ახლა ისევ კატებს მივუბრუნდეთ, ქალაქში, იმ კორპუსის ეზოში, სადაც მაია ცხოვრობდა, ერთ დღეს დედა კატა გამოჩნდა პატარა კნუტით. ორივე ძალაინ ლამაზი იყო. უნდოდა მაიას, კნუტს მოფერებოდა, მაგრამ დედა კატა კნუტს არავის აკარებდა, ყველას წინ გადაუდგებოდა, ვინც მიუახლოვდებოდა, კუდს შემართავდა, ბეწვი აეშლებოდა, ყველა ერიდებოდა მასთან შებმას, კნუტიც უსაფრთხოდ გრძნობდა თავს დედის გარემოცვაში. სად მალავდა შვილს, ისიც არავინ იცოდა. ერთ დღესაც კატა დაიკარგა. შეწუხდა გოგონა, კნუტი მშიერი დარჩებაო, დიდხანს იარა, ეძება, მაგრამ ვერ იპოვა. მეორე დღეს ეზოში მყოფს კნავილი შემოესმა, ხმას მიჰყვა და ერთი ავტოფარეხის კუთხეში კნუტი შეამჩნია, მშიერი, გაწამებული, დედის ლოდინით დაღლილი საფარიდან გამოსულიყო, არავინ წაიყვანოსო, გაიფიქრა გოგონამ, ხელში აიყვანა და სახლში წავიდა. უვლიდა, აჭმევდა, ეთამაშებოდა, კნუტიც შეეჩვია მაიას. ერთი კვირის შემდეგ დედა კატა დაბრუნდა ეზოში, შვილს ეძებდა, ტიროდა. მაიას არ უნდოდა კნუტის სახლიდან გაშვება, მაგრამ დედამ უთხრა, ცოდოა დედა კატა, ეს ერთი შვილი ჰყავს, დარდით მოკვდებაო. რაღა ექნა მაიას, ჩაუყვანა კნუტი დედას, მათი შეხვედრის სცენას მთელი ეზო უყურებდა, ისეთი გულისამაჩუყებელი იყო. ბევრი ეფერა შვილს დედა კატა, კნუტიც სიხარულით შეჰკნაოდა. მაია იქვე იდგა და ცრემლებს ყლაპავდა. მოულოდნელად კატა გოგონასთან მივიდა და მუხლებზე გაუხახუნა თავი, ამით მადლიერებას გამოხატავდა, მიხვდა მაია. მას მერე დედა კატა მარტო მაიას აძლევს კნუტთან თამაშის უფლებას. უხარია, რომ გამორჩეულია სხვა ბავშვებს შორის.
Thursday, May 30, 2019
გოგო მაია და კატის კნუტი (ბავშვობის მოგონებებიდან)
გოგო მაიას ძალიან უყვარს კატები და საერთოდ, ცხოველები, ფრინველებიც. თქვენ წარმოიდგინეთ, მწერებიც, მათთანაც თამაშობს. როცა სოფელში ბებიასთანაა, მინდორში გასული, პეპლებს დაჭერობანას ეთამაშება, კალიებსაც დასდევს. გადახტება კალია ბალახის ერთი ღეროდან მეორეზე, მიეპარება, უკანა ფეხებში სტაცებს ხელს, ფართხალებს კალია, შეეცოდება მაიას და გაუშვებს, გადახტება კალია ისე შორს, გოგონა ვეღარ ხედავს, ამიტომ თავს ანებებს მასთან თამაშს. ახლა პეპელას გამოედევნება, ჩაუსაფრდება, როდის დაჯდება ყვავილზე, მერე, როცა პეპელა ფრთებს მოკეცავს, სტაცებს ხელს, მაგრამ იცის, დიდხანს არ უნდა ეჭიროს, პეპელას ფრთები დაუზიანდება და ისეთი ლამაზი აღარ იქნება, მალე იმასაც უშვებს ხელს. ჭიამაიები ხომ მისი საყვარელი მწერებია, მათ სახელში ხომ მისი სახელი ურევია, "მაია", ამიტომაც განსაკუთრებით უყვარს, დაიჭერს, ხელზე დაისვამს და ეკითხება: "ჭია, ჭია, მაია, დღეს როგორი დარია? თუ ჭია ადგილზე დარჩა, ცუდი ამინდი იქნება, თუ გაფრინდა -კარგი, ასე უთხრა ბებიამ, ამიტომაც მაიამ ყოველთვის იცის, როგორი ამინდი იქნება, ის კი არა და, ბაყაყები თუ ძალიან ყიყინებენ, იწვიმებსო, კიდევ ერთი წვიმის ნიშანი აუწყა მოხუცმა, ამიტომ როცა ძალიან ყიყინებენ, ეხვეწება ხოლმე, ნუ ყიყინებთო, წვიმა არ უყვარს გოგონას, მინდორში ხომ ვეღარ ირბენს?!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment