამადლის, ამის ფასი რა გააკეთეო. მეორე დღეს იროდიონი ეზოდან ვეღარ გამოდის, იქაურობას მიეჯაჭვება ხოლმე. სახლში ტუალეტი არა აქვს, ეზოში უდგას, შავი ფიცრების გროვა, კარები აღარ იკეტება სიძველისგან. ხანდახან კარგი კლიენტებიც გამოუჩნდებიან ხოლმე, მიწას დააბარინებენ, ბალახს გაათიბინებენ, ვისაც საქონელი ჰყავს, საქონელი კი ბევრსა ჰყავს, საქმეც არ ელევა იროდიონს. დაღლილ-დაქანცულს არაყს დაალევინებენ, ცეცხლთან გაათბობენ, ერთი-ორ ნაჭერ მწვადსაც გაადაუგდებენ, 5-10 ლარს ჩაუდებენ ჯიბეში, კაცები რატომღაც უფრო კეთილები არიან, - ფიქრობს იროდიონი, როცა არყით შებუჟბუჟებული ბუქნაობს და ცეკვავს ცეცხლის პირას, თანაც იკრიჭება, იმიტომ რომ სხვანაირი სიცილი არ იცის, -პარეზი გაქვსო,- ეუბნებოდა დედა, - მინინგიტის მერე დაგრჩაო, - მაგრამ იროდიონმა არ იცის რა არის პარეზი ან მინინგიტი, უხარია და ცეკვავს, ტრიალებს, ბზრიალებს, - ასა, ასა, - იძახიან კაცები და ტაშს უკრავენ. სიხარულისგან თვალები უბრწყინავს, ცეცხლი მის სახეს ანათებს და კეთილშობილ იერს აძლევს, ვინ იცის, ვისი შთამომავალია უბედური იროდიონი, ბედნიერად მოცეკვავე და სახეაწითლებული. ამას წინათ ცეცხლში ლამის ჩავარდა, - კარგი, კარგიო,- დაუძახეს, ძლივს გააჩერეს შეზარხოშებული. დევივით კია, მაგრამ ჭკუა ბავშვის აქვს, მეზობელ ნიასთან როცა შედის, ის გვერდზე მოისვამს ხოლმე, ფანქრებს მისცემს ხელში და ხატავენ. ნია უკეთესად ხატავს, ვიდრე იროდიონი, იმიტომ რომ ის ლამაზია, პეპელასავით ლამაზი, აი, გარეთ ლამაზ-ლამაზი პეპლები რომ დაფრინავენ, ისეთია, - ფიქრობს იროდიონი, კარგად ვერ ხატავს, მაგრამ ნია ასწავლის ხატვას, ის სკოლაში ათოსანია. ხანდახან იროდიონი თვალს გააპარებს ხოლმე მაგიდაზე ჩამომდგარი ბროლის ვაზისკენ, შიგნით ფოჩიანი კამფეტები დევს, ნია მიუხვდება ხოლმე, რა უნდა და ვაზას აწვდის, რამდენიც გინდა ჭამეო. დარცხვენით იკრიჭება იროდიონი და ერთ-ორ კამფეტს პირში იტენის, რამდენიმეს ნია ჯიბეში უდებს, აქედან რომ წახვალ, მერე ჭამეო. ახსენდება, გარეთ ძაღლი ელოდება, ძაღლს ნიასთან სახლში არ უშვებენ, მაგრამ თეფშით საჭმელს კი დაუდგამენ ხოლმე. ამიტომ უყვარს აქ მოსვლა. სახლში სითბო და სისუფთავეა, უხარია იროდიონს, როცა ზოგჯერ ბავშვის ყარაულად ტოვებენ, ის სახლს შიგნიდან იცავს, ძაღლი - გარედან. ნიას დედა, ქალბატონი მაიკო, აფრთხილებს, ოთახში არაფერს მოჰკიდოს ხელი, არადა რა ლამაზი ნივთებია?! ერთი სურათი მოსწონს, ოქროსფერ ჩარჩოშია, მონადირე მთის ბილიკით დაბლა ეშვება, ერთ მხარზე ნანადირევი გადაუკიდებია, მეორეზე - თოფი. ძალიან უნდა თოფი ჰქონდეს, ნამდვილი თოფი, ისეთი სურათზე რომ არის დახატული, მაგრამ ასეთს ვინ მისცემს, ხელში ვინ დააჭერინებს?! ერთ კედელზე თოჯინები ჰკიდია, ფაიფურის, ლამაზი სახეები აქვთ, ერთი ბიჭი თოჯინაცაა, დიდი, დევს ჰგავს, ზუსტად იროდიონივით იკრიჭება, პატარა რქებიც აქვს, ხუჭუჭა თმებში ჩამალული. იქვე მეორეც ჰკიდია,  პატარა, გამხდარი, ისიც ქოჩორა, თავზე კახური ქუდით, კოპლებიანი პერანგით, პერანგი თეთრია, გაწკრიალებული, იმიტომ რომ ქალბატონი მაიკო ხშირად აბანავებს თოჯინებს, ტანსაცმელს ურეცხავს, იროდიონსაც ურეცხავს ხოლმე, ექიმია, ბაცილების ეშინია. მეზობლის ქალები ეუბნებიან , - მაგ სულელს ბავშვს როგორ ანდობო,- ესმის და სწყინს იროდიონს, მაგრამ ხმას არ იღებს, იმიტომ რომ ლაპარაკი არ იცის, რამდენიმე ბგერას წაიღმუვლებს ხოლმე, მაშინვე აჩუმებენ, მისი მოსმენა არავის უნდა. მარტო თავის ქოხში, ყვირის, მღერის თავის ენაზე, რომელიც არავის ესმის ძაღლის გარდა. ქალბატონი მაიკო არავის  არაფერს პასუხობს, მხოლოდ იცინის, თეთრი კბილები მოუჩანს. ნიას მამა - უშანგი მხატვარია, ნადირობაც უყვარს, ამოიღებს ხოლმე ძველ მამაპაპურ თოფს ანტიკვარული ზანდუკიდან და წმენდს, იროდიონი თან ხატავს, თან თოფს უყურებს, ძალიან მოსწონს თოფი იროდიონს. ნიას ძმაც ჰყავს, სტუდენტი, უჭირს მუხიანის აგარაკებიდან ინსტიტუტში სიარული, ფეხით ჩადის დუმბაძის ბოლომდე, მერე ტრანსპორტში ჯდება. სამარშრუტო ტაქსები დადის დასახლებაში, ოღონდ ცუდ ამინდებში - არა, ამ ოღრო-ჩოღრო გზებზე სიარულში მანქანები ფუჭდება. ნიას ძმაც მეგობრობს იროდიონთან, ხანდახან ლიმონათს მოუტანს ხოლმე ქალაქიდან.
    როცა იროდიონს საქმე არა აქვს, ეს ძირითადად ზამთრობით ხდება ხოლმე, მაგრამ წელიწადის სხვა დროსაც გამოერევა ასეთი დღეები, დაწვება  თავის ძველსძველ ზამბარებიან საწოლზე, ხან ალუმინის რიკულებს შესცქერის, ხანაც ჭერს. სახლის სახურავზე ოფოფები ცხოვრობენ, რაც თავი ახსოვს, სულ იქ არიან, ხმაურობენ, ჭყიპინებენ, სანამ შვილებს წამოზრდიან, მაგრამ იროდიონს არ აწუხებს მათი ხმაური, მათგან სითბოს გრძნობს, მისი არც ფრინველებს ეშინიათ, ლამისაა თავზე დაასხდნენ ხოლმე, ეზოში პურს როცა ჭამს, იროდიონი მათ გადაულოცავს, ბარტყებს აჭამეთო, თვითონ მშიერი რჩება, მერე კი ღმუის თავის ოთახში შიმშილისგან აწრიალებული. თუ ნამეტანი მოუვა და ნიას დედამ გაიგონა მისი ყვირილი, უფრო სწორად, ღმუილი, პურს მიუტანს  და აივანზე დაუწყობს, თავის გამომცხვარს, მერე კარებზე დაუკაკუნებს, შესძახებს, პური მოგიტანეო და გაუჩინარდება. უხარია ყურადღება იროდიონს.
        ნია წამოიზარდა, დაქალიშვილდა, ახლა ერთად აღარ ხატავენ. იროდიონს ახლა სხვა დავალება მისცეს, სკოლამდე უნდა მიაცილოს გოგონა და მერე სკოლიდან წამოიყვანოს. უხარია იროდიონს ნიასთან ყოფნა, თვითონ ხმას არ იღებს, არ უნდა გოგონა შეაშინოს. ის და ძაღლი ჩუმად მიუყვებიან სკოლისკენ მიმავალ გზას, მხოლოდ ნია ტიტინებს, უყვება იროდიონს იმ მთისას და ამ ბარისას, სკოლის ამბებს, ზოგჯერ მასწავლებლებზე ბრაზობს, ზოგჯერ მშობლებზე. ყველაფერი იცის იროდიონმა, რა აწუხებს ნიას, რა უყვარს, რა არ უყვარს. იცის რომ ნიას გვირილები უყვარს. ერთხელ გვირილებით ხელში დახვდა ნიას სკოლის ეზოში. უნდოდა გოგონა გაეხარებინა. სხვანაირად გაიგეს. ბიჭები ჯოხებით გამოეკიდნენ საცემრად. ძაღლმა არ მიუშვა. ჭორები ააგორეს, ნიას მშობლებმა გოგონასთან ახლოს მისვლაც კი აუკრძალეს. დაილია გოლიათი დარდისაგან. თვითონ რომ ვერაფერი დაუშავეს, ძაღლი მოუწამლეს. ავად გახდა ნაგაზი. ერთხელ შინ დაბრუნებულს მკვდარი დაუხვდა, ეზოში დაგდებულს ზედ ყვავები დასხდომოდნენ და გულ-ღვიძლს უკორტნიდნენ, ყვავები შესძულდა, იფიქრა, ამათ მოკლეს ჩემი ერთგულიო. მეორე დილას თოფის ხმამ გააღვიძა დასახლება. იმ ღამით იროდიონს თოფი მოეპარა ნიას სახლიდან და ტყვიებს გამეტებით უშენდა ყვავებს, თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ნიას მამამ და ძმამ ძლივს გამოგლიჯეს ნაგოლიათევს თოფი ხელიდან. დასახლება აფორიაქებულიყო, ემანდ ჩვენც არ დაგვხოცოსო. სინდისმა შეაწუხათ. თოფი რომ აღარ ჰქონდა, ქვები დაუშინა ყვავებს, ამათმა მომიღესო ბოლო, ამათმა გამთვალესო. - ფიქრობდა.მას მერე სახლიდან იშვიათად თუ გამოიხედავდა. შეკრთა სოფელი, ინანეს თავისი საქციელი, ხანდახან კარებს რომელიმე მეზობელი მიადგებოდა თეფშით და პურით ხელში, აივანზე დატოვებდა საჭმელს, ოთახში შესვლას ვერავინ ბედავდა, ისე დაუძახებდნენ, ისიც ღმუილით პასუხობდა. ერთ დღეს ოფოფები ახმაურდნენ, იქაურობა გადააჭრელეს, ბევრნი იყვნენ, საიდან მოვიდნენო, მეზობლებს უკვირდათ, რა ხდებაო იროდიონის სახლში, ჩუმ-ჩუმად მიიპარნენ, ფრინველების ეშინოდათ, არ დაგვკორტნონო. ჭირისუფლებივით ჩამომსხდარიყვნენ იროდიონის მამის დარგულ ხეებზე. შეიხედეს ოთახში, ფანჯრებიდან შემავალ მზის შუქს იქაურობა გაენათებინა. იროდიონის სპეტაკ სახეს ნათელი მოჰფენოდა. ხელში ნიას ნაჩუქარი ფანქრები ჩაებღუჯა, ძირს დავარდნილ ფურცელზე გოგონა ეხატა, გვირილებით ხელში, გვერდზე - გოლიათი და ძაღლი. შეაგროვეს ფული და დაასაფლავეს იროდიონი. მას მერე ქოხში შესვლას ვერავინ ბედავდა ნიას გარდა. ნია ჩამოჯდებოდა ხოლმე აივანზე, როგორც იროდიონი, თვალს არ აშორებდა სახურავიდან წამოსულ წვიმის ნაკადებს, როცა ძლიერ წვიმდა და წვიმის პატარა წვეთებს, როცა ჟუჟუნა წვიმა გადაუვლიდა ქვეყანას. გოგონამ იცოდა, რომ წვიმის წვეთები ისეთივე სუფთა იყო, როგორც იროდიონის გული. ოფოფები კი არსად წასულან, მართალია, პურს აღარავინ აჭმევდა. ალბათ უკვე რომელი თაობა დებდა კვერცხებს იროდიონის ქოხის სახურავზე, მათთვის მყუდრო და თბილ ბინაში...მხოლოდ ხანდახან გადაუვლიან ხოლმე ოფოფები ქვეყანას ძახილით, -  ადამიანების გეშინოდეთ, ადამიანებო!

No comments:

Post a Comment