Thursday, May 30, 2019

ლალიკო (საბავშვო მოთხრობა)

                               ლალიკო

ლალიკო ვერა და ვერ იძინებდა, სტუმრად მისულს რამდენიმე ლეიბი დაუგეს და ბუმბულებში ჩაფლულს, მასპინძლის ვარაუდით, უნდა ღრმად ჩასძინებოდა, მას კი ერთი აზრი აეკვიატა, რადგან არ მეძინება, იქნებ მეც პრინცესა ვარ მუხუდოს მარცვალზეო. ის ზღაპარი გაახსენდა, პატარა გოგონა რომ ვერაფრით იძინებდა, რადგან ქვეშაგების ქვეშ ერთი მუხუდოს მარცვალი იდო. ამით ხანშიშესული დედოფალი და მეფე მიხვდნენ, რომ ნამდვილ პრინცესასთან ჰქონდათ საქმე, თუმცა გოგონას არც სადედოფლო კაბა ეცვა და არც გვირგვინი ედგა თავზე და სასახლეშიც თავიდან ბოლომდე წვიმაში ამოლუმპული მივიდა. თვითონ მან, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ნამდვილი პრინცესა იყო და ამას არც მალავდა, რაც დადასტურდა კიდეც, - ნამდვილი პრინცესა ხომ ისეთი ნაზი უნდა იყოს, რომ ლეიბების ქვეშ ერთი პატარა მუხუდოს მარცვალიც იგრძნოს. ლალიკომ ტუჩები დაბერა, გაბუტულის სახე მიიღო და გაიფიქრა, ხვალვე გამოვაცხადებ, რომ მეც პრინცესა ვარო. ადრე გაღვიძებულს მასპინძლისთვის უნდოდა ეთქვა, გუშინ მთელი ღამე არ დამეძინა თქვენს ბატის ბუმბულებიან ლოგინში, ესე იგი პრინცესა ვარო, მაგრამ უზრდელობა იქნებოდა ასეთი საქციელი, მასპინძელი ხომ შეწუხდებოდა ამის გამო, სტუმარმა რატომ ვერ მოისვენაო, ამიტომ არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ გამოუცხადა ვანო ძიას, პრინცესა ვარო და ხელი გაუწოდა საკოცნელად. ძიას ცოტა კი გაუკვირდა პატარა ლალიკოს საქციელი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, ფუმფულა ხელზე აკოცა, მერე ხელში აიტაცა და პირის დასაბანად წაიყვანა, იმიტომ რომ პრინცესებიც იბანენ ხელ-პირს, თანაც განსაკუთრებით გულმოდგინედ, ისინი ხომ ყველაზე ლამაზები უნდა იყვნენ! მერე საუკეთესო სავარძელიც დაუდგა ლალიკოს მაგიდასთან, საჭმელიც საუკეთესო ჭურჭლით მიართვა, მერე ზღაპრებიც წაუკითხა, თან შეჰპირდა, ჩემი ლევანი და შენ რომ გაიზრდებით, დაგაქორწინებთო, როგორც იმ ზღაპარშია, "პრინცესა მუხუდოს მარცვალზეო", გოგონას ეშმაკურად გაეღიმა, ძია ვანო, ალბათ, მიხვდა, რომ ნამდვილი პრინცესა ვარო და გახარებულმა მშობლებს დაუწყო ლოდინი. მალე ისინიც გამოჩნდნენ. ახალშემოსულებს ძია ვანომ გამოუცხადა, რომ მათი ქალიშვილი ნამდვილი პრინცესა არის და განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს. პატარა ლალიკო ეტლში ჩასვეს, ნამდვილ ეტლში, ორი ცხენი შეაბეს, რომლებიც ბაფთებით მორთეს და ასე მიაბრძანეს გოგონა სახლში. სახლში მისული ლალიკო, რომ იტყვიან, ბუზს არ ისვამდა თავზე: ბებია სუფრას უწყობდა, დედა აცმევდა და ხდიდა ტანსაცმელს, მამას სასეირნოდ გაჰყავდა. ხელჩაკიდებული მამა-შვილი იქვე ახლოს მდებარე ტბის ნაპირას სეირნობდა, საღამოობით ზღაპრებს უკითხავდა. გავიდა ერთი კვირა, გოგონამ მოიწყინა, საწყლად იყურებოდა ფანჯრიდან, ბატებთან და იხვებთან თამაში მოენატრა, ცუგაც მხიარულად უყეფდა გარედან, სახლში ხომ არ უშვებდნენ, პრინცესას გააჭუჭყიანებს თავისი ბინძური თათებითო. ერთადერთი მეგობარი ფისო შემორჩა, ფანჯრის რაფაზე მწოლიარე. მინდორში სირბილიც მოენატრა პეპლის საჭერი ბადით ხელში, საღამოობით ციცინათელებით სავსე ცა. ერთ დილას გოგონა ტირილით ადგა ფეხზე, - აღარ მინდა პრინცესობა... - გულამოსკვნით ქვითინებდა. მთელი ოჯახი გარს შემოეხვია, აწყნარებდნენ, ესიყვარულებოდნენ, - შენ ყოველთვის ჩვენი პრინცესა იყავი და იქნები, - ეუბნებოდა მამა, - არა აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებ, ბლის ხეზე დასკუპდები თუ მდინარეზე ივლი საბანაოდ სხვა ბავშვებთან ერთად, ამას პრინცესებიც აკეთებენ. - მთავარია სიკეთე თესო, - ეუბნებოდა ბებია, - პრინცესებიც თამაშობენ და სწავლობენ, - ეუბნებოდა დედა. - ლალიკომ თვალებზე ცრემლი მოიწმინდა, სათითაოდ ჩაეხუტა დედას, მამას, ბებიას. მერე გარეთ გავიდა და ხიდან თუთის კრეფა დაიწყო.

5/30/19 9:33 AM

No comments:

Post a Comment