Monday, March 16, 2020

სიზმარი (ჩანაწერი)

  დღეს 16 მარტია, ღამით ასეთი სიზმარი ვნახე, ვითომ მოვედი სახლში და შესასვლელი კარი დაზიანებული დამხვდა, თურმე ქურდებს სახლში შემოსვლა ნდომებიათ ღამით და კარის საკეტზე უმუშავიათ, რკინაზე ნაკერივით იყო დარჩენილი ხაზი, შემდუღებლით, ე. წ. "სვარკას" რომ ეძახიან, იმით გაესვათ,  გაოცებული ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე და ღამით ქურდების შემოსვლა როგორ ვერავინ გაიგო-მეთქი, ოჯახის წევრებზე მქონდა საუბარი. საყვედური ვუთხარი ლევანს, კომპიუტერზე ვთამაშობდიო, ავთომ - ნასვამი ვიყავი და ტკბილად მეძინაო, მე და სოფოსაც გვეძინა, ისე რომ ვერაფერი გავიგეთ, დათოც უყურებდა კარებს, ჩემდა გასაკვირად, საყვედური არ უთქვამს და არ გაულანძღივართ, არა უშავს, კარების ხელოსანს მოვიყვან, შეაკეთებსო, ისე ჩვეულებრივ პრობლემა არ ჰქონდა, როგორც მახსოვს. ქურდები შემოსულიყვნენ, მაგრამ წაღება ვერაფრის მოესწროთ, ინსტრუმენტებიც კი გაერეცხათ ჩვენს პირსაბანზე, ჩვენ კი ვერაფერი გავიგეთ. მერე რატომღაც ჩვენი საშრობის კარს გავხედე (საშრობი სადარბაზოშია), რომელიც ჩამოხსნილი დამხვდა, ადგილზე აღარ იყო, ფარდა იყო ჩამოფარებული, შიგნით ყველაფერი მოწესრიგებული მოჩანდა, თაროებზე ლამაზად დაწყობილი, კარები სხვა ადგილზე იყო ჩამოკიდებული, გავიფიქრე, ისევ თავის ადგილზე გადავიტან-მეთქი. სადარბაზოში რაღაც არეულობა მოჩანდა.
   ამ სიზმრის ნახვა საშინლად არ მესიამოვნა, კარგს არ უნდა მოასწავებდეს, რაღაც უსიამოვნებასთან ან ავადმყოფობასთან არ იყოს დაკავშირებული, წყალს გავატანე, მაგრამ ვნახოთ... იმედია, კარგად ამიხდება და რამე საშინელებას გადავრჩები, ქურდებმა ხომ არაფერი წაიღეს, თუმცა რკინის კარი დააზიანეს, რომლის შეკეთებაც შეიძლებოდა.
     გუშინ, 15 მარტსაც საგულისხმო სიზმარი ვნახე. სამზარეულოში ვიდექი, ჩემი დები შემოვიდნენ, ია და მედეა. თავიდან არ მივაქციე ყურადრება, მერე გამახსენდა, მედეა ხომ მკვდარი იყო, ცოცხალი ყოფილა-მეთქი, ენით აუწერელმა სიხარულმა შემიპყრო, იას ვუთხარი, ხედავ, ცოცხალი არის, იამ - გეჩვენებაო, მე კი ცხადად ვხედავდი, რომ ცოცხალი იყო, კარგად გამოიყურებოდა, კარგად ეცვა, ხელებს ვკიდებდი მხრებზე, ხელებზე, ვამოწმებდი, ნამდვილად ცოცხალია თუ არა, ვგრძნობდი, რომ ცოცხალი იყო. ჩემს ოთახში შემოვიდა და საწოლზე დაჯდა, სათვალეები ეკეთა, ძალიან ძვირფასი და ლამაზი, მომეჩვენა, შუბლი ჩალურჯებულ-ჩაშავებული ჰქონდა მარჯვენა მხარეს, მარცხნივ - ნაკლებად ( გავიფიქრე კიდეც, ამან ხომ მარცხენა მხარე მიარტყა), რა გაქვს შუბლზე, ვკითხე, არაფერია, გეჩვენება, სათვალის ჩრდილიაო და სათვალე მოიხსნა, თითქოს დავწყნარდი, მაგრამ გულში ნალექი დამრჩა, მისი სახე და თვალები არ მახსოვს, გონებით ველაპარაკებოდი. იმ ღამით სოფიომ ფსალმუნების კითხვა მოათავა, ნეტავ, იმიტომ ხომ არ დამესიზმრა?! ბედნიერმა გავიღვიძე, ჩემი და ცოცხალი იყო.
  დღეს სიზმარი რომ მოვუყევი, მითხრა, წინა დღეებში, დაახლოებით, სამი დღის წინ, მეც ვნახე, საშრობს და გვერდზე ოთახს, მასაც ნივთების შესანახად ვიყენებთ, ისიც სადარბაზოშია, ბოქლომები არ ჰქონდათო. ძალიან საინტერესო სიზმრებია, რაღაცას გვაფრთხილებს.

 

 

No comments:

Post a Comment