Tuesday, March 24, 2020
ქათმის ფრთები (ბავშვობის მოგონებებიდან)
მედეას ქათმის ფრთები უყვარს, როცა დედა შემწვარ ქათამს დაჭრის და დაანაწილებს, ყველამ იცის, რომ ფრთები მედიკოსია, მაიამაც, იამაც, მიშამაც და დათომაც, მრგვალ მაგიდას შემომსხდარები ყველა მათგანი ქათმის იმ ნაწილს ირჩევს, რაც უყვარს, მაიას ბარკალი უყვარს, თანაც ძალიან, ამიტომ არავის აცდის მის გადმოღებას, პირველი თვითონ სტაცებს ხოლმე ხელს, მისი გადანაჭერი იასია, დედა იმას გადაუღებს ხოლმე, მიშას მეორე ბარკალი ხვდება, იმის გადანაჭერი - დათოს, თეთრ ხორცს დედა ყველას თანაბრად უნაწილებს, მაგრამ მედიკო ყველაფერზე უარს ამბობს, ისევ ფრთებს წიწკნის, დიდი ხანი უნდება ორი ფრთის შეჭმას, საყვედურობს დედა - კიდევ რამე შეჭამე, ხომ ხედავ, გამხდარი ხარ, არაფერს რომ არ მიირთმევო, მედეა იხტიბარს არ იტეხს, ჭამას განაგრძობს. მამა ქათმის ფეხებს მიირთმევს, ხანდახან კუჭს და ღვიძლსაც დაამატებს, თუ დარჩა. უკვირთ ბავშვებს, მამა რატომ არ ჭამს ქათმის სხვა ნაწილებს, ალბათ, არ უყვარს, ფიქრობენ, კანფეტებიც არ უყვარს, შოკოლადებიცო. "მედიკო ყველაზე ადრე გაგვიფრინდება", ჩურჩულით ეუბნება დედა მამას, ისე რომ ბავშვებმა არ გაიგონ, "მაინც რას აიჩემა ეს ფრთები", ფიქრობს მამა და სიყვარულით გადახედავს ხის მრგვალ მაგიდას შემომსხდარ პატარებს, ხუთი ჰყავს, ღმერთმა გაუზარდოს, მადლიერებით შეჰყურებს ზეცას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment