დღეს სიზმარში მედეა ვნახე, ერთად დავდიოდით ბაზრობაზე, ვიღაცა ზედა ჩასაცმელებს, "კოფტებს" ჰყიდდა, დავათვალიერე, თითქოს გვინდოდა ყიდვა, ხელიც მოვკიდე, ფერად ვარდისფერი იყო, ძალიან ლამაზი, ლაქები აღმოჩნდა ზედ, - მეორადია-მეთქი?- ვკითხე გამყიდველს, - კიო, - მიპასუხა. გადავიფიქრეთ შეძენა, რატომღაც ამ გამყიდველ ქალბატონს ვუტრიალებდით. მედეას ჩემი ახალი ვარდისფერი ვერცხლის საყურე ეკეთა, მერე მახსოვს, საიდანღაც ორი ჯვარი, თავისივე ჩამოსაკიდებლებით გამიჩნდა ხელში, ან შევიძინე, ან მომცეს, ერთი ბზის იყო, გრძელი, დიდი, ასეთები ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება, ძირითადად კაცები იკეთებენ, ის მე დავიკიდე გულზე, მეორე ჯვარი წვრილ ვარდისფერ მარჯნის მძივზე, რამდენიმე ასხმა იყო, ეკიდა, აღმართზე ავდიოდით, თავისიანებზე ლაპარაკობდა, ბავშვზე ვნერვიულობო, ზურაზე მელაპარაკებოდა, რამდენიმე ჯვარი მივეცი, იმდენი სხვას აჩუქაო, არ ვიცი, შეიძლება ქმარზე ლაპარაკობდა, იმასაც ზურა ერქვა. ვაძლევ მეორე ჯვარს, აჰა, აიღე-მეთქი, არ აიღო, მე მაქვსო, მაშინ ბავშვს მიეცი, ბოლოს და ბოლოს ვინმე გოგოს აჩუქებს-მეთქი, არ გამომართვა არაფრით. მაგათი სახლის აღმართს მივუყვებოდით, მითხრა, რა კარგია, სახლში მივდივარ, ახლა ბავშვს მე მოვუვლი, სულ მაგათთან ვიქნებიო. საინტერესოა, რომ ჩასაცმელები, რომელთა ყიდვა გვინდოდა, ვარდისფერი იყო, ძალიან ღია, ჩემი საყურეებიც, რომელიც ეკეთა და მძივიც, ღია ვარდისფერი მარჯნის, რაზეც ჯვარი იყო ჩამოკიდებული. არც ჩასაცმელი იყიდა, არც ჯვარი აიღო, ჩემი საყურეები კი ყურებზე ეკეთა, ნეტავ, რას ნიშნავს?!
მერე ვნახე გოგოები, ჩემი მეგობრები, სამების ეკლესიასთან ვიყავით, დავინახეთ მედეა, სიხარულით შევხვდით, თინიკო ურთაშვილი იყო იქ, მახსოვს, ვიცოდით, მედეა მკვდარი იყო და ცოცხალს რომ ვხედავდით, გვიხაროდა, გაოცებული უყურებდა ყველა, ჩემ გარდა, მე არ მიკვირდა, ისიც სიცილით და სიხარულით გვიღიმოდა, მადლიერებით, გველაპარაკებოდა, მერე თითქოს დაგვემშვიდობა და სამების უკან გაუჩინარდა, სინათლეში იდგა, მზის სხივები დაჰნათოდა.
ამ ღამითვე ვნახე, რაღაც ძალიან მაღალი სახლი იყო, შიგნით მინდოდა შესვლა, ლიფტში ვიღაცა მუგუზალივით შავ ბიჭს უნდოდა ჩემთან ერთად მგზავრობა, საშინელი შესახედავი იყო, სახეს ვერ გაარჩევდი, არ მინდოდა, მეპატიჟებოდა კია. არ შევედი სახლში, სანამ არ წავიდა, მერე ლიფტში აღმოვჩნდი, საშინელი სისწრაფით დაიძრა ზევით, აღარ ჩერდებოდა, ზევით და ზევით მიდიოდა, სხვადასხვა სართულების ღილაკებს ვაჭერდი ხელს შეშინებული, ბოლოს თვითონ გაჩერდა, გავედი, ვხედავ, ძალიან ბევრი ოთახია, მაგრამ ყველა დაკეტილი, ბოქლომები ჰკიდია, ერთი კარები დავინახე ბოქლომის გარეშე, შევედი, ორი ახალგაზრდა იყო შიგნით, იქნებ სადმე დამტოვოთ, ცარიელი ოთახი თუა სადმე, მოსვენება მინდა-მეთქი, არა, თქვენი ადგილი აქ არ არისო, გამოვედი, სხვა ოთახში შევედი, იქ ბავშვები იყვნენ, რაღაცას თამაშობდნენ, საშინელი ხმაური იდგა, ნივთებს ისროდნენ, იქაც ვერ გავჩერდი, არაკომფორტულად ვიგრძენი თავი, ერთი უფროსი გოგონა იყო, დანარჩენი - პატარები, უფროსი აკონტროლებდა სხვებს, გამოვედი, მესამე ოთახში შევედი, იქ ქალი იყო ლოგინს მიჯაჭვული, მეორე ოთახიდან ქმარი გამოვიდა სხვა ქალთან ერთად, ასე ერთობაო, მწუხარებით მითხრა ქალმა, ვხედავ, ამ კაცს ასო მოაჭრილი აქვს ნახევრად, ზედ თეთრი ქაფივით ადგას, ასე დადის, შევწუხდი საშინლად ამის დანახვაზე, იქიდანაც გამოვედი, ყველა დანარჩენი კარები დაკეტილი დამხვდა, ვერსად ვერ გავჩერდი. გამეღვიძა კიდეც.
No comments:
Post a Comment