Monday, December 31, 2018

სამყურამ ყური ჩამოყარა

სამყურამ ყური ჩამოყარა, როცა გადავრგე,
მინდვრიდან მოსულს გაუჭირდა ოთახში ყოფნა,
აგისრულებო, მპიდებოდა, სურვილს ათასფერს,
ოთხყურა იყო მათში ერთი, გაჭირდა პოვნა.
ახლა კი ვხედავ, ის სურვილიც დაპატარავდა
იმ ზომისაა, როცა ვიყავ სულ მთლად პატარა,
ბედმა იმდენი და უაზრო გზებზე მატარა,
დავრჩი მიმქრალი სურვილის და ფოთლის ამარა.



გზაზე ერთხელ სიკვდილს შევხვდი

გზაზე ერთხელ სიკვდილს შევხვდი,
უსაშველოდ დაღლილს, ბებერს,
- ჩემი საქმე, განა, მომწონს?
ცოდვებისთვის განმაწესეს
ამ ადგილას, თუმცა ბევრი
ნატრობს ახლა საქმეს  ასეთს,
რა დრო დადგა? - გაიცინა,
ვერ პოულობს კაცი საშველს!
მივაცილებ ზოგს ედემთან.
ჯოჯოხეთის ელით კარი
მათ, ვინც ჰყიდა ქართლის მიწა,
არ დაზოგა თვისიანი.
- შუბლზე ხელი შემოიდო
მარტოხელამ, ჩონჩხადქცეულს
ტკბილეული ჰყვარებია,
მივაწოდებ კანფეტს რჩეულს.
ვუმასპინძლე ურჩ ბერიკაცს,
რომ ასრულებს თავის სიტყვას,
კეთილს ისიც ფორას აძლევს,
ბოროტს, თავხედს არც ის იცავს.


Saturday, December 29, 2018

აღარ აკლდება თერმომეტრს ხაზი

მეცხელა ჩემი ტანჯული მიწა,
აღარ აკლდება თერმომეტრს ხაზი,
ჭირის ოფლს იწმენდს და რამდენს იტანს,
გული გაჩერდეს, სჭირდება წამი.
ნაიარევი, შუბლგახეთქილი,
წევს და სიმწრისგან ტკივილით ოხრავს,
სისხლი მოწურა ვინ არ ოხერმა,
ფეთქავდა მაჯა, ყვაოდა მიწა.
დღეს კი ცრემლი სდის ნაგვემს ათასგზის,
სნეულ სხეულში ფართხალებს გული,
ან აცოცხლეთ და ხსნის გზა მიეცით,
ან მიაბარეთ ღმერთს მისი სული.




მე ხელთათმანი გესროლე, ბედო!

მე ხელთათმანი გესროლე, ბედო,
დუელში გიწვევ დიდი ხანია,
არც მტრობას მიშლი და არც მოყვრობას,
ტკბები წამებით და გიხარია.

ქარებში გიჟურ სიყვარულის გაივლის ჟამი

ქარებში გიჟურ სიყვარულის გაივლის ჟამი,
ნაფიქრი რჩება საგულეში, იხსენებ როცა,
დაფრენდი მაღლა, ეხებოდი მთების მწვერვალებს,
ახლა ოცნების ძველ ტანსაცმელს აკერებ ფოლაქს.

ლამპიონები ანათებენ სხვა ქუჩებს, ვიცი

ლამპიონები ანათებენ სხვა ქუჩებს, ვიცი,
მაგრამ არ მოდის მკრთალი შუქიც ჩემთან იმედად,
ნათელი, ალბათ, ჩამოსული ზეციდან სხივი,
სხვისია, ჩემთვის ჯოჯოხეთის ალი ინთება.

სულშიც ღამდება

სისხლის წვეთები იწრიტება ბნელ ხორშაკ ქარში,
გამოუცნობი ტკივილები ბედად დამყვება,
ნუთუ, უდაბნოს ვერ დავსერავ, თუნდ, მჭრელი დანით,
ქვიშით მევსება თვალები და სულშიც ღამდება...


Friday, December 28, 2018

ბებოს ნაჩუქარი კაბა

ბებოს ნაჩუქარი კაბა
გადავიცვი იმ საღამოს,
ბამბაზიის იყო, ლურჯი,
გულს მითბობდა, კარგად მახსოვს.
მინდორში კი - მზით გაცვითე,
- მომაძახეს ყვავილებმა,
- წაგვიყვანე - მთხოვეს,- სახლში,
სანამ სულ მთლად აცივდება.
- წამოვკრიფე ყველა ერთად,
ჩემს ლურჯ კაბას შემოვასხი,
ჭრელაჭრულა თავსაფარიც
დავიმშვენე ბებოსავით,
მძივებივით ჩაიმარცვლა
დრონი მზით თუ ავი დღითა
და ის კაბა ყვავილებით
დღესაც მათბობს განჯინიდან.


Wednesday, December 26, 2018

სახუმარო

ხეზე აძვრა, ბალი მწიფობს,
მაგრამ თვალს ვერ აშორებს
ცას, ლურჯსა და მოკამკამეს,
ზღვას და პლიაჟს რომ აგონებს,
დაავიწყდა ბალის კრეფაც, კაკანებენ ქათმები,
"რეზო ბიჭო, ხეს უყურე, თორემ ჩამოვარდები!"
მაგრამ ტყვეა ბიჭის თვალი
უსაზღვრებო ოცნების,
თავდაყირა წამოვიდა, დაამტვრია ტოტები,
ძირს დაეცა და კვლავ ფიქრობს
ზღვაზე, პლიაჟზე, გემებზე,
მაინც ჭკუა ვერ ისწავლა,
ზეცამ დასცა ბეჭებზე.

დარჩება მხოლოდ...

სიმწუხარეში ლურჯ ცხენების ჭენებჭენებით,
ჩვენს საფლავებში მარტოდმარტო ჩავესვენებით,
არც სითამამე, არც ნაღველი და არც რომ ძრწოლა,
დარჩება მხოლოდ ყვავილების ჭკნობა და ჟრჟოლა.

ეს ჯოჯოხეთის ბჭენი განიხვნენ!

თითის ფალანგებს დამითვლის ღამე,
თან ცბიერებით ჩამცქერის თვალში,
- ხომ გაგაცურე, ადამის მოდგმავ!
- იხრება ჩემკენ ქოჩორა თავით.
მოუგავს თმები აჩეჩილ ნისლებს,
ბნელიდან მიცქერს ორივე თვალით,
ტუჩები წითელ მაგონებს ციყვებს,
ცქმუტავს, ირხევა ორივე რკალი.
ზიმზიმებს, ოხრავს და იკლაკნება
ცა, ვარსკვლავიანს ჩამოჰგავს ბორბალს
და მის შუაში, თეთრი დისკივით,
ბრჭყვიალ-ტრიალებს ხაპერა-გოგრა.
ნუთუ, ჯოჯოთა კარნავალზე ვარ,
ცეკვავენ ირგვლივ მორთული ხენი,
ოჩოპინტრეა, თუ მელანდება?
კაცის სახე აქვს და ტანი ცხენის!
- ხომ გაგაცურე, ჩემო სტუმარო,
- ქირქილით ამბობს შავტუხა ღამე,
- შენ კი, ელოდი კონკიას ქორწილს,
მიპატიჟებას, ლურჯ ზღვასთან ალერსს.
ირგვლივ დაფრენენ ავი სულები,
შენ რომ გეგონა ნაზი ბუბული,
მისი სტვენის და გალობის ნაცვლად
გესმის ყრანტალი, ნელი გუგუნი:
ეს ჯოჯოხეთის ბჭენი განიხვნენ,
ხედავ, გამორბის ყველა სულდგმული,
ცოტაც და ქვეყნის დარჩება მტვერი,
გადაკეტავენ მიწას ურდულით!









ტალღათა ლურჯი აბობოქრება

ტალღათა ლურჯი აბობოქრება
და მათთან ომი წარსულის დღეთა,
ზღვარგადასული  ტანჯვა და ვნება
ჩვენივე ნებით ქცეულა მტვერად,
ალმოდებული ცის სილაჟვარდე
მიინავლა და თანდათან ქრება,
წყვდიადმა ღამემ დაგვიგო მახე,
გადაქცეულებს ლანდების ღმერთად.



Tuesday, December 25, 2018

სიმარტოვეში, სილურჯეში...

მე სიმარტოვის სილურჯეში ვიღვიძებ ტბაში,
დასაყრდენს ვეძებ ხმელზე მყოფი თევზის ფართხალით
და რომ მგონია, მოვეჭიდე ტირიფებს ფესვზე,
ვხვდები, რომ ხელში კუდი შემრჩა ქვეწარმავალის.



Monday, December 24, 2018

შენ, ჩემო სიკვდილო!

ოთახში შემოსულს სურები მესავსა,
იები, ვარდები, სოსნები სველია,
შენ, ჩემო სიკვდილო, გზა-კვალს ნუ მინავსავ,
ყვავილებს ჩემს გულზე ჯერ კიდევ ფერი აქვთ.

წერილი პატრონს

დაბმული ძაღლის კვალობაზე მე არა მიჭირს,
ღამ-ღამ ვიღვიძებ და ტკივილით სიმწრისგან ვტირი,
თითქოს ტანით ვგრძნობ, უნდა გვეცეს რაღაცა ჭირი,
"ძაღლიაო" და ამიხვია სუყველამ პირი.

Friday, December 21, 2018

ფერი უკვე გასცვეთია კაბადონს

ფერი უკვე გასცვეეთია კაბადონს
და სიცოცხლე ზეცასავით მრუმეა,
ვაცქერდები შავ ღრუბელთა მარათონს,
სიზმარებივით რომ მიბრუნებს ბუმერანგს.
დაღამდება, გულში ბნელი შემოდის,
გათენდება, მზე სხივს მაწვდის პაწიას,
ოქროსფერი ღრუბელივით მიცოცავს,
ის იმედი, ცამ ფრთებით რომ ასწია.

ტანში რადა მცრის ტკივილი

ტანში რადა მცრის ტკივილი,
მხრებზე რად მადევს ხუნდები?
ლოგინიდანაც ადგომას
ამდენ ხანს რატომ ვუნდები?
ნუთუ სიბერე მეწვია,
ან სენმა ხელი დამრია,
თუ იმედების გაქრობამ,
მეც პესიმისტად მაქცია?
ტანში იზრდება ტკივილი,
ყველა ნაბიჯზე მარცხია,
ქვეყნის ჭამით და დაქცევით
რომელ ერს გაუმარჯვია?!





Thursday, December 20, 2018

ძველი ჩანაწერებიდან, არა თავხედნი, არა შლეგნი...

ნაქანდაკარი სახეები
ნაქანდაკარი ყვავილებივით მე არ მიზიდავს,
ცოცხალი მიყვარს ყველაფერი: ვარდიც, ეკლებიც,
კაცები, ტორეადორები, ცეცხლივით მხნენი,
თანაც მორცხვები, შროშანივით წმინდა ფიქრებით,
არა თავხედნი, არა შლეგნი, არა ბილწები,
რომ ღლიან ქალებს და ერევათ თავში რიცხვები,
მათზე უაზროდ შეყვარებული ქალიშვილების.

აწმყო წარსულს ექიშპება

აწმყო წარსულს ექიშპება,
შენ "ვახ-ი" ხარ, მე კი - "ვახ-ო",
"ვახვახია" ეს ცხოვრება,
საოხი რამ ვერა ვნახოთ.
წინ მიდიხარ, ისევ გტკივა,
უკან, რჩები, გული ბალღობს,
სულ რომ ვეღარ მოისვენო,
ფურცლავ ფუჭად მეჩხერ ტაროს.
ამ ცხოვრებას რა ვუთხარი,
ზოგს დაუდის ბედი ახლოს,
არ ამადლის დღიურ ლუკმას,
აძლევს კარს და სამოსახლოს,
ზოგს - ნიადაგ მშიერსა  კლავს,
არ უღიმის და არ სწყალობს,
ძაღლის ბედი ენატრება,
ვით ხარირემს გრილი ახო.




Wednesday, December 19, 2018

თორემ სათქმელიც ბევრი დამრჩა

მე რომ მინდოდა, ის სათქმელი ვერასდროს ვერ ვთქვი,
ხეზე ალერსში შეუღამდათ პატარა ჩიტებს,
გულგათანგული ცას მიჰყვება მთვარის აჩრდილი
და  ტბაში უცქერს მომღერალ გედს, თეთრსა თუ რძისფერს.
მე რომ მინდოდა, ის სათქმელი, ვერასდროს ვერ ვთქვი
და სილამაზემ ვარსკვლავების მე გამაოცა,
შემოუღამდათ სამხრეთისკენ გაფრენილ ჩიტებს
და მათთვის ალბათ ესეც იყო დიდი გამოცდა.
მე რომ მინდოდა, ის სათქმელი, ვერასდროს ვერ ვთქვი,
ისევ მივყვები სანაპიროს, იისფერ ნისლებს,
დროც აღარა მაქვს, იმ ნაპირზე უკან დავბრუნდე,
სათქმელი ვუთხრა მოლოდინით გათანგულ  ჩიტებს.



მაინც ვერ მოგინადირე

ბნელი ვანთე და ვათენე,
დალალ დაგიწყვე ბალიშზე,
გკოცნიდი, ცვილებრ გადნობდი,
კიდევაც მოგიხალისე.
ვერ ვცან ქვეყანა სატირე,
ღამე ჩაიწვა ალერსში,
მაინც ვერ მოგინადირე,
ვერ გაგახვიე ბადეში.


Tuesday, December 18, 2018

მომბეზრდა დევნა მაცდური ბედის

მომბეზრდა დევნა მაცდური ბედის,
ვის ქურქს აზომებს, ვის შიშველს ტოვებს,
გავიზიარო ბოლოთა ხვედრი,
არ მაქვს სურვილი, დავტოვო დროზე
წუთისოფელი, მომინდა ძლიერ,
ავუტალახე სიკვდილსაც კარი,
მაგრამ სიცოცხლე ძარღვებში მოჩქეფს,
მომძახის, მიწის კიდევ გაქვს ვალი.


Sunday, December 16, 2018

მე შენ მიყვარხარ!

მე შენ მიყვარხარ, თუმცა უკვე არ მაძლევ სალამს,
შენს ლურჯ თვალებში ვერ ვკითხულობ ფრთათეთრ სონეტებს,
წარსულზე სევდამ დაულია ძველ სიტყვებს ძალა,
გულნატკენი და არეული ვერას  ვიგონებ...
შეჰყრიხარ სიკვდილს, არ ვიცოდი, რა ფერი ჰქონდა,
ანდა სურნელით რატომ ჰგავდა წითელ პიონებს,
იისფერ ნისლში გახვეულხარ უსიტყვო მოთქმად,
ჩემი ოცნების გაუშლელი ვარდი გიწოდე...

ვარდიც ყვავილობს

მე ეს ცხოვრება ძლიერ მაწვალებს,
ფეხსაცმელს სხვისას განგებ მაზომებს
და მივუყვები უცხო გაზონებს,
ვერ ვცნობ მეგობრებს, - ყოფილ ამფსონებს.
ვარდიც ყვავილობს უჯიშო, მდარედ
მიედინება შავი მდინარე,
ჭუჭყით და შლამით მუდმივად სავსეს,
ლექსში შემორჩა ძველი სინაზე.
მე ეს ცხოვრება ისე მაწვალებს,
გამომჩხერია ყელში სიბრაზე,
კვლავ გავუყვები უცხო გაზონებს,
აყვავილდება ვარდი ქვიშაზე.


Friday, December 14, 2018

მე დარდებს ვჩემობ

მე დარდებს ვჩემობ,
მთვარე ისვრის ალმასის სხივებს,
ჩვენ ერთმანეთის გვესმის უსიტყვოდ,
ამ დროს კუპრივით უკუნ მიწაზე
ვიღაცა ჩვენზე მწარედ ქილიკობს.

Thursday, December 13, 2018

გარდაცვლილ პატარებს!

როს ანგელოზმა გაშალა ფრთები
და ავბედითი დაემხო ყოფა,
საგალობელი წვიმდა დიდების,
ღმერთთან ისურვა პატარამ ყოფნა.

Wednesday, December 12, 2018

ქალების სამფლობელო (ნოველა)

   გზაზე ხელიხელჩაკიდებული მივდივართ, მე და ჩემი ბიძაშვილები. ერთს ზეინაბი ჰქვია, მეორეს - მაყვალა. დიდი ხნის ჩხუბის მერე გადაწყვიტეს, ორივემ ჩამკიდოს ხელი, ისე მატარონ,  ასე გამინაწილეს. ხანდახან გზისპირზე გადაბარდნილ მაყვლის ბუჩქებს გადასწვდებიან, თან ცდილობენ ხელი არ გამიშვან, იქით-აქეთ მექაჩებიან, მაგრამ რომელიღაცამ აუცილებლად უნდა დამთმოს, ისე ხილს ვერ მოკრეფენ, გულდაწყვეტით მომაშორებენ ხოლმე ხელს ხან ერთი, ხან - მეორე, მუჭებს აივსებენ და ისევ ჩემთან მორბიან, მაყვალს პირში მატენიან, - ხომ გემრიელიაო, - მეკითხებიან და თან თვალებში მიყურებენ, უნდათ კმაყოფილი დავრჩე, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ მეტ მაყვალს მაჭმევს, თვითონ ერთსაც არ გასინჯავენ. მეც შოშიასავით ვაღებ პირს და ვატკბარუნებ გემრიელ ნაყოფს. ისიც მომწონს, რომ ჩემი გულისთვის ასეთი დაკა-დაკა აქვთ, კმაყოფილი მივდივარ გზაზე, იქაური მზეც მომწონს, თავზე კი მახურებს, მაგრამ არ ვიმჩნევ, გოგონებს ჩემთვის ქუდის დახურება დაავიწყდათ, დედამ კი დაავალა, აუცილებლად შენიშვნას მიიღებენ! შუადღის მზე თავს მატკივებს ხოლმე, ცხვირიდან სისხლს მადენს, ერთხელ მახსოვს, სისხლისდენას ვერაფრით მიჩერებდნენ, ბევრი სისხლი ვღვარე, ლამისაა ვარცლი გაივსო. ამიტომ უქუდოდ არასოდეს გავყავარ სახლიდან. ნელა-ნელა მივუყვებით სოფლის შარას, გზა თანდათან ვიწროვდება, კლდის ბილიკებს დავადექით, ზევით-ზევით მივდივართ. აქა-იქ ფერდობებზე შეფენილი საქონელი მოჩანს. ზოგს შავი ზურგი აქვს, ზოგსაც - თეთრი, ზოგს - მოწითალო, ადამიანის თმის ფერივითაა. გაღმა ფერდობზე თხები დაკუნკულებენ, კარგად ჩანან, რადგან ფერდობი შიშველია, მხოლოდ მწვანე ბალახითა და ყვავილებით არის დაფარული. ჩვენი თხაც იქაა, თავისი ციკნებით. იმათ ვცნობ, იმიტომ რომ შუბლზე უზარმაზარი შავი ნიშანი აქვთ სუყველას, სამკუთხედის ფორმის. მართალია დიდი ხნის ნაცნობები არა ვართ, სულ ერთი კვირის ჩამოსულები ვართ მე და დედა თბილისიდან, მაგრამ მათი ქცევებიც მალე შევისწავლე და გარეგნობაც, ძალიან მიყვარს ციკნებთან თამაში. რომ არაფერი დამიშავოს დედა თხამ, ხან პური მიმაქვს იმისთვის, ხან ხაჭაპურის ნაჭერსაც წავუღებ ხოლმე, როცა ვეღარ ვჭამ, - ბევრს გადმომიღებს ბიცოლაჩემი ვენერა თეფშზე, გამხდარი ხარ, უნდა გაგასუქოო. ბილიკებს ახლა ქვევით ჩავუყევით, ისეთი ვიწროა, თითო-თითო მივდივართ, წინ ზეინაბი მიდის, მერე მე, უკან მაყვალა მომყვება, ეტყობა ჩემს დაზღვევას ცდილობს, ფეხი თუ დამიცდა, წამომეშველება. ზეინაბი, როგორც უფროსი გზას მიკვალავს, გაფაციცებულია, წინ რამე არ შემოგვეფეთოს და არ შემაშინოს. მალე მდინარის პირას აღმოვჩნდით, ბიცოლამ შორიდან დაგვინახა, დროზე წამოდითო, ხელით გვანიშნა. სარეცხის რეცხვას ქალები უკვე მორჩენილიყვნენ, უზარმაზარ ქვებზე გადაეფინათ ლოგინის თეთრეული გასაშრობად, აქა-იქ ტანსაცმელიც მოჩანს, ფერადი ღილებივით ჩამწკრივებულან ზეინაბის და მაყვალას კაბები, მარტო ჩემი ზეინაბის და მაყვალასი კი არა, სხვა მათი მოსახელე გოგოებისაც, იმიტომ რომ იმერეთის ამ მთიან სოფელში კიდევ ბევრს აქვს ასეთივე სახელი. მდინარისპირას ბუჩქებზე შარვლები გადაუფენიათ, ქმრების და ვაჟების, მათ შორის ბიძაჩემი ბონდოსი და ჩემი ბიძაშვილი ფრიდონისაც. ახლოს მივედით, დედა ქალებს შუაში ჩაუჯენიათ და გაფაციცებით უსმენენ მის დამტვრეულ ქართულს. ყვება თავის უკრაინულ სოფელზე. ახალმისულებს შეძახილებით შეგვხვდნენ, - რუსის გოგო მოვიდაო, - მომაძახეს აქეთ-იქიდან და მზერა ისევ დედასკენ გადაიტანეს. გოგოებმა დედაჩემისგან ჩურჩულით აიღეს ჩემი ბანაობის ნებართვა. გამხადეს, დაგუბებულ წყალში ჩამაყენეს, ცივი წყალია, მაგრამ ხმას არ ვიღებ, ვაცლი ჩემზე ზრუნვას, გამსაპნეს, ხან ჯამით, ხან პეშვებით წყალს მასხავენ, უხარიათ,  ჩემს გაზრდაში წვლილი რომ შეაქვთ, - გაიზარდე, გასუქდიო, - იძახის ზეინაბი და სიყვარულით მისმევს თავზე ხელებს, - იხვის ჭუჭულს არა ჰგავსო,- ბუტბუტებს მაყვალა და ისიც გამალებით მასხავს ზურგზე წყალს. თან იქვე წყალში მოცურავე ლიფსიტებზე მითითებს, - შეხედე, რა ლამაზებიაო! - მეც ვუყურებ მზეზე ოქროსფრად მოლივლივეებს, ჩვენი რაზე არ ეშინიათ-მეთქი, ჩემს თავს ვეკითხები. თან სხვა ქალებს ვუყურებ, მათ თეთრ ქუნქულა ტანებს, მზეუნახავებს, აქ საბანაოდ ჩამოსულებს, მიკვირს, სახლში რატომ არ ბანაობენ-მეთქი. ისინიც წყლის ჭავლის ქვეშ მოლივლივე თევზებს ჰგვანან, მათაც არავისი ეშინიათ, იციან მამაკაცები აქ არ მოვლენ, ეს ქალების სამფლობელოა. გოგოებმა პირსახოცშემოსხმული დიდ სიპ ქვაზე დამაჯინეს, გამაფრთხილეს, - არ ადგე, ფეხი არ დაგიცდესო, - მეც დავმორჩილდი. ახლა თვითონ ბანაობენ.  ცალ მხარეს კლდე დაგვცქერის, იქიდანაც წყალი მოედინება, მდინარეში მოჟონავს, - რა წყალია-მეთქი, - ვკითხულობ, - წყაროსიაო, - მპასუხობენ, მერე გოგოები ზევით ადიან, თიხის დოქებს ავსებენ, სახლში გავიყოლოთ, ასეთი წყალი ჩვენთან არ არის, ჭის წყალი ამას რას შეედრებაო. დამალევინეს, გულ-მუცელი ჩამეყინა, მესიამოვნა, მზის ქვეშ მჯდარს. დედაჩემსაც უმასპინძლდებიან, - რა ცივია,  მადლობაო, - ამბობს დედა დამტვრეული ქართულით, - ჩემს საშობლოში ასეთ ცივ წყალს ვერ დალევ, დაილოცოს საქართველოო, - ღიმილიანი დგება ფეხზე, ჩემი გოგო წყალმა არ დაცადოს, არ გამიცივდესო, მაცმევს ტანსაცმელს და გზას მიუყვება უკვე გამშრალი თეთრეულით სავსე კალათით, სხვა ქალებიც წამოიშალნენ და უკან მიჰყვებიან, სტუმარს წინ ხომ არ გადაუსწრებენ ისევ ატყდა ჩხუბი ზეინაბს და მაყვალას შორის, არა მე მოვკიდებ ხელს მაიას, არა - მეო,  - მე კი მათ აღარ ვუსმენ, იქვე ახლოს ბუჩქებს შორის შველი შევნიშნე, დაკვირვებით გვიყურებს, ჰაერს იყნოსავს, არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი არსება, ცოტა ხანი იყუჩა,  მერე გაიქცა. ჩვენ სამივე ხელიხელჩაკიდებული დავადექით სახლის გზას, ალბათ, მანამდე, სანამ სათითაოდ არ მოგვიწევს ცხოვრების კლდოვან ბილიკებზე სიარული.

Monday, December 10, 2018

ლურჯ ყვავილებს ციდან ცრის

ლურჯ ყვავილებს ციდან ცრის,
ლურჯ ყვავილებს ვიღაც ყრის,
მოლოდინში მწველი მზის,
ეს ცხოვრება ნუთუ ღირს?!
მიწა თოვლით ივსება,
ერს აჰყარეს ღირსება,
ტალახს ვესვრით პეშვებით,
მეც ძირს ნელა ვეშვები.
ცივი არის ყოველი,
მეტს არაფერს მოველი,
სხეულს შეჭამს ფესვები,
მათაცა აქვთ ეშვები.
და ერთს ვითხოვ მხოლოდღა,
დრო მიეცით ოღონდაც,
ვარდი იდგა ფურცლებით,
იმურაბეს მუცლები.

რჩება კედლები ცივი და უტყვი

რჩება კედლები ცივი და უტყვი,
რაც გინდა ბევრი ცრემლები ღვარო,
ზიხარ და ითვლი დღეთ ნაწებთ ფურთხით,
ვარაუდიღა თუ ცხოვრობ მარტო.
გიზიდავს მხოლოდ წვიმა და თქეში,
რომ ცრემლი შენი არავინ ნახოს,
ბუხართან ახლოს, ტკრციალში შეშის,
წარსულის ნაზი ხილვები გათბობს.



Sunday, December 9, 2018

ჩამავალ მზეში ამოსულა ყაყჩო ცაზე

ჩამავალ მზეში ამოსულა ყაყაჩო ცაზე,
პურის თავთავად გაბრწყინდება ვარსკვლავი მაღლა,
გადაინაცვლებს კაცის საზრდო თითქოსდა ცაში,
მეც მომინდება, ჩავეჭიდო მერანის ფაფარს,
ზევით ავფრინდე, გადავსერო ყვითელი ყანა!...

Saturday, December 8, 2018

ავტ. მანანა ჩიტიშვილი

ჩამავალ მზეში
სერებს ფერი ედება სოსნის,
ცას გამოაყრის ვარსკვლავები
ღვთაებრივ ჭორფლად,
ვითომ მამშვიდებ აღდგომით და მეორედ მოსვლით,
მე კი ერთხელაც გამიჭირდა
ამ ქვეყნად ყოფნა.
ამოდის მთვარე,
მოციმციმე,როგორც კანდელი,
შემინდეთ ეჭვი ერთ ყარიბ და
უბრალო მგოსანს,
ამქვეყნიური ვარამის და
ტანჯვის განმცდელი,
ნეტავ რამდენი ისურვებდა
ხელახლა მოსვლას.



სანამ დაჭკნა ბუჩქზე ვარდი

სანამ დაჭკნა ბუჩქზე ვარდი,
უფრო მეტად შემიყვარდი,
სანამ ფერი ჰქონდა ზეცას,
ზამთრის სუნი მე არ მეცა,
ახლა ვით გავუძლო ყინვას,
თოვლით დაიფარა მიწაც,
ჩამომჭკნარა ბუჩქზე ვარდი,
სულიც ამომევსო დარდით.

Friday, December 7, 2018

ვარიდებ მზერას...

ვარიდებ მზერას  ცეკვის რიტმში გახვეულ წყვილებს,
ნატიფი ტანით მოქნილ ჟესტებს მოხაზავს რკალი,
მომაგონდება, სიყმაწვილის "ლიებე დიერ",
მას მერე ბევრი ბევრი განსაცდელის დამდგარა ჟამი.
ყვავილთა თრთოლას ავაყოლებ სულის პასაჟებს,
პეპელასავთ გადავიფრენ ნაწვიმარ დილას,
რომ მოგიტანო სიყვარულის ცრემლის ნამცვარი
და სამუდამოდ ჩემს სულეთში დაგიდო ბინა

Thursday, December 6, 2018

მე ჩემს თავზე უფრო ვბრაზდები

თავქვე ვეშვები, ინერციით ვეღარ ვჩერდები,
თვალებში, ვხედავ, მიბრჭყვიალებს ფოლიანტები,
დამებერა და დასკდომაზე დამაქვს ძარღვები,
თქვენზე კი არა, მე ჩემს თავზე უფრო ვბრაზდები,
ვერ დავინახე გადამკვეთი დიდი ხაზები...

ვინ დამიამოს გულისტკივილი...

სისხლდაწურული გულის ტკივილი
დალამბული მაქვს შიშველ ძარღვებზე,
მთად მარტოხელა ჯიხვის ყივილი,
კოშმარებივით, თავს არ მანებებეს.
უნიჭოება ტალანტებს თრგუნავს,
გულღრძო არსებებს დარჩათ სამზეო,
ვინ დამიამოს გულისტკივილი,
გულის ძარღვებზე ყინვა თარეშობს.


Tuesday, December 4, 2018

ცოტაა ჩვენთვის სალხენი

ცოტაა ჩვენთვის სალხენი,
მომლხენიც არ ჩანს, მგონია,
მძიმე ჩამოწვა ფარდები,
მზის სხივიც ვეღარ რონიობს.
მაცოცხლებელი ნიავიც
ვერ არხევს ვარდებს ხვიარას,
კლდიდან ჩამოსულ შავ მეწყერს
უფსკრულისაკენ მივყავართ.


მტერიც არაა მტრისფერი, ავტ. ტარიელ ხარხელაური

მტერიც არაა მტრის ფერი, 
არც ქვეყნის წყდება აკლება, 
რა დროში ცხოვრობ, ტარიელ -
მტერიც რომ მოგენატრება. 
ყველგან უსისხლოდ ვმარცხდები,
მოვკვდე უსისხლოდ, ძნელია,
როგორ შემცირდნენ კაცები -
ჩემი კაცობის მრცხვენია.
როგორ გაიმცვრა, სად გაქრა
ზნე, ან ქართული ზრდილობა,
ვინ ქართველობას იწუნებს
და ვინ მამულიშვილობას.
ტკივილი გულს მინაპრალებს,
წლებმა დამღრღნეს და შემნაცრეს,
სამშობლოვ, როგორ მაწამებ
რომ ვერა გშველი ვერაფერს.
ვდგავარ მთის წვერზე შეშლილი,
ცა ხან მთელდება, ხან ტყდება,
ამიტანს სისხლის შიმშილი
და მტერი მომენატრება.
დღე განესრულა, შებინდდა,
შინ დაბრუნების დრო დგება
და მომდევს საფლავებიდან
წინაპართ ძვალთა გოდება.
ყველგან უსისხლოდ ვმარცხდები,
მოვკვდე უსისხლოდ, ძნელია,
როგორ შემცირდნენ კაცები -
ჩემი კაცობის მრცხვენია.

ავტორი: როი სოხუმელი

ვარიდებ თვალებს,
სხვის მკლავებზე მოხვეულ თითებს,
და რადგან მტკივა,ღმერთმა უწყის,რას ვფიქრობ მაშინ...
შენ - იმახსოვრებ ჩემს სახეზე გაჩენილ ფითრებს,
და დამეტყობი,როგორც ბზარი - ცახცახა ხმაში.
ნისლია ჩვენში,
საუკუნე მზეს უდგას - ჩადრით,
აქვე სიკვდილი(ც) ფოთლებივით გზადაგზა ყრია,
ჩვენ,ყოველ ჯერზე,აუხდენელ სურვილებს ვგავდით,
სადაც მომყიდეს ერთი წუთის სამოცი ტყვია...
ფიქრივით მოგვდევს,
წამზე წამით განწყობა - წლების,
და ჩემი სული(ც),შენს ბაგეზე ფიფქივით დნება,
მოგიყვებოდი,როგორ მტანჯავს დალეწვა მხრების,
როცა ნელ-ნელა მტოვებენ და...ტვირთი კი - რჩება(თ).
მოჰგავდა სუროს,
დღე,რომელიც მიხსნიდა ვენებს,
და მთელი მოდგმით,ეხვეოდა დროთა მჭლე ხალასს,
შემომეჩვევი,როგორც სითბო - გათოშილ ხელებს,
და ჩემს გაზაფხულს,შემოაცმევ ზაფხულის ხალათს.




Monday, December 3, 2018

ბიოგრაფია ზღაპრების საბავშვო წიგნის ყდისთვის "ფანქრის მთლელი"

  ქართველი საბავშვო მწერალი და პოეტი  მაია დიაკონიძე  დაიბადა ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს. გაიზარდა მრავალშვილიან ოჯახში. ის განათლებით ეკონომისტი, პედაგოგია. რამდენიმე წელი  მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, შემდგომ მიმომხილველად სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. არის ოცამდე სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. წერს ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს. არის მრავალი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული, მათ შორის საბავშვო პროზა "ბუკნაჭო" სი. მისი პირველი საბავშვო წიგნი გამოვიდა 2015 წელს სათაურით "იოცნებეთ ყველამ". ეს ზღაპრების კრებული კი მისი მეორე საბავშვო წიგნია. ამ წიგნში შესული ზღაპრები ბავშვებს ასწავლის კაცთმოყვარეობას, სიკეთეს. ავტორს სურს ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს, არავის არ ჰქონდეს უბედური ბავშვობა, როგორიც თბილისელ ქუჩის მუსიკოსს, სამირ სავჩუკს ჰქონდა, რომელსაც ძალიან უნდოდა გიტარაზე დაკვრა ესწავლა, მშობლებს კი მისთვის ამ სურვილის შესრულება არ შეეძლოთ. ჩვენ ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ სხვებს ოცნებების ახდენაში დავეხმაროთ. "ადამიანი, რომელიც სხვას გულს სტკენს, თვითონაც გულნატკენი რჩება ცხოვრებაში, გვიყვარდეს ერთმანეთი და ვნახავთ, როგორ შეიცვლება ქვეყანა ჩვენ გარშემო", ხშირად იმეორებს ქალბატონი მაია. წარმატებები ვუსურვოთ ავტორს, ამ ზღაპრების გმირებს კი, თქვენი გულების დაპყრობა!

Saturday, December 1, 2018

როზა ინანიშვილს

ნარცისო, ნაზო, მწყაზარო,
გავიგე, ფერი გიცვლია,
გამოეთხოვე ქვეყანას,
რომლის მკურნალად მიცვნიხარ.
სული ყინულით ამევსო,
შენი გამზრდელი ცხონდება,
მტლად ედებოდი ჩვენს გულებს,
მადლი მიგყვება გორებად.
ნარცისო, ნაზო, მწყაზარო,
გულია შენი ქონება,
გაზაფხულს გადაიშლები
ყვავილებმოსხმულ რტოებად .