Monday, May 20, 2019
იმერეთი, ნათელა (მოგონებებიდან)
ძალიან მიყვარდა იმერეთი. ზაფხულობით ჩემი და-ძმები უკრაინაში წასვლას ამჯობინებდნენ ხოლმე, მე კი არსად არ მინდოდა დასვენება იმერეთის გარდა. ბიძაშვილებთან კარგ დროს ვატარებდი. მთაგორიანი იყო ის სოფელი, სადაც ჩავდიოდი, მდინარით, მთებითა და ტყეებით, უნიკალური ჰაერით. ბიცოლაჩემის გაკეთებულ ლობიოს კი არაფერი სჯობდა, არ ვიცი, მწვანილს: პრასს, ქინძსა თუ სხვას ჰქონდა ასეთი გემო და სურნელი თუ იქ მოყვანილ ლობიოს, მაგრამ ისეთი გემრიელი აღარასოდეს მიჭამია. დაგვიცხობდა ბიცოლა მჭადებს და იცოცხლე, ვეძგერებოდით დამშეულები, მთელი დღის ნარბენ-ნათამაშევნი. რა გემრიელი იყო ის პირველი ლუკმა, პირში რომ ჩაგვადნებოდა ხოლმე, ენერგიით გვავსებდა, ისევ სათამაშოდ განგვაწყობდა, ჭამის დროსაც არ ვისვენებდით, ვღლაბუცობდით, ვლაპარაკობდით, ვხუმრობდით, ვხითხითებდით, და არც ბიცოლას რჩევა-დარიგება გვესმოდა, დაწყნარდით, ლუკმა არ გადაგცდეთო და არც ბიძაჩემის. ერთადერთი რისაც მეშინოდა, მეზობელი ქალის გამოჩენა იყო, ჭროღათვალებიანი ქალბატონისა, რომელზეც იძახოდნენ ავი თვალი აქვს და თუ თვალი გკიდა, ე. ი. არასწორედ შემოგხედა, დაღუპულია შენი საქმეო. ერთხელ მახსოვს, ასეთ ამბავსაც შევესწარი: ჩვენმა ძროხამ რძის მოცემა შეწყვიტა, აღარ იწველებოდა. აფორიაქდა ბიცოლაჩემი ვენერა, ბევრი ეხვეწა და ეფერა ძროხას, რძეს ნუ დაგვიძვირებ, ბავშვებმა რაღა ჭამონ, ყველი თუ ვერ ამოვიყვანეო. იქაურ ყველსაც საოცარი გემო ჰქონდა, ნამდვილი, იმერული. მერე ისა თქვა, ნათელამ ჩაიარა, ძროხა რომ ეზოში იყო, ნამდვილად მაგან გათვალაო, არც აცია, არც აცხელა, წავიდა და სთხოვა, ძროხას გამოულოცეო. მოვიდა ის ქალი, კარის ღრიჭოდან გამოვხედე, არ ვიცი, რა ებურტყუნა ჩვენს ძროხას, რაღაცა წამალიც დატოვა, ეს დაალევინეთ ხოლმე, ძუძუები სტკივაო, ბიცოლაჩემის აზრით, რა თქმა უნდა, ეს თავისი შავბნელი საქმიანობის გასასამართლებლად მოიგონა. ბიცოლამ დიდი საჩუქრებით გაუშვა სახლიდან, მგონი ერთი-ორი საკაბეც გაატანა, მაშინ გახსოვთ ჩემს ტოლებს, ალბათ, ქსოვილები საკმაოდ ძვირი იყო. მას მერე ძროხამ წველადობას ერთი-ორად მოუმატა კიდეც, მაგრამ ვენერა ბიცოლა იხტიბარს არ იტეხდა, სულ მაგ კუდიანის ოინებია, ხშირად რომ დავუძახო ხოლმეო. მთელ სოფელში იყო გავარდნილი ხმა ამ ქალის ავი თვალის შესახებ და თუ რამე კარგი ჰქონდათ, ეზოში არ გამოიტანდნენ, ვითომ ავი თვალისგან იფარავდნენ. ბიცოლაჩემისთვის ჩემზე ძვირფასი არავინ იყო, ჩაბარებული ბავშვია, ქალაქელი, ლამაზი, ემანდ თვალი არ ეცესო და ნათელას დაინახავდა თუ არა, ეგრევე სახლში შემარბენინებდა ხოლმე, საჭმლის ჭამაზეც თუ გავძალიანდებოდი, ჭამა არ მიყვარდა დიდად, ახლავე ნათელას დავუძახებო, მეტყოდა და მეც თავდაუზოგავად მივაყოლებდი ლუკმას ლუკმას, თვალი არ მეცეს, ავად არ გავხდე, ბავშვებთან როგორღა ვითამაშებ-მეთქი. ერთხელაც ბიძაშვილები სკოლაში წავიდნენ წიგნების წამოსაღებად, სწავლა იწყებოდა. ნაშუადღევს, მათი მოსვლის დრო რომ დადგა, მათ შესახვედრად გავეშურე, კალათიც გავაყოლე ხელს, მაყვალს მოვკრეფ-მეთქი გზადაგზა. მივდივარ, აქეთ-იქით ვიცქირები, მაყვლის ბუჩქებს ვათვალიერებ, მწიფე ნაყოფს რომ დავინახავ, გადავეტოტები, დამეკაწრა ხელ-ფეხი. ძაღლი ბახულა ბუჩქნარში არ შემოდის, გზიდან ფეხს არ იცვლის, შორიდან მიყურებს. ფეხის ხმა შემომესმა, გზაზე ვიღაცა მოაბიჯებდა, მივიხედე, ნათელა დავინახე, თავსაფარწაკრული, თავისი ლამაზი მომწვანო-ლურჯი თვალებით, აი, ახლა აქვე გავშეშდები-მეთქი, გავიფიქრე და შიშისგან ფეხის გადადგმაც გამიჭირდა. ვდგავარ და ვუცქერი. მომნუსხველი მზერით შემომხედა, - ვენერას მაზლიშვილი ხარო - მკითხა და გულღიად გამიცინა. მაინც არ მჯეროდა მისი სიცილის, - კუდიანია, ლამაზ ქალად გადაიქცა, მერე ისევ ბებერ ჯადოქრად გადაიქცევა-მეთქი. ნათელამ ხელი მომკიდა, ბუჩქნარიდან გამომიყვანა, - როგორ დაკაწრულხარ, პატარა, - ალერსიანად მითხრა, თავზე ხელი გადამისვა, ლოყებზეც მომითათუნა, მერე მაყვლით სავსე თავისი კალათიდან მაყვალი გადმომიყარა ჩემს კალათში, გამივსო, - აჰა შენა გქონდეს, ჭამეო, - და სიცილით გაუდგა გზას. ბიძაშვილებს აღარ დავლოდებივარ, გახარებული სახლში გავიქეცი, არაფერი მომივიდა-მეთქი, თან მაყვლით სავსე კალათაც მივიტანე, - არ ყოფილა ცუდი ქალი ნათელა, მაყვალი მომცა, - ვუთხარი ბიცოლას. რა თქმა უნდა, არავინ დამიჯერა. მაყვალი კი ბიძაშვილებმა გავინაწილეთ და გემრიელად მივირთვით, არ შემშინებია, კუდიანის დაკრეფილი რომ იყო.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment