უყვარს მაიას ვაშლი, ძალიან უყვარს, იციან ეს ბიძებმა და აუცილებლად ყიდულობენ გზაში, როცა იმერეთში მიყავთ, პირს გაისველებსო, დიდი გზაა თბილისიდან იქამდე, ზაფხულში იქ წასვლას არაფერი ურჩევნია, ხან ერთი ბიძასთან არის სოფელში, ხან - მეორესთან. იქაც აუცილებლად ტომრებით მოზიდავენ ვაშლს, სხვენზე დააწყობენ, ბავშვმა ჭამოსო, ისიც გათლის, ჩაიტკბარუნებს პირს, განათალს გოჭებს უყრის. დანის ხმარებაც იცის, დედამ ასწავლა. ბიძაშვილები პირს არ აკარებენ, არ გვიყვარსო. ამდენ ვაშლს რა გაჭმევსო, უკვირთ კიდეც. ყველანაირი ხილი უყვარს გოგონას, ეზოში ტყემლები მრავლად დგას, არც მათ ჭამას უკადრისობს, კენწეროში მოექცევა ხოლმე, განსაკუთრებით ყვითელი ტყემალი უყვარს, მჟავე კია, მაგრამ პატარა მზეს ჰგავს. მსხალსაც ბლომად მიირთმევს და ბაღის ატამსაც, მრავლადაა იმერეთში. ერთ ბიძასთან ეზოში მსხლის ხე დგას, ორნაირი ჯიშის მსხალს ისხამს, ერთი გულაბია, მეორეს სახელი არ იციან, შემწიფდება თუ არა, ბიძაშვილები მაიას მიურბენინებენ, ჭამეო. ისიც იფერებს პატივისცემას, ჩაკბეჩს, შხეფებსაც კი ისვრის პირიდან, სხვები უცქერიან, უხარიათ, პირს რომ აწკლაპუნებს. მაყვლის საკრეფადაც დადიან ხოლმე, როცა დამწიფდება. კალათებს დაიჭერენ და მიცუნცულებენ გზაზე. სოფლის ორღობეებში ბევრია მაყვალი, ეკლიანი ბუჩქებიდან შავად იმზირება, პოვნა არაა ძნელი, გაივსებენ კალათებს გოგონები: მაია, ზეინაბი და მაყვალა, ბლომადაც მიირთმევენ, დაიშავებენ პირებს, დაიკაწრავენ ხელებს, მაგრამ კმაყოფილები ბრუნდებიან სახლში, ბიჭებს უმასპინძლდებიან, მუჭებით იყრიან ისინი პირში, იშავებენ პირებს. ეს ქალაქელები რას გამიშავეთო, ჩხუბობს ბიცოლა. ტყუილად არც ჩვენ ვიჯექითო, ეუბნებიან ბიჭები გოგონებს, სიმინდის ჭყინტი ტაროები დაგახვედრეთ, ყანაში დავტეხეთო, ყანა სახლიდან ცოტა მოშორებითაა.
საღამოს ეზოში ცეცხლს ანთებენ, ბიძია ეხმარებათ, შეშის ნაჭრები მოაქვს, ბიჭები ფიჩხს აგროვებენ ეზოს გადაღმა. ბიცოლას ეხვეწებიან ბავშვები, კარტოფილი მოგვეციო, უბრაზდება, ქალაქიდან ამოტანა ადვილი ხომ არ გგონიათ, კიდევ როდის წავალ, კაცმა არ იცისო. მაინც გამოაქვს, ჩაყრიან ნაღვერდალში, სიმინდს დაამტვრევენ, იმასაც მიამატებენ, ცეცხლს შემომსხდარები ათას უცნაურ ამბავსაც ყვებიან, ჭინკებზე, შავ ხელზე, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო საშიშ ამბავს მოყვება, მაია ზოგჯერ ძალიან შეშინდება, განსაკუთრებით შავი ხელის ეშინია, უცებ რომ ამოხტება ხოლმე საიდანღაც, იცის, რომელიმე ბიჭი ბიცოლას შავ წინდას წამოიცმევს ხელზე და ეგ არის, მაგრამ უცებ მაინც გული გადაუქანდება ხოლმე, მაინც გატაცებით ისმენს ისტორიებს. ნელ-ნელა ინავლება ცეცხლი, მიდიან ბიძაშვილები დასაძინებლად, რომ დილით ისევ შეეგებონ მზის სხივებს და ბედნიერ ბავშვობას, რომლის ფასიც ჯერ კიდევ არ იციან.
No comments:
Post a Comment