Thursday, March 5, 2020

მედეას მისტიკური წასვლა ამ ქვეყნიდან

   მისტიკური იყო ჩემი დის წასვლა ამ ქვეყნიდან: დედა გარდაიცვალა შაბათ დღეს, 2019 წლის 7 დეკემბერს, ამ დღიდან ზუსტად 77-ე დღეს ანუ 11 კვირის (7x11) შემდეგ გარდაიცვალა მედეა 22.02.2020 წელს, ისიც შაბათს, მიცვალებულთა ხსენების  დღეს. ცნობილი ბულგარელი წინასწარმეტყველი გვაფრთხილებდა, გეშინოდეთ ხუთი ორიანისო. ბევრი ასტროლოგის აზრით ეს დღე - 22.02.2020 ძალიან საშიშია, რადგან ადამიანი ბედის დერეფანში გადის, შეიძლება სიკვდილი და ნგრევაც მოჰყვეს, ამ დღეს კეთილი და ბოროტი ძალები ერკინებიან ერთმანეთს. მედეას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე კი - 1 აპრილი, მისი მეუღლის, ზურა ჩიკვაიძის გარდაცვალების დღეს ემთხვევა, იქ შეერთდებიან, ალბათ,  მათი სულები. ზურა 2004 წლის პირველ აპრილს გარდაიცვალა, 16 წლის წინ, 2004.01.04, ამ ციფრებს თუ შევაჯამებთ, მივიღებთ 11-ს, 16 -ს თუ შევაჯამებთ, 7-ს, გამოდის 11x7, ასევე მედიკოს დაბადების დღის - 28.07.1965 და ზურას დაბადების დღის 1961.8.03 რიცხვებს თუ შევაჯამებთ, გამოდის ისევ და ისევ 11. ასეთი საოცარი დამთხვევები, ალბათ, იშვიათია. ბევრი ჩვენგანი, რა თქმა უნდა, ასტროლოგიას და ნუმეროლოგიას არ აღიარებს, მაგრამ თვით დიდი მათემატიკოსი - პითაგორა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ციფრებს ადამიანის ცხოვრებაში.
    მედეას გარდაცვალების წინა დღეს ჩემს სახლში მაკარონის მოსახარშად წყალი დავდგი, ადუღდა, შევხედე წითელი იყო, თითქოს სისხლი შერეოდა, სისხლი თუხთუხებდა ქვაბში, საშინლად შევშინდი და გავიფიქრე, რამე უბედურება არ დამემართოს-მეთქი, მაგრამ  გადავიყარე ცუდი აზრები, თავი დავიმშვიდე, ალბათ, რამე საღებავი თუ მოხვდა წყალში, მაკარონისთვის სხვა წყალი დავდგი. იმ ღამით ჩემმა დამ - იამ ნახა სიზმარი, დედა მეკითხებოდა, პატარა მიწის ნაკვეთი გვჭირდება და თუ იყიდეთო, მომიყვა, ისევ შევშინდი, ვუთხარი, ძალიან ცუდი სიზმარია, ვინმე მოკვდება-მეთქი, რამდენიმე საათში აგვიხდა, ჩვენი მედიკო გარდაცვლილი ვიპოვეთ.
   დედას საქართველოში დასაფლავებიდან ზუსტად ორ კვირაში გარდაიცვალა მედეა. დედას დასაფლავების ღამეს ჩემმა ქალიშვილმა სოფომ სიზმარში ბებია ნახა, ხიდზე გადავედი და ერთ ოთახში შევედი, სადაც ლიდა ბებია იყო, კარგად გამოიყურებოდა, სადღაც შუახნის იქნებოდა, მოვეფერე, მოვესიყვარულე, ლოყაზეც ვაკოცე, დედა ძალიან დარდობს თქვენზე, ძალიან ეშინია, კიდევ ავად არ გახდეთ, ვუთხარიო. როცა სოფომ ეს სიზმარი მომიყვა, არ მესიამოვნა, მიცვალებულს რომ აკოცა არ მომეწონა და არც ის, რომ უთხრა, დედას ეშინია, კიდევ ერთხელ ავად არ გახდეთო. მაშინ სოფომ დამალა, ბებია მედიკოსაც მიამსგავსა თურმე, მაგრამ არ თქვა, იფიქრა, მედიკო ხომ ისედაც ჰგავს დედამისსო, ასე თუ ისე, დღეს მედიკო ცოცხალი აღარ მყავს, წინასწარ მინიშნებებსაც გვიგზავნიდა უფალი, მაგრამ ადამიანი ბრმა და ყრუა, თითქოს რაღაცა ძალა ბოჭავს, რომ არ იმოქმედოს და თავისი გასაკეთებელი ვერ გააკეთოს. მეც ვერ მივხვდი, საიდან მელოდა უბედურება.
    საშინელი ტრაგედიაა, როდესაც საღ-სალამათი ადამიანი გამოგეცლება ხელიდან, მოულოდნელად, ამაზე რომ სულ რომ არ ფიქრობ. წელს 28 ივლისს 55 წელი შეუსრულდებოდა ჩემს დას. ასეთი სათნო და კეთილი ადამიანი იშვიათად შემხვედრია დედამიწაზე, ყველას ყველაფერს პატიობდა, რაც გინდა გეწყენინებინა, ღმერთი განსჯისო, იტყოდა. მის გულკეთილობას ხომ საზღვარი არ ჰქონდა. სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა, ზეციურ ანგელოზად მოევლინოს ყველა ახლობელს...
 
 

No comments:

Post a Comment