Sunday, March 22, 2020
მზე და სოფო (საბავშვო მოთხრობა)
სოფოს დედა მოენატრა, მართალია, დიდი ხანი არაა, რაც სახლიდან გავიდა, მაღაზიაში კანფეტები უნდა უყიდოს, მაგრამ უკვე მოენატრა, ისიც ინანა, რატომ ავტეხე ამბავი, კანფეტები მინდაო, რომ არა მისი დაჟინებული მოთხოვნა, დედა ახლა გვერდზე ეყოლებოდა, სამზარეულოში იფუსფუსებდა, ერთად გამოაცხობდნენ ნამცხვრებს... მართალია, თვითონ პატარაა, მაგრამ დედა ცომის მოზელის უფლებასაც კი აძლევს, ჯერ კოვზით თქვეფს კვერცხს და შაქარს, მერე დედა ცოტ-ცოტა ფქვილს უმატებს ჯამში, მერე რომ გასქელდება ცომი, დიდ ხის დაფაზე გადმოუღებს, სოფოც უტყაპუნებს ხელებს, უხარია, კარგად ერთობა ხოლმე ამ საქმით. ახლა კი შევიდა სამზარეულოში, მოწყენით გადახედა იქაურობას. მზე იხედებოდა ფანჯარაში, მისი შუქი ნიჟარას დასცემოდა და ყურადღებას იქცევდა. გოგონას გაეღიმა, რაღაცა აზრი მოუვიდა თავში, დედას გავახარებო. ნიჟარას, რომელშიც გასარეცხი ჭურჭელი ელაგა, ვერ სწვდებოდა, სკამი მიადგა, ზედ აძვრა, ჩაიხედა, საკმაოდ ბევრი ეწყო შიგნით: ჭიქა, ფინჯანი, თეფში, ლამბაქი, დილით ხომ ერთად ისაუზმა ოჯახმა, მერე ყველამ თავის საქმეს მიაშურა. გოგონამ ონკანი მოუშვა და ჭურჭლის რეცხვას შეუდგა, ლანგარზე გადმოიღო გარეცხილები, მერე ჩაის ტილო აიღო და გაამშრალა, ისე გულმოდგინედ აკეთებდა ყველაფერს, თვითონაც გაუკვირდა, მაგრამ დედას გახარება ხომ უნდოდა?! ჭიქებმა ბრწყინვაც კი დაიწყეს. სოფო კმაყოფილი ჩამოძვრა სკამიდან, დედას კარებთან დახვდა და ახალშემოსულს ჩაეხუტა, იმან კანფეტების პარკი გაუწოდა და სამზარეულოში შევიდა, ახალნაყიდი პურები რომ ამოეწყო ჩანთიდან და საპურეში ჩაელაგებინა, უცებ ახალგარეცხილი და გამშრალებული ჭურჭელის ბზინვარებამ მოჭრა თვალი, მზე ფანჯარაში იჭყიტებოდა და დედას თვალებს უპაჭუნებდა, - ნახე, რა გოგო გყავსო, - ქალმა გაოცებულმა გადახედა სოფოს, - შენ გარეცხეო, - ჰკითხა, მერე, - აბა, ვინ გარეცხავდაო, - თქვა. გოგონა ხელში აიყვანა და მადლობის ნიშნად ორივე ლოყაზე სამ-სამჯერ აკოცა, - უკვე დიდი გოგო ხარო, - მოეფერა თავზე და იატაკზე ჩამოსვა. კმაყოფილი სოფო ფანჯარასთან მივიდა, მზეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, შენ რომ არა, ჭურჭლის ბზინვარებას ვინ დაინახავდაო, ტუჩებზე მიიფარა პატარა ხელი და კოცნა გაუგზავნა მნათობს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment