მაია და ია ბეჯითი გოგონები არიან, ძალიან ბეჯითი, განა ტყუილად უყვართ სკოლაში?! მაიამ ყოველთვის ყველაფერი იცის, ყველაფრისმცოდნეა, რომ იტყვიან, ყველა კითხვაზე მზად აქვს პასუხი, რასაც მასწავლებელი ჰკითხავს. იაც დას ბაძავს და კარგად სწავლობს, ტოლს არ უდებს უფროს დას. ერთ დღეს სწორედ ეს მოსწავლეები არ მივიდნენ სკოლაში. შეშფოთდნენ სკოლის მასწავლებლები, ნეტავ, ორივეს ერთად რა დაემართაო, ავად ხომ არ გახდნენ, რამე ვირუსმა ხომ არ დარია ხელიო და სახლში დარეკეს. დედამ უთხრა, დილით ორივე გამოვუშვი სკოლაში, ერთად წამოვიდნენო. აი, მაშინ ატყდა ამბავი, თუ ატყდა, მასწავლებლები იქით-აქეთ დარბოდნენ, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, ვაი თუ, რამე ფათერაკს გადაეკიდნენ ბავშვებიო. გაფითრებულები გაკვეთილებსაც ვეღარ ატარებდნენ, მოსწავლეები კი ჩუმად ისხდნენ, ყველა ცალ-ცალკე ფიქრობდა, სად უნდა ყოფილიყვნენ გოგონები, ზოგმა წარმოიდგინა, რომ ნაყინი იყიდეს და სადმე სკამზე ჩამომსხდარები იმას ჭამენ, ზოგმა - მინდორში ხომ არ მოუნდათ გასეირნება და პეპლებს ხომ არ დასდევენო, ყველა ბავშვს გაეღვიძა ფანტაზია, ზოგმა მარჯვენა ხელი ამოიდო ნიკაპქვეშ, ზოგმა - მარცხენა, ასე ისხდნენ გატრუნულები. სკოლის დირექტორმა საწყობის გამგე - ძია ვანო და საქმეთა მმართველი - ბატონი ელგუჯა გაგზავნა ბავშვების მოსაძებნად. წავიდნენ კეთილი ძიები, მათგან ერთი მაღალი და გამხდარი, მეორე - დაბალი და მსუქანი, იმ გზას დაადგნენ, საიდანაც გოგონები სკოლაში უნდა მოსულიყვნენ.
ამასობაში შეშფოთებულმა და შეშინებულმა დედამ ყველა საქმე მიატოვა და ბავშვების მოსაძებნად გაიქცა და ისიც იმ გზას დაადგა, რომლითაც ბავშვები სკოლაში უნდა მისულიყვნენ. გზაზე აკაციების ხეივანი იყო, ყვაოდნენ აკაციები, საოცარი სურნელი იდგა გარშემო. დედა აქეთ-იქით იხედებოდა და გოგონებს გასძახოდა: "მაია!" "ია!" არსაიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, იქვე გზისპირას მდგარ ტუიის ბუჩქებსაც გადაწევ-გადმოწევდა, პატარები შიგ ხომ არ ჩასხდნენ და იმალებიანო. უცებ, ჩურჩული შემოესმა, "რა ხდება, დედა რატომ გვეძებსო", - მაიას ხმა იყო, აიხედა, აკაციის ხის ტოტზე გოგოები ჩამოსკუპულიყვნენ, - მანდ რას აკეთებთო,- გაუკვირდა, - ჩიტები ხომ არ გგონიათო თავი, - აკაციის ყვავილებს ვჭამთო, - გამოტყდნენ გოგონები. - დედამ ხიდან ფრთხილად ჩამოიყვანა, ბევრი იცინა კიდეც, ეგ ვინღამ გასწავლათო, სკოლაში ბავშვებმა გვითხრეს, ამ თეთრი ყვავილების ჭამა შეიძლება და ჩვენც პირი ჩავიგემრიელეთო. - სკოლაში რომ დაგაგვიანდათ და გეძებენ, ეგ თუ იცითო, - უთხრა დედამ, - ახლა კი შეშფოთდნენ მაია და ია, სკოლაში დაგვიანება ნამდვილად არ უნდოდათ, შეწუხდნენ. ამ დროს ძია ვანო და ბატონი ელგუჯაც გამოჩნდნენ, გოგონების დანახვაზე თვალები გაუბრწყინდათ, - ცოცხლები და საღსალამათები არიანო, - სიხარულით ჩაიბარეს ბავშვები და სკოლაში ზარ-ზეიმით მიიყვანეს, მთელი სკოლა ტაშით შეეგება მოსულებს, მაგრამ მაია მას მერე მიხვდა, რომ დრო უნდა აკონტროლოს, ყველა წუთს დიდი ფასი აქვს, რომ არსად არასოდეს არ უნდა დაგაგვიანდეს, იამ კი ეს გაკვეთილი კიდევ დიდხანს ვერ დაისწავლა, ყოველთვის ყველგან აგვიანდებოდა, ის კი არადა, დედა ხშირად ეუბნებოდა, - გოგო ია, სახლში ხანძარი რომ გაჩნდეს, იმდენი ხანი დაუთმობ ჩაცმა-დახურვას და მზადებას, სახლიდან გასვლას ვერ მოასწრებო. - ნეტავ, ახლა, როცა უკვე დიდია, თუ აკონტროლებს დროს!?
No comments:
Post a Comment