Wednesday, May 8, 2019
მატარებელში (მოგონებებიდან)
მატარებელში ვსხედვართ და ფანჯრებიდან უკრაინის სტეპებს გავყურებთ, მიყვარს ხან მწვანე, ხან ოქროსფერი ველების ყურება, გზადაგზა ნახშირის მთები გვხვდება, საბადოებიაო, მიხსნის, მამა, ეს შავი მთებიც მომწონს, უკიდეგანო ველებიც, ჩაიც, საღამოს, ძილის წინ რომ ჩამოგვირიგებენ, ვაგონის გამცილებელს მოაქვს თხელი გამჭვირვალე ჭიქებით, ზოჯერ ორი წითელი ზოლიც დაჰყვება ზედა მხარეს წრიულად, ჭიქები აუცილებლად მელხიორის სადგამებშია, ასე ამბობს დედა, წკარაწკური გააქვთ ჭიქებს ლანგარზე ვაგონის დერეფანში, მერე ფრთხილად აკაკუნებენ კარზე, იციან, აქ ბევრი ბავშვებია, შეიძლება ზოგიერთს ეძინოს, სავსე ჭიქებით დახუნძლული ლანგარიანი გამცილებელი კუპეში შემოდის და სათითაოდ გვაწვდის ჩაის , შაქრის ნატეხებს გვიყრის დედა ჭიქებში, უზომოდ ბედნიერი ვარ, ისე ჩაის სმა არ მიყვარს, მაგრამ აქ ეს რიტუალია, ამის გარეშე თითქოს წარმოუდგენელია მატარებელში მგზავრობა, როცა მამას და დედას იმერეთში მივყავარ, ყოველთვის ვეკითხები, აქ ჩაი რატომ არ შემოაქვთ-მეთქი, მიხსნიან, რომ აქ მოკლე მანძილზე გადაადგილდება მატარებელი, ღამით ვიძინებთ და დილით ზესტაფონში ვართ, არაა საჭირო ჩაის დალევა, ტუალეტში შესვლა მოგინდება, ხშირად სიარულით კი ღამით მგზავრებს შეაწუხებო, მაგრამ არ ვიჯერებ და მაინც დაჟინებით ვითხოვ ჩაის, მამა იძულებულია ვაგონ-რესტორანში წავიდეს და იქიდან მომიტანოს, როცა მარტო დედას მივყავარ, ჩაის გარეშე ვრჩები, ახლა კი, თბილისი-მოსკოვის მატარებელში ვზივარ და პირს ვაწკლაპუნებ, ცხელ ჩაის გამალებით ვისრუტავ, თითქოს მეშინია, ისევ საქართველოს მატარებელში არ აღმოვჩნდე, სადაც გამცილებელი ჩაი არ მოგვიტანს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment