Monday, February 13, 2017

ნეტავ, ვინ არის ნაღდი პოეტი?!

ნეტავ, ვინ არის ნაღდი პოეტი, -
გულით და სულით რჩეული ღმერთთა,
რომ უსალბუნებს იებს ბუბუნით
და წყაროსთვალი უკოცნის ფეხთა...
უმზეოდ ჩაქრა ბევრის სახელი,
ბევრს გაზაფხული ავად ენიშნა,
ვინც ჩაიბუდა გულში ნაღველი, -
"ანი" და "ჰოე" ამა ქვეყნისა,
ნეტავ, ის თუა ნაღდი პოეტი,
მტერს რომ ეკვეთა ლომებრ ბერლინთან?!

მზეს რომ უმღერის, აშოლტილ ალვებს,
ირაოსშემკვრელ არწივებს ცაში...
ნუთუ არ არის ნაღდი პოეტი,
მწვერვალს რომ სწვდება მფრინავი რაშით?!
გულგატეხილი მიჰყვება აღმართს
და ყვავილებთან გამართავს ბაასს,
ცის ფერს უმღერისს ტოროლასავით,
ჩაუღიღინებს ბალახის ატლასს...
ხან სიყვარულის ვნებულა ცეცხლით,
ხან მეგობრობის დაცლის ფიალას,
უკეთურობას კალმით რომ ებრძვის,
კეთილს კი უფენს ფეხთით ფიანდაზს...

მრავალ ენაზე დაჰკვესავს თბილისს,
ქალის და ღვინის ეშხით დაგული,
ვარსკვლავს უმღერებს საარით დილის
მოჭირნახულე ქვეყნის წარსულის!
მზისფერ ამინდებს, ცისფერ ამინდებს,
მოლაღურივით ვინც შესტრფის ნაზად,
ვინც ეკალ-ბარდებს თავს არ არიდებს,
ბრმად არ მიჰყვება საწუთროს ტალღას...
ის თუა ნეტავ ნაღდი პოეტი,
ქარიშხლიანი რომ ადევს დამღა?!

ზოგი სიავის ტალღამ მორეცხა
და აგრძნობინა სიცივე ზამთრის...
დაბადებული ნამდვილ პოეტად
საქართველოში მრავალი დადის...
და თუ გინახავთ ზეცის თვალები, -
ანკარა და მზის ალით გამთბარი,
მოოქროსფერო სავსე თაველთა
ტალღადდაწვენა ქარში ნარნარი, -
ესაა სახე ნაღდი პოეტის, -
ღვთივკურთხევაც და წყევლაც მისანთა...
ბევრისმთქმელი და ბევრისმომცემი, -
თუ ერთხელ მაინც გულით გიყვარდა!



No comments:

Post a Comment