Wednesday, December 27, 2017

სინანული (საბავშვო) (სოფიო ჭელიძე)

ეკლესიის კართან ვდგავარ თავდახრილი,
მომეგება სიონის მზე თავის ჩრდილით,
ალმაცერად შემომხედა ეკალბარდმა,
ბაღის ვარდმა თვალში სხივი მომანათა,
გამიღიმა, მხარდაჭერა გამოხატა,
დღეს ხომ მარტო შევაბიჯებ წმინდა ხატთან,
ვილოცებ და გადავკოცნი ფრესკებს კედლის, -
უზადოს და ულამაზესს ყველა ეტრფის.
გადმომხედავს მაღლა ღმერთი მოფერებით,
თუ რამ ცუდი გავაკეთე, იმას ვეტყვი,
ვიცი, ალბათ, არ დამტუქსავს, არ გამკიცხავს,
სინანულით სავსე გული მისთვის მიმაქვს.
,
.


დარიგება ყმაწვილებს!

ღმერთის მცნებებს, ღმერთის სიტყვას
ნუ გადახვალ, უკვე ითქვა,-
რომ არა აქვს დასასრული,
ვინც ბუნებით არის სრული.
ვინც ღვთის ნებას ხვდება ლხენით,
ქვეყნად ივლის აღმაფრენით,
"პატივი ეც დედას, მამას", -
ცისარტყელის შესწვდი კალთას.
სხვა არ იყოს შენთვის ღმერთი,
არ შეიქმნა არა კერპი,
არც მცურავი დაბლა ზღვაში,
არც მფრინავი მაღლა ცაში,
ენდე მხოლოდ სიტყვას უფლის,
მისი ძალა გრიგალს უდრის,
ვერ მოთოკავს გეენია,
შენი ბოლოც ედემია.
არ შეგშურდეს არავისი,
არც ქონების და არც ნიჭის,
ღმერთი მოგცემს, რაც გჭირდება,
რომ არ ნახო გაჭირვება.
"არა კაც ჰკლა", ეგე მცნება,
ლექსთა სტროფში იკითხება
ილიას და აკაკისი,
უნდა დადო ჩვენთვის ფიცი,
რომ პატივს სცემ ძმას და მოყვასს. -
თავმდაბლობის მადლი მოაქვს,
ავყიობას გადარჩები,
თუ ავის მქმნელთ არ აჰყვები,
მოიშორებ ცრუს და როკაპს,
ამ ჭიდილშიც გინდა ზომა,
რომ ზედმეტი არვის ჰკადრო,
უხეშ სიტყვას ღმერთი არ ცნობს.
რომც გშიოდეს, "არ იპარო",
ჭინკას, ქაჯს არ დაემგვანო,
გაუყავი მშიერს ლუკმა,
ანგელზთა გახდი სულთქმა.
მსურს, მარადჟამს გაიხარო,
დედას გულის ვარდი ხარო,
ასახელე ბაბუ ნიჭით,
გახდი ბებოს თვალის ჩინი.
მამას სულის ნაწილი ხარ,
მისი სისხლი, მისი ხორცი,
ღმერთი მოგცემს ბედნიერ დღეს
მშობლების და უფლის მორჩილს.






ყვავილს ვგავარ ბროწეულის

ბზობის მადლით ავსებული
ყვავილს ვგავარ ბროწეულის,
გულში ღვივის სიყვარული
ღვთის შეწევნით მოწეული,
ყვავილ-ყვავილ, ბუჩქებ-ბუჩქებ,
ვენახ-ვენახ, ეზო-ეზო,
ხელებს გვიწვდის მადლით სავსე,
ყველა ქვაზეც მადლი ძევსო.
ბზების სურნელს აყოლილი
გული თითქოს ზეობს ცაში,
ზნეკეთილი ნაყოფივით
ზურმუხტოვან ტოტებს გაშლის,
მოლაღურის მოძახილით
ხარობს ზეცა, სამოსახლო,
ზეაწვდილა უფლის ხელი, -
ჯვარი უნდა გადმოგვსახოს.
ატეხილი ტყე-ჭალები
მიელტვიან ღრუბლის ფთილებს
და ტაძრები, მზენაფერი,
სამომავლოს გვგვრიან იმედს,
რომ იესოს მზერა მნათი
აგვაცილებს ტკივილს ბედად,
ცისარტყელა ფერებს გაშლის,
ვერ გაგვტეხავს დრო და სეტყვა.
არ ექნება დასასრული
სიკეთეს და სიტყვას უფლის,
ბზობის მადლით ავსებული
ყვავილს ვგავარ ბროწეულის.




Saturday, December 23, 2017

ოცდაერთი. ღამე. ორშაბათი. ანნა ახმატოვა. (თარგმანი მაია დიაკონიძის)

ოცდაერთი. ღამე. ორშაბათი.

ოცდაერთი. ღამე. ორშაბათი.
ჯანღში ჩანს ქალაქის მონახაზი.
თხზავდა, ალბათ,  ვიღაც უსაქმური, -
არსებობს მიწაზე სიყვარული.

სევდისა თუ სიზარმაცის გამო,
დაიჯერეს და ასე ცხოვრობენ, -
უყვართ და შიში აქვთ განშორების,
მღერიან სიყვარულზე სიმღერებს.

ზოგიერთნი ხსნის ამ საიდუმლოს,
თუმცა კი ამჯობინებენ დუმილს...
მე კი შემთხვევით წავაწყდი ახსნას
და ამის შემდგომ თითქოს ვარ ავად.

Двадцать первое. Ночь. Понедельник.

Двадцать первое. Ночь. Понедельник.
Очертанья столицы во мгле.
Сочинил же какой-то бездельник,
Что бывает любовь на земле.

И от лености или от скуки
Все поверили, так и живут:
Ждут свиданий, боятся разлуки
И любовные песни поют.

Но иным открывается тайна,
И почиет на них тишина…
Я на это наткнулась случайно
И с тех пор все как будто больна.






Friday, December 22, 2017

ნაძვი ღალატის

ზურმუხტისფერში კვლავ ვხედავ ნაძვებს,
მოულოციათ წელი ახალი,
წლები გავიდა, დარის თუ ავდრის,
მათში ვიცანი ნაძვიც ღალატის,
წელი ვიღაცის შვების თუ ვნების,
ჩემთვის კი ჩხვლეტა გულში მახათის,
დღესაც მოჭრილ ნაძვების ტყვე ვარ
და კუნძზე მიდევს თავი აქამდის.


ზღვას უხაროდა ჩვენი სიცილი

ზღვას უხაროდა ჩვენი სიცილი,
- ჯანმრთელობაო, - გვირტყამდა მხრებზე,
სულის მხნეობას, ძალს გვისურვებდა,
მზეც სიხარულით დგებოდა წვერზე,
დღეს ატეხილი დიდი ზვირთები
მხოლოდ სიმძიმედ მაწვება მხრებზე,
ღრუბელს შექმნია მზესთან ცილობა,
- ჩაიჩოჩეო! - მზეც იწევს გვერდზე.


ღვინო "ატენი"

ყოფილა რომი, ათენი,
თოფი, ტყვია და სატენი,
ქვევრშია ღვინო "ატენი",
თოფსა სჯობს ტყვიით დატენილს.

მათ ხსოვნას შემოინახავს...

კაცი ყოფილა ემზარი,
შეყვარებია ცე - ზარი,
იმას მინდა, რომ ვგავდეო,
სული გამოჰყვა მღელვარე.
ლოდები მიმოამტვრია,
ციხე ააგო კვეტარის,
ზარები შემოარისხა,
ხმაც ჰქონდა დიდი მეზარის,
დღეს ძვლები ლოდებს შეზრდია,
ათი ათასი ემზარის,
ბალახებს, ხავსს დაუფარავს
ძვლებიც და ციხეც კვეტარის,
მათ ხსოვნას შემოინახავს
დღეს პაწაწინა ემზარი.




მუზას!

ვერ გპოვე ამქვეყნად, დიდხანს კი გეძებდი,
დავნამე ცრემლებით მინდორი, ბალახი,
ცაში მზეს ვუჭვრეტდი და უცებ განათდი,
თურმე ჩემს გულში და სხეულში დასახლდი.
მუზა ხარ, შემკული ფერებით ლამაზით,
შენს  მოსვლას ნატრობენ ასნი და ათასნი,
ქალწულო, მორთულო ლალით და ბალახშით,
ჩემს სულში, სხეულში წლებია გმალავდი.


Wednesday, December 20, 2017

მხოლოდ სურვილი მკლავს ჩახუტების

გულს უხარია შეხვედრა მთებთან,
ვუმზერ მწვერვალებს, - თეთრს და ცრემლიანს,
აქა-იქ მძიმე ნისლები სხედან,
მზე - ოქროს ფონდი, - მათაც სწვევია.
ჩამოინაცვლებს ზეგანზე მზერა,
წყაროსთვალივით წმინდა, ანკარა,
აქ უამრავი ბებერი ხე დგას,
მათ თავზე შეჰკრა სხივმა კამარა.
შემიპყრობს ჟინი დაღარულ ხეთა,
ამიტაცებენ მაღლა ფიქრები,
შემოვხვევ ხელებს, დავყნოსავ მერქანს,
ყრმის ნეტარებით გავირინდები.
ზედ კენწეროსთან ბუდეა ჩიტის,
ქვემოდან სალამს ვუგზავნი ბარტყებს,
თითქოს ხიდი ვარ ცისა და მიწის,
მინდა, პატარებს ვაწვდიდე საკვებს.
მზის დიადემა დაუდგამთ ქედებს,
ვეღარ მალავენ კადნიერ ზრახვებს, -
წითელ პალეკარტს ისხამენ მხრებზე,
რომ ერთი ბიჯით ამაღლდნენ ცაზე.
მხოლოდ სურვილი მკლავს ჩახუტების,
ვიცი, არასდროს არ არის გვიან...
მთისაკენ ბილიკს ბრმად გავუყვები,
რომ შევეგებო ბრწყინვალე დილას.


Tuesday, December 19, 2017

ვიცი, არასდროს არ არის გვიან

გულს უხარია შეხვედრა მთებთან,
იქიდან ვუცქერ ვაკეს და ზეგანს,
თითოეული ხის დავყნოსავ მერქანს,
შემოვხვევ ხელებს, არა ვცნობ ეკალს,
მხოლოდ სურვილი მკლავს ჩახუტების,
მათთან გარინდვის და დამუნჯების.

- სალამი, ჩემო, -  ვეძახი ბარტყებს,
მათ შორის ერთი ყვითელ პირს აღებს,
ნეტავი ვიყო, პატარა ჩიტი,
ამისთვის დედა, გამზრდელი, გმირი.

მზის დიადემა დაუდგამთ ქედებს,
პალეკარტს წითელს ისხამენ მხრებზე,
ვიცი, არასდროს არ არის გვიან,
კვლავ შევეგებო სმარაგდს და ნიავს,
ვიცი, არასდროს არ არის გვიან,
გავეთამაშო სხივნათელ დილას.

.




Sunday, December 17, 2017

ბარბარობას გილოცავთ!

ბარბარობას გილოცავთ,
ღრუბლებს მოაქვთ ფიფქები,
სპეტაკ თოვლში განწმენდილთ
წმინდა დაგვაქვს ფიქრებიც.

Friday, December 15, 2017

განაჩენი

პერფორატორის ზუზუნია თუ
ვიღაც ორატორის ტრიუმფია,
სიტყვები კი მესმის ერთი-ორი,
"წინ, წინ, საქართველო!", დანარჩენი,
მე უფრო მგონია, განაჩენი.

მე მაოცებდა

მე მაოცებდა ქალის კდემა, კაცის ზრდილობა,
მოკვდნენ და თითქოს დიდი ქუჩაც დაპატარავდა,
ყველას, სულ ყველას გულში, სულში რაღაც დაგვაკლდა, -
კდემა, ზრდილობა, წასულებს  რომ მუდამ თან ახლდა.

მე მგონი

მე მგონი,  აქ
შესვენება მაქვს ასაღები,
არ მქონია ნიჭი
ნაშრომის გასაღების,
ვის სჭირდება შენი წერა,
ხატვა და ჯღაბნა,
რეკლამის გარეშე თუ
საქმეს თავს ვერ აბამ?! 

Thursday, December 14, 2017

გაზაფხულამდე შორია

ხარხარი ისმის მდინარის,
ხევი სავსეა ლოდებით,
შარშანწინ გულს უხაროდა,
ახლა ნაღველით ვღონდები.
ეს თქარათქურა ტალღები
მორბის, ვით ირმისა ჯოგია,
ზამთარი მიტევს ტიალი,
გაზაფხულამდე შორია.

Wednesday, December 13, 2017

განაჩენია სასტიკი

განაჩენია სასტიკი,
ლუკმას რომ ვერ ჭამს ღარიბი,
დაამუნათებს ცხოვრება, -
მასავით მჭლე და ყარიბი.
განაჩენია სასტიკი,
თუ დაიბადე არიფი,
შრომის საზღაურს მოგცემენ
მხოლოდ დაბალი ტარიფით.
განაჩენია სასტიკი, -
ვერ შეადგინე განრიგი, -
უკეთ მოგეწყო ცხოვრება,
უსახსრობასთან გარიგდი.
განაჩენია სასტიკი,
ვეღარ მოძებნე ბალიში,
ცოტათი რომ შეგესვენა,
მოგფერებოდნენ ბადიშნი.
განაჩენია სასტიკი, -
უღმერთოებთან კავშირი,
გასვრა ლაფსა და ტალახში,
თვით ჯოჯოხეთის ნახშირში.
განაჩენია სასტიკი, -
ვერ იგრძნო მოძმის ტკივილი,
სრულიად რომ არ გაწუხებს
მისი კვნესა და ჩივილი.
განაჩენია სასტიკი, -
პირს შეგყინვია ღიმილი,
ყოფა ხელიდან გეცლება,
დნება პირველი ფიფქივით.
განაჩენია სასტიკი, -
ქვეყნის რომ არ ხარ აბედი,
დაოჩნებული ვირივით
კლდეს შერჩენილი დაბერდი.
განაჩენია სასტიკი....









გელოდი!

გელოდი, მაგრამ მოლოდინს,
ქვაც ვეღარ უძლებს ოხერი,
ჩატყდება, ჩაილეწება,
ხევში გორაობს სოველი,
ხავსი ჭამს, წყალი თავს უვლის,
გაჭირვება ვთქვა, რომელი?!
უკუღმართობის შვილნი ვართ,
უკეთესს არც მე მოველი.



Tuesday, December 12, 2017

გმირებს, რომელთა საფლავიც კი არ ვიცით! (პატრიოტული)

თავზე მახურავს ცხრა ზეცა,
არა ვარ მიუსაფარი,
გულში ჩაჭედილ ცხრა ტყვიას
ვმალავდი, მიწად დავფალი.
მალამოდ მომფონებია
იები, ყვავილთ ამალით,
რატომღა ტირი, დედაო,
ასკეცი მხურავს საბანი.

ყველაფერი ზღაპრიდან იწყება - საპნის ბუშტები (ზღაპარი)

   

   ყველაფერი ზღაპრებიდან იწყება - საპნის ბუშტები


ერთ დღეს ქალაქში კაცი შემოვიდა დიდი ჩანთით ხელში. ქალაქის შუა მოედანზე გაშალა პატარა ხალიჩა, ზედ თავისი ჩანთა დადო, საიდანაც სითხით სავსე ჭურჭელი ამოიღო და ჩხირი, რომელიც ჩაუშვა ამ ჭურჭელში და ჰოი, საოცრებავ, რაღაც უცნაური ბუშტები აცურდა ცაში. მაშინ არავინ იცოდა, საიდან ჩნდებოდნენ ისინი. პატარები შემოეხვივნენ სტუმარს, გაოგნებულნი შესცქეროდნენ გამჭვირვალე, მზეზე ათასფერად მოელვარეთ, რომლებიც კაცის პირიდან გამოსული ჰაერით იბერებოდა, იბერებოდა, მერე ჩხირს სწყდებოდა და ცაში მიფრინავდა. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ისინი სკდებოდნენ. - ეს ფიქრის ბუშტებია, ისინი იდეებითაა სავსე, როცა სკდებიან, იქიდან იდეები იფრქვევაო. - ეუბნებოდა კაცი ბავშვებს. ამ ქალაქს პომპეი ერქვა. ბავშვები დედებთან გარბოდნენ და საოცარი ბუშტების სანახავად მიჰყავდათ ისინი. ქალებს ახსენდებოდათ, რომ სარეცხის რეცხვის დროს, როცა საპონი ქაფდებოდა, სწორედ ასეთი ბუშტები წარმოიქმნებოდა, ოღონდ უფრო პატარა. სანახაობის შემდეგ მიჰყავდათ ბიჭუნები და გოგონები სახლში, სარეცხის რეცხვის დროს წარმოქმნილ ქაფს აჩვენებდნენ, თან ჩხირებსაც მიაყოლებდნენ, ბალახისას, რომელიც ახლომახლო მინდვრებიდან მოჰქონდათ, სანამ ჩვენ ვსაქმიანობთ, თქვენ ცოტა გაერთეთო. ბავშვებიც თავიანთ სახლებში ატარებდნენ ექსპერიმენტებს, ცდილობდნენ, საპნის ქაფიდან ჰაეროვანი, ლამაზი ბუშტები მიეღოთ, თან ფიქრობდნენ, ნეტავ ეს იდეები რაღა არისო? როცა  ბუშტი სკდებოდა, ცდილობდნენ იდეები დაეჭირათ, თუმცა ბევრი ვერ პოულობდნენ მათ. რაც კაცმა ქალაქი დატოვა, მას მერე ხშირად ნახავდით საპნის  ბუშტების ბერვით დაკავებულ ბავშვებს. მამა მხატვრები, საპნის ბუშტების სილამაზით შთაგონებულნი, შვილების ამ საქმიანობას კედლებზე ხატავდნენ. ეს ნახატები დღემდე შემოინახა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ქალაქის კედლებმა.
    ახლა სხვა ქალაქსა თუ სოფელში მიდიოდა კაცი და ყველგან თავისი ფიქრის ბუშტები მიჰქონდა. ჩინეთის სოფლებსა და ქალაქებშიც მისი წასვლის მერე ხშირად ნახავდით იგივე სურათს, რაც ზევით აღვწერეთ. ამ საქმისთვის ბავშვებს უფროსები თიხის ჩხირებსაც კი უმზადებდნენ, მამებს ახლა ფურცლებზე გადაჰქონდათ შვილების საქმიანობა ნახატების სახით. იბერებოდა ბუშტები, სკდებოდა, იქმნებოდა იდეები. როგორ იქნა, ყველა მიხვდა, რომ იდეა ახალი აზრია, რომელსაც კაცობრიობა განვითარებისაკენ მიჰყავს. მარტო პატარებს კი არა, დიდებსაც ძალიან მოსწონდათ საპნის ბუშტების გაბერვა. პატარაობაში საპნის ბუშტებზე შეყვარებულმა ბიჭუნამ, ჩარლზ ბოისმა, რომელიც შემდეგ ფიზიკოსი გახდა, თითქმის ასი წლის წინათ დაწერა წიგნი - "საპნის ბუშტები", რომელშიც დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ წარმოიქმნება ისინი და რა თვისებები აქვთ მათ.
         კაცმა ერთხელ გერმანიის ქალაქ ულმშიც შეიარა, სადაც ამ დროს პატარა ბიჭი ცხოვრობდა, სახელად ალბერტი. მას განსაკუთრებით ძლიერ მოეწონა და შეუყვარდა საპნის ბუშტებთან თამაში. საპნის ბუშტებით სავსე აბაზანაში მოჭყუმპალავე ბიჭუნა სულ ახალ და ახალ იდეებს ეზიარებოდა. შემდგომში მან ბევრი აღმოჩენაც გააკეთა მათი დახმარებით. თამაშში მას ავიწყდებოდა დრო, თავის სამყაროში ცხოვრობდა, რომელიც რეალურისგან განსხვავდებოდა. ბიჭუნა მიხვდა, რომ დრო და სივრცე ერთმანეთის გარეშე არ არსებობს და რომ მოძრავი საგნისთვის დრო უფრო ნელა გადის, ვიდრე უძრავისთვის. ამ აღმოჩენაში კი ის დაეხმარა, რომ მატარებლების ყურება უყვარდა, როგორც სხვა ბიჭებს და გოგონებს. ეს საპნის ბუშტების მოყვარული ბიჭუნა შემდგომში ცნობილი ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი გახდა.
         დრო გადიოდა, დიდები ცდილობდნენ, გაეხარებინათ თავიანთი პატარები, უნდოდათ საპნის ბუშტების  ისეთი სითხე მიეღოთ, რომელიც დიდ ლამაზ გამძლე ბუშტებს გამოუშვებდა. მხოლოდ მე-19 საუკუნეში შექმნეს ასეთი სითხე, თანაც  ინგლისში, საპნის ქაფს გლიცერინი ჩაუმატეს, უბრალო წყალი გამოხდილი წყლით შეცვალეს. მე-20 საუკუნის ბოლოს კი საპნის ბუშტებს შეფერილობაც მისცეს,  საღებავები შეურიეს: წითელი, ლურჯი, მწვანე. ეს ცისარტყელას ფერებში შეღებილი საპნის ბუშტები ხშირად გვინახავს პატარებისთვის მოწყობილ ზეიმებზე. დღესაც  საოცარი სილამაზით დაფრინავენ ისინი და იდეებით გვამარაგებენ. შორეული წარსულიდან კი, ახალი იდეების მოლოდინში, ისევ გვიღიმის კაცი, რომელმაც მსოფლიოს საპნის ბუშტები აჩუქა.

Sunday, December 10, 2017

ადამიანების გეშინოდეთ, ადამიანებო! (მოთხრობა)

    წკაპ, წკუპ,...წკაპ, წკუპ,... წვიმის წვეთების წკაპაწკუპი ისმის, საიდან ვერ ხვდება, მაგრამ გული კი უწვრილდება, დარდი შეზრდია მის გულს და სევდა კიდევ უფრო მატულობს წვიმის გაძლიერებასთან ერთად. ერთადერთი ცოცხალი არსება მის გვერდზე ძაღლია, კავკასიური ნაგაზი, ერთმა მეცხვარემ აჩუქა, დიღომში ცხვარს ყიდდა, ლეკვები თან წამოეყვანა, ყველა გაეყიდა.  ერთი-ღა დარჩენოდა, შეეხვეწა, რანაირადაც შეეძლო, კისერი გამოუწია, მე მომეციო, აბა, ფული სად ჰქონდა, რომ ეყიდა?! მეცხვარემ ახედ-დახედა, კეთილი კაცი ჩანხარო და მისცა. გახარებულმა გულში ჩაიხუტა, სულ ფეხით იარა თავის სახლამდე, უფრო სწორად თავის ქოხამდე, კიდევ უფრო სწორად თავის ქოხმახამდე, მშობლებისგან დარჩენოდა, მუხიანის აგარაკებზე ცხოვრობდა, ადრე მცხეთას ეკუთვნოდა ეს მიწა, ახლა ამბობენ თბილისიაო, მაგრამ ტალახებს თავი ვერ დააღწია, ფეხსაცმლის ლანჩებზე სქელი ფენა მოსდებოდა, პარმაღზე გაიხადა მისი გულივით დამძიმებული ფეხსაცმელები, იქვე კარებთან მიყარა და ოთახში შევიდა. ეს ოთახია მისი მშველელი, ის იხსნის ხოლმე დაცინვებისგან, გულსატკენი სიტყვებისგან. ადრე დედა იცავდა ხოლმე, მამაც. ახლა დამცველი არავინ ჰყავს, სრულიად არავინ, მაგრამ ახლა ძაღლი ეყოლება... მშვენიერი, თეთრი, ქუნქულა, მოეწონა, გაიღიმა, უფრო სწორად გაიკრიჭა, რადგან სხვანაირი გაღიმება არ იცოდა იროდიონმა, - ხომ ვაჯობე ყველას ჭკუით, - აბა, ვინმე მომეკაროს, აბა, ვინმემ მაწყენინოს, - ფიქრობდა და ხელის გულებს იზელდა. სულ ერთი ოთახი ჰქონდა იროდიონს, აივნით. ოთახი 12 კვადრატული მეტრი იქნებოდა, მას ყოფნიდა. უყვარდა აივანზე ჯდომა, სახლის სახურავიდან ჩამომავალი წვიმის ნაკადები, ძლიერი წვიმის დროს, და პატარა  წვეთები, როცა ჟუჟუნა წვიმა გადაუვლიდა ქვეყნიერებას, ბავშვობას ახსენებდა, დედ-მამას, ოთახის კედლებს შეხედა, არ მოეწონა, ვარდისფრად იყო შეღებილი, აღარ ახსოვდა, რომ მამამ შეღება, სანამ იროდიონს საავადმყოფოდან გამოწერდნენ. ოცი წელია ამ ფერისაა, ახლა-ღა შეამჩნია, ვარდისფერიც გამუქებულა აქა-იქ, ზოგან გათეთრებულა, ზემოთ ჭერთან ახლოს, ოთახის კუთხეებში ობობებს დაუბუდებია, ქსელები გაშავებულა, მაგრამ იროდიონი მათაც ვერ ამჩნევს, თორემ აუცილებლად გაწმენდდა. არ უყვარს ჭუჭყი იროდიონს, მაგრამ ყველაფერს ვერ გასწვდება, ვერ გააკეთებს. ახლა ძაღლი იქნება მისი დამხმარე, ეტყვის მოიტანეო და მოიტანს, თორემ აქამდე მხოლოდ მას ავალებდნენ: - იროდიონ, ტვირთი წამომაღებინე ბაზრიდან! - იროდიონ, ნაგავი გადაყარე!  იროდიონიც მორჩილად მიჰყვებოდა რომელიმე მეზობელს ბაზარში, მიჰქონდა ნაგვის ტომრები ხრამში გადასაყრელად,  იქნებ მერე ერთი-ორი ლუკმა მაინც აჭამონ, ზოგიერთი ამჟავებულ საჭმელს დაუსხამს ხოლმე, თან ამადლის, ამის ფასი რა გააკეთეო. მეორე დღეს იროდიონი ეზოდან ვეღარ გამოდის, იქაურობას მიეჯაჭვება ხოლმე. სახლში ტუალეტი არა აქვს, ეზოში უდგას, შავი ფიცრების გროვა, კარები აღარ იკეტება სიძველისგან. ხანდახან კარგი კლიენტებიც გამოუჩნდებიან ხოლმე, მიწას დააბარინებენ, ბალახს გაათიბინებენ, ვისაც საქონელი ჰყავს, საქონელი კი ბევრსა ჰყავს, საქმეც არ ელევა იროდიონს. დაღლილ-დაქანცულს არაყს დაალევინებენ, ცეცხლთან გაათბობენ, ერთი-ორ ნაჭერ მწვადსაც გაადაუგდებენ, 5-10 ლარს ჩაუდებენ ჯიბეში, კაცები რატომღაც უფრო კეთილები არიან, - ფიქრობს იროდიონი, როცა არყით შებუჟბუჟებული ბუქნაობს და ცეკვავს ცეცხლის პირას, თანაც იკრიჭება, იმიტომ რომ სხვანაირი სიცილი არ იცის, -პარეზი გაქვსო,- ეუბნებოდა დედა, - მინინგიტის მერე დაგრჩაო, - მაგრამ იროდიონმა არ იცის რა არის პარეზი ან მინინგიტი, უხარია და ცეკვავს, ტრიალებს, ბზრიალებს, - ასა, ასა, - იძახიან კაცები და ტაშს უკრავენ. სიხარულისგან თვალები უბრწყინავს, ცეცხლი მის სახეს ანათებს და კეთილშობილ იერს აძლევს, ვინ იცის, ვისი შთამომავალია უბედური იროდიონი, ბედნიერად მოცეკვავე და სახეაწითლებული. ამას წინათ ცეცხლში ლამის ჩავარდა, - კარგი, კარგიო,- დაუძახეს, ძლივს გააჩერეს შეზარხოშებული. დევივით კია, მაგრამ ჭკუა ბავშვის აქვს, მეზობელ ნიასთან როცა შედის, ის გვერდზე მოისვამს ხოლმე, ფანქრებს მისცემს ხელში და ხატავენ. ნია უკეთესად ხატავს, ვიდრე იროდიონი, იმიტომ რომ ის ლამაზია, პეპელასავით ლამაზი, აი, გარეთ ლამაზ-ლამაზი პეპლები რომ დაფრინავენ, ისეთია, - ფიქრობს იროდიონი, კარგად ვერ ხატავს, მაგრამ ნია ასწავლის ხატვას, ის სკოლაში ათოსანია. ხანდახან იროდიონი თვალს გააპარებს ხოლმე მაგიდაზე ჩამომდგარი ბროლის ვაზისკენ, შიგნით ფოჩიანი კამფეტები დევს, ნია მიუხვდება ხოლმე, რა უნდა და ვაზას აწვდის, რამდენიც გინდა ჭამეო. დარცხვენით იკრიჭება იროდიონი და ერთ-ორ კამფეტს პირში იტენის, რამდენიმეს ნია ჯიბეში უდებს, აქედან რომ წახვალ, მერე ჭამეო. ახსენდება, გარეთ ძაღლი ელოდება, ძაღლს ნიასთან სახლში არ უშვებენ, მაგრამ თეფშით საჭმელს კი დაუდგამენ ხოლმე. ამიტომ უყვარს აქ მოსვლა. სახლში სითბო და სისუფთავეა, უხარია იროდიონს, როცა ზოგჯერ ბავშვის ყარაულად ტოვებენ, ის სახლს შიგნიდან იცავს, ძაღლი - გარედან. ნიას დედა, ქალბატონი მაიკო, აფრთხილებს, ოთახში არაფერს მოჰკიდოს ხელი, არადა რა ლამაზი ნივთებია?! ერთი სურათი მოსწონს, ოქროსფერ ჩარჩოშია, მონადირე მთის ბილიკით დაბლა ეშვება, ერთ მხარზე ნანადირევი გადაუკიდებია, მეორეზე - თოფი. ძალიან უნდა თოფი ჰქონდეს, ნამდვილი თოფი, ისეთი სურათზე რომ არის დახატული, მაგრამ ასეთს ვინ მისცემს, ხელში ვინ დააჭერინებს?! ერთ კედელზე თოჯინები ჰკიდია, ფაიფურის, ლამაზი სახეები აქვთ, ერთი ბიჭი თოჯინაცაა, დიდი, დევს ჰგავს, ზუსტად იროდიონივით იკრიჭება, პატარა რქებიც აქვს, ხუჭუჭა თმებში ჩამალული. იქვე მეორეც ჰკიდია,  პატარა, გამხდარი, ისიც ქოჩორა, თავზე კახური ქუდით, კოპლებიანი პერანგით, პერანგი თეთრია, გაწკრიალებული, იმიტომ რომ ქალბატონი მაიკო ხშირად აბანავებს თოჯინებს, ტანსაცმელს ურეცხავს, იროდიონსაც ურეცხავს ხოლმე, ექიმია, ბაცილების ეშინია. მეზობლის ქალები ეუბნებიან , - მაგ სულელს ბავშვს როგორ ანდობო,- ესმის და სწყინს იროდიონს, მაგრამ ხმას არ იღებს, იმიტომ რომ ლაპარაკი არ იცის, რამდენიმე ბგერას წაიღმუვლებს ხოლმე, მაშინვე აჩუმებენ, მისი მოსმენა არავის უნდა. მარტო თავის ქოხში, ყვირის, მღერის თავის ენაზე, რომელიც არავის ესმის ძაღლის გარდა. ქალბატონი მაიკო არავის  არაფერს პასუხობს, მხოლოდ იცინის, თეთრი კბილები მოუჩანს. ნიას მამა - უშანგი მხატვარია, ნადირობაც უყვარს, ამოიღებს ხოლმე ძველ მამაპაპურ თოფს ანტიკვარული ზანდუკიდან და წმენდს, იროდიონი თან ხატავს, თან თოფს უყურებს, ძალიან მოსწონს თოფი იროდიონს. ნიას ძმაც ჰყავს, სტუდენტი, უჭირს მუხიანის აგარაკებიდან ინსტიტუტში სიარული, ფეხით ჩადის დუმბაძის ბოლომდე, მერე ტრანსპორტში ჯდება. სამარშრუტო ტაქსები დადის დასახლებაში, ოღონდ ცუდ ამინდებში - არა, ამ ოღრო-ჩოღრო გზებზე სიარულში მანქანები ფუჭდება. ნიას ძმაც მეგობრობს იროდიონთან, ხანდახან ლიმონათს მოუტანს ხოლმე ქალაქიდან.
    როცა იროდიონს საქმე არა აქვს, ეს ძირითადად ზამთრობით ხდება ხოლმე, მაგრამ წელიწადის სხვა დროსაც გამოერევა ასეთი დღეები, დაწვება  თავის ძველსძველ ზამბარებიან საწოლზე, ხან ალუმინის რიკულებს შესცქერის, ხანაც ჭერს. სახლის სახურავზე ოფოფები ცხოვრობენ, რაც თავი ახსოვს, სულ იქ არიან, ხმაურობენ, ჭყიპინებენ, სანამ შვილებს წამოზრდიან, მაგრამ იროდიონს არ აწუხებს მათი ხმაური, მათგან სითბოს გრძნობს, მისი არც ფრინველებს ეშინიათ, ლამისაა თავზე დაასხდნენ ხოლმე, ეზოში პურს როცა ჭამს, იროდიონი მათ გადაულოცავს, ბარტყებს აჭამეთო, თვითონ მშიერი რჩება, მერე კი ღმუის თავის ოთახში შიმშილისგან აწრიალებული. თუ ნამეტანი მოუვა და ნიას დედამ გაიგონა მისი ყვირილი, უფრო სწორად, ღმუილი, პურს მიუტანს  და აივანზე დაუწყობს, თავის გამომცხვარს, მერე კარებზე დაუკაკუნებს, შესძახებს, პური მოგიტანეო და გაუჩინარდება. უხარია ყურადღება იროდიონს.
        ნია წამოიზარდა, დაქალიშვილდა, ახლა ერთად აღარ ხატავენ. იროდიონს ახლა სხვა დავალება მისცეს, სკოლამდე უნდა მიაცილოს გოგონა და მერე სკოლიდან წამოიყვანოს. უხარია იროდიონს ნიასთან ყოფნა, თვითონ ხმას არ იღებს, არ უნდა გოგონა შეაშინოს. ის და ძაღლი ჩუმად მიუყვებიან სკოლისკენ მიმავალ გზას, მხოლოდ ნია ტიტინებს, უყვება იროდიონს იმ მთისას და ამ ბარისას, სკოლის ამბებს, ზოგჯერ მასწავლებლებზე ბრაზობს, ზოგჯერ მშობლებზე. ყველაფერი იცის იროდიონმა, რა აწუხებს ნიას, რა უყვარს, რა არ უყვარს. იცის რომ ნიას გვირილები უყვარს. ერთხელ გვირილებით ხელში დახვდა ნიას სკოლის ეზოში. უნდოდა გოგონა გაეხარებინა. სხვანაირად გაიგეს. ბიჭები ჯოხებით გამოეკიდნენ საცემრად. ძაღლმა არ მიუშვა. ჭორები ააგორეს, ნიას მშობლებმა გოგონასთან ახლოს მისვლაც კი აუკრძალეს. დაილია გოლიათი დარდისაგან. თვითონ რომ ვერაფერი დაუშავეს, ძაღლი მოუწამლეს. ავად გახდა ნაგაზი. ერთხელ შინ დაბრუნებულს მკვდარი დაუხვდა, ეზოში დაგდებულს ზედ ყვავები დასხდომოდნენ და გულ-ღვიძლს უკორტნიდნენ, ყვავები შესძულდა, იფიქრა, ამათ მოკლეს ჩემი ერთგულიო. მეორე დილას თოფის ხმამ გააღვიძა დასახლება. იმ ღამით იროდიონს თოფი მოეპარა ნიას სახლიდან და ტყვიებს გამეტებით უშენდა ყვავებს, თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ნიას მამამ და ძმამ ძლივს გამოგლიჯეს ნაგოლიათევს თოფი ხელიდან. დასახლება აფორიაქებულიყო, ემანდ ჩვენც არ დაგვხოცოსო. სინდისმა შეაწუხათ. თოფი რომ აღარ ჰქონდა, ქვები დაუშინა ყვავებს, ამათმა მომიღესო ბოლო, ამათმა გამთვალესო. - ფიქრობდა.მას მერე სახლიდან იშვიათად თუ გამოიხედავდა. შეკრთა სოფელი, ინანეს თავისი საქციელი, ხანდახან კარებს რომელიმე მეზობელი მიადგებოდა თეფშით და პურით ხელში, აივანზე დატოვებდა საჭმელს, ოთახში შესვლას ვერავინ ბედავდა, ისე დაუძახებდნენ, ისიც ღმუილით პასუხობდა. ერთ დღეს ოფოფები ახმაურდნენ, იქაურობა გადააჭრელეს, ბევრნი იყვნენ, საიდან მოვიდნენო, მეზობლებს უკვირდათ, რა ხდებაო იროდიონის სახლში, ჩუმ-ჩუმად მიიპარნენ, ფრინველების ეშინოდათ, არ დაგვკორტნონო. ჭირისუფლებივით ჩამომსხდარიყვნენ იროდიონის მამის დარგულ ხეებზე. შეიხედეს ოთახში, ფანჯრებიდან შემავალ მზის შუქს იქაურობა გაენათებინა. იროდიონის სპეტაკ სახეს ნათელი მოჰფენოდა. ხელში ნიას ნაჩუქარი ფანქრები ჩაებღუჯა, ძირს დავარდნილ ფურცელზე გოგონა ეხატა, გვირილებით ხელში, გვერდზე - გოლიათი და ძაღლი. შეაგროვეს ფული და დაასაფლავეს იროდიონი. მას მერე ქოხში შესვლას ვერავინ ბედავდა ნიას გარდა. ნია ჩამოჯდებოდა ხოლმე აივანზე, როგორც იროდიონი, თვალს არ აშორებდა სახურავიდან წამოსულ წვიმის ნაკადებს, როცა ძლიერ წვიმდა და წვიმის პატარა წვეთებს, როცა ჟუჟუნა წვიმა გადაუვლიდა ქვეყანას. გოგონამ იცოდა, რომ წვიმის წვეთები ისეთივე სუფთა იყო, როგორც იროდიონის გული. ოფოფები კი არსად წასულან, მართალია, პურს აღარავინ აჭმევდა. ალბათ უკვე რომელი თაობა დებდა კვერცხებს იროდიონის ქოხის სახურავზე, მათთვის მყუდრო და თბილ ბინაში...მხოლოდ ხანდახან გადაუვლიან ხოლმე ოფოფები ქვეყანას ძახილით, -  ადამიანების გეშინოდეთ, ადამიანებო!

Friday, December 8, 2017

ერთხელაც... (სიმღერა) (მაია სიჭინავამ შეასრულა)

ერთხელაც გაზაფხულს წავყვები
მწვანეს და ხასხასა-ბიბინას,
ყოველ წელს ბაღებში გეწვევი,
სიმღერას გიმღერებ რიხიანს.
შენს თავზე ჩამოთოვს ჭაღარად
ნუშის და ალუბლის ყვავილი,
ვარდების სურნელი დაგათრობს,
გულში გაგეხსნება არილი,
შიგ ჩაიხატება ლურჯი ცა,
ჩემი სახეცა და ხატებაც,
მზიური ღიმილი გაგათბობს...
იწყება იქ, სადაც მთავრდება.



ირისი - სოსანი

დილა ქოჩორს გადავარცხნის
მოვერცხლისფრო ირისებს,
დააპკურებს ცვარს და მინას
ცეცხლად ააგიზგიზებს,
მზე გაუყრის სხივებს თვალში
ისრიმისფერ ირისებს,
სიო გაჰკრავს, ნაკადული
ნაზად მოუღიღინებს.
.


ვზივართ ფუღუროებში (მეორე ვარიანტი)

ვზივართ ფუღუროებში,
ბუმბულს ვიწმენდთ ნისკარტით,
გამოხრული ფესვებით
სიმწრისაგან ყვირის ხე,
ჩვენ კი თითქოს არ გვესმის,
ტკივილს ვერ ვგრძნობთ მისხალით,
აქეთ-იქით ვარიგებთ
გადაცვეთილ ღიმილებს.
არსაიდან არ მოჩანს
გადარჩენის იმედი,
სიბერისგან გალეულს
მუხლში ძალა აღარ აქვს,
ქართან ომში დაატყდა
ტოტები და წიწვები,
ერთ დროს მძლეთამძლე იყო
ზურმუხტივით ხასხასა.
ზეცაც ვეღარ ამხნევებს
ფერწასულს და სევდიანს,
სადაცაა მიწაზე
დაეცემა მოცელვით,
ბუმბულს ვიწმენდთ ნისკარტით,
არ გვაღელვებს ბევრი რამ,
მასკარადში ჩაბმულებს
დაგვიდვია ფსონები.


ღმერთმა მაღალმა დაგვიდგინა ცხოვრების წესი

ღმერთმა მაღალმა დაგვიდგინა ცხოვრების წესი,
მაგრამ გზა ვეღარ გაგვიგნია თვალებით ბეცით,
ხელის ფოტინით მივუყვბით აღმართ-დაღმართებს,
მხოლოდ მართალნი მიხვდებიან ცათა კამარებს.
აჭრელებული ზონრებით და ბაფთა-რახტებით,
როგორც ცხენები ალღუმისთვის, დავირახტებით,
მოკაზმულები ვეტანებით თივას და ნეკერს
და აღარ გვახსოვს - შიშველია ამ ქვეყნის მეფე.



Thursday, December 7, 2017

არსაიდან არ მოჩანს გადარჩენის იმედი


არსაიდან არ მოჩანს გადარჩენის იმედი,
ვზივართ ფუღუროებში, ბუმბულს ვიწმენდთ ნისკარტით,
გამოხრული ფესვებით სიმწრისაგან ყვირის ხე,
ჩვენ კი თითქოს არ გვესმის, ტკივილს ვერ ვგრძნობთ მისხალით.
გასცვენია ფოთლები, ზურმუხტივით ხასხასა,
ქართან ომში დაატყდა ტოტები და რტოები,
წელში მოხრილს, გალეულს, მუხლში ძალაც არა აქვს...
მასკარადში ჩართულებს დაგვიდვია ფსონები.

Tuesday, December 5, 2017

დამეფინება ნათება

ფერიცვალების მადლივით
დამეფინება ნათება,
მაღლა ამიყვანს, ამტყორცნის,
კვანტს წამოუდებს განგებას,
მაგრამ დიდხანს არ დამტოვებს,
ფერს ჩამოაცლის კალთებსაც,
ღამე დადგება გუშაგად,
დაფლეთს ღრუბლების მნათესაც.



შენზე ფიქრებმა, იქნებ, დამღალოს!

აბინდბუნდებულ ღრუბლებში ვწევარ,
როგორც მნათობი, ღამის სალარო,
ოქროს ძაფს ვართავ და ფთილას ვწეწავ,
საქმიანობამ, იქნებ, დამღალოს!
ოქროს ძაფს ვართავ და ფთილას ვწეწავ,
როგორც მნათობი, ღამის სალარო,
აბინდბუნდებულ ღრუბლებში ვწევარ,
შენზე ფიქრებმა, იქნებ, დამღალოს!


კაშკაშა შუქი გვაბრმავებს

მომავლისაკენ რომ მიგვიძღვის ოცნების ხიდი,
ხან ტორტმანით და ხან იმედით ვაგრძელებთ ნაბიჯს,
დაგვეკიდება ზოგჯერ გულთან ტყვია და მჭიდი
და ამ ცხოვრების მღვრიე წყალთან ვუნდებით ჭიდილს.
ასინათლდება ზეცის კიდე, როგორც თოლია,
მოწყურებული ბავშვებივით მივაპყრობთ თვალებს,
მაგრამ სინათლე სულ ყოველთვის კარგი როდია,
კაშკაშა შუქი გვაბრმავებს და გვიხურავს არეს.



Sunday, December 3, 2017

მოდის გოგო - შემოდგომა

სურას ყელში ამოვართვი
რაკრაკა ხმა, სანაძლეოდ,
რომ წარვუძღვე ლხინს და ნადიმს,
სიყვარულით გული ზეობს.
მოგოგმანებს გზაზე გოგო,
მზის სხივების დასადარი,
ჩურჩხელების აცმა მოაქვს,
ჩირეულიც ათასგვარი.
აკიდოზე ჭრელაჭრულა
შემოდგომა აუწყვია,
მოდის გოგო - შემოდგომა,
არ აქო, რა ნამუსია!
შარიშურობს იქვე ჩალა,
მოსავალი აუღიათ,
შიგ ბოჩოლა დარჩენილა,
ჩალასა ჭამს, ალბათ შია,
შიგადაშიგ თანაც ზმუის, -
რქაწითელი მარანშია,
ძოწეული, ლალი, ქარვა,
ჯერ არ მაჭრობს, ბადაგშია.
სურას ყელში ამოვართვი
რაკრაკა ხმა, სანაძლეოდ,
ჩემსას მაინც  იმისი სჯობს,
ღვინით სავსე თასში მზეობს.







Friday, December 1, 2017

შენ მიმატოვე უდაბნოში

შენ მიმატოვე უდაბნოში
                    და არც კი გითქვამს,
რატომ და რისთვის დამატეხე
                    თავს შენი რისხვა,
ცუდად ამიხდა ის სიზმარი,
                   გუშინ რომ ვნახე,
გადამიჭირა ამ ცხოვრებამ
                   ულმობლად სახრე,
დიუნების ქვეშ მოქცეულს კი
                    გამათბობს ქვიშა.
თვალთაგან ჩემთა წამოსული
                    მშიერი წვიმა
მიუალერსებს უდაბნოში
                    გადაშლილ ყვავილს,
ღმერთი რომ აძლევს გაუხუნარ
                    ფერებს და წადილს,
მე კი მომაშთობს თაკარა მზის
                     ქარი და ხვატი,
ასე რომ მწვავს და უსაშველოდ
                     არაქათს მაცლის.