Sunday, September 27, 2020

მე ისეთი გოგო ვიყავ (სიმღერა)

 მე ისეთი გოგო ვიყავ,

ბევრი ძლიერ მყვარობდა,

მთვარეს ვგავდი მაღლა ციდან,

ნათელი თან დამქონდა. 

ზღვის ქაფიდან ვიშვი თითქოს,

თეთრი ვიყავ რძესავით,

თვალი მქონდა ლაზურიტის,

ერეოდა მელანი.

მერე თითქოს ჩამომფერთხა

ქარმა ზეცის თაღიდან,

ძირს დავეშვი და აღმოვჩნდი

დღის ნათელში ღამიდან.

მზემ დამხედა, შემიფაკლა

წითლად თეთრი ლოყები,

სიყვარულის ველიც გაქრა,

სასიმღერო ნოტებიც.

გავშავდი და გავირუჯე,

დავდგი ველზე მოლბერტი,

ბეთხოვენის ნაცვლად მესმის

ჭრიჭინების კონცერტი.








Wednesday, September 23, 2020

ერთსტროფიანი

 რაც რომ ვიშრომე, ყველაფერი აღმოჩნდა წყალში და აღარ მხვდება

ბევრი რამე ლამაზად თვალში.

ერთსტროფიანი

 დღეს ღრუბლიანი ამინდია,

ვკვეთ მერამდენე მერიდიანს,

ვწვდები დროს და სივრცეს ათასიანს,

მაინც არაფერი მაბადია.


როგორც იქნა, წამოვიდა წვიმა (სიმღერა)

 როგორც იქნა, წამოვიდა წვიმა,

მოშხაპუნობს ცრემლ-წვეთების ჯარი,
ვერა ზიდა ეს სიმძიმე მიწამ,
მზემ აკრიფა, სხივებს წაჰყვა წყალი.
სხივებს წაყვა და ღრუბლებად იქცა,
სილამაზით დაგვიბრმავა თვალი,
კვლავ დაეცა წვიმის წვეთი მიწას,
გაგვიმრავლა ქვეყნის მოსავალი.
ამოავსო წყალმა ზღვა და წყარო,
ილივლივა შხეფში მზისფრად სხივმა,
ის პატარა ისევ ღრუბლად იქცა,
კვლავ სალამი გაუგზავნა მიწას.

Tuesday, September 22, 2020

უსიყვარულოდ მივდივარ

 უსიყვარულოდ მივდივარ, 

როგორც ლამაზი იფანი,

თავს ევლებოდა მზეთამზე,

ვერ დაახალა ისარი.

გული ვერავინ გაუპო,

ბევრიც აპკურა ცის ნამი.

მეც ასე დავიკარგები,

იფანისავე ფიცარით.


Monday, September 21, 2020

მაინც ჩემი მირჩევნის (სიმღერა)

- სად შენა და სად მეო,

გული რად არ მამეო,

- გაიძახი ყოველ წამს,

სულსაც მისცემ შაითანს.

ოქრო-ვერცხლში გამცვალე,

სუნთქვა ამომაცალე.

- სად შენა და სად მეო,

- გუშინაც მომძახეო,

გზად გიკრეფდი ყვავილებს, 

ახლა აღარ ვაპირებ,

ვისეირნებ ქალაქში,

გაგცვლი ათას ლამაზში.

ფაიტონით ჩაგივლი,

შიგ ვიჯდები ჩოხითა,

პატარძალი მორთული

მეჯდეს არშინ ქობითა,

შვილები გვეყოლება,

ფხალსაც შევჭამთ გობითა.

შენ ალმას და ლალებში

ხილს მოგართმენ ხონჩითა,

დიბა-ფარჩა-ატლასში

შეჭამ საჭმელს ხონთქრისას,

მაინც ჩემი მირჩევნის,

ჩემი ტოლი სწორისა.









Sunday, September 20, 2020

ერთსტროფიანი

 მე მაოცებს ზოგიერთის გულგრილობა,

ზოგიერთის მე მაოცებს სიბეცე,
დღეს თუ არა, ხვალ სიკვდილი მაინც მოვა,
მაშ აკეთე, სანამ აქ ხარ, სიკეთე.

ერთსტროფიანი

 ჩემსავით, ალბათ, სხვაც ბევრი ელის

პატივისცემას, სითბოს, სიყვარულს
და ყველაფერი არის იმ ერთის,
ქვეყნის დარდით რომ უკრავს ჭიანურს.

ფულიაო ხელის ჭუჭყი

 ფულიაო ხელის ჭუჭყი,

მასწავლიდნენ მშობლები,
მოიშორე, გადაყარე,
თორემ ვერა ცხონდები,
ღარიბი და უქონელი
ამ ქვეყანას ვშორდები,
მიმიღებენ სამოთხეში,
იქ დავტკბები ცხოვრებით.

არ მეგონა (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ, კომენტარი, ავტ.ავთანდილ ჟღერია

 არ მეგონა, თუ ოდესმე

დამტოვებდი მარტოდ, კენტად,

შენი გულის ვარდი ვიყავ, 

შენი დარდი, შენი კვნესა.

შენი თეთრი მარგალიტი,

ზღვის ტალღებში მოციმციმე,

ქუხილი და ცაში ელვა,

რომ აწყდება მთების კიდეს.

მაინც შენი, მაინც შენი,

მაინც შენი ცეცხლით ვიწვი,

ცხრა მთას იქით გადაკარგულს

ნუთუ დაგწვავს ტრფობა სხვისი.


"მაინც შენი ცეცხლით ვიწვი"

ო,რამდერჯერ მე ამ დაგვას
გავექეცი,
გავექეცი, მე უშენოდ ვერ
გავძელი,
მოვბრუნდი და შენს მუხლებთან
დავიჩოქე,
შეგევედრე მარტოსულად არ
გექეცი.



Saturday, September 19, 2020

ნეტავ, ის დრო სად არის?! (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

 ნეტავ, ის დრო სად არის,

მე რომ ძლიერ გიყვარდი,

რომ მჩუქნიდი მიმოზებს,
ცას სწვდებოდი სილაღით.
ამივსებდი საღამოს
ქარიშხლით და ვნებებით,
დააფრენდი ქურანას
ველზე ჭენებ-ჭენებით.
მისამღერი: ნეტავ, ის დრო სად არის,
გულმართალი, ალალი,
ნეტავ, უკან დაბრუნდეს
ვით მერცხალი ფრთამალი.
ნეტავ, რატომ ქრებიან
ვარსკვლავები თვალებში,
ან რად ჩნდება ნაოჭი
პირზე, გულის არეში,
ნუთუ უკვე დავბერდით
და მივყვებით ბილიკებს,
ხელჯოხით და ხელკავით,
ერთურთს ვჩუქნით გვირილებს.
მისამღერი: ნეტავ, ის დრო სად არის,
გულმართალი, ალალი,
ნეტავ, უკან დაბრუნდეს
ვით მერცხალი ფრთამალი.

Friday, September 18, 2020

ნეტავ (სიმღერა)

ნეტავ, ის დრო სად არის,
გულმართალი, ალალი,
ნეტავ, უკან დაბრუნდეს 
ვით მერცხალი ფრთამალი.
ნეტავ, ისევ წაგვიღოს
ქარმა იმ ძველ ქუჩებში,
გვაბანაოს წვიმაში,
გვასრიალოს გუბეში.
ნეტავ, თვალის გახელა
აღარ გვეზარებოდეს,
ერთმანეთის ცქერაში
მუდამ გვიღამდებოდეს.
ერთად ვიყოთ ყოველთვის,
სიყვარულით გვესუნთქოს,
ტანჯვისა და წვალების
წუთები აღარ იყოს.






ბავშვობის მოგონებებიდან

 ერთ ისტორიას გავიხსენებ ჩემი ცხოვრებიდამ. მანგლისში პიონერთა ბანაკში ამოვყავი ერთხელ თავი, 13 წლისა ვიქნებოდი, კარგ დროს ვატარებდით ბავშვები, ვთამაშობდით, ღონისძიებებს ვაწყობდით, კონცერტებს, თქვენ წარმოიდგინეთ, მეც ვმღეროდი, "ერთი, ორი, სამი" - სიმღერას სამი გოგონა ვასრულებდით, ნეტა, ახლა მომასმენინა, რას "ვგალობდი", არადა იქ შესანიშნავი სიმღერის მასწავლებელი გვყავდა. საღამოს კოცონს დავანთებდით და შემოვუსხდებოდით ხოლმე, ნაირ-ნაირ ისტორიებს ყვებოდნენ ჩვენში ყველაზე თამამები, შავი ხელი, ალბათ, გემახსოვრებათ ჩემს ტოლებს, დამაგვირგვინებელი ნომერი იყო ხოლმე  საშიში ისტორიების. როგორც ახლა ვხვდები, არც საჭმელი იყო ცუდი და არც ყურადღება გვაკლდა. შუადღეზე ძილის საათი გვქონდა აუცილებლად, რეჟიმში ვიყავით, ახლა ვფიქრობ, კარგიც იყო, წესრიგს ვეჩვეოდით გარკვეულწილად. თავისუფალ დროს, რომელიც ბლომად გვქონდა, სხვადასხვანაირად ვატარებდით, პიონერთა ოთახი ცალკე კორპუსში იყო განთავსებული, იქვე მუშაობდა სხვადასხვა წრეები, ასწავლიდნენ ჭადრაკს, თუ ვინმეს უნდოდა, ტურნირებიც კი ტარდებოდა მსურველთათვის, მეც ვიღებდი მონაწილეობას, კარგად ვიცოდი მამას წყალობით, ხუთივე და-ძმას გვასწავლა. ბანაკში ზოგი ფეხბურთს თამაშობდა, კარგი სტადიონიც იყო მოწყობილი, ჩვენ გოგოები დავსხდებოდით, თვალყურს ვადევნებდით ბიჭების თამაშს, ზოგი ფრენბურთით ერთობოდა , იმ დროს მაგარ მოდაში იყო. წრეში ბურთი ხომ ჩვენი საყვარელი გასართობი იყო. დიდი ადგილი არ სჭირდებოდა, სადაც მოვახერხებდით, იქ გავაჩაღებდით თამაშს, ბანაკის ტერიტორიაზე მანქანები არ შემოდიოდნენ. მახსოვს, ბურთი რომ გადამივარდებოდა, ერთი ბიჭი მომიტანდა ხოლმე, ხელში მომაწოდებდა. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მერე შევამჩნიე, სადაც მე ვიყავი, ეს ყმაწვილიც იქ იყო მუდამ. თეთრი ბიჭი იყო, მაღალი, გამხდარი, ფერმკრთალი, არასოდეს ლაპარაკობდა, ხმაც კი არ გამიგია მისი, უხმოდ მომაწოდებდა ხოლმე ბურთს ხელში, ეს იყო და ეს. ერთხელ მეგობარი გოგონა მოვიდა და მითხრა, იმ ბიჭმა შემოგითვალა, მიყვარხარო. საშინლად გავბრაზდი, რეებს ბედავს ეგ უბედური-მეთქი, მგონი, ლერი ერქვა. მის მოწოდებულ ბურთს ხელში აღარ ვიღებდი. ერთხელ პიონერთა ოთახში აღმოვჩნდით ჩვენ ორნი, რაღაცის თქმა უნდოდა, ხმაც არ ამოვაღებინე, პიონერთა ოთახის გასაღები მე მქონდა, ალბათ აქტიური ვინმე ვიყავი, გამოვედი ოთახიდან და იქ ჩავკეტე. საღამოხანი იყო, არც მინერვიულია, რომ მთელი ღამე იქ უნდა გაეტარებინა, არხეინად დავიძინე. მეორე დილას მივედი კარების გასაღებად, არ დამხვდა, როგორც გავიგე, შემთხვევით მისულა პიონერთა ხელმძღვანელი, იმას გაუღია კარები და გაუთავისუფლებია ტყვე. მაშინ არა და, როცა გავიზარდე, მერე სულ ვფიქრობდი, რა სასტიკი საქციელი იყო, ადამიანის ჩაკეტვა და არმოკითხვა, მხოლოდ იმის გამო, რომ ვუყვარდი, მაგრამ მოზარდის ტვინში რა აზრები ტრიალებს, რას გაიგებ. მაგრად ვიცინებ, ის ბიჭი თუ გამომეხმაურა, მე ვიყავი ის დაჩაგრულიო.

Wednesday, September 16, 2020

ერთსტროფიანი

 შურისაგან სკდება ბევრი,

არ უწვდება, ვხედავ, ხელი,
მოიწონოს ჩემი ლექსი,
სიმღერა, მით უმეტესი.


Tuesday, September 15, 2020

ერთსტროფიანი

 ცუდია, როცა არად გაგდებენ,

როცა არავის არად სჭირდები,
ვერ დატკბი თეთრი იასამნებით
ვერ შეიმოსე სხივით დიდების.

ნეტავ, ის დრო სად არის?! (სიმღერა)

 


ნეტავ, ის დრო სად არის, 
მე რომ ძლიერ გიყვარდი,
რომ მჩუქნიდი მიმოზებს,
ცას სწვდებოდი  სილაღით.
ამივსებდი საღამოს
ქარიშხლით და ვნებებით,
დააფრენდი ქურანას
ველზე ჭენებ-ჭენებით.
ნეტავ, რატომ ქრებიან
ვარსკვლავები თვალებში,
ან რად  ჩნდება ნაოჭი 
პირზე, გულის არეში,
ნუთუ უკვე დავბერდით
და მივყვებით ბილიკებს,
ხელჯოხით და ხელკავით,
ერთურთს ვჩუქნით გვირილებს.





Saturday, September 12, 2020

მინდოდა, ძლიერ რომ გყვარებოდი (სიმღერა ,,მაინც მიდიხარ") შეასრულა მაია სიჭინავამ

მინდოდა, ძლიერ რომ გყვარებოდი,
ჩემი ტკივილი გამოგეცადა,
მაგრამ მიდიხარ უსიყვარულოდ,
ვერ გშველი, ვწუხდე მე რამდენადაც.
ფოთოლცვენაში ღამდება ისევ,
მზე ჩადის უხმოდ, ზამბახისფერი,
მოგონებების მღვრიე ჯაჭვს მივდევ 
და მონატრების გულში მაქვს ცრემლი.
შენი ღიმილი ჩემია მუდამ,
ჩემი ტკივილი  არ არის შენთვის,
ერთია მთვარე, ერთია მზეც და
შენ მუდამ ერთი იქნები ჩემთვის.
მისამღერი: მინდოდა, ძლიერ რომ გყვარებოდი,
მაგრამ ეს მხოლოდ ზეცას თუ ესმის.


ერთსტროფიანი

 ძონძებში ვარ გახვეული,

არ მეღირსა ატლას-ფარჩა,

ნეტავ, შემრჩეს ერთი ქოხი,

მამა-პაპის ისღა დამრჩა.

აილეწება თეთრად აპრილი ( "გზას გავაგრძელებ", ასე ჰქვია სიმღერას, შეასრულა მაია სიჭინავამ)

თეთრი ყვავილი შემოსავს ტყემლებს,
აილეწება თეთრად აპრილი,
და სახეს შენსას მორთულს ალუბლით
ვერ გავექცევი, ვიცი,  ვერსათ.
შეიმოსება იები ლურჯად, 
შენი თვალის ფერს იქაც ვიპოვი,
ამოვაყოლებ შენს სახელს სუნთქვას,
გზას გავაგრძელებ უმწე სიცოცხლით.

Friday, September 11, 2020

ახალგაზრდობის მოგონებებიდან

 ძალიან ხშირად, ადამიანები როცა მდიდრდებიან და კარგ პირობებში აღმოჩნდებიან, ძველ მეგობრებსაც ივიწყებენ და ძვირფას ადამიანებსაც. ახალს, მოგეხსენებათ, არაფერს ვამბობ. მყავდა ერთი თაყვანისმცემელი. წლების მანძილზე ცდილობდა ჩემი გულის მოგებას, გამორჩეული იყო ჭკუა-გონებით, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი გახლდათ. გულს ვერ უბრძანებ, ხომ იცით, თუმცა მასაც ჰქონდა შანსი ცოლად გავყოლოდი, მეტად რომ მოენდომებინა, ქალის გულის მონადირებას ხომ ოსტატობა სჭირდება. გავთხოვდი. ერთხელ შემხვდა და დიდი მორიდებით მითხრა,შენ არ გეგონოს, რომ დამავიწყდი, ყოველთვის მეყვარები, როცა დაგჭირდეს, მთხოვე, ყველაფერს გავაკეთებ შენი გულისთვისო, უკვე წარმატებული ადამიანი გახლდათ. გაიარა ოთხმოცდაათიანმა წლებმა საშინელ გაჭირვებაში, 2000 წელს მესამე შვილი შემეძინა. სამი შვილის გაზრდა იოლი არ იყო, მეუღლე მეცნიერი, უჭკვიანესი და უპატიოსნესი ადამიანი გახლავთ, ასეთებს კი ჩვენს ქვეყანაში ბედი არ სწყალობთ. მინდოდა ოჯახის რჩენაში დავხმარებოდი, დავურეკე ყოფილ თაყვანისმცემელს და პირობა შევახსენე, იქნებ სამუშაო მიშოვო-მეთქი, დიდი თანამდებობის პირი გახლდათ, რას ლაპარაკობ, სამი შვილის პატრონმა როგორ უნდა იმუშავოო, მომიცილა თავიდან. სამსახურში, სადაც უფროსი გახლდათ, მუშაობდა ჩემი მეუღლეც, ვიფიქრე, ჩემთვის თუ არ შეიძლება სამსახური და ჩემზე ასე ზრუნავს, ჩემს მეუღლეს მაინც დაეხმაროს, შემცირებები იგეგმებოდა და შეშინებული ვიყავი, ულუკმაპუროდ ვრჩებოდით. ხმა არ ამოუღია. მეორე დღეს სამსახურში შეუკრებია ყველა და გამოუცხადებია, ვიღაც-ვიღაცები აქ ცოლებს მიგზავნიანო, არადა ჩემმა მეუღლემ აბსოლუტურად არაფერი იცოდა. სახლში მოვიდა და მითხრა, უფროსმა ასე თქვა და ნეტავ ვისზე ამბობდაო. ცხელმა ჭავლმა დამიარა მთელ ტანში, გავშრი, მას მერე აღარასოდეს დამირეკავს იმ ადამიანისთვის.



ერთსტროფიანი

 ვწევარ და ვგრძნობ, რომ

ვერ ვანძრევ ხელებს,
დაშვებულია ზეციდან ფარდა,
ნუთუ სპექტაკლის ეს არის ბოლო,
თუ მხოლოდ ახლა ვესწრები ანტრაქტს.

Thursday, September 10, 2020

გამოცანა (ერთსტროფიანი)

 მზის სიყვარულს მუდამ ვჩემობ,

- ჩემთანა ხარ, მუდამ, ჩემო,
-მზეს ეძახის დღით და ღამით,
როცა ყვავილს მზისფერს გაშლის.
გაშლის თავის დიად ყვავილს,
თითქოს ციდან სხივებს ბარდნის,
ავსებული დილის მადლით,
მზეს მიაგავს სიკაშკაშით.
როცა ჩავა ციდან ბურთი,
ჩავიფიქრებთ ჩვენს დიდ სურვილს,
ის რომ მუდამ ცაში ენთოს,
სიყვარული დაგვაბედოს.


,

Tuesday, September 8, 2020

სად ქრებიან დღეები?!

 სად ქრებიან დღეები,

მიყვებიან დინებას,
ჩვენი გრძნობა-გონება,
აფსუს, გვიან ღვინდება,
გაზაფხულის ქარებთან
მიყვარდა შერკინება,
ახლა შემოდგომის პირს
გულს მისუსხავს ციება.

ქარებს ვუხმობ! (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

 ქარებს ვუხმობ, ქარებს ვუხმობ, რომ გავგიჟდეთ,

სიყვარულის სენი დიდი შეგვეყაროს, 

შევიშალოთ, შევიშალოთ ისე  ვნებით,

ზღვაზე გემებს ქარტეხილი დავაყაროთ.

მისამღერი: აღმა-დაღმა დადიოდნენ მთა-გორები,

აღმა-დაღმა დაცურავდეს ღრუბელთ წყება,

ჩვენს ლურჯ მერანს გამოესხას ცისა ფრთები

და სამყაროც ირწეოდეს ნება-ნება.

წვიმებს ვუხმობ, წვიმებს ვუხმობ, რომ დავსველდეთ,

სიყვარულის ავადობა შეგვეყაროს,

და გვიყვარდეს და გვიყვარდეს ისე ვნებით,

ჩვენი ცქერით რომ აყვავდეს ეს სამყარო.

მისამღერი: აღმა-დაღმა დადიოდნენ მთა-გორები,

აღმა-დაღმა დაცურავდეს ღრუბელთ წყება,

ჩვენს ლურჯ მერანს გამოესხას ცისა ფრთები

და სამყაროც ირწეოდეს ნება-ნება.








გადაყრილი ყვავილები (უნივერსიტეტის მოგონებებიდან)

  უნივერსიტეტში სწავლის დროს ერთ ზაფხულს შრომით სემესტრში კახეთში წაგვიყვანეს ყურძნის საკრეფად.  თან რქაწითელს ვკრეფდით, თან პირს ვიტკბარუნებდით. მას მერე შემიყვარდა ყურძნის ეს ჯიში, ყველას მირჩევნია, კიდევ თითა ყურძენი მიყვარს განსაკუთრებულად, მაგასაც მივაწვდინეთ იქ ხელი, ეგეც გვაკრეფინეს. რა თქმა უნდა, შრომით დიდად არ გვტვირთავდნენ კახელები, თავისუფალი დრო ბევრი გვქონდა, ვხალისობდით და ვლაღობდით. გვქონდა ერთი გადაძახილი, სიცილ-ხითხითი ვენახებში. გავიხედე ერთ დღეს და მომჩერებია ერთი ყმაწვილი ლურჯი თვალებით, მზერით მხვრიტავს პირდაპირ. მას მერე, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ისიც იქ იყო, მზერით ვგრძნობდი მის იქ ყოფნას, გავიხედავდი, მიყურებდა, ისევ გავიხედავდი, ისევ მიყურებდა. ცუდად არის ამ ბიჭის საქმე-მეთქი, გავიფიქრე. ბოლოს სხვებმაც შეამჩნიეს ეს ამბავი, მაგრამ როგორც დაქალებმა იციან, ერთი ქოთქოთი ატეხეს, ეგ უბედური როგორ გიბედავს შემოხედვას, სად შენ და სად ეგო, არა და ცუდი ბიჭი არ იყო: მაღალი, ტანადი, მშვიდი, წყნარი.. ჩემს ფაკულტეტზე არ სწავლობდა, ამიტომ არ ვიცნობდი. თვითონ ჩემთან მოსვლა და დალაპარაკება ვერ გაბედა. მოვიდა სექტემბერი. გაივსო უნივერსიტეტი გოგო-ბიჭებით. არის ერთი ჟრიამული და ხალისი. შესვენებაზე სასადილოში ჩავედით. დიდი სასადილო გვქონდა მაღლივ კორპუსში. ვსხედვართ გოგოები, გვაქვს გამართული ჭორაობა, ამბების მოყოლა, ვინ როგორ გაატარა ზაფხული. ამ დროს უცნობი ყმაწვილი მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას და გარეთ გამიხმო, გეძახიანო. გავბრაზდი საშინლად, გოგოებთან ლაპარაკი და ჭამა რომ შემაწყვეტინეს. გავედი გარეთ და რას ვხედავ, დგას ის ჩვენი ყმაწვილი ვენახებიდან და ხელში მიხაკების უზარმაზარი თაიგული უჭირავს. მეგობრები იქვე გვერდზე დგანან. უარესად გავბრაზდი, ეს თავხედი რას ბედავს-მეთქი. უარი თქვი ყვავილებზე და უკან შევბრუნდი. სასადილოდან რომ გამოვედი გოგოების თანხლებით, ისევ იქ მელოდებოდა. ყველანი ჩამოგვეცალნენ, მარტო დაგვტოვეს. მთხოვა, ოღონდ აიღე ახლა ეს ყვავილები, ცხოვრებაში აღარ მოვალ შენთანო. ყურადღებაც არ მივაქციე, კიბეებზე ამომყვა, მემუდარებოდა, მეხვეწებოდა, ნუ შემარცხვენო მთელი უნივერსიტეტის წინ, ამაყად განვაგრძობდი გზას, ბოლოს გამოვართვი ყვავილები და მის თვალწინ გადავყარე. მას მერე არასოდეს შემოუხედია ჩემთვის. როცა ეს ამბავი მახსენდება, ყოველთვის გული მტკივა, ალბათ რამდენი ფული დახარჯა სტუდენტმა ბიჭმა, რომ ის მიხაკები ეყიდა, ჩემს ტოლებს გეხსომებათ, საკმაოდ ძვირი იყო. იქნებ იმ გადაყრილი ყვავილების ბრალია ჩემი წარუმატებლობა ბევრ საქმეში?! ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს ის ახლა.

სატრფიალო (სიმღერა)

მომავლისგან აღარაფერს ველი,
თან გავყვები მოიისფრო ღრუბელს
და წავიღებ მარადიულ სურვილს,
შენი სახე სულ მეხატოს გულზე.
იქ ავტეხავ, ცაში, ჭექა-ქუხილს,
რომ აივსოს მდინარენი წყალით,
იებს ბევრი წვიმის წვეთი ერგოთ,
აყვავილდეს შენი ეზო-კარი.
ცისარტყელა ჩამოშლილი ციდან,
რომ გეხება ტუჩებზე და შუბლზე,
მე ვარ, ჩემო სიყვარულის ღმერთო,
ვარსკვლავებით ამოგივსებ უბეს.






Monday, September 7, 2020

გარიგება (ახალგაზრდობის მოგონენებიდან)

 გეხსომებათ, ალბათ, ჩვენს ახალგაზრდობაში ქორწინება გარიგებით ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი, განსაკუთრებით, სოფლებში. ჩემი ერთი ბიძაშვილი, ყველაზე უფროსი, ასე გავათხოვეთ, მოვიდა ბიჭი გადანახულებაზე, მოეწონა ჩემი შავთვალება და ყორნისფერთმიანი ბიძაშვილი, ჩვენსასაც მოეწონა გამხდარი, მაღალი, როგორც თვითონ თქვა, წანწკლო ბიჭი, შექმნეს ოჯახი და რა ოჯახი, დღესაც მათ შეჰნატრის ყველა. მეორე ბიძაშვილიც გათხოვდა, ოღონდ სიყვარულით, იმერელი ქალი მთიულს გაყვა ცოლად, ცოტა კი გაუჭირდა სხვა ყოფას შეჩვევა, ცხვარი, მატყლი, კამეჩი, მაგრამ ფხა გამოიღო და შეეჩვია იქაურობას. თვითონ დათხოვდნენ და გადაწყვიტეს მეც გამათხოვონ, ეძებეს ბიჭები ხან იმერეთში და ხან მთიულეთში, ბოლოს პატარა ბიძაშვილმა ერთი ვაჟი, შეარჩია, მული თბილისში იყო გათხოვილი, ვერაზე, მისი ქმრის მეგობარი. ბიჭი, აღარც ითქმოდა უკვე, უფრო ახალგაზრდა კაცი, 32-33 წლისა იქნებოდა, მაღალი თანამდებობის პირი იყო, მანქანა ემსახურებოდა, თავისიც ჰყავდა, რუსთაველზე ცხოვრობდა, წარმოშობით იმერელი იყო, რომელიღაც ქალაქში სამსართულიანი სახლიც ჰქონდა გაწყობილი. მოკლედ შორიდან დაანახეს ჩემი თავი და გადაირია თურმე. ოღონდ ცოლად გამომყვეს და ათივე თითზე ბრილიანტის ბეჭედს გავუკეთებო, ეს რომ ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, სიცილით მოვკვდი, წარმოვიდგინე ჩემი თავი ტახტრევანზე დამჯდარი და ყველა თითზე ბეჭედწამოცმული. არასოდეს მიყვარდა ფული, ოქრო, ბრილიანტი, არ ვიცი, რატომ. ვიღაცა ჩაიქირქილებს, იმიტომაც ხარ ღარიბიო. არ ვთანხმდებოდა შეხვედრაზე, რომელ საუკუნეში ცხოვრობთ, რაღა დროს გარიგებაა-მეთქი, მაგრამ იმდენი მეხვეწა და მემუდარა ჩემი ბიძაშვილი, ბოლოს დავთანხმდი მისი ხათრით.  შევხვდი, მოვიდა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, თეთრი პერანგით, ჰალსტუხი აკლდა მხოლოდ. მე ვარ ოცდაერთი წლისა, უნივერსიტეტი ახალი  დამთავრებული მაქვს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმიღეს სამუშაოდ, როგორც წითელდიპლომიანი, ბუზს არ ვისვამ თავზე. შევხედე და გული გამისკდა, ეს შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი რომ დავინახე, იმას, ალბათ, ამ ჩაცმულობით თავის მოწონება უნდოდა. დავურეკე ჩემს ბიძაშვილს და შავი დღე ვაყარე, ეს ბიძა კაცი სად იპოვე-მეთქი, ისევ მეხვეწა-მემუდარა, კიდევ ერთხელ შეხვდიო, ისევ ხათრი არ  გავუტეხე, კარგი-მეთქი. ახალგაცნობილმა ბეთანიაში დამპატიჟა, შევხედე, ახლა სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი მომევლინა, ფეხზე თეთრი კედებით, კიდევ უფრო სასაცილოდ მომეჩვენა, ჩანდა, რომ ასეთ სამოსს მიჩვეული არ იყო და მოუხერხებლად გრძნობდა თავს. ეს იყო და ეს, ამის მერე აღარ შევხვედრივარ, ახლა ვფიქრობ, რა არის 32 წელი ადამიანისთვის, მაგრამ ახალგაზრდის გონებას რას ჩასწვდები და გაუგებ. ასე დამთავრდა ჩვენი გარიგება. 

Sunday, September 6, 2020

ახალგაზრდობის მოგონებებიდან

    სიყვარული ზოგიერთ ადამიანს თავს აკარგვინებს ხოლმე და ხშირად ძვირფას ადამიანებსაც კი. მახსოვს, ახალგაზრდობაში რამდენიმე გოგო ვმეგობრობდით, დიდი სიყვარული გვქონდა, სტუდენტები ვიყავით, ერთმანეთს ვსტუმრობდით, თითქმის სულ ერთად ვიყავით და თუ რამე დაგვაშორებდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ერთ-ერთი ბინას ქირაობდა მთაწმინდაზე, კარგი ხალხი იყვნენ მეპატრონეები, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, პატარა ბავშვებით, კაცი გურული იყო, ქალი - მცხეთელი, ისინიც დაგვიმეგობრდნენ, ხშირად ვსტუმრობდით, ეზო-კარი ჩვენს განკარგულებაში იყო, შევკრებდით ფულს, ავაშიშხინებდით  მწვადებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გოგოებმა არა ვიცოდით ამ საქმის, გვყავდა მეგობარი ბიჭები, მეგობარს დღევანდელი გაგებით არ ვგულისხმობ, მართლა მეგობრები ვიყავით, როგორც საკუთარ თავს, ისე ვენდობოდით მათ. შემოვიარეთ რაჭა, სვანეთი, ერთ-ერთ მათგანს მანქანა ჰყავდა. ერთხელაც მაღლა გორაკზე მოგვიხდა ეკლესიის სანახავად ასვლა. გოგოებისთვის ძნელი იყო იმ კლდეებში სიარული, ასვლით ავედი, მაგრამ ჩამოსვლა გამიჭირდა და ერთ-ერთი ბიჭებიდან მომეხმარა ჩამოსვლაში, ხელი გამომიწოდა და მეც სიამოვნებით მივიღე დახმარება. ჩვენი ექსკურსია დამთავრდა, მაგრამ ამის შემდეგ ერთ-ერთი მეგობარი გოგონა გამებუტა, დაიწყო ჩემზე ირონიული საუბარი, მეგობრების და არამარტო მეგობრების წრეში შეურაცხყოფების მოყენება, არ ვეპასუხებიდი, ძალიან მიყვარდა, თუმცა საშინლად მტკიოდა გული, თვალები ცრემლებით მევსებოდა ხოლმე.  ყველა მისი გამოხდომის მერე. შევწყვიტე მასთან ურთიერთობა, მაგრამ ამ გაბრაზების და გაგულისების მიზეზს ვერაფრით ვხვდებიდი. სხვა გოგოებიც არაფერს მეუბნებოდნენ. ბოლოს თვეების მერე ერთი გამოტყდა, რომ ამ ქალბატონს ის ყმაწვილი ყვარებია, რომელიც კლდეებიდან ჩამოსვლაში მომეხმარა. რა იყო ჩემი დანაშაული, ვერ გავიგე, ალბათ, მისგან დახმარება რომ მივიღე, თორემ მე მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა მასთან, იმას თუ მოვწონდი, ან ვუყვარდი, ან იმ გოგონას თუ უყვარდა ეს ბიჭი, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. არცერთს არაფერი უთქვამს ჩემთვის. წლების მერე ბოდიში მომიხადა ჩემზე განრისხებულმა, მაგრამ ის ურთიერთობა, რაც ჩვენ შორის იყო, სამუდამოდ დაიკარგა, ის გულისტკივილიც რატომღაც დღემდე შემომრჩა, უდიდესი გულისტკივილი, თითქმის ღალატი მეგობრის, თუმცა ალბათ ის პირიქით ფიქრობდა.

რადგან ვერ ვხედავთ დედას და მზეს

 არად ვაგდებდით დედების ცრემლს,

ვეშურებოდით ავბედით გზებს,

არ ვაფასებდით მლაშეს და  მწველს,

ახლა ვერ ვხედავთ დედას და მზეს.

ერეკებოდა გრიგალი ბზეს,

ანიავებდა ბზესა და ბედს,

ორიოდ სიტყვას, ორიოდ ღერს,

არ ვიმეტებდით, კვდებოდა დღე.

ახლა ჩვენს იღბალს სხვა ვინმე წყვეტს,

შრტიხი,  ხაზები ერთმანეთს კვეთს,

ვეღარ ავიღებთ ჩვენს თავზე მეტს,

რადგან ვერ ვხედავთ დედას და მზეს.





Thursday, September 3, 2020

ავტ. ანა (ანიკო ფერაძე) გალაკტიონის საპასუხოდ

 ქარს შემოვხვდი ქუთაისში, წყალტუბოდან ვარო,

მივესალმე, ვუთხარ, ვიცი, ვისი სუნთქვაც ხარო,
მგოსნის გულისნადები ხარ, სურვილების წყარო,
მისი ნაზი ამბორი ხარ, ჩემი სანეტარო!
წყალტუბოდან ქუთაისში მოფრენილი ხარო!
თუკი მკითხავ, ვით გავიგე, ჩუმი ზრახვა, მისი,
ვით გავიგე შენი ქროლა, შენი დასაწყისი.
უთხარ მგოსანს, რომ მიუხვდა ამას, ქუთაისი,
სავარდო და სამაისო, მისი ქუთაისი.

Wednesday, September 2, 2020

სიყვარულის რაფსოდია (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

 აღარ მინდა შენი მოსვლა,

აღარც დაგელოდები,
ამ მიწაზე ერთად ყოფნის
ამოვწურეთ ქვოტები,
შენ ფიცხელი შევარდენი,
ბრწყინავ, როგორც მოზერი,
მე - პატარა ჩიტუნია,
სულ შენს მოსვლას მოველი.
აღარ მინდა სულში მყავდე,
მყავს პიკასო, გოგენი,
ამ მიწაზე ვეღარ გჩემობ,
ზევით დაგელოდები.
ჩამისახლდი, ამიჯანყდი,
გულზე შხამი მაპკურე,
შენ ბახი ხარ, მე - ვივალდი,
კრთის და ელავს საყურე.
მინდორში რომ დავფრინავდით,
მხრებზე მესხდნენ პეპლები,
ახლა შევჭკნი ყვავილივით,
შენ სხვას იკლებ ფერებით.

ოთხიათასი გმირი (სიმღერა)

 სიმღერა

ოთხიათასი მესხი
შევნატრი ბედს და იღბალს,
ოთხიათასი მესხის,
სადაც არიან ახლა,
ბედკრული კაცის ესმით.
იქ პატივს სცემენ მოხუცს,
იქ აფასებენ ვაჟკაცს,
არ ამოძრავებთ შური,
ღმერთს ადიდებენ მაღალს.
არდავიწყებას არა,
არ მიეცემა გმირი,
ოთხიათასი მესხის
საფლავზე დედა ტირის.
ღალატმა მოკლა კაცი,
ღალატს მოუკვდა თავი,
ოთხიათასი მესხის
აღარ გაცვდება მკლავი.
იცოცხლებს ყველა გმირი
სამშობლოს ვინაც ჩემობს,
ოთხიათასი გმირი
ისევ გაიტანს ლელოს.
ჯალალედინის ხმალსაც
გარნისს გაუცვდა პირი
ოთხიათასი მესხით,
ოთხიათასი გმირით,
მაგრამ რა ვუყოთ ღალატს,
ღალატს მოუკვდა თავი,
რამდენ სატკივარს მალავს
ძირგაცვეთილი ხამლით.
ქართული სიტყვის მადლად,
ხსოვნა-სიმღერად იქცნენ...
თავებს დავუხრით მდაბლად,
ცას გადავაფენთ ცისფერს.
ოთხიათასი მესხის,
ოთხიათასი გმირის,
შემოძახილი გვესმის,
მთაჭიუხების კიდით.
მაია დიაკონიძე
2.09.2020 წელი

ბედისწერის მსახვრალ ხელს ვერ გაექცევი

 ბედისწერის მსახვრალ ხელს ვერ გაექცევი,

დაგიჭერს და ტუსაღივით გაგკოჭავს,

აიწურე თუგინ მერე წყენით მხრები,

ტირილითაც არაფერი გამოვა.

სულში, გულში ზეციერის ხმები გესმის,

ტრიალებს და ბრუნავს ძველი არღანი,

ბავშვობას და შენს იისფერ მოგონებებს

დაუყრიათ სევდით ბრძოლის ფარ-ხმალი.

.

Tuesday, September 1, 2020

მეფერება მთვარე, შუქით მმოსავს (სიმღერა)

მეფერება მთვარე, შუქით მმოსავს,
თაველივით ოქროს სხივებს მაყრის,
ზევით მაღლა ხეთა ჩრდილი მოჩანს,
ბუ გაჰყვირის, როგორც ძველი ჩარჩი.
ამჩატდება ჩემი სული, იფრენს,
აღარ უჩანს ღამეს, მგონი, ბოლო,
გათენდება, გათენდება მაინც
და ტოროლა შეასრულებს სოლოს.
მზე მიმიღებს დობილად და შვილად,
ახლა ვიცი ის დამაყრის სხივებს,
ვყვარებივარ მზესაცა და მთვარეს,
ამ ორიდან მაინც მთვარეს ვირჩევ.