Sunday, January 13, 2013
დროს მომცემს სამყარო
გავყვები ერთხელაც გზას, საით, არ ვიცი,
გავცდები ჩემს ოდას, ბაღსა და შესახვევს,
რომელსაც ყოველთვის სოფელში მივყავდი,
ახლა კი ფიქრი მღლის მომავლის შესახებ.
შარა-გზას წალეკენ ხეები ისევე,
ყორეში გაიჟღერს ნაცნობი მუსიკა,
სახლებთან დაჩოქილ ჩრდილებქვეშ ვისვენებ
და ყველა ეზოში მადლს ვითხოვ უფლისგან.
ყოველი ნაბიჯი მაშორებს წუთებთან,
რომელიც ბავშვობის ბალიშზე დავტოვე,
სუნი რომ სდიოდა თივის და თბილი რძის,
ოცნების, სიზმრების, ზღაპრების მედროვეს.
მივდივარ, მთებიდან მოცოცავს ნისლები,
დარდი და წუხილი მინდა რომ გავფანტო,
მოვძებნი ახალი ცხოვრების ბალიშებს,
უკან რომ დავბრუნდე, დროს მომცემს სამყარო...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment