Monday, May 13, 2019
უსახლკარო (ნოველა)
ცხოვრებაში ყველფერი ხდებაო, ამაზე არის ნათქვამი. პლეხანოვზე გაიზარდა, ახლა აღმაშენებელს რომ ეძახიან. ახლაც ვერ სცილდება იქაურობას, თუმცა სახლი აღარა აქვს. ყოფილმა ცოლმა დაისაკუთრა, აქირავებს, შვილს რჩენა სჭირდებაო, ცერებრალური დამბლა აქვს გოგონას, რაღა გოგონა, უკვე დიდი ქალია, კაცი გარეთ გამოაგდო, დადის ახლა აღმა-დაღმა, ხან სად ათენებს ღამეს, ხან - სად. ძირითადად ქუჩაშია, სმას მიეძალა, უბნელ ბიჭებთან ერთად იყიდის ერთ-ორ ჭიქა არაყს, გადახუხავს, ილაპარაკებენ ბიზნესზე, ეს გავაკეთოთ, ის გავაკეთოთო, მაგრამ "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო", არაფრის თავი რომ არა აქვთ?! იყიდება და იყიდება იქაურობა, მიმდებარე ქუჩებზე სახლები, უყურებენ ძველ-ბიჭები, როგორ იცვლება ფასადები, ახალი მეპატრონეები ყოჩაღები არიან, მიაშენებენ, მოაშენებენ, ძველ ნანგრევებს აიღებენ, სადაც მერია ამის ნებას დართავს, ახალს დადგამენ, სასახლეს, მერე ოთახებს აქირავებენ, სასტუმროდ აქციეს იქაურობა, ამათ კი უკვე დათრობის თავიც აღარა აქვთ, თანაც რომ დათვრე და დებოში ატეხო, თუნდაც იმღერო ძველებურად "მრავალჟამიერი", ეგეც არ გამოდის, ხალხს "ბიზნესი" აქვს, უცხოელები დარბიან ტარაკნებივით, ვერ შეაწუხებ, ხელს ვერ შეუშლი მეზობელს. რამდენ ქვეყანაშია ნამყოფი, ხან მანქანები ჩამოჰყავდა გერმანიიდან, ხან ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარდა, ხან ამერიკაში წავიდა, მაგრამ ჩასვლისთანავე მამა გარდაეცვალა და უკან დაბრუნდა, ისრაელშიც იცხოვრა, ელექტრიკად მუშაობდა, წასასვლელი ფულით ყოველთვის ყოფილი ცოლი აფინანსებდა, ალბათ, ფიქრობდა, წავიდეს და აღარ დაბრუნდესო, მოუსავლეთშიც დიდი სიამოვნებით გააგზავნიდა, რაც მისგან უსიამოვნებები ჰქონდა ნაწვნევი, მაგრამ რა ქნას, ვერსად რომ ვერ გაძლო?! ახლაც დადის, ტუალეტს ეძებს, რომელიმე მეგობრის სახლში შევა, არაა პრობლემა, მათი ცოლები კი უბღვერენ, მაგრამ არა უშავს, აიტანს. საღამო ხანს სვანეთის უბნის გზას ფეხით დაადგება, ერთმა ღვთისნიერმა კაცმა სარდაფი დაუთმო, კერძო სახლი აქვს, ნასვამი უფრო მხიარულად ივლის, მივა, აანთებს ფანარს, დადგამს, გაინათებს სოროსა...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment