Saturday, February 11, 2017

ჩემს გიულის (ავტ. თამრიკო იაშაღაშვილი, ეძღვნება გიული გიგაურს)

ქათინაურად ნუ ჩათვლი
რასაც გულგახსნილ გეტყვი:
მე ამნაირი თვალები
არ მინახია არსად.

თვალი სარკეა სულისო,-
გვიქადაგებენ ბრძენნი...
რა მნათი სული გქონია,
იასამნისების დარად!

ხინჯი რა არის, ოდნავი
ჩრდილიც არა ჩანს მათში,
რა ბოროტება იხარებს
სიალალესა შინა!

მოკასკასეა მზესავით
და ვარდისაებრ ნაზი,
ნელმოდუდუნე წყაროებრ
ნაკადულივით წმინდა,

აუმღვრეველი მარადის,
უანგარო და დინჯი,
ერთი შეხედვით დაგიპყრობს
და მიგიზიდავს ნაზად...

იქნებ ქართული ფრესკაა,-
აღფრთოვანება მიწის,
იქნებ მოსტაცა ნათელი
ნელმოკიაფე ვარსკვლავთ?

თვალი სარკეა სულისო,-
გვეუბნებიან ბრძენნი,
რა სუფთა სულით დადიხარ,
რა შეგაწუხებს, გოგო?

ქათინაურად ნუ ჩათვლი,
რასაც გულგახსნილ გეტყვი:
ემაგნაირი თვალები
ზღაპრად მინახავს მხოლოდ....

No comments:

Post a Comment