ანდერძი დამიტოვა მამაჩემმა, -
სულში ჩაიდგიო დიადემა,
ფესვი ზნეკეთილი გადარჩება,
როცა დედამიწა წყვდიადდება.
ბნელში სანთლის შუქი გინათებდეს,
თავი საცდურისგან დაიხსენი,
რიჟრაჟს სიყვარული მიაგებე
და კვლავ - ყვავილები ალისფერი.
ირგვლივ კენჭებია მობნეული, -
ეშმაკს არ სძინავს და არ იღლება,
სარჩო, შენო ოფლით მოწეული,
ვინძლო უწილადო ღარიბებსაც.
ტურფა გაზაფხულებს გაეჯიბრე, -
იქნებ სულ ახლოა გარიჟრაჟი...
ქვეყნის მოღალატეთ გაემიჯნე,
ზვარში მარგალიტად აკიაფდი.
ხნულში ჩიტი გალობს ნაზთვალება,
თოვლქვეშ ლურჯი ია ინაბება...
ანდერძი დამიტოვა მამაჩემმა, -
სულში ჩაიდგიო დიადემა!
No comments:
Post a Comment