Tuesday, February 7, 2017
უკვდავების წყალი (ზღაპარი)
ერთ სოფელში ქალი ცხოვრობდა. ორი ვაჟი ჰყავდა. მეუღლე ადრე გარდაეცვალა და ოჯახის ჭაპანს მარტო სწევდა. ერთ დღეს ოჯახის დედა წყალზე წავიდა, დაღლილ-დაქანცული წყაროსთან ჩამოჯდა დასასვენებლად, წყლის ჭურჭელი გვერდზე მოიდგა. ჩამოიარა მოხუცმა ჯოხით ხელში და ჰკითხა, - შენი შვილები სად არიან? - ქალმა ამაყად უპასუხა: - სახლში ბუხართან დავტოვე, ამ სიცივეში გარეთ ხომ არ გამოვიყვანდი? - მართლაც საშინელი ამინდი იდგა, ქარი ზუზუნებდა, ალაგ-ალაგ თოვლი იდო, - რამდენი წლისანი არიან შენი შვილები? - კვლავ ჰკითხა მოხუცმა. - ერთი ოთხისაა, მეორე - ხუთის, ენაცვალოთ, დედა, - ღიმილით თქვა ქალმა, გაყინული თითები თუნგს შემოხვია და წყალს შეუდგა. მოხუცმა სიყვარულით შეხედა ქალს და უთხრა: - შვილო, ვხედავ, კარგი დედა ხარ, მაგრამ შვილები ახლავე მიაჩვიე შრომას, თორემ მათგან კაცები არ დადგება! - ქალმა მადლობა გადაუხადა დარიგებისთვის, წყლის ჭურჭელი აავსო და სახლისკენ გაეშურა. მოხუცის ნათქვამისთვის ყურადღება არც მიუქცევია. უვლიდა შვილებს, ცივ ნიავს არ აკარებდა, ავად არ გამიხდნენო და ზამთარში ცხვირს არ აყოფინებდა გარეთ. გაზარმაცდნენ ბიჭები, განცხრომას მიეცნენ, იმასაც ვერ ხვდებოდნენ, რომ დედას დახმარება ჭირდებოდა. შრომისაგან წელში გაწყვეტილი დედა ლოგინად ჩავარდა, რამდენიმე დღე სიცხისა და ტკივილებისაგან იტანჯებოდა.ერთ დღეს ნასიცხარმა ტუჩებგამშრალმა წაიჩურჩულა - წყალი, წყალი, - შეწუხდნენ შვილები, უკვე თოთხმეტი-თხუთმეტი წლისები იქნებოდნენ, აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ, ყველა ჭურჭელი ცარიელი დახვდათ, სახლში წყლის მარაგი ამოწურულიყო, დაიწყეს კინკლაობა, წყლის მოსატანად არა შენ წადი, არა შენო, ვერ გადაეწყვიტათ, რომელი წასულიყო, კვლავ გაისმა მომაკვდავის ხმა, - წყალი, - ბიჭები თავიანთ ოთახებში მიიმალნენ. დაბნეულები ფანჯრებს ეცნენ, გამოაღეს, გადახტნენ და წყაროსკენ მოკურცხლეს იმ ჭურჭლით ხელში, რაც ოთახებში იპოვეს. მათი ოთახები სახლის სხვადასხვა მხარეს იყო განლაგებული, ამიტომ წყაროსაც სხვადასხვა მხრიდან მიადგნენ, ერთმანეთი რომ დაინახეს, შერცხვათ, ხმაამოუღებლივ აავსეს დოქები და წყალი დედას მიურბენინეს, ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ დაალევინებდა ავადმყოფს პირველი წყალს. შვილების მოტანილმა წყალმა დედა მოასულიერა, მალე კარგად გახდა. რა იცოდნენ შვილებმა, რომ დედისთვის უკვდავების წყალი მოჰქონდათ?! მას მერე ბიჭები მხარში ამოუდგნენ მშობელს და სასახელო შვილებიც დადგნენ, ისეთივე მზრუნველი და მეოჯახეები, როგორიც მათი დედა იყო. "კვიცი გვარზე ხტის", იტყოდნენ ხოლმე ბიჭების შემხედვარე სოფლელები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment