Thursday, January 31, 2019

დგას მარილის გორები

სახლთან ისე დათოვა,
აღარა ჩანს მორები,
ფქვილად გადაქცეულა
კენჭები და ლოდები,
მინდა, ცომი მოვზილო,
გამოვაცხო ბებია,
მეხრე დავსვა ურემზე,
ვითომ პაპაჩემია.
კეცებზეა მჭადები,
ჩემი არის არჩივი,
შემოგვიდგა მამიდამ
მაყვლიანი საცივი.
მე კი, ქერა პატარას,
ბიძა, ბიძაშვილები,
მმასპინძლობენ ხალისით,
მურაბის დგას ქილები.
ჩირი, თაფლაკვერები,
ჯანჯუხა და მწვადები,
შობის ღამე თენდება,
მახსოვს იმ დღის ნათელი.
სახლთან ისე დათოვა,
აღარა ჩანს მორები,
ეზოში და მის მიღმა
დგას მარილის გორები.





სხეულს ძარღვებში ახლიდან ვუყრი

სხეულს ძარღვებში ახლიდან ვუყრი,
რომ არ გამექცეს ზეცაში სული,
უწონელ ზეფირს მიველტვით ყველა,
მაგრამ აქაც რომ გვიტირის დედა...

Monday, January 28, 2019

მოგენდე ერთ დროს

მე შენი დობა მინდოდა მხოლოდ,
რომ ჩაგებნია გვირილა თმაში,
დაგეწნა ჩემი ოქროს კულული,
ერთად გვერბინა მდელოზე, მთაში,
შენ კი გრიგალად გადაიქეცი,
აწეწე სული, მაცივებს ტანში,
შენი თვალებით მიყურებს მხეცი,
ერთ დროს უნაზესს მოგენდე ბავშვი.

Friday, January 25, 2019

თეიმურაზის ჩვენც დაგვაქვს ლეში

თეიმურაზის ჩვენც დაგვაქვს ლეში
და სუნს ვგრძნობთ ახლა ძლიერად, მძაფრად,
არ გამოვტოვეთ არც ერთი წუმპე,
მოგვყიყინებენ ბატები ფარად.
დედის ხსენიღა შემოგვრჩა ტუჩზე,
თორემ ვეღარ ვცნობთ ჩვენს მშობელ დედათ,
მარგოს მოვხადეთ ზურგზე თავშალი,
აგერ ფრიალებს, ქარს მიაქვს ველად.

მზესუმზირა და მზევინარი (ზღაპარი)

                              მზესუმზირა და მზევინარი

     მზევინარს მზესუმზირას ყვავილები ძალიან უყვარდა, გავიდოდა სიმინდის ყანაში და საათობით უყურებდა, ერთხელ გადაწყვიტა, აქ რაზე ვიარო, სახლში ქოთანში დავთესავ და დღე და ღამე მის ცქერაში ვიქნებიო. მივიდა მეზობელთან, რომელსაც მზესუმზირა ეთესა თავის ყანაში და ყვავილის თესლი სთხოვა. მისცა  მეზობელმა ერთი მუჭა, მაგრამ მზევინარმა მხოლოდ ერთი ცალი ჩააგდო ქოთანში, რომელიც თავის ოთახში დადგა, დანარჩენი კი ქათმებს დაუყარა. გაიზარდა მზესუმზირა, ყვითელი ყვავილები გამოისხა, მზესავით ანათებდა, მაგრამ მალე მოიწყინა, თავი ჩამოაგდო, დღისით სარკმელისკენ იხედებოდა, სინათლეს ეხარბებოდა. მზევინარი მუდმივად მის მოვლაში იყო, დაჰფუთფუთებდა, ფოთლებს წყლით ბანდა, კოცნიდა, რა ლამაზი ხარო. უხაროდა მოსახელეები რომ იყვნენ, პატარა განსხვავებით, ხმამაღლა წარმოთქვამდა ხოლმე, - მზესუმზირა, მზევინარი! -  მზესუმზირა ვერა და ვერ გამოაკეთა. დობილი უნდა, ალბათ, მარტომ მოიწყინაო, გაიფიქრა და ქოთანი გარეთ გაიტანა. გაიბადრა მზესუმზირა, თავი აღმართა მზისაკენ, რომელიც პირველად დაინახა თავის ცხოვრებაში და სამადლობელი უძღვნა ღმერთს, რომ მისი ნახვის საშუალება მიეცა. მერე ყანებს გახედა, საიდანაც მისი დობილ-ძმობილები იცქირებოდნენ, მასზე მაღლები და მშვენიერები, თავი დაუქნია და მიესალმა. იმათაც გაუღიმეს, თავი დაუხარეს ახალ მეგობარს.  სუფთა ჰაერიც ჩაისუნთქა, მაგრამ ნებივრობა დიდხანს არ დასცალდა. მზევინარმა ქოთანი ისევ სახლში შეიტანა, გეყოფა სეირნობაო. უარესად მოიწყინა ყვავილმა, მარტო თავი კი არა, ფოთლებიც ძირს ჩამოუშვა, ამას კი ვეღარ გაუძლო გოგონამ, შეეცოდა მზესუმზირა, ალბათ თავისიანებთან უნდა ცხოვრებაო, ქოთნიდან მიწასთან ერთად ამოიღო და მეზობლის ყანაში გადარგო. ასე დაცილდნენ ერთმანეთს მზესუმზირა და მზევინარი, მაგრამ გოგონა კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მისი მეგობარი ბედნიერი იყო, ის ხომ მისთვის ძალიან ძვირფასი გახლდათ. ახლა მზევინარი სტუმრად ხშირად დადის მზესუმზირებთან, ჩაეხუტება ხაოიან ფოთლებსა და ღეროებზე და ბარაქასა და ხვავს უსურვებს.

Thursday, January 24, 2019

ოწინარო

სევდავ, აკინძულო, ჩაკინძულო
ძველ სახლში ბალიშებად, ღილებად,
ბებიას მეწამულო თავსაფარო,
ფერი შეგლახვია, ბინდდება..
ეზოში დავარდნილო ოწინარო,
ერთ დროს ხელაწევით მოცინარო,
კაბის დარჩენილა ნაფლთები,
ჭამდე ვიღამ უნდა მომიყვანოს?


,



Tuesday, January 22, 2019

ხან შარბათს შევსვამ

ხან შარბათს შევსვამ, ხან დავლევ ღვინოს,
მაინც ქვა ქვაა, კენჭი კი - კენჭი,
ის ღვთის სისხლია, ამას ვსვამ სიროფს,
თუმცა ფერია აქვს ორივეს ერთი.

Monday, January 21, 2019

დედის ლოცვა

თუხთუხებს ქვაბი ჯოჯოხეთის,
კოვზს ურევს ჯოჯო,
მოაჭენებენ ეტლს ქაჯები,
უსხედან კოფოს,
სული მტირალი დასტრიალებს
ქვაბს, ამას ვხედავ,
ჩაგდებულთაგან ერთ-ერთისა
თუ არის დედა?!
- იხსენი, ღმერთო, მისი სული,
- ღაღადებს მხოლოდ,
- ჩვენი არისო, არ დავთმობთო,
- არ წყვეტენ ქოთქოთს
ეშმაკები და წითელ თვალთა
კაშკაშებს შუქი,
- დედის ლოცვა თუ ამოიყვანს!
- ვაგრძელებ წუხილს.
განიხვნა უცებ ზეცის კარი,
გაშეშდა ყველა
და თეთრი შუქი შეუერთდა
ქვაბთაგან ზენარს.




Saturday, January 19, 2019

დედას!

მახსოვს თავზე დედის ხელი,
- ჭუპა, ჭუპა, - მეუბნება
და სხივები ნათლის  სვეტის
გულში დამრჩა ხვეულებად.

ფერიცვალება

მზე ანათებდა და მეც თითქოს ქაფიდან ვიშვი,
მბრწყინავ წვეთების გაიბა სიმი აღსავლის კართან,
ვიდექი რწმენით, მორიდებით მე ღვთის წინაშე,
- სად მიდიხარ და რად გვტოვებო, - ისმოდა გაღმა.

გამონათქვამები

     ჟამდაჟამ იმ ასოებს ჩამოვფხეკ ხოლმე, გულის ფიცარზე რომ მაწერია. ნაფხეკი, ამოკაწრული, დასისხლიანებული მაინც იქ რჩება.
    პატიება რომ გამომეთხოვა, ალბათ იმიტომ ვწერდი მე ლექსებს...

მე სამოსს ვაცლი აზრებს და ფიქრებს

მე სამოსს ვაცლი აზრებს და ფიქრებს,
შიშველი ვერა სანახავია!
ვაძრობ სახიდან ბრჭყვიალა ნიღბებს,
ვატყობ, რომ ჩემთვის არა სცალიათ,
იწყებენ თავის ცხოვრებას, ყოფას,
ამოძრავებენ ხელებს და ფეხებს,
ვხედავ, გაზრდილან ჩემი ფიქრები,
მე კი ზმორებით დავითვლი დღეებს..


Tuesday, January 15, 2019

კიდევ ასგზის მომელოცოს კალანდა!

ბურბუშელას ემატება ბურბუშელა
და ჰა, მზად ვარ, მოგილოცოთ კალანდა,
თხილის ხე ვარ, ბასილა ვარ თეთრი წვერით,
ბაბუა ვარ, რომ დავდივარ კარდაკარ.
თან შემომაქვს ბარაქა და სიხარული,
კიდევ ასგზის მომელოცოს კალანდა.

როცა ქვეყანას ეწვევა ღმერთი

როცა ქვეყანას ეწვევა ღმერთი,
აკაშკაშდება ვარსკვლავი ერთი,
დაიწრიტება ავსულის სისხლი
და დაფასდება სუყველა ნიჭით.
დათესავს კაცი სიკეთის მარცვალს,
რომ გაიხაროს დიდმაც და ბალღმაც,
სულშიც და ბაღშიც ამოვა ვარდი,
მადლს ვერ გაზომავ არშინით, არდით.



შობა

მე ვიბადები, რომ დაგილოცოთ ფუძე და ჭერი,
ღარიბთა მწედ და უმწეთ იმედად, ღმერთმა ინება,
ბაგაში ვიშვი, მიყურებდნენ თვალებით ჩვილის
ცხოველები და ეწყობოდა ზეცა სიმებად,
ათასი იით, ზამბახებით, ვარსკვლავთ ციაგით
მე მოვდიოდი, გადამერჩინა ადამიანი.






Sunday, January 13, 2019

ფარშევანგივით გაგვიშლია ჭრელი ბუმბული

ფარშევანგივით გაგვიშლია ჭრელი ბუმბული,
შუქი გვიზიდავს, შიშებსა გვგვრის ღამე ყულმუხი,
ბრჭყვიალა ქვების ყურებით თუ გვღალატობს გონი,
შრომას და ჯაფას ვამჯობინებთ უსაქმოდ რონინს.
ცოდნის არ ვიცით და არც გვინდა გავიგოთ ფასი,
გვგონია, ბედი თან დაგვყვება კრული და ნავსი
და თანაც ვფიქრობთ, რადა ვცხოვრობთ ჩვენ ასე ცუდად?!
ვერ ვხვდებით, ვკარგავთ, აზროვნების, სიფხიზლის უნარს.




თუ იმსახურებ!

ჩვენი ცხოვრება, 
სულის ამოყოლება
გულიდან თავამდე, 
რომ ხვდები რაცაა, 
უნდა წახვიდე,
თუ კი მოგცემს ამის ნებას
უფალი ჩვენი
თუ იმსახურებ,
განაჩენიც იქნება მშვენი.

სულ ელი მზის ამოსვლას

სულ ელი მზის ამოსვლას, ზეცის გამონათებას,
ბნელის ზღვაში დახრჩობას, წყალზე სხივთა ანცობას,
კეთილ ძალთა აღდგომას, ბოროტების დავრდომას,
ფანჯარასთან ისმენდე ბულბულების გალობას.
სულ ელი, რომ ზაფხულშიც დაუბერავს ნიავი
გულის მაცოცხებელი, გრილი, თავაზიანი,
წლები გადის უენოდ, სახეზე გაქვს პარეზი,
- ტყუილად ელი, სულ-ელ-ო! - ხმა მოგესმის ხარვეზით.



Saturday, January 12, 2019

ღმერთო, გაძლება მიეცი მერანს!

ხელდასხმით ერთის ნუთუ ეს ხდება?
ტყავი გააძრეს საჯიშე მერანს,
დაღლილ-დაქანცულს ძლივს მიაქვს თავი,
არ შეარჩინეს მტკაველი ბალნის.
ვატყობ, რომ ასე იოლად საქმეს
ვერ გააკეთებს ერთი, თუნდ მავნე,
რომ არა ჰყავდეს ნაფიცი ძმები,
ცხენს ამატებენ საპალნეს გზნებით.
თანაც მისცხებენ წიხლს, - დროზე წადი,
თავზე რომც გედგას სიცხე და ხვატი!
- მერანიც გზაზე მორჩილად მიდის,
ქვეყნის და ხალხის მასა აქვს რიდი,
მაგრამ ოდესღაც აიშვებს აღვირს,
თუ კი იპოვის უებრო მხედარს,
ცაში გაფრენის დღეც დაუდგება,
ღმერთო, გაძლება მიეცი მერანს!





სისხლში დუღილის აღარ მაქვს გემო

სისხლში დუღილის აღარ მაქვს გემო,
მზე ჩაესვენა ახლახანს მთაში,
შემოუყრია ზედ თავზე ქაფი
ჟოლოს მურაბის ან იქნებ მარწყვის,
აღარ მიწეწავს თმებს ზენა ქარი,
აღარც დუღილის აღარ მაქვს გემო
სისხლში, რომელიც გამხდარა სხვისი,
თუმცა არ მჯერა და ისევ ვჩემობ.



სინათლე აღარა დგას ჯამებში

სინათლე აღარა დგას ჯამებში,
შხამით, სამსალით ის არის სავსე,
ყელთ გახირულა რქამოტეხილი
ვაზის მტერი და ამ ქვეყნის მავნე.
სუნთქვაშეკრული ველი მის გახსნას,
იქნებ ძარღვებში იდინოს სისხლმა
ჩემი წინაპრის, მადლმა კაცობის,
სადარაჯოზე ჯარად რომ იწვა.



Friday, January 11, 2019

მე სიყვარულის მესხა ბორკილი

მე სიყვარულის მესხა ბორკილი,
ვეღარ გავლეწე ბოლომდე ყანა,
ცხენები მიქრის ფაფარაშლილი,
ბორკილებშეხსნილს აღარ მაქვს ძალა.

Thursday, January 10, 2019

სალოცავს კარი არა აქვს

სალოცავს კარი არა აქვს,
უფალის გულიც ღიაა,
გავიხსნი ყველა იარას,
ციდან ცრემლებით მინამავს.

მურმან ჯგუბურია, ლექსები

მურმან ჯგუბურია — ქართველი პოეტი. დაიბადა გალის რაიონის სოფ. ოქუმში. 80 წლის.
ის გახლავთ 15-ზე მეტი წიგნის ავტორი. მისი ცალკეული ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, პოლონურ ენებზე. 12.06.38.
ქვემოთ წაიკითხავთ მის ლექსებს.
* * *
ვარჩევთ ლობიოს, და აივნით მოჩანს ხანძარი,
იქ, მეზობლისას, ჩალის ღერებს წვავენ ბავშვები;
გამახსენდება ეს საღამო გულისფანცქალით,
და ვეღარ ვამბობ, ამის გამო ვით ვიტანჯები.
თან რაა თითქო, საღამოა, ვარჩევთ ლობიოს,
იქ წვავენ ღერებს და კოცონი ბზინავს წითელი,
და ურევია იმ ბავშვებში ერთი გომბიო -
ცირა, ვის გამოც მთელს სამყაროს ავუხირდები!
* * *
ის ჟამი, როცა ჩქაფუნა ჯუმში
გვედგა პაწია ნავი,
წავიდა, მაგრამ მდინარე დარჩა,
მხოლოდ მცირე აქვს განი
და აღარც ნავი არა ჩანს არსად,
ხოლო წითელი მზე კი,
ამოდის ისევ, როგორც იმხანად,
ჯუმის მახლობელ ფერდით.
წავიდა სვიმო-ბაბუა, მალე
ალბათ, ბებიაც წავა,
უცვლელი რჩება ეს ჯუმის წყალი
და ონარიის ჰავა.
მაინც ყველაზე გასაკვირია
და სასაცილო ის, რომ
სოფლად ჩასული გახა ქირიამ
ვერა და ვეღარ მიცნო.
არა და, მხარზე შესკუპებული
ვუტარებივარ წლობით,
გვიან კი, ჯუმში ერთად მოგვისვამს
მცირე ნავისთვის ხოფი:
სად მიდის ხსოვნა, რამ დაავიწყა
ბერიკაცს ჩემი თავი, -
ის ჟამი, როცა ჩქაფუნა ჯუმში
გვედგა პაწია ნავი!
შემოდგომის მიწურული
ფიცრული ოდა, გახირული ეკლიან ბუჩქზე,
ვით ჩიტის ბუდე პაწაწკინტელი;
დრო-დრო გამოდის დედა-ჩიტი და არეს უმზერს,
ჭიშკართან ხმელი იძვრის წიფელი.
ცვივა ფოთოლი. მიაქვს ფიჩხი და ჭიანჭველას
ტალახში უდგას სველი ფეხები,
მზე ჩადის წითლად, აივნიდან ჩანს თუთარჩელაც
და ბრუნდებიან მინდვრით გლეხები.
წუხელის თოვლით დაიფიფქა ჭალისპირეთი,
გვიმი ჩანს, ვედრო, და ფეხის კვალი,
ლოყაწითელნი სხედან ცეცხლთან სოფლის ცირები
და ისმის, როგორ ხმაურობს ქარი.
ჯერ ყანებია ასაღები, თოვლს მზე გაალხობს,
ირღვევა ჭირხლი და შრება ველი,
შუადღის ხანად საქონელი კიდეც ბალახობს,
მწვანეა ჩრდილში ბალახის ყელი.
ცა გაიხსნება, ცეცხლს დაანთებ, ისევ ჩაწვები,
სარკმლიდან მოჩანს ლაჟვარდი ზეცის,
ღობეთა გასწვრივ გაკმედილი დგანან ნაძვები
და შორით შაშვის ჭახჭახი გესმის;
გააღებ კარებს, რა ახლოა კავკასიონი,
რა სინათლეა - გასაკვირველი!
გაივლებ წყენას - ვეღარ ნახე დღეს დაფიონი
და ცა და მიწის თვალისიერი.
ხვალე წინ არი, შეუმჩნევლად წყენა გაივლის,
ალესავ ნაჯახს და მიხვალ ტყეში,
ჯერაც ამ მხარეს კაცის ფეხი აღარ ჩავლილა,
და ტყის ქათამი მიფრინავს მზეში.
ადგება ცირა, გაასწორებს მოქარგულ ლოგინს
და ნაღამევ წყალს გადაღვრის გარეთ,
ახალს მოზიდავს წყურგილედან წითელი კოკით,
წელს დაანახებს მოწყენილ მხარეს,
სარკმლიდან მოჩანს, ჟონავს წვეთი სუსტი ყინულის
და ერთი წამით აჩნდება სარკმელს,
მოღერილია ყელი, თეთრი, როგორც ბინული
და უზის თვალი საქალო საქმეს.
ჩატეხილია ეზოს ღობე, ავდარი მოდის,
განთიადის ხანს ლერწამი ტირის,
სადაც ჩრდილია იქ თოვლია და ცივა კიდეც,
და ხეზე ჯერაც ჭიატებს ხილი.
ცხოვრობს სოფელში ჩემი დაია
ატამი ხარობს შენს სარკმელთან, როგორც წესია,
და სახლი შენი პაწაწინას ჰგავს ეკლესიას;
შენ ფეხზე იხდი, გარეთ ტოვებ მოქარგულ ქოშებს,
და ფეხშიშველა დააბიჯებ იმ სამეფოში.
არის სიწყნარე, ვით ნაწვიმარ სარკმელზე წვეთი,-
ცოცავს გულის თქმა, და გინთია ღამეში ზეთი,
სძინავს სახლეულს, არწევ აკვანს, ან ქარგავ ბალიშს,
და ჰკივის ხოლმე მაძახური წყლისპირა ჭალის;
ამ ბნელი ღამით, მე თავს გიხრი დაბლა მიწამდე,
მშვიდობა შენდა, უკუნითი უკუნისამდე!
მეჩაიე გოგონა
ბალახი, გვიმრა, და მდინარის მთავარი წელი,
და დილის ცვარით გაქვს ისევე კალათი სველი.
იქედან მოჩანს ონარია, ჯუმი, ისლნარი,
და ორ მთას შუა წევს სოფელი, როგორც ციცარი.
ტაფობში მზეა და ზეცაზე - ბამბის ღრუბელი,
და ვით სამოთხის ბაღში, ნელი ქარი უბერავს.
ჯერ არც კი იცი, რა გზა გიდევს წინ, მზის ასულო,
ჯერ არც კი იცი, რომ არა აქვს გზას დასასრული.
ჯერ ყველაფერი ნაზია და პირველყოფილი,
ჯერ შენთვის ბოში - ძმა არის და ცირა - დობილი,
მაგრამ გაივლის ხუთიოდე წელი და მერე
შეამჩნევ შენაც, რომ ჩიტებიც ნებისად ფრენენ,
რომ შენი კბილა სხვა სოფლელმა ითხოვა ცოლად,
სოფელი იგი ადგას ჯუმის მოსაზღვრე გორას,
უეცრად დახრი თავს ლამაზი, ვით მინდვრის ვარდი,
და ჩაგიდგება გულში ნელა მწყაზარი დარდი,
ჯერ კი გვიმრა ჩანს, ბალახი და მდინარის წელი,
და დილის ცვარით გაქვს ისევე კალათი სველი.
კარგი ამინდი
როდესაც თრთვილი ედება მინდვრებს
და თეთრად ჰყვავის ალუჩის ბუში, -
არ ხარ პოეტი, მაგრამ ლექსები
გიზუზუნებენ მხიარულ გულში;
როცა ფუსფუსებს გარეთ ბებია,
როცა წინკარში აპურებს ქათმებს,
როს წასასვლელი არა ხარ არსად
და გინდა მაინც წახვიდე სადმე,
ბღავის მოზვერი, ყივის მამალი,
მეზობელს უხმობს კვლავ მეზობელი,
მზე შემოდგება ურთის კორტოხზე
და ნისლში ცურავს კოხტა სოფელი, -
არ ხარ პოეტი, მაგრამ ლექსები
გიზუზუნებენ მხიარულ გულში;
როდესაც ნამი ედება მინდვრებს
და თეთრად ჰყვავის ალუჩის ბუში;
რა ფიქრი გქონდა, ან რა ოცნება,
ყოველი ახდა ამჯერად თითქოს,
ან თუ ცოცხლობდი, ან თუ იცოცხლებ,
ამაზე მეტად არაფერს ფიქრობ.
ისე უბრალო არის ყოველი,
ისე სპეტაკი და ისე წმინდა,
როგორც დაიას სუფთა ამბორი,
და არაფერი ქვეყნად არ გინდა,
როდესაც ნამი ედება მინდვრებს
და თეთრად ჰყვავის ალუჩის ბუში, -
არ ხარ პოეტი, მაგრამ ლექსები
გიზუზუნებენ მხიარულ გულში;
საითაც მიხვალ, მზე თან დაგყვება,
ატოკებს ფოთლებს ნიავი ნელი,
ჯუმის კორტოხზე დგას ეკლესია,
ბზინავს მდინარის მთავარი წელი,
მინდვრებს გორაკი საზღვრავს, გორაკებს-
წყალი და შხვერთი წიფლის ტყეები,
და სიწყნარეა ირგვლივ ისეთი,
არ იცვლებოდეს თითქოს დღეები.
იმ ტყეთა მიღმა მომცრო მთებია,
იმ მთათა მიღმა - თეთრი მწვერვალი,
კავკასიონი მარადიული -
უშტი, უშქარი ღამის მთევარი,
და ასახული იმ თეთრ მწვერვალზე,
როდესაც დილით უმზერ ეზოდან, -
სწორი ბამბუკის მწვანე ფოთოლი,
ერთი ბეწო და ციცქნა ესოდენ, -
არ ხარ პოეტი, მაგრამ ლექსები
გიზუზუნებენ მხიარულ გულში, -
როდესაც თრთვილი ედება მინდვრებს
და თეთრად ჰყვავის ალუჩის ბუში.
* * *
(მივმართავ ჩემიანებს)
თითქოს რაა ქვეყნად ერთი ჯგუბურია,
თქვენ დაგაგკლდათ აქამომდის ვინაც,
მაგრამ როცა გაზაფხულის გუგუნია,
ან გვალვაა და არ მოდის წვიმა,
ანდა როცა მხიარული ქორწილია,
ანდა გლოვა ნათესავის ჩვენის,
ვიცი როცა იშვიათად მოცლილია,
მისწრებაა როცა მუშახელი,
მაშინ ხომ და, მაშინ უფრო გენატრებით,
და ფიქრებში რომ დამიწყებთ პოტინს,
ხომ მხედავთ და ხომ ღონეში გემატებით,
ხომ გაწვებით გულზე, როგორც ლოდი.
ისე რაა ქვეყნად ერთი ჯგუბურია,
რაა მართლაც, რომ სიმართლე ითქვას,
თუკი ქვეყნად გაზაფხულის გუგუნია,
უჩემოდაც კი გათოხნით მიწას.
უჩემოდაც ასწევთ, ვიცი, სადღეგრძელოს,
უჩემოდაც კი გამოსცლით ჭიქას,
მაგრამ, ძმებო, ჩემს მაგივრად ვინ დაწეროს,
ან ვინ გეტყვით სანუგეშო სიტყვას.
ლექსის წერაც გმირობაა, მიხარია,
თუკი ქვეყნად დროებაა მკაცრი,
და თოხის კაცს აკვირდება, რა ხანია,
მაგიდასთან რომ ზის კალმის კაცი!
მაგიდა
მაგიდა - ჩემი მეწველი ძროხა
და მარჩენალი ჩემი,
მასთან წამცდება მარტოდენ ოხვრა
და მიმაღლდება ჭერი!
მე ვუწვდი სტრიქონს, ვით მწვანე ბალახს,
ის ახრამუნებს ნელა,
მე ვეფერები, ვაშორებ ტალახს,
იგი - მზესავით ელავს.
მან დამირჩინა ცოლი და შვილი,
როგორც მაგდანას ლურჯამ,
მისით აქვს ოჯახს ჰამო და ტკბილი,
დაუყვედრელი ლუკმა.
იგი მე ტყიდან გამოვიყვანე
და შევიჩვიე ასე,
მე მისთვის ვზიდავ მწვანე სტრიქონებს,
მას მოაქვს ცური სავსე;
ხანდახან ხდება: დაჭკნება ველი,
არსით ბალახი მწვანე,
უშრება ძროხას მშიერი ყელი
და იმზირება გარეთ.
გარეთ თოვს! სუსხი და ავდარია,
არსად - ჩალა და თივა,
ტყე გაძარცულა, ჭალა - მკვდარია,
წყარო - ყინულქვეშ მივა!
და აღარ ვიცი, გამოზამთრებას
როგორ შევიძლებთ მეტად,
გულს იმედები არ გვეხატება,
საშველს არსაით ვხედავთ!
მე შემციცინებს ცოლი და შვილი,
მე კი - მაგიდას ჩემსას,
ოჯახს არა აქვს ჰამო და ტკბილი,
ეშმა ყიამეთს კემსავს.
და გარს ვევლებით მარჩენალს ყველა,
ვუმზერთ, ვეხვევით, ვვარცხნით,
ბექა და ცირუ, ხვიჩა და ლელა,
მზეებს ხატავენ ცარცით;
ხატავენ ციცქნა ხელით ბალახებს,
კატას, დერგსა და ვედროს,
წყარო ჩაუდის კოხტა ჭალაკებს
და ონარიის ფერდობს.
შეცანცარდება მაგიდა ჩემი,
გამოერკვევა სიზმრით,
მაღლა იწევა ოჯახის ჭერი
და ნაზამთრალი წიგნით
გავდივარ გარეთ, და მივალ ხალხში
გაბრწყინებული მზერით;
მაგიდა ჩემი - რომელიც მარჩენს,
არის მფარველი ჩემი!
* * *
-პოეტობაზე იწეწება! - მითხრა ემზარმა-
მელექსის გამო და უეცრად ყოფნა შემზარდა!
ვაი, ლექსებო,უსუსურნო და უვარგებო,
ვაი ამ გლახა წიწაობას, ჩემო კარგებო,
ვაი, ამ ყოფას; პოეტობას მიელტვის ვიღაც,
ვაი ამ მიეთ-მოეთობას, აქაც და იქაც!
ისე კი, ღმერთმა მოუმართოს იმგვარ კაცს ხელი,
ვისაც ჰგონია,- პოეტობა საქმეა ძნელი...
* * *
მალე ჩამოთოვს ლებარდეს მთებს და ფილთა თოფის
ობოლი ბათქი გაისმება მყუდრო ჭალაში,
ხმა გაისმება, ლეხამურეს, სალხინოს, ოკრიბს,
გახარებული გლეხიკაცი შევა მარანში.
მტვერს გადააცლის ის ღიღინით ადესის ლაგვინს,
აიღებს ხერკეს, ამოიყვანს წვენს სინათლეზე,
გაიფხაჭუნებს ხანდისხანად ოდაში თაგვი,
და ჰყვება ბაბუ გარდასული დროის ნაკვესებს.
იყო აკაკი, ვით ეს თოვლი, სუფთა და წმინდა,
საქართველოს გულს ადღეგრძელებს კაცი სასმისით,
ქუსლთან ჩვეულად გაცრეცილი მოსავს მას წინდა,
და ახსოვს, როგორ მოიტაცეს როსმე „საწმისი“.
ზამთრის ხანს მეტი რაღა რჩება სალაპარაკო,
„გაზეთი რას წერს?“ - აქ იკითხავს და მეზობელი
გადაჰკრავს ღვინოს, და სოფლიდან დიდი ქალაქი
მოწყვეტილია, - ქალაქიდან, როგორც სოფელი!
აქ სხვა ყოფნაა, ბინდი მთიდან ნელა ჩამოდის,
მცირე ხანს კიდევ იჭიატებს სინათლე თეთრი;
ღამეა კუპრი და გალიგვულ გარეშემოში
მარტოა კაცი, როგორც ცაში, მაღალი ღმერთი!
* * *
ზამთარი ჰფარავს მოგონებებს, ახშობს, აყრუებს,
და უზრუნველი დავეხეტები,
თოვს ხვავრიელად, ათოვს ოდა-სახლის სახურავს
და აღარ ჩანან შორი ქედები.
დღისით თოვს ასე, ხოლო ღამით ყინავს ჩვეულად,
და მირიადი ვარსკვლავი ბრწყინავს,
ნაგაზის ყეფა ჩაესმება ყურს მეყსეულად,
და სოფელს სძინავს.
სძინავს იმედებს, მოგონებებს, სურვილებს ფიქრებს,
კმაყოფილია ძეხორციელი,
თეთრია ღამე და ვარსკვლავი გზას ნათლად იგნებს,
და ხანდისხანი ისმის წკრიალი.
გაიფაჩუნებს ძილში კაცი, წლიური შრომით
დაღლილი მძიმედ და ყვინთავს ისევ,
ისვენებს დათვი და მიწაში ისვენებს მძრომი
და მხოლოდ ქარის სისინი ისმის.
არ გავიღვიძებ ამ წელიწადს, რომ მქონდეს ნება,
და სამერმისოდ მოვიკრებ ღონეს,
მაგრამ იხსნება პირი ცისა, ყინული ლხვება,
ვეღარ დაიდებ ფენებად ქონებს.
მოგონებების იღვიძებენ დასნი და დასნი,
ამოიწვერა ბალახი მწვანედ,
ჰყვავის ხეხილი, ეკალ-ბარდი, ჭინჭარი, ქაცვი,
გამოეფინა ქვეყანა გარეთ.
და თითქოს ვიცი, ყველაფერი რისი ბრალია,
დავეხეტები გულდაწყვეტილი:
მე შემოდგომა მიყვარს ძალიან
ცივი ზამთრისკენ გადაზნექილი.
მურმან ჯგუბურია

ეპოტინები, კაცო, დიდებას!

ეპოტინები, კაცო, დიდებას,
არ იცი კია, მან ვინ ინება,
გახდეს რჩეული ერის და ქვეყნის,
შენშია ღმერთი, თუ მხოლოდ ღვენთი,
იქნება შენი ქებაც, მხილებაც,
მაინც მას ირჩევს, ვინც ექიშპება.

ნაკბენი გველის

დამწყვდეული ვარ, ვით პარკში ჭუპრი,
გარშემო ვხედავ სასახლეს შუშის,
თითებით მინებს ვეხები, ვყვირი,
მინდა, რომ გავხდე ოცნების გმირი,
ხელები თვითონ ეშვება ქვევით,
მაჩერებს უცებ ნაკბენი გველის.

გვირილა

აისს ჩაეცვა ვარდების კაბა,
ფარჩა-ატლასი  ცად გაეფინა,
ქვევით გვირილა თვალებსა ნაბავს,
იმასაც სურდა ტახტი მეფისა.
და როცა უკვე მზე აიწვერა,
ფერი იცვალა, გაოქროსფერდა,
ტაში შემოჰკრა ნაზად გვირილამ,
მე მგავსო ახლა მეფე ზეცისა.



Tuesday, January 8, 2019

ძახველი (საბავშვო ზღაპარი)

                      ძახველი

  მაია ბებიას  ლოგინთან ფუსფუსებდა, ხან მის საწოლზე ჩამოჯდებოდა, ხან შუბლზე ხელს დაადებდა, ცხელი აქვს თუ არაო. პაპაც ადგილს ვერ პოულობდა, ოთახიდან ოთახში გადი-გამოდიოდა, ბოლოს მეუღლესთან შედიოდა და ეკითხებოდა: - როგორ ხარო, - ბებიაც,  - ჩახლეჩილი ხმით, ოდნავ გასაგონად პასუხობდა: - არა მიშავსო, - მაგრამ ჩუმად კვნესას განაგრძობდა, პაპას რომ არ გაეგონა და უფრო მეტად არ ენერვიულა, კვნესას ხველაც ემატებოდა. დროდადრო ფანჯრიდან მაიას მეგობარი ჩხიკვი მახარა შემოიხედავდა, ისიც ნერვიულობდა ბებიას ავადმყოფობის გამო, ის კი არა და, თაგვი ნიგოზაც აღარ დარბოდა სხვენზე, კაკლების ჩხარაჩხურმა არ შეაწუხოს ავადმყოფიო,  ძაღლი ბახულაც დუმდა, მისი ყეფაც აღარ აყრუებდა არემარეს. - ბებო, სულ გაგითავდა მამას ჩამოტანილი წამლები? - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა გოგონა ბებიას, - პასუხიც იგივე იყო, - გამითავდა, ბებია გენაცვალოს, ნუ ღელავ, მალე მოვრჩები, ჩვენებიც რამდენიმე დღეში ჩამოვლენ ქალაქიდან, წამლებს ჩამოიტანენ, ასე ნუ განიცდი ამ ამბავს, გზებია ჩაკეტილი, თოვლმა ჩახერგა, თორემ ექიმიც ჩამოვიდოდა და უკვე ფეხზე ვიდგებოდი, - ამბობდა ბებია და შვილიშვილს ხელს მის საწოლთან დახრილ თავზე უსვამდა, რომ დაემშვიდებინა. უცებ ფანჯრის მინაზე ნელი კაკუნი გაისმა, ჩხიკვი მახარა გოგო მაიას გარეთ იხმობდა. ამოიცვა ჩექმები გოგონამ, ქურქიც გადაიცვა, ქუდიც დაიხურა და გარეთ გავიდა. მახარამ ერთი ხის ტოტიდან მეორეზე გადაინაცვლა და დაიწყო: - მახსოვს, ერთხელ გაზაფხულზე ბულბული გაგვიხდა ავად, სამი დღე აღარ მღეროდა, კოდალა ექიმთან ძლივს მივიყვანეთ ჩიტებმა, ისე სუსტად გახლდათ, ძახველის ყვავილები გამოუწერა საჭმელად, ხომ გახსოვს ძახველის თეთრი ყვავილები? - ჩაეკითხა მაიას,  - იმანაც, როგორ არ მახსოვსო, თავი დაუქნია,  - ჰოდა, მაგ ძახველის ყვავილების ჭამამ მოარჩინა ბულბული და ბებიას როგორ ვერ უშველის, თუმცა, ახლა ყვავილები კი აღარ აქვს, წითელი ნაყოფი აბიაო. - ჩხიკვმა ახლა სხვა ტოტზე გადაინაცვლა, თავი ზევით აწია, იქვე ხეზე მჯდარ ყვავებს მტრულად გახედა და თქვა: - ეგენი ახლა სულ მაგ ნაყოფით იტკბარუნებენ პირს და ვერა ხედავ, რა ჯანმრთელად გამოიყურებიან და რამდენს ყრანტალებენო? იქნება, ჩვენს ბებიასაც რამე უშველოსო. -  გოგონამ დიდი მადლობა მოუხადა მეგობარს და სასწრაფოდ შებრუნდა სახლში, პაპასთვის უნდოდა ეს ამბავი რაც შეიძლება სწრაფად ეამბო. პაპამ თავში იტაცა ხელი, - ეგ მე როგორ არ გამახსენდა, ძახველი გაციების წამალიაო, - და გოგონასთან ერთად ტყისკენ გაეშურა. ტყეში თოვლს დაეფარა ხეები, თოვლი ადგილ-ადგილ შეგუნგლულიყო მინდორზე, ხის ტოტებზე და ათასნაირ ცხოველს აგონებდა გოგონას. აგერ, პატარა თეთრი კურდღელი, ღელის პირას ჩაცუცქულა, თითქოს წყალს სვამს, აგერ თეთრი დათუნია ჰკიდია ხეზე, წინა თათებით დაბჯენია მიწას ზღარბუნია, უკანა თათები მაღლა აუშვერია, უნდა გაეცინოს მაიას, მაგრამ ამის დრო ახლა არა აქვს, მაინც ეღიმება, იცის მაიამ, რომ ეს ნამდვილი ცხოველები კი არა, თოვლის გუნდებია, ოღონდ სხვადასხვა ფორმის, ხელს თუ ახლებ, მაშინვე დაიფშვნებიან. აი, ძახველის ხეს მიადგნენ ის და პაპა, ძალიან მაღალი არ არის, მაიასაც შეუძლია ერთი-ორი ტოტი მოტეხოს,  წითელი ნაყოფით დახუნძლული, ლამაზად რომ იჭყიტებიან თოვლის ქვემოდან,  თუმცა კი ეცოდება, მაგრამ ბებიას შველა რომ სჭირდება?! - ძახველი ძალიან სასარგებლო მცენარეა, - ეუბნება პაპა მაიას, - მასში "ცე" ვიტამინია, რომელიც გაციებას ებრძვის, ადამიანის იმუნიტეტს ამაღლებს, თაფლსაც კი შეიცავს მისი  ნაყოფი,  ჩემო გოგონი, კიდევ სხვა მრავალ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად, კაროტინს, ამის მერე გეცოდინება, - ამბობს პაპა და სიამოვნებით კრეფს ძახვლის ნაყოფს, თან გემოსაც უსინჯავს და  საუბარს განაგრძობს: - ეს რა კარგად გახსენებია შენს ეშმაკუნა ჩხიკვს ამის შესახებო, - იღიმება. - კაროტინი რა არისო, - ის იყო უნდა ეკითხა მაიას, რომ იქვე ჩხიკვმა მახარამ ატეხა ჩხავილი: - ჩქარა, ჩქარაო! -  იქვე შორიახლოს ხეზე ჩამომჯდარიყო და პაპა-შვილიშვილს უყურებდა, ემანდ არ შეაგვიანდეთ სახლში მისვლაო. ტოტებდახუნძლული მოდიან მოხუცებული და გოგონა გზაზე, სახეები ძახვლის ნაყოფივით უბრწყინავთ. მზე გამოსულა ცის კაბადონზე, გარშემო ყველაფერი ბრდღვიალებს, თვალისმომჭრელად ბზინავს თოვლი, ძახველის ტოტების ჩრდილიც კი ვარდისფრად კიაფობს მასზე. პაპა-შვილიშვილი სახლისკენ მიიჩქარიან, მათ ხომ ბებიასთვის წამალი მიაქვთ.
      რამდენიმე დღის შემდეგ ბებია უკვე თვითონ უდუღებდა მთელ ოჯახს ძახველის ჩაის, პაპას, მაიას, მის დედ-მამას, პატარა ძმას. ორთქლი ასდიოდა მადუღარას, ფინჯნებს. ბუხარში შეშა ტკრციალებდა, მინებიც დაორთქლილიყო, ამიტომ ფანჯარაში მომზირალი ჩხიკვი მახარა სახეებს კარგად ვერ არჩევდა და გული წყდებოდა, ჩხიკვების ცნობისმოყვარეობის ამბავი ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ ეს თვისება ზოგჯერ  საჭიროცაა და აუცილებლიც, ხომ მეთანხმებით ამაში?

1/8/19 12:53 PM

Sunday, January 6, 2019

ტყვე ყოფილა მარტო გულის

ფესვი მძლავრობს სიყვარულის,
სითბოს მოსვლა არ აცალა,
კვირტს კვირტებზე სწრაფად ისხამს,
ყვავილებიც გადაშალა.
ზამთარია, თუმცა, ვხედავ,
ზეიმია სიყვარულის,
არც დრო იცის წელიწადის,
ტყვე ყოფილა მარტო გულის.







Friday, January 4, 2019

სულში ათასი ჭირი ტრიალებს

სულში ათასი ჭირი ტრიალებს და ზამთარს ყინვას ვემათხოვრები,
მსურს, გამიცივოს ეს ჩვილი გული, გახევდეს მორჩი ბოლო ნერვების,
ახდია თავი ჭას და ავსილა, საზამთრო ქარებს შემოაქვთ ჭუჭყი,
დაიწმინდება როდისღა წყალი? უკვდავებისას დადგამენ ჭურჭლით?
კარდბლანშს მაძლევენ თეთრწვერა მთები, - მოისვენეო, აღარ ჩანს გზები,
იქნება სადმე დაგიცდეს ფეხი, ხელმოსაჭიდიც გამხდარა ხმელი,
- გადაჰფარვია ცას შავი ბოლი, ნაფლეთებს ღრუბლის მართმევენ, თითქოს,
გამოიჭყიტავს მზეთამზე ბრძენი, - იმედს ნუ კარგავ, -  ოპტიმიზს ითხოვს.
მეც მებრძოლივით გადვიყრი ნაღველს, როგორც დიდ ხორთუმს ისწორებს სპილო,
დაველოდები თეთრონ აპრილებს, რომ დაგვიტოვებს უამრავ ხვითოს,
ნაწამლი სულით გავეშურები, უპატრონო სახლს დავადგამ წალამს,
ლურჯ იალქნებად ცად  ავიშლები, ჩავაწობ ზღვაში ფრთასა და კალამს.







Thursday, January 3, 2019

ჯოჯოხეთში ვარ თუ მელანდება?

ჯოჯოხეთში ვარ, თუ მელანდება?
მზე ჩადის, ტყეში მალე ღამდება,
ვხედავ, გველების ფერად გრაგნილებს,
ტანში მზარავს და უფრო მაციებს...
წრე შემოუკრავთ დევისთვის ჯოჯოთ,
იმის ფეხებთან ტკეპნიან ღოლოს,
ეს თუ ყოფილა ამათი ღმერთი?
რძის დამაწვნებას სჭირდება კვეთი,
ისე იწოვენ იმის ოხშივარს,
ბილწს და გესლიანს, შხამად მოდინარს,
ნეტავ, არ ჰყოფნით, ამდენი ლაფი?
ტანზე ისხამენ მუჭებით, ხაპით.
აქ გაუმართავთ ჭინკებს აღლუმი,
მოუსხამთ ფრთები, თითქოს, ღამურის,
კაციც ვიცანი ერთი თუ ორი,
იქავე ყრია იმათი მძორი.
რა გააკეთეს ასეთი, ნეტა,
ხედავდეს ამას ამათი დედა,
ქცეულან კერპის მონებად, ხევთან
ეშმაკი ერთი თავებსა სხეპავს.
სხვა კი ატყავებს, ცოცხლად ხორცს აჭრის,
ცეცხლზე ხვლიკებთან დგას დიდი ქვაბი,
შიგნით ყრის, მერე უსინჯავს გემოს,
ენით ეკრობა, წურწურებს წებო.
ჯოჯოხეთის დგას იქვე მაშხალა,
მოარბენინებს დიდ ტახტს ჩქარ-ჩქარა
ორი ეშმაკი, დადგეს მიწაზე,
ყველა გადადის თავით ყირაზე.
უცებ გაისმა გუგუნი მიწის,
შეაზანზარა რქებით და ჩლიქით,
გარშემომყოფებს მოავლო თვალი,
ბანჯგვლიანს უჩანს ტუჩების რკალი.
ქვეშევრდომების გაისმა ოხვრა,
ვეღარ გავუძელ შიშსა და  კოშმარს
და მივეახლე, ვით ერთი მონა,
გავმართე ცეკვა, ტყიური როკვა.
წითელ თვალებში გიზგიზებს ცეცხლი,
მათვალიერებს ბოროტი მზერით,
- აქ რა გინდაო, ადამის ძეო,
ჯერ არ დამდგარა განკითხვის დღეო,
ანგელოზებმა დაგტოვეს, ნუთუ?
ყნოსავდი, ალბათ, ჰაშიშს და ბურნუთს,
ცოდვები თუმცა გაქვს შენაც ბევრი,
ჯერ არ დათვლილა საშენო დღენი.
- მტაცეს ხელი და დამაგდეს იქვე,
ეშმაკთა ზეიმს ვუცქერდი ის დღე,
ზოგიერთ კაცთა ღრეობას ჰგავდა,
ღმერთი შემინდობს... ღირდა კი ნახვად?!


















Wednesday, January 2, 2019

სვენებ-სვენებით აივანზე ვსვამდი მე ყავას

სვენებ-სვენებით აივანზე ვსვამდი მე ყავას,
სვენებ-სვენებით მივყვებოდი ცხოვრების შარას,
სვენებ-სვენებით მეც დავწერე ვნებების ლექსი,
სვენებ-სვენებით დამეფინა ოქრო და ვერცხლი,
ახლა ყვავილებს ჩემს გარშემო ველი და ვეტრფი.

გოგო მაია ტყეში სტუმრად (საბავშვო ზღაპარი)

                              გოგო მაია ტყეში სტუმრად

    მაიას თოვლი ძალიან უყვარდა, მთელი წელი მის მოსვლას ელოდებოდა. შემოდგომის ბოლოს ან დეკემბერში, ისიც მოვიდოდა და გადაიბარდნებოდა ირგვლივ მიდამო, ტყეები, ველები. სოფლიდან შორს წასვლას ვერ ბედავდა, მაგრამ ახლოებში ხშირად გაისეირნებდა ხოლმე. მართალია, ტყისმცველის შვილი იყო, მაგრამ სკოლაში წასვლის დრო რომ დაუდგა, ოჯახი სოფელში გადმოსახლდა, ტყიდან ბავშვი სკოლაში როგორ ივლისო, შენიშნა დედამ და ეს ამბავიც უცებ გადაწყდა. ენატრებოდა მაიას ტყე, შორიდან შესცქეროდა, ჩხიკვი მახარაც ენატრებოდა და თაგვი ნიგოზაც, თავისი ძველი მეგობრები, ძაღლი ბახულაც იქ დარჩა, მამა ხშირად ისევ ტყისმცველის სახლში რჩებოდა, იქ ათენებდა ღამეს. გაეშურა ტყისკენ, რა ეგონა, ასე მალე თუ შემოაღამდებოდა, აღარ გაახსენდა, რომ დეკემბერში ღამეები ყველაზე გრძელია, დღეები კი -  მოკლე. მიდის გოგონა, თოვლში მიაბიჯებს, ამ დროს მგლის ყმუილი შემოესმა, ნაბიჯს აუჩქარა, შეშინდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, ნერვიულობა რას მარგებსო, თავის მეგობრებს დაუძახა - მახარა, მახარა, ბახულა! - დიდი ხნის ჩაძინებულ ჩხიკვს ძახილზე გამოეღვიძა, მეგობრის დასახმარებლად გაფრინდა, თან მეგობარი ჩხიკვებიც გაიყოლია, ისინიც გააღვიძა, ჩემს მეგობარს დახმარება სჭირდებაო, აწიოკდა ტყე, ნელ-ნელა სხვა ჩიტებმა გაიღვიძეს, ფუღუროებიდან ციყვები გამოვიდნენ, რა ხდებაო, იძახდნენ და თვალებს იფშვნეტდნენ,  - გოგო მაია მოდის ტყეში ჩვენს სანახავად და გზაში შემოაღამდა, შველა სჭირდებაო, -  ყრანტალებდნენ ყვავები, ყველას გასაკვირად, თურმე იმათაც ჰქონებიათ გული და მათაც ყვარებიათ გოგო მაია, ირმებიც დაფრთხნენ, ვაითუ მგელმა შეჭამოს გოგონა, ყველა ერთად წავიდეთ, მივეშველოთო. ძაღლი ბახულა რის ბახულა იქნებოდა, აწიოკებული ტყე რომ არ დაემშვიდებინა, - მე მომანდეთ ეგ საქმე, ნუ გეშინიათ, მაიას მთელსა და ჯანმრთელს მოგიყვანთო. ხეებიც შეიშმუშნენ, მაგრამ ძაღლის სიტყვებმა ისინიც დაამშვიდა. ბახულამ მგელს გასძახა, - გოგო მაია მოდის ტყეში და არ შეაშინოო, -  ერთმანეთის მტრები კი იყვნენ მგელი და ძაღლი, მაგრამ გოგო მაია მგელსაც უყვარდა, ისეთი ნაზი და სიფრიფანა იყო, თანაც ტყის ქომაგი და დამცველი. - რას ამბობ, მეგობარო,  - გასძახა ძაღლს, - პატარა გოგონას როგორ შევჭამ, "მაუგლი" არ წაგიკითხავს, მგლებმა გაზარდეს ტყეში დარჩენილი პატარა ბიჭიო, - ცოტა კი შერცხვა ბახულას, მგელს ეს რა ვაკადრეო, მაგრამ თავი დაიმშვიდა, სხვა დროს გადავუხდი პატივისცემასო და გოგონასკენ გაიქცა.
            მიდის გოგო მაია ტყისკენ, ფეხები თოვლში ეფლობა, ძლივს მიიკვლევს გზას. უცებ ჩხიკვები გამოფრინდნენ ტყიდან დიდი აურზაურითა და ჩხავილით, ერთმანეთს ასწრებდნენ ლაპარაკს, ბოლოს მახარამ ყველა გააჩუმა და გოგონას მხარზე შეასკუპდა,  _ წამოდი, გენაცვალე, სახლისკენ მე გასწავლი გზასო, - ყურში ჩასჩურჩულა. გახარებულმა მაიამ ხელი გადაუსვა ჩიტს და ნიკარტზე აკოცა, ხედავს, აგერ ბახულა გამოვიდა ტყიდან, იმას ირმებიც მოჰყვნენ, გახარებული ციყვები ნაძვებზე ადი-ჩამდიოდნენ, არაფერი დაშავებია ჩვენს გოგოსო, ის კი არა და მგელიც, შორიდან უთვალთვალებდა ამ აურზაურს, უხაროდა სიყვარულის ზეიმი, ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან, თუმცა ეს წუთიერი სისუსტე იყო, უცებ ცას შეჰყმუვლა, აბა, თავის ზნეს როგორ მოიშლიდა?! ცოტა კი შეშინდნენ ფრინველები და ცხოველები, მაგრამ ძაღლმა დაამშვიდა, სიხარულისგან ყმუისო. ასე დამთავრდა გოგო მაიას ტყეში სტუმრობის ამბავი. თაგვმა ნიგოზამ ჩხარაჩხური აუყენა კაკლებს, ისეთი ცეკვა-თამაში გააჩაღა სხვენზე, გოგონა რომ სახლში მივიდა. მამაც მალე მოვიდა სამსახურიდან, სხვა ქალაქში წასულიყო საქმეებზე, საყვედური კი უთხრა შვილს, მაგრამ საღსალამათი რომ დაინახა, ძალიან აღარ გაბრაზებულა. გარეთ გავიდა და ტყეს გასძახა, - მადლობა, ჩემო მეგობრებოო! - ტყესაც სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა და მორცხვად დახარა თავი.
2.01.2019 წელი

2.01.2019 წელი

Tuesday, January 1, 2019

ახალი წელი

ღამემ ალურით ჩაგვიარა, ბედაურივით,
ნეტავ, ვინ არის სტუმარი მისი?
ეს აზარფეშა, ავსებული ნდომის სურვილით,
კარგა ხანია, სუფრაზე იცდის.
             _______________
ათასი სანთელი ელავს და ინთება
ვარსკვლავი ზეცაში, სულ მაღლა ასულა,
შემოდის  ნათებით, კაშკაშით, ლიცლიცით
ახალი წელი და ქურქს იცვლის ღამურა.