ხეების ჩრდილში საბაბი მაქვს ფიქრის და ღელვის,
ჭიატობენ და სუნს აფრქვევენ მსხალი და ლეღვი,
ჩამოქნილია თითქოს მზისგან ყვითელი მსხალი,
არ არის მასში ზედმეტობა ერთი მისხალიც.
თეთრი ლეღვების აკიდულა რიგი და წყება,
თითქოს ავხორცი შეჩენია, ძალადობს ვნება,
გახსნილ ტუჩთაგან გადმოღვრილი ნექტარით ტკბილით
მიუზიდიათ ფუტკარი და მზადდება ცვილი.
ვიხსენებ წარსულს, ჩემს ბებიას, მურაბით ვარდის,
აქვე ეზოში რომ ყვაოდა ფაქიზი დარდით,
მისი სურნელით დავდივარ და სიყვარულს ვაფრქვევ,
ვიცი, მომაწვდის ზეციერი ჯადოსნურ სარკეს.
No comments:
Post a Comment